რატომ არის მარინა ხორავა „დედა ტერეზა“ და როგორ კეთდება ზვიად ციკოლიას საათები შვეიცარიაში უმაღლეს დონეზე
დიზაინერი მარინა ხორავა ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა საკითხისადმი განსხვავებული მიდგომით, აზრით და, რაც მთავარია‚ ნებისმიერ საქმეში, თუნდაც ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, საკუთარი, საინტერესო ხელწერა აქვს. ცოტა ხნის წინ მან ბალანჩივაძის ქუჩა ¹12-ში საკუთარი, სალონური ტიპის სახელოსნო გახსნა, სადაც მოდელიერის პროფესიის შესწავლის მსურველები სრულფასოვან ცოდნას იღებენ. მოდელიერის პროფესიის დაუფლებასთან ერთად, სალონში ბევრი სხვა რამის სწავლა და გაგებაც არის შესაძლებელი, თანაც‚ კომფორტულად‚ ფინჯან ჩაიზე საინტერესო საუბრებით.
მარინა ხორავა: წლების წინ მქონდა ნაფიქრი, ანუ, 15 წლის წინაც მქონდა სურვილი, რომ გამეკეთებინა ჩემი სახელოსნო, რომლის კარი დღეს უკვე გავაღე იმათთვის, ვისაც აქვთ სურვილი‚ იცოდნენ, როგორ კეთდება ტანსაცმლის დიზაინი. მე ამის კვალიფიკაცია მაქვს და ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფიაც მაძლევს ამის უფლებას. დრო, რომელიც სწავლისთვის დავაწესე‚ არის: კვირაში სამი დღე, საათ-ნახევარი-ორი საათი, მაგრამ, ჩვენ ვსხედვართ 4 საათის განმავლობაში. სწავლის პარალელურად‚ ყველანაირ თემაზე ვსაუბრობთ, განვიხილავთ ცხოვრებისეულ თემებს, თუმცა, აქცენტს მაინც უფრო გემოვნებაზე ვაკეთებ. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ განსაკუთრებული გემოვნებით გამოვირჩევი, უბრალოდ‚ ვცდილობ, ისინი სწორი მიმართულებით წავიყვანო. ჩემთან ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანი ზის, ერთმანეთის აზრს ვუსმენთ და ვსაუბრობთ, პარალელურად კი სწავლობენ სამ საგანს: კომპოზიციების ხატვას, ჭრა-კერვასა და კონსტრუირებას. რაც მთავარია‚ ისინი პოტენციური მოდელიერები არიან, რადგან, ნამდვილი ცოდნა ექნებათ იმ საქმის, რა საქმესაც ხელს მოჰკიდებენ – ისინი საკუთარი სალონების გახსნას გეგმავენ. რაც მთავარია‚ სამივე საგანს ნაჩუქარ ფასში ვასწავლი – ეს იყო ჩემი სურვილი, თუმცა‚ დამცინიან მეგობრები და ახლობლები, მეუბნებიან, რომ ეს ენთუზიაზმის დონეზეა და მე არ უნდა ვიყო „დედა ტერეზა“. მაგრამ, ჩემს მიზანს ვემსახურები და ასე მიმაჩნია საჭიროდ.
– ზოგადად‚ სხვა საკითხებშიც ხარ დედა ტერეზა?
– ოჯახში ყველა ქალი უნდა იყოს დედა ტერეზა. ქალმა ქალის საქმე უნდა აკეთოს, კაცმა – კაცის, მოვალეობები უნდა ჰქონდეთ განაწილებული. თუმცა‚ „დედა ტერეზობა“ გარკვეულ დრომდე უნდა იყოს, რადგან, შვილები არ უნდა მიეჩვიონ, რომ შენ მუდმივად მათი დედა ტერეზა ხარ, თორემ, 40 წლის ასაკშიც ასე იფიქრებენ. ზოგადად‚ როდესაც შემიძლია რამის გაკეთება, არასდროს ვიხევ უკან და არც ვაპირებ. ოღონდ, ამას სიამოვნებით ვაკეთებ‚ ეს არავის მოუთხოვია და არც უთხოვია. შეიძლება‚ რაღაც საკუთარ თავს არ გაუკეთო, მაგრამ, სხვას თუ არ გაუკეთებ – ეს მერე მთელი ცხოვრება ცოდვასავით დაგაწვება მხრებზე – მე ასეთი შეგნებით ვუდგები ყველაფერს და ასე მოვდივარ. თუ სადმე ვიქნები საჭირო როგორც დედა ტერეზა და, მეც ჩავთვლი საჭიროდ, რომ იქ უნდა ვიყო, უკან არ დავიხევ. ჩემი საქმე იმდენად მიყვარს, ისე ვარ შეჩვეული, რომ ეს პროფესიად არ მიმაჩნია. ამიტომაც, მინდა, რომ ეს სხვებმაც გაითავისონ, მიიღონ ცოდნა. თან‚ ახლა საგაზაფხულო მიღებას ვაცხადებ. რაც მთავარია‚ ჩემთან სწავლების სალონური სტილია და ყველა ერთად ვისვენებთ. სხვათა შორის‚ ახლა ხომ იწყება საბანკეტო სეზონები და მე აუცილებლად მივიღებ საპატარძლო და საბანკეტო კაბებზე შეკვეთებს – ეს ერთგვარი პრაქტიკაც იქნება ჩემი სტუდენტებისთვის.
