რატომ გაატარა მთელი ბავშვობა რესტორანში „არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა და რის გამო ჰქონდა მას ზიზღის გრძნობა გერმანელების მიმართ
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მწვრთნელი, ფეხბურთის „პროფესორი” და ლონდონის „არსენალის” მთავარი მწვრთნელი 1996 წლიდან... – საუბარია არსენ ვენგერზე, ინგლისური პრემიერლიგის „დინოზავრზე” ალექს ფერგიუსონთან ერთად, რომლის გარეშე „მეთოფეების” ნახვა წარმოუდგენელია.
* არსენ ვენგერი დაიბადა 1949 წლის 22 ოქტომბერს, სტრასბურგში. ბავშვობიდან იყო ფეხბურთით გატაცებული და სამოყვარულო დონეზე კლუბ „მიუტციგში” თამაშობდა. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი არსენმა 24 წლის ასაკში კლუბ „მიულუზთან” გააფორმა, სადაც მცველის ამპლუაში ასპარეზობდა, შემდგომში კი თამაში საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის კლუბ „პიერო ვობანში” განაგრძო, ხოლო კარიერა 32 წლის ასაკში „სტრასბურგში” დაასრულა, სადაც სულ 12 მატჩი ითამაშა, თუმცა, მოასწრო, „უეფას“ თასის ერთ მატჩში ეთამაშა, 1978-1979 წლების სეზონში კი საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
* არსენის მშობლები ალფონს და ლუიზა ვენგერები იყვნენ. არსენის დაბადების შემდეგ ოჯახი სოფელ დატლჰეიმში ცხოვრობდა, სადაც არსენიც უფროს და-ძმასთან ერთად იზრდებოდა. მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და ომის დროს მისი მშობლიური მხარე ანექსირებული ჰქონდათ გერმანელებს, რის გამოც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსენ ვენგერს გერმანელები ეზიზღებოდა. საინტერესოა, რომ შვიდი წლის ასაკამდე არსენ ვენგერმა პრაქტიკულად, არ იცოდა ფრანგული, იგი ალსაკ-ლორეინის მხარისთვის დამახასიათებელ ალსატანიურ დიალექტზე ლაპარაკობდა, რომელიც განსხვავდება ფრანგული ენისგან.
* არსენის მამა სოფლის ფეხბურთის გუნდის მწვრთნელი იყო და სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული მან ჩაუნერგა შვილს. პირველად პროფესიონალური ფეხბურთის მატჩს არსენიც 6 წლის ასაკში დაესწრო – მან მიუნჰენგლადბახის „ბორუსიის” მატჩს უყურა.
* არსენის მამა სტრასბურგში ავტოდეტალების ბიზნესში იყო ჩართული, ხოლო დედას ჰქონდა საკუთარი რესტორანი – „ოქროს ჯვარი”. თავისი წარსულის გახსენებისას არსენ ვენგერი ამბობს, რომ „მთელი ბავშვობა რესტორანში ჰქონდა გატარებული”.
* ბავშვობაში არსენ ვენგერის საფეხბურთო კერპები ფრანგი ფეხბურთელი რაიმონ კოპა და ბრაზილიელი პელე იყვნენ.
* განათლებით არსენ ვენგერი ეკონომიკის მეცნიერებათა მაგისტრია, 1974 წელს მან სტრასბურგის უნივერსიტეტი დაამთავრა. ასევე, იგი ფრანგულის გარდა, სრულყოფილად ფლობს ხუთ ენას: ინგლისურს, გერმანულს, იტალიურს, ესპანურსა და იაპონურს.
* სამწვრთნელო კარიერა არსენ ვენგერმა „სტრასბურგის” ბავშვთა გუნდში დაიწყო, საიდანაც საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ბინადარ „კანში” გადავიდა მთავარი მწვრთნელის ასისტენტად, ბოლოს კი – მიშელ პლატინის მამის, ალდოს რეკომენდაციით, „ნანსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მთავარი მწვრთნელის ამპლუაში გატარებულმა პირველმა ორმა სეზონმა არცთუ კარგად ჩაიარა – „ნანსი” უმაღლესი დივიზიონიდან გავარდა, თუმცა არსენ ვენგერს უკვე საკმარისი გამოცდილება დაუგროვდა და ის საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და იმედის მომცემ მწვრთნელად ითვლებოდა. ვენგერის შემდგომი კლუბი „მონაკო” იყო, სადაც მან თავის პირველ წარმატებას მიაღწია, 1988 წელს ვენგერის გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1991 წელს საფრანგეთის თასი მოიგო. ვენგერის გუნდში იმ დროის ფეხბურთის ვარსკვლავები გლენ ჰოდლი, პატრიკ ბატისტონი და მარკ ჰეიტლი თამაშობდნენ.
