რომელი ქვეყნების პოლიტიკური ბელადები არიან დასვენებული მავზოლეუმებში
ვენესუელის ლიდერის, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, გავრცელდა ცნობა, რომ ბელადის მუმიფიცირება და მავზოლეუმში დასვენება იყო გადაწყვეტილი, თუმცა, მოგვიანებით ეს ვერსია ვენესუელის ახალმა მთავრობამ უარყო და ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ჩავესის სხეულს. მანამდე კი, შევეცდებით, გავიხსენოთ ის პოლიტიკური ლიდერები, რომელთა მუმიფიცირებულ სხეულებს მავზოლეუმებში მიუჩინეს ბინა.
ვლადიმირ ლენინი
ვლადიმირ ულიანოვი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში „ლენინის“ ფსევდონიმით შევიდა, 1917 წლის ნოემბრიდან სათავეში ედგა საბჭოთა რუსეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ, 1924 წლის 17 იანვარს, გადაწყდა, ბელადის სხეული დროებით შეენარჩუნებინათ, რათა ყველა მსურველს მოეხერხებინა მასთან დამშვიდობება. კრემლის კედლებთან აშენდა მავზოლეუმი და ლენინის მუმიფიცირებული სხეული იქ დაასვენეს. ულიანოვის ოჯახის წევრების პროტესტის მიუხედავად, ლენინის მუმია დღემდე მავზოლეუმშია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია გამომშვიდობება პროლეტარიატის „მამასთან”. ცნობისთვის, მავზოლეუმის დახურვისა და ლენინის დაკრძალვის საკითხი მოსკოვის მერიამ არაერთხელ განიხილა, თუმცა, უშედეგოდ.
მუსტაფა ქემალ ათათურქი
თანამედროვე თურქეთის შემქმნელი, მუსტაფა ქემალ ათათურქი, ქვეყანას ოსმალეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ ჩაუდგა სათავეში. მის მიერ შექმნილი იდეოლოგია, რომელიც ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის იდეაზეა აგებული, თურქეთის კონსტიტუციაშია გაწერილი. ათათურქი 1938 წელს გარდაიცვალა სტამბულში და მისი ბალზამირებული სხეული თავდაპირველად ანკარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში განათავსეს. 1953 წელს ათათურქის სხეული ანიტკაბირის მავზოლეუმში გადაიტანეს, რომლის მშენებლობა 1944 წლიდან მიმდინარეობდა. ათათურქის სხეულის ნახვის საშუალება მხოლოდ თურქეთის არმიის მთავარსარდალსა და სხეულის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ სპეციალისტებს აქვთ.
გიორგი დიმიტროვი
სოციალისტური ბულგარეთის პირველი ლიდერი, გიორგი დიმიტროვი, კომინტერნის გავლენიანი მუშაკი იყო. 1933 წელს ნაცისტებმა ის რაიხსტაგისთვის ცეცხლის წაკიდებაში დაადანაშაულეს, თუმცა, დიმიტროვმა თავის გამართლება მოახერხა. დიმიტროვი 1949 წელს ციროზით გარდაიცვალა. 40 წლის განმავლობაში დიმიტროვის მუმიფიცირებული სხეული სოფიის ცენტრში მდებარე მავზოლეუმში იყო დასვენებული. 1990 წელს, დიმიტროვის შთამომავალთა თხოვნით, ბელადის სხეული მიწას მიაბარეს, ხოლო მავზოლეუმი 1999 წელს დაანგრიეს.
ჰორლოოგინ ჩოიბალსანი
ჩოიბალსანი მონღოლეთის არმიის მთავარსარდალი იყო 1920-იანი წლებიდან – სიკვდილამდე, 1952 წლამდე. 1939 წლიდან იგი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი და რეპრესიების შემოქმედი გახლდათ, რასაც 25 ათასამდე ადამიანი შეეწირა. ჩოიბალსანის გარდაცვალების შემდეგ მისი მუმიფიცირებული სხეული სუხე-ბატორის მავზოლეუმში დაასვენეს. 2005 წელს ჩოიბალსანის მუმიას კრემაცია გაუკეთეს ბუდისტური ადათ-წესების დაცვით, ხოლო მავზოლეუმი დაანგრიეს და მის ადგილზე ჩინგიზ-ყაენის უზარმაზარი ქანდაკება დადგეს.
იოსებ სტალინი
ბოლშევიკების ლიდერი, იოსებ სტალინი 30 წლის განმავლობაში მართავდა საბჭოთა კავშირს. მისი როლი მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორიაში დღემდე იწვევს უამრავ კითხვას. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა და მისი ბალზამირებული სხეული ლენინის მავზოლეუმში განათავსეს. თუმცა, ხრუშჩოვის დროს დაწყებულმა სტალინის კულტის მსხვრევამ, საბჭოთა მთავრობა აიძულა, სტალინის მუმია მავზოლეუმიდან გამოეტანათ და 1961 წელს კრემლის კედელში დაეკრძალათ.