– ზვიკო თქვენი ხშირი სტუმარია? თუ გიბამს მხარს ამ საქმეში?
– ჩემთვის ყველაზე დიდი მხარის აბმა ის არის, რომ ხელი არ შემიშალოს არაფერში. ჩემი საქმიანობით არავის ვაწუხებ, ოჯახს ყურადღება არ აკლდება. პირიქით‚ ოჯახის გამო უფრო დაზარალებულა ჩემი საქმე, რადგან შვილები და ოჯახი მთავარია ნებისმიერი ადამიანისთვის. თან, აქ კვირაში სამი დღე ვარ, ფაქტობრივად, ვხმარდები ოჯახს. ზვიკო ხშირად მოდის, გვესწრება. გადაწყვეტილი მაქვს სახელოსნოში სტუმრების, კომპეტენტური ადამიანების მოწვევა და სია უკვე შევადგინე. რა თქმა უნდა‚ სათავეში ზვიკოა. ისინი შეხვდებიან ჩემს მოსწავლეებს და თავიანთ განვლილ გზაზე ესაუბრებიან, გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა‚ ვაპირებთ გამოფენის გაკეთებას, კრეატიულ იდეებს დავდებთ, ეს იქნება პერფორმანსი – ცოტა ფილოსოფიური.
– საინტერესოა იმ პერიოდის გახსენება, როდესაც შენ სწავლობდი ამ ყველაფერს.
– მე არ მივლია მასწავლებლებთან, პედაგოგების ნასწავლი მხატვრობით არ ჩამიბარებია აკადემიაში, ჩემით მოვემზადე. არ ვიცი‚ კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ, პრინციპების ადამიანი ვარ და ჩემით ვაკეთებ გასაკეთებელს. არ მინდოდა‚ ჩემი მშობლები დამეხარჯა და, მინდოდა‚ ჩემს მიზნებთან თავად მქონოდა შეხება. გამოფენებზე დავდიოდი, აკადემიაში და ასე ჩავაბარე აკადემიაში. მაშინ გამოცდებამდე გასაუბრება უნდა გაგევლო და ნამუშევრებით უნდა მისულიყავი. სულ მეკითხებოდნენ – ვისთან ემზადებიო, რადგან‚ როგორც ამიხსნეს‚ კაცური ხელი მაქვს და დღეს ამას მეც ვხედავ. ანუ‚ აბსოლუტურად თავისუფალი ხელი მაქვს, სხვა ხელწერა, არაქალური. უცხოეთშიც რომ ვმუშაობდი, იტალიელები გაკვირვებულები იყვნენ – ეს ქალის ხელიაო?
– როდის მუშაობდი მათთან?
– ბუდაპეშტში ვიყავი სტაჟირებაზე – ეს სტაჟირებაც გათვლილი მქონდა და, საერთოდ‚ 16 წლიდან გავთვალე ჩემი გზა და მივაღწიე იმას‚ რაც მინდოდა. უბრალოდ, ის ვერ გავთვალე, რომ აირეოდა ცხოვრება, ქვეყანა ამოყირავდებოდა, თორემ, ბევრად კარგად იქნებოდა ყველაფერი. ბუდაპეშტში საკმაოდ სერიოზულ საწარმოში ვმუშაობდი. იტალიელებს სურდათ, რომ მათთან წავსულიყავი სამუშაოდ, ამერიკელებსაც უნდოდათ ჩემთან მუშაობა. მაგრამ, მაშინ რუსეთის საელჩოს ვეკუთვნოდით და ისე დამბლოკეს რუსებმა – ჩვენი მოდელიერი ჩვენთან უნდა დარჩესო, რომ, არც გამიგია. მოგვიანებით შევიტყვე ამის შესახებ. თურმე‚ ასეთი მოთხოვნა ყოფილა მაშინ ჩემზე და არ ვიცოდი. ბედის ამბავიც იყო... ზვიკო ამბობს ხოლმე: კიდევ კარგი არ დარჩი, თორემ, ხომ ვერ შევხვდებოდით ერთმანეთსო. თუ ბედი იყო, ჩვენ უცხოეთშიც შევხვდებოდით ერთმანეთს.
