რა როლი ითამაშა ადოლფ ჰიტლერის მმართველობამ გერმანელი მილიარდერების, კვანდტების ოჯახის ცხოვრებაში
მილიონობით ადამიანი წლების განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდა ნაცისტური გერმანიის ქარხნებში. დღეს ამ ქარხნების უმეტესობა მათ მფლობელთა შთამომავლების ხელშია. მაგალითად, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის პირველი მეუღლის შთამომავლები კომპანია BMW-ს აქციათა საკონტროლო პაკეტს ფლობენ. საუბარია კვანდტების საგვარეულოზე, გავლენიან და გერმანიაში უმდიდრეს ოჯახზე.
კვანდტების ოჯახის სამრეწველო იმპერიის ისტორია 1883 წელს დაიწყო, როცა ემილ კვანდტმა მამინაცვლისგან მემკვიდრეობით ტექსტილის ქარხანა მიიღო. მეოცე საუკუნის დადგომამდე რამდენიმე ხნით ადრე კომპანიის მართვა ემილმა თავის უფროს შვილს, გიუნტერს გადასცა. მისი მმართველობის პერიოდში კვანდტების მანუფაქტურაში პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელი ჯარისკაცებისთვის ფორმა იკერებოდა. პირველი მსოფლიო ომი გერმანელებისთვის ცუდად დასრულდა. თუმცა გიუნტერს გერმანულმა რევოლუციამ მხოლოდ დადებითი მოუტანა, ის მილიონერი გახდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, გიუნტერს ორი ვაჟი – ჰერბერტი და ჰელმუტი დარჩა. 1921 წელს კი ის მეორედ დაქორწინდა მაგდა რიტშელდზე, რომელმაც მესამე ვაჟი, ჰაროლდი გაუჩინა. ვეიმარის რესპუბლიკის დაარსების შემდეგ გიუნტერ კვანდტმა ფულის დაბანდება აკუმულატორების ქარხანაში დაიწყო, ექვსი წლის შემდეგ კი ავტომობილების მწარმოებელი ბერლინურ-კარლსრუეს ქარხანა შეიძინა და კონცერნების – „დაიმლერისა” და BMW-ს აქციების პაკეტის მფლობელი გახდა. 1927 წელს გიუნტერ კვანდტს უფროსი ვაჟი, ჰელმუტი ბრმანაწლავის ოპერაციის შედეგად გარდაეცვალა. ორი წლის შემდეგ კი, 1929 წელს მაგდა რიტშელდმა განქორწინებაზე შეიტანა საბუთები და 1931 წელს ის რაიხსტაგის წევრს, ნაციონალ-სოციალისტური შრომის პარტიის გავლენიან ფიგურას, იოზეფ გებელსს გაჰყვა ცოლად. ცნობისთვის, გებელსის ხელისმომკიდე ქორწილში ადოლფ ჰიტლერი იყო. საინტერესოა, რომ გიუნტერ კვანდტს არ შეუწყვეტია ურთიერთობა ყოფილ ცოლთან და იოზეფ გებელსსაც კი დაუახლოვდა. მოგვიანებით კი, მისი ვაჟი ჰაროლდი გებელსის ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად. ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გიუნტერ კვანდტი ნაციონალ-სოციალისტური შრომის პარტიის წევრი გახდა და გებელსის დახმარებით მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებზე დაიწყო მუშაობა. 1937 წელს ადოლფ ჰიტლერმა გაუნტერ კვანდტს „ვეირვირტშაფტსფიურერის” წოდება მიაკუთვნა. ეს წოდება მსხვილი სამხედრო სამრეწველოების ხელმძღვანელებს ენიჭებოდათ.
კვანდტების მრეწველობა მესამე რაიხს ფართო დახმარებას უწევდა – ისინი აწარმოებდნენ ელემენტებს წყალქვეშა ნავებისთვის, „ფაუ-2-ის“ ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, მაუზერის პისტოლეტებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საბრძოლო მასალას და რაკეტებს. კვანდტის საწარმოებში ებრაელები მუშაობდნენ და ბოლო მონაცემებით, ამ ქარხნებში 50 ათასამდე ებრაელმა პატიმარმა იმუშავა. კვანდტი იმ დროის უმდიდრესი გერმანელი იყო. 1939 წელს მისი ვაჟი ჰაროლდი ვერმახტში გაწევრიანდა და ლიუფტვაფეს მფრინავად მსახურობდა, სანამ 1944 წელს, ტყვედ არ ჩავარდა.
1945 წლის გაზაფხულზე ლიბიის პორტ ბენგაზის ციხეში მყოფმა ჰაროლდ კვანდტმა დედისგან წერილი მიიღო, სადაც ეწერა: „ძვირფასო ჰაროლდ, 6 დღეა, მამასთან და 6 შვილთან ერთად, ფიურერის ბუნკერში ვიმყოფებით. დაგვრჩა ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენი ნაციონალ-სოციალისტური ცხოვრება გმირულად დავასრულოთ. ჰაროლდ, ჩემო შვილო, მუდამ იყავი ერთგული შენი ქვეყნისა და იდეისა”, წერილს იოზეფ გებელსის ხელით ჰქონდა მიწერილი: „შენ ხარ ერთადერთი, ვინც ოჯახის ტრადიციას გააგრძელებს”. წერილის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში იოზეფ გებელსმა და მაგდა რიტშელდმა თავიანთი ექვსი შვილი ციანიდის კალიუმით მოწამლეს და თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე. 1947 წელს ლიუფტვაფეს ლეიტენანტი ჰაროლდ კვანდტი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მანამდე კი ნიურნბერგის პროცესზე მამამისი, გიუნტერ კვანდტი გაამართლეს. ჰერბერტ კვანდტი კი, რომელიც წლების განმავლობაში საწარმოებს ედგა სათავეში, სადაც ებრაელებს ამუშავებდნენ, მათ შორის აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრებსაც, სულაც დაუსჯელი დარჩა. 1948 წელს გიუნტერ კვანდტი კვლავ სათავეში ჩაუდგა თავის სამრეწველო იმპერიას, რომელზეც ომის შემდგომ წლებში დიდი მოთხოვნა იყო.
