ვის როლს ასრულებს ჟორჟ დევდარიანი ახალ პროექტში – „სტალინგრადი” და როგორ იხსენებს ის ფრანგული კინოს ლეგენდასთან – ჟანა მოროსთან მუშაობას
„როდესაც ვხედავ ფოტოებს ან რეპორტაჟებს საქართველოზე, სვანეთზე, ჩემთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ლამაზი სურათი. ვფიქრობ, როცა იქ მოვხვდები, შინაგანი „მოზაიკის” ყველა რგოლი თავის ადგილს დაიკავებს,” – ეს სიტყვები მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულს, ოპერისა და მიუზიკლების რეჟისორს, მსახიობსა და მუსიკოსს, ჟორჟ დევდარიანს ეკუთვნის, ქართული ფესვების მქონე ევროპის თეატრალური სამყაროს ვარსკვლავს, რომელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ.
– ჟორჟ, სად დაიბადეთ, გვიამბეთ თქვენი მშობლების, ბავშვობის წლების შესახებ?
– დავიბადე სანკტ-პეტერბურგში, სადაც საშუალო სკოლა დავამთავრე გერმანული ენის გაძლიერებული სწავლებით (მოგვიანებით გერმანული ენის ცოდნა დიდად წამადგა). ჩემი მშობლები, ალექსანდრე ზურაბის ძე დევდარიანი და ალა ქარიმის ასული მინბაევა, ერთმანეთს ლენინგრადში შეხვდნენ, როდესაც ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ჩემში ჩქეფს ქართული, ყაზახური და რუსული სისხლი, ალბათ, ამიტომ, საკუთარ თავს ცოტათი „მსოფლიო მოქალაქედ” მივიჩნევ და, ალბათ, ამიტომაც ვგრძნობ თავს კომფორტულად ისეთ ინტერნაციონალურ ქალაქში, როგორიცაა როტერდამი. ზედმეტად მშვიდი ბავშვი ვიყავი, თუმცა, ყოველთვის ვოცნებობდი თავგადასავლებზე. საერთოდ, თავი ყოველთვის ასაკზე უფრო დიდად მიმაჩნდა, რაც, ალბათ, იმის ბრალია, რომ ჩემზე ბევრად უფროს ნათესავებთან მქონდა ურთიერთობა. ბავშვობიდან ჩამომიყალიბდა ის აზრი, რომ ოჯახი უმნიშვნელოვანესია, ნათესაობა კი განძია, რომელსაც გაფრთხილება უნდა.
– თქვენ თავადური გვარი გაქვთ, რა იცით თქვენი წინაპრების შესახებ?
– ძალიან ვამაყობ, რომ ამ დიდი ქართული გვარის წარმომადგენელი და ამ ოჯახის წევრი ვარ, თუნდაც მხოლოდ მამის მხრიდან. ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ადამიანი საკუთარი მიღწევებითა და ღვაწლით უნდა ამაყობდეს. სხვანაირად არ შემიძლია, რომ გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ. ჩემს გვარში უამრავი დიდი ადამიანი იყო: სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები თუ თანამედროვე ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები. ჩემი სრული სეხნიაა გიორგი დევდარიანი – ცნობილი ქართველი კინემატოგრაფისტი და საერთაშორისო კინობაზებში ხშირად ვერევით ხოლმე ერთმანეთში. ჩემი კიდევ ერთი შორეული ნათესავია ცნობილი საოპერო მომღერალი გიორგი ონიანი; გარდა ამისა, როგორც ვიცი, ასევე, ნათესავად მეკუთვნის ზურაბ ანჯაფარიძე – სახელოვანი საოპერო მომღერალი და დიდი თეატრის სოლისტი. ბავშვობიდან მამაჩემი სულ მაფრთხილებდა, რომ, იყო დევდარიანი, არა მარტო დიდი პატივია, არამედ, დიდი პასუხისმგებლობაცაა, მიკრძალავდა ჩემი წარმომავლობით ტრაბახს და მეუბნებოდა, „გახსოვდეს, რომ შინაგანად თავადი ხარ”.
– ხართ თუ არა ნამყოფი საქართველოში, გყავთ თუ არა აქ ნათესავები, ნაცნობები?