* 1994 წლის ბოლოს არსენ ვენგერი „მონაკოდან” დაითხოვეს და მან იაპონიაში, კლუბ „ნაგოია გრამპუს ეითში” განაგრძო კარიერა. ვენგერმა 18 თვე გაატარა იაპონიაში და კლუბთან ერთად „იმპერატორის” თასი და იაპონიის სუპერთასი მოიგო, რის შემდეგაც მას მაცდური შეთავაზება მიუვიდა ლონდონის „არსენალიდან”, რაზეც ვენგერი დასთანხმდა.
* „არსენალში” მისულ არსენ ვენგერს დახვდა ინგლისურ კლუბებს შორის საუკეთესო დაცვის ხაზი (ტონი ადამსი, ნაიჯელ ვინტერბერნი, ლი დიქსონი და მარტინ კიოუნი) და ჰოლანდიელი სუპერვარსკვლავი დენის ბერხკამპი, რომლის გარშემოც ვენგერმა თავისი ლეგენდარული და დაუმარცხებელი გუნდის შენება დაიწყო. ვენგერის მწვრთნელობის პერიოდში „არსენალში” ფეხბურთის ვარსკვლავები გახდნენ: პატრიკ ვიეირა, ნიკოლა ანელკა, ტიერი ანრი, მარკ ოვერმარსი, ემანუელ პეტი, რობერ პირესი, სილვიან ვილტორდი, ფრედრიკ ლიუნგბერგი, რობინ ვან პერსი, ტეო უოლკოტი, ჯეკ უილშირი და სხვები.
* არსენ ვენგერი ინგლისურ პრემიერლიგაში პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც ნაციონალურ ლიგაში ჩემპიონობის მოპოვება შეძლო, ასევე, ის პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელმაც „ოქროს დუბლი” – ერთ სეზონში ინგლისის ჩემპიონობა და თასი მოიგო და, პირველი უცხოელი მწვრთნელია, რომელიც ინგლისში „წლის მწვრთნელად” დაასახელეს.
* 2001 წელს არსენ ვენგერს საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნას სთავაზობდნენ, თუმცა, მან კლუბში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
* „არსენალის” ქომაგთა შორის არსენ ვენგერი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და გულშემატკივრებში გავრცელებულია ფრაზა: „Arsen Knows” – „არსენმა იცის”.
* 2010 წელს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა და 142 ქულით პირველი ადგილი არსენ ვენგერმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე 133 ქულით „მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი და ვენგერის მთავარი კონკურენტი ალექს ფერგიუსონი გავიდა.
* იაპონიაში მუშაობის პერიოდში არსენ ვენგერმა საინტერესო წიგნი დაწერა, რომელიც იაპონელ მკითხველზე იყო გათვლილი. წიგნში ვენგერი აღმოსავლურ კულტურაზე, მართვის წესებსა და ტრადიციებზე ფილოსოფიური ენით საუბრობს.
* არსენ ვენგერი სამჯერ იყო გასული „მონაკოსთან” და „არსენალთან” ერთად ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირების ფინალში, მაგრამ, 1992 წელს ის თასების მფლობელთა თასის ფინალში დამარცხდა, 2000 წელს – „უეფას“ თასის ფინალში 2006 წელს კი – ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
* 2003 წელს არსენ ვენგერმა „ბრიტანეთის იმპერიის ორდენი” მიიღო; იგი, ასევე, არის ერთ-ერთი იმ უცხოელ მწვრთნელებს შორის, რომლებიც „ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზის” წევრი გახდნენ.
* „არსენალის” ისტორიაში არსენ ვენგერი 23-ე მწვრთნელია, თუმცა, ტიტულების რაოდენობით ის პირველია (11 ტიტული).
* არსენ ვენგერის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ფეხბურთის გარეშე.
* არსენ ვენგერი დაქორწინებულია ყოფილ კალათბურთელზე, ენი ბროსტერჰაუსზე, რომელთანაც ერთი ქალიშვილი ჰყავს – 1997 წელს დაბადებული ლეა.
* არსენ ვენგერის თქმით, რომ არა ფეხბურთი იგი ალბათ პოლიტიკოსი გამოვიდოდა.
* „შეუძლებელია, გააკონტროლო ყველა ფეხბურთელი ლონდონში. უმჯობესია, იყო ოპტიმისტი და გჯეროდეს, რომ ისინი კარგად იქცევიან” – არსენ ვენგერი.
* არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ, თუკი იგი 65 წლის ასაკში იგრძნობს, რომ ფეხბურთი აღარ აინტერესებს, აუცილებლად გავა პენსიაზე, თუმცა, მისი თქმით, ეს გრძნობა მისგან ძალიან შორს არის.