კლემენტ გოტვალდი
კომუნისტური ჩეხოსლოვაკიის პირველი ლიდერი, კლემენტ გოტვალდი, 1946-1953 წლებში იმყოფებოდა ქვეყნის სათავეში. იგი იდეოლოგიით სტალინისტი და კოლექტივიზაციის მომხრე იყო. გოტვალდი 1953 წელს გარდაიცვალა. მის სხეულს არასწორად ჩაუტარდა ბალზამირება, რის გამოც სხეულმა ლპობა დაიწყო. 1962 წელს გოტვალდის მუმია კრემირებულ იქნა, ხოლო მავზოლეუმი დაანგრიეს.
ხო ში მინი
ვიეტნამის ჩრდილოეთ მხარეში კომუნისტური სახელმწიფოს ავტორი ხო ში მინი 1969 წლამდე უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფოებრივ თანამდებობებზე მსახურობდა. ვიეტნამელი ბელადი 1969 წელს გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, მისი ნეშტისთვის კრემაცია უნდა გაეკეთებინათ. თუმცა, ვიეტნამის მთავრობის თხოვნით, საბჭოთა სპეციალისტებმა ხო ში მინის სხეულს ბალზამირება გაუკეთეს და მავზოლეუმში, ჰანოის ცენტრში დაასვენეს, სადაც ის დღემდეა განთავსებული, საინტერესოა, რომ ამერიკა-ვიეტნამის ომის დროს ხო ში მინის მუმიფიცირებულ ცხედარს ვიეტნამელები მალავდნენ.
მაო ძედუნი
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი ლიდერი და „კულტურული რევოლუციის” შემოქმედი, მაო ძედუნი, კომუნისტების გამარჯვების შემდეგ ჩინეთის ფაქტობრივი მმართველი იყო. მაო 1976 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ მისი მუმიფიცირებული სხეული მავზოლეუმშია განთავსებული პეკინში, აკრძალული ქალაქის მახლობლად, ტიანანმენის მოედანზე. მაო ძედუნის მუმიფიცირებაზე ჩინელი სპეციალისტები მუშაობდნენ.
ანტონიო აგოშტინიო ნეტუ
1975 წელს, ანგოლის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მისმა ლიდერმა, ანტონიო აგოშტინიო ნეტუმ, საბჭოთა კავშირის მოდელის გათვალისწინებით, სოციალისტური ქვეყნის მშენებლობა დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ ნეტუ მოსკოვში კიბოსგან გარდაიცვალა. ნეტუს სხეულს საბჭოთა სპეციალისტების დახმარებით გაუკეთეს ბალზამირება და მავზოლეუმში იყო განთავსებული, როგორც ნაციონალური საგანძური. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ანგოლამ დაკარგა მხარდაჭერა და სოციალისტური რესპუბლიკის მშენებლობაც შეჩერდა. 1992 წელს ნეტუს ნეშტი მიწას მიაბარეს, ხოლო მავზოლეუმი დაანგრიეს.
ლინდონ ფორბს ბერნჰემი
ბერნჰემი პატარა, სამხრეთამერიკული რესპუბლიკის – გაიანას ლიდერი იყო 1966 წლიდან 1985 წლამდე, ანუ, სიკვდილამდე. თავდაპირველად ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შემდგომში კი პრეზიდენტი გახლდათ. გარდაცვალების შემდეგ ბერნჰემის სხეული საბჭოთა სპეციალისტებმა მუმიად აქციეს და გაიანას მთავრობა ბელადის მავზოლეუმში დასვენებას აპირებდა, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ისინი ეკონომიკური დახმარების შეწყვეტით შეაშინა და გაიანას მთავრობა იძულებული გახდა, მავზოლეუმის იდეა გადაეფიქრებინა, ხოლო ბერნჰემის მუმია ჰერმეტულ კაფსულაში დაკრძალეს.
კიმ ირ სენი
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის დიადი ბელადი და სამუდამო პრეზიდენტი, კიმ ირ სენი, ჩრდილოეთ კორეის მმართველი ოჯახის დინასტიის დამაარსებელია. ის იყო სახელმწიფო იდეოლოგიის – ჩუხჩეს ავტორი. 1994 წელს, გარდაცვალების შემდეგ, კიმ ირ სენის სხეული მუმიფიცირებულ იქნა და კიმსუსანის მემორიალურ მზის სასახლეში – მინის სარკოფაგში იქნა დასვენებული. იქვეა გამოფენილი ბელადის პირადი ავტომობილი და მატარებელი.
კიმ ჩენ ირი
კიმ ირ სენის ვაჟი, ასევე სამუდამო პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ოთხგზის გმირი, კიმ ჩენ ირი, სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას 1994 წლიდან მართავდა. კიმ ჩენ ირი 2011 წელს გარდაიცვალა და, მამის მსგავსად, მის სხეულსაც გაუკეთეს მუმიფიცირება, რის შემდეგაც ის კიმსუსანის მემორიალში დაასვენეს მინის სარკოფაგით. უცხოელი ტურისტებისთვის მავზოლეუმში შესვლა შეზღუდვით ხდება; დაწესებულია დრეს-კოდი, რომლის თანახმად, ჭრელ ტანსაცმელში ჩაცმული მნახველები არ დაიშვებიან ბელადების ცხედრებთან. ასევე, აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ბელადების ფოტოგრაფირება.