კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეავსო საბჭოთა ხელისუფლებამ ოქროს მარაგი ეკლესიიდან გატანილი წმიდა ხატებითა და ბარძიმებით

1921 წლიდან საბჭოთა საქართველოში დაიწყო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა და შევიწროება. ეს პროცესი დიდი ინტენსივობით მიმდინარეობდა ორი ათეული წლის განმავლობაში. განსაკუთრებით მძიმე იყო 20-იანი წლების პირველი ნახევარი. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.

– ბატონო ვახტანგ, კონკრეტულად როდის დაიწყო საქართველოს ეკლესიის დარბევა?

– საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის დარბევა დაიწყო საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის დამყარების პირველსავე კვირეებში – 1921 წლის მარტ-აპრილიდან. ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ბოლშევიკურ ხელისუფლებას ორიგინალობა არ გამოუჩენია. ეკლესიის დარბევისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, დარბევის ფორმები და მეთოდები გადმოიღეს საბჭოთა რუსეთიდან. 

– რა მიზანს ისახავდა ეკლესიის დარბევა?

– ისევე როგორც საბჭოთა რუსეთში, საბჭოთა საქართველოშიც ეკლესიის დარბევას ჰქონდა ერთი უმთავრესი მიზანი – საქართველოს ეკლესია და ქართველი სამღვდელოება ვერ შეეგუებოდა საბჭოთა რეჟიმს, იმ პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური სისტემის მშენებლობას, რომელსაც მიზნად ისახავდნენ ბოლშევიკები. ეკლესიური ადამიანი, ვერ იქნებოდა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომლის ხელისუფლება ემყარებოდა  ძალმომრეობას, ხოცვა-ჟლეტას და სისხლისღვრას. ასე რომ, ბოლშევიკები ეკლესიას მოიაზრებდნენ როგორც ოპოზიციურ ძალას. ცხადია, ბოლშევიკები იმასაც გრძნობდნენ, რომ საშუალო და უფროსი თაობის ადამიანებში ეკლესიურ აზროვნებას ვერ მოსპობდნენ, სამაგიეროდ – ისინი აპირებდნენ ეკლესიიდან ახალგაზრდობის იზოლირებას და ამ ახალგაზრდობაზე დაყრდნობით, ეგრეთ წოდებული, სოციალისტური საზოგადოების აშენებას.

– კონკრეტულად, რა მეთოდები გამოიყენა საქართველოს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ეკლესიის დარბევის მიზნით?

– უპირველესად, საბჭოთა ხელისუფლება შეეცადა, რაღაც ფორმით საკანონმდებლო ბაზის შექმნას ეკლესიის დარბევის მიზნით. 1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა მიიღო დეკრეტი „სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ“. ამ დეკრეტის ძალით, საქართველოს ეკლესიას ჩამოერთვა იურიდიული პირის უფლება. ასევე, ჩამოერთვა მთელი უძრავი და მოძრავი ქონება და საერთოდ ქონების ფლობის უფლება. ჩამორთმევამდე ეკლესიის მფლობელობაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას ეკლესია გამოიყენებდა მხოლოდ ადგილობრივი, ან ცენტრალური ხელისუფლების ნებართვით.

– პრაქტიკულად, როგორ განხორციელდა ეს დეკრეტი?

– დავიწყოთ იმით, რომ იურიდიული სტატუსის გარეშე, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში საქართველოს საპატრიარქო ვერ გამოსცემდა ჟურნალსა და გაზეთს, ვერ ამუშავებდა სანთლის ქარხანას, ვერ დაბეჭდავდა ღვთისმსახურებისთვის აუცილებელ წიგნებს, ბანკში ვერ გახსნიდა ანგარიშს და ასე შემდეგ. ხსენებული დეკრეტის გამოცემის შემდეგ, ყველა ტაძრის წინამძღვარს განუმარტეს, რომ ტაძრის შენობა და ის მიწა, რომელზეც ტაძარი იდგა, იყო არა ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს საკუთრება. ტაძარში არსებული წმიდა ხატები, წმიდა წიგნები და ღვთისმსახურებისათვის აუცილებელი სხვა ნივთები, ასევე აღარ ეკუთვნოდა ეკლესიას და გადადიოდა სახელმწიფოს მფლობელობაში. ყოველივე ეს ადგილობრივი ან ცენტრალური ხელისუფლების ნებართვით, ღვთისმსახურების დროს შეეძლო გამოეყენებინა ეკლესიას, ოღონდ არა ფლობის, არამედ დროებითი სარგებლობის უფლებით. შეიქმნა კურიოზული ვითარება: ბარძიმი, რომლიდანაც მღვდელი მრევლს აზიარებდა, ტაძრის საკუთრება კი აღარ იყო, არამედ – სახელმწიფოსი. 