საერთოდ‚ ძალიან რეალისტი ვარ, იმავდროულად – მეოცნებეც და, ვიცი, რომ ოცნებები სრულდება, რადგან, შევხებივარ ჩემს ასრულებულ ოცნებებს. ისიც ვიცი, რომ, როცა რაღაცას შენი ფანტაზიით წარმოიდგენ‚ მატერიალიზდება პიროვნების, სიტუაციის სახით. მეოცნებეც ვარ, ფანტაზიორიც და ეს მეხმარება, რადგან, რეალობა ყოველთვის არ არის ლამაზი, ამიტომ, ჩემი ფანტაზიებით ვშველი, ვალამაზებ და ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ დავიჯერო არარსებული რაღაცეები. მე და ზვიკო ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებით ემოციებით, სხვადასხვა ადამიანები ვართ. უბრალოდ‚ მორალთან დაკავშირებით გვაქვს ერთნაირი შეხედულებები, ისევე‚ როგორც ბავშვების აღზრდასთან – ამ საკითხში ერთ პლატფორმაზე ვდგავართ. ჩვენს ურთიერთობაში მთავარია მორალური, აღზრდის მხარე, ოჯახის პატივისცემის მომენტი, თორემ, შეხედულებები ყველაფერზე სხვადასხვანაირი გვაქვს, საერთო ხშირად არაფერი გვქონია ხოლმე. ის უფრო ფეთქებადი და ემოციურია, მე კი შემიძლია‚ ფეთქებადი სიტუაცია მშვიდად დავალაგო.
– რას აკეთებს ამჟამად ზვიკო? მისი გაკეთებული საათები ძალიან ლამაზია, ისევე‚ როგორც სხვა ნამუშევრები.
– ამჟამად დაუსაქმებელია, აკეთებდა დიზაინის საერთაშორისო ინსტიტუტს, რისთვისაც ნომერ პირველი დიზაინერები ჩამოიყვანა. მაგრამ, ამჟამად ეს საქმე შეჩერებულია. თუმცა, იმედია‚ გაგრძელდება, რადგან, ეს ინსტიტუტი ქვეყნისა და მომავალი თაობის საკეთილდღეოდ კეთდებოდა. სხვათა შორის‚ აპირებს ბრენდის გააკეთებას, რომელსაც ერქმევა „მარინა“. ეს იქნება აქსესუარების ბრენდი – საათები, ბეჭდები. სანამ საათებს გააკეთებდა, სულ ვეუბნებოდი, შენ საათებში ნამდვილად გაგიმართლებს-მეთქი და ასეც მოხდა – პრიზი საათებში აქვს აღებული. ქვეყანას ამდენი საათი გაუკეთა, უცხოეთსაც და, საერთოდ, ამ საქმეში უმართლებს. თანხობრივად ისე არა, მაგრამ, წარმატებულად შედის ბაზარზე. ისიც ნათქვამი მაქვს, როდესაც „მარინას“ გააკეთებ‚ აუცილებლად გაამართლებს-მეთქი. საათები შვეიცარიაში კეთდება, ეს სახელმწიფო საათები იყო, თავდაცვას, პრეზიდენტს, ქვეყანას ეკუთვნოდა. უმაღლეს დონეზეა გაკეთებული, კეთდება ცოტა რაოდენობით და მთლიანად იყიდება. მაღაზიაში რაც იდო‚ ორ კვირაში გაიყიდა. როცა ქართველები ყიდულობენ და უკეთიათ, ეს უკვე დიდი წარმატებაა.
– შენ არ გაქვს მისი გაკეთებული საათი?
– პირველი საათი შვეიცარიაში შეუკვეთა და ზედ აწერია ჩემი დაბადების წელი, თვე, რიცხვი და წარწერა, რომ მე მეკუთვნის. თვითონ გამიკეთა ხელზე. მოკლედ‚ მისი პირველი მომხმარებელი მე ვიყავი. უბრალოდ‚ ამჟამად საქართველოში მისი ყველა პროექტი გაჩერებულია და, შესაბამისად‚ ზვიკოც გაჩერდა. იმედია‚ ამუშავდება, რადგან, გვინდა‚ აქ ვაკეთებდეთ ყველაფერს, ჩვენს სახლში, თორემ, სხვაგან გასაკეთებელი ადგილი ყოველთვის გამოჩნდება...