1954 წელს ქაიროში მოგზაურობის დროს გარდაიცვალა გიუნტერ კვანდტი და მისი ქონება თანაბრად გადანაწილდა ჰერბერტსა და ჰაროლდს შორის. ათი წლის შემდეგ ძმებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წილები „დაიმლერში”. ჰერბერტ კვანდტმა დიდი თანხების სანაცვლოდ გაკოტრებისგან იხსნა კონცერნი BMW, რის შემდეგაც კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. 1967 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ჰაროლდ კვანდტი და მისი აქტივები მთლიანად ქვრივის, ინგე კვანდტის ხელში აღმოჩნდა. ინგესა და ჰერბერტს შორის ურთიერთობა ჰაროლდის გარდაცვალების შემდეგ გართულდა და 1970 წელს დაიწყო სასამართლო გარჩევა ქონების გადანაწილებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, ჰერბერტ კვანდტს კომპანია „დაიმლერის” აქციათა 14 პროცენტი შეხვდა. ეს აქციები მან 1974 წელს ქუვეითის მთავრობას ერთი მილიარდი გერმანული მარკის სანაცვლოდ მიჰყიდა. 1978 წელს ინგე კვანდტი გულის შეტევით გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეორე ქმარმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ინგეს ხუთი შვილი დარჩა, რომელთაც კვანდტების ქონება შეხვდათ. ჰერბერტ კვანდტი უფროსი – გიუნტერ კვანდტის შვილი, 1982 წელს გარდაიცვალა, მას სამი ქორწინებიდან ექვსი შვილი დარჩა, რომელთაც მამამ დიდძალი ქონება დაუტოვა.
ამჟამად კვანდტების ოჯახის აქტივები 15 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და ოჯახის თითოეული წევრის ანგარიშზე 1,2 მილიარდი დოლარი ირიცხება. ჰაროლდ კვანდტის ოთხი ქალიშვილის აქტივები საინვესტიციო ფონდშია გაერთიანებული, რომელთაც ყოველწლიურად მოაქვს დივიდენდები. უმცროსი და – პატრიცია ჰალეტრმანი 2005 წელს 38 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორი მემკვიდრე დატოვა, მისი სახლი ნიუ-იორკში 2008 წელს აუქციონზე 37,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. პატრიციას უფროსი დები ნაკლებად ასაჯაროებენ თავიანთ ცხოვრებას: კოლინ-ბეტინ როზენბლუტ-მო ჰამბურგში სამოდელო სააგენტოსა და საიუველირო მაღაზიას ფლობს. 24 წლის ასაკში მან იუდაიზმი ირწმუნა და ებრაელად მოინათლა. მისი მეუღლის მშობლები საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. კიდევ ერთი და – კატრინა გელერ-ჰერი ჰამბურგში საცხენოსნო სპორტის ცენტრს ფლობს და ასევე, ოლიმპიურ ჩემპიონებს უწევს ფინანსურ დახმარებას.
BMW-ს აქტივების ძირითად მფლობელად ჰერბერტის ქვრივი, იოჰანა კვანდტი ითვლება. ბიზნესის წარმოებაში კი მას შვილები – სტეფან კვანდტი და სიუზანა კლატენი ეხმარებიან. იმ ფაქტს, რომ კვანდტების ქარხნებში მონური შრომა გამოიყენებოდა, იოჰანა კვანდტი „სამწუხარო სიმართლეს” უწოდებს. დოკუმენტურ ფილმში „კვანდტების დუმილი” ნაჩვენებია, რომ ოჯახი ყოველწლიურად 4 მილიონამდე ევროს რიცხავს პოლიტიკური პარტიების დახმარების ფონდში. საგულისხმოა, რომ კვანდტების ოჯახს არც ერთხელ არ განუხორციელებია ქველმოქმედება ნაციზმის მსხვერპლთა დახმარების ფონდში.
„ფორბსის” 2012 წლის, ჯერჯერობით ბოლო მილიარდერთა რეიტინგის თანახმად, იოჰანა კვანდტის კაპიტალი 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული და მას მსოფლიო მილიარდერების რეიტინგში 88-ე ადგილი უკავია. მისი შვილების კაპიტალი კი უდრის: სიუზანა კლატენი – 13 მილიარდი დოლარი და 59-ე ადგილი რეიტინგში; სტეფან კვანდტი – 11,2 მილიარდი დოლარი და 76-ე ადგილი რეიტინგში. მილიარდიანი ქონების მიუხედავად, ჰაროლდ კვანდტის შთამომავლები „ფორბსის” რეიტინგში არ ფიგურირებენ.