– დაემორჩილა საქართველოს ეკლესია ამ დეკრეტს?

– ძალა აღმართს ხნავდა... საქართველოს საოკუპაციო ხელისუფლებამ თავიდანვე ისეთი უბედურება დაატრიალა ქვეყანაში, რომ ცხადი გახდა: მოსკოვის სატელიტები უკან არაფერზე დაიხევდნენ. თუმცა, როგორც ცოტა მოგვიანებით გაირკვა, ეს მხოლოდ უბედურების დასაწყისი იყო. 

– რას გულისხმობთ?

– საბჭოთა ხელისუფლება ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონების მარაგის შევსების წყაროს ეძებდა. 1922 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოსცა დეკრეტი „საეკლესიო ფასეულობათა ამოღების შესახებ”. ამ დეკრეტის საფუძველზე, ეკლესიებიდან გაიტანეს: ოქროსა და ვერცხლის ნივთები, პატიოსანი თვლები. საეკლესიო ფასეულობათა ამოღება საქართველოში 1923 წლის თებერვლიდან დაიწყო.  სპეციალური კომისია შედიოდა ტაძარში და დიდი სკურპულოზურობით აღწერდა მთელ საეკლესიო ქონებას. აღწერილი ქონება ტაძრებიდან ერთბაშად არ გაუტანიათ. ოქროსა და ვერცხლის ნივთები პერიოდულად გაჰქონდათ, რომელთა დიდი ნაწილიც შემდეგ უკვალოდ დაიკარგა. 

– ქართველი სამღვდელოება როგორ შეხვდა ეკლესიების გაძარცვის პროცესს?

– პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. მაგალითად: ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ ამაოდ. ქართველი სამღვდელოება ცდილობდა, საეკლესიო ქონების რაღაც ნაწილი მაინც გადაემალა. ქუთაისში არქიელის გორაზე მდებარე ქუთათელი მიტროპოლიტის რეზიდენციაში  მიტროპოლიტმა ნაზარ ლეჟავამ, თანამოაზრეებთან ერთად, ეკლესიის ქონება მიწაში ჩაფლა, თუმცა, ხელისუფლებამ განძს მიაგნო და მიტროპოლიტი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში იქნა მიცემული.

– როდის დაიწყო საბჭოთა საქართველოში ღვთისმსახურების აკრძალვა?

– ღვთისმსახურების აკრძალვა კანონით არასდროს მომხდარა, ყოველთვის ნებადართული იყო. თუმცა, ეს კანონი უფრო მეტად ირღვეოდა, ვიდრე სრულდებოდა. 

– რას გულისხმობთ?

– საბჭოთა ხელისუფლების მოთხოვნით, ყველა ეპარქიაში უნდა მომხდარიყო მღვდლების რეგისტრაცია. ღვთისმსახურების უფლება მხოლოდ რეგისტრირებულ მღვდელს ჰქონდა და ცხადია, საბჭოთა ხელისუფლება მასთან დაპირისპირებულ მღვდელს, რეგისტრაციაში არ გაატარებდა. 

– რეგისტრირებულ მღვდელს რისი უფლება ჰქონდა?

– კანონით, ფორმალურად რეგისტრირებულ მღვდელს შეეძლო აღსარების მიღება, ზიარება, ახალშობილის მონათვლა, მიცვალებულისთვის წესის აგება, ჯვრისწერა და ყველაფერი, რასაც, საერთოდ, მღვდელი ასრულებს ეკლესიაში. თუმცა, რეალურად, საბჭოთა ხელისუფლება ყოველივე ამას ხელს უშლიდა. მიმდინარეობდა მოსახლეობის დაშინება, რომ არ მოენათლათ ბავშვი, არ მისულიყვნენ ეკლესიაში აღსარებისა და ზიარებისთვის. ბევრი მღვდელი არ უშინდებოდა იმას, რომ რეგისტრაციაში არ იყო გატარებული და ფარულად ასრულებდა თავის მოვალეობას. რაც, ძირითადად, ბავშვების მონათვლით გამოიხატებოდა. ამ მღვდლების უმრავლესობა საბოლოოდ რეპრესირებულ იქნა. როგორც ვთქვით, კანონი რეგისტრირებულ მღვდელს ღვთისმსახურებას არ უკრძალავდა, მათ წინააღმდეგ საბჭოთა ხელისუფლება სხვა მეთოდებით მოქმედებდა, კერძოდ, მღვდლებს ბრალს სდებდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ აგიტაციასა და საბჭოთა ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებაში. ეს კი იმდროინდელი კანონმდებლობით, თუ სიკვდილით დასჯით არა, ხანგრძლივი პატიმრობითა და გადასახლებით მაინც ისჯებოდა. 

– ცნობილია, რომ ბევრ ეკლესიაში 1921 წლიდან შეწყდა ღვთისმსახურება. როგორ მიაღწია ამას საბჭოთა ხელისუფლებამ?

– ძალიან მარტივად. თუ სოფლის ან ქალაქის დაშინებულ მოსახლეობას მღვდლის წინააღმდეგ ვერ ააჯანყებდნენ, მაშინ ურჩ მღვდელს, სხვადასხვა მოგონილი ბრალდებით, სამრევლოდან გააძევებდნენ. ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსს კი ახალი მღვდლის დანიშვნის უფლებას არ აძლევდნენ. მოძღვრის გარეშე დარჩენილ ეკლესიაში, ცხადია, ღვთისმსახურებაც შეწყდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მღვდლები შანტაჟსა და დაშინებას არ შეეგუვნენ, მრევლი შემოიკრიბეს და ღვთისმსახურება გააგრძელეს. ამ მღვდლების წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებს მიმართავდნენ ხოლმე. შეიძლება, გავიხსენოთ ერთი ასეთი შემთხვევა: ზესტაფონში, წმიდა დავით და კონსტანტინე არგვეთის ერისთავების სახელობის ეკლესიაში წირავდა მღვდელი ფერაძე. კომკავშირლებისა და კომუნისტების ჯგუფმა მღვდელს წირვა შეაწყვეტინა და კატეგორიული ფორმით მოსთხოვა: ტაძრიდან გამოხვალ და ტაძრის წინ შეკრებილ მრევლს ეტყვი, რომ ღმერთი არ არსებობს და რასაც ქადაგების დროს ეუბნებოდი, ყველაფერი ტყუილი იყოო. მღვდელი დაეთანხმა. ეკლესიიდან გამოვიდა და მრევლს ხმამაღლა მიმართა: ღმერთი არსებობს, ქადაგებებში რასაც გეუბნებოდით, ყველაფერი სიმართლეა და ამ სატანის მოციქულებს არასდროს დაუჯეროთო. ამის შემდეგ კომკავშირლებმა მღვდელი ცემით გაიგდეს წინ და მდინარე ყვირილაში გადააგდეს. წყლის სიმცირის გამო ის არ დაიხრჩო, რის შემდეგაც მღვდელი მდინარეშივე ჩაცხრილეს. 

– რა ბედი ეწია იმ ტაძრებს, სადაც ღვთისმსახურება შეწყდა?

– ამ ტაძრებში მასობრივად გაიხსნა სამკითხველოები, კინოდარბაზები, საწყობები, სახელოსნოები, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თბილისში ერთ-ერთ ტაძარში გახსნეს აბანო, ხოლო მეორეში – საქონლის სასაკლაო. დაკლულ საქონელს იქვე ატყავებდნენ, ხოლო ხორცს საკურთხევლის კედელზე ჰკიდებდნენ. ტაძრებისადმი ასეთი დამოკიდებულება შეიცვალა 1941 წლიდან. საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყების შემდეგ.

скачать dle 11.3