– სამწუხაროდ, დღემდე ვერ მოვახერხე, ჩამოვსულიყავი ჩემი წინაპრების სამშობლოში, თუმცა, მჯერა, რომ ეს მოხდება. საერთოდ, მუდამ ვგრძნობ, თითქოს რაღაც მაკლია, თითქოს დაკარგული რგოლი მაქვს საკუთარი თავის და გარშემო მყოფი სამყაროს აღქმაში. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს რგოლი ზუსტად ის არის, რასაც ფესვებს ეძახიან, სისხლის ყივილს. როდესაც ვხედავ ფოტოებს ან რეპორტაჟებს საქართველოზე, სვანეთზე, ჩემთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ლამაზი სურათი. ვფიქრობ, როდესაც მოვხვდები საქართველოში, შინაგანი „მოზაიკის” ყველა რგოლი თავის ადგილს დაიკავებს. სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობდი ბაბუაჩემს, ზურაბ დევდარიანს, თუმცა, მახსოვს, ბავშვობაში როგორ ვხვევდი რომანტიკულ საბურველში მას, ნამდვილ „ზღვის მგელს” (მეორე მსოფლიო ომამდე და შემდგომ პერიოდში ბაბუა მეზღვაური იყო და ბებია ლენინგრადში გაიცნო).
– დიდი ხანია, ჰოლანდიაში ცხოვრობთ. რატომ მოგიწიათ რუსეთის დატოვება და ხომ არ გაგიჭირდათ უცხო მიწაზე თავდაპირველად დამკვიდრება?
– განგებამ ინება ისე, რომ ადრეულ ასაკში გავხდი მსოფლიო ახალგაზრდული ორკესტრის წევრი და უამრავ ქვეყანაში მომიწია მოგზაურობა. ორკესტრში გავიცანი ჰოლანდიელი გოგონა, რომლის დახმარებითაც გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება ამ ქვეყენაში, მიუხედავად იმისა, რომ მოწვევები მქონდა შვეიცარიიდან და შეერთებული შტატებიდან. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, გამიჭირდა, თუმცა, ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით და მამაჩემის აღზრდის მეთოდის დახმარებით, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე იყო ორიენტირებული, უცებ ავუღე ალღო ყველაფერს.
– მოგვიყევით თქვენი საცოლის, მარია ლიუდკოს შესახებ, სად და როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– ჩვენი გაცნობის ისტორია ჩემთვის ყველაზე რომანტიკული და საყვარელი ეპიზოდია. მარია საოპერო მომღერალია და მიწვეული იყო საერთო რუსულ-ჰოლანდიურ პროექტში, რომლის ორგანიზატორები ყაზანის სახელმწიფო ოპერის თეატრი და ჰოლანდიური იმპრესარიატი – VDB იყვნენ. მარია მოცარტის ოპერა „დონ ჟუანში” დონა ანას პარტიის შესასრულებლად მიიწვიეს, მე კი შევიტყვე, რომ ოპერის დამდგმელ რეჟისორს, ცნობილ ჰოლანდიელ საოპერო რეჟისორს, დევიდ პრინსს, რუსულის მცოდნე ასისტენტი ესაჭიროებოდა, რომელსაც თეატრალური და მუსიკალური განათლება უნდა ჰქონოდა. დიდ მაესტროსთან ერთად წავედი ყაზანში, სადაც გავიცანი კიდეც მარია, რომელიც გაოცდა, როდესაც შეიტყო, რომ „ჰოლანდიელი ასისტენტი” მშვენივრად საუბრობდა რუსულად (იცინის). ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ორივე ვენდეთ ინტუიციას და მან არ გვიმტყუნა. რაღაცაში ძალიან ვგავართ ერთმანეთს, რაღაცაში – არა, რაც, ალბათ, დამახასიათებელია ხელოვანი ადამიანებისთვის. ერთმანეთს ვავსებთ და ერთმანეთის გვესმის ნახევარი სიტყვიდან. გარდა იმისა, რომ გვიყვარს ერთმანეთი და რომანტიკული წყვილი ვართ, სცენაზეც ერთად ვდგავართ. გაცნობის შემდეგ მარიამ არანჟირების კეთება დაიწყო კლარნეტისთვის, ფორტეპიანოსთვის და ამჟამად 50-მდე საავტორო არანჟირება გვაქვს. გამოვეცით დისკი „სიყვარულის ვარსკვლავი”, სადაც შესულია ჩვენთვის საყვარელი არანჟირებები.
– თქვენ კლარნეტისტი ბრძანდებით. კიდევ რომელ ინსტრუმენტებზე უკრავთ და როდიდან გაგიჩნდათ სურვილი, რომ მუსიკოსი გამხდარიყავით?
– ბავშვობაში უამრავ პროფესიაზე ვოცნებობდი. მაგრამ, როგორც უმრავლესობა, ბოლოს მეც მსახიობობა ავირჩიე, თუმცა, მოხდა ისე, რომ მუსიკამ გამიტაცა და ყველა არსებულ ინსტრუმენტს საქსოფონი ვამჯობინე. მაგრამ, ამ ინსტრუმენტის პროფესიულ დონეზე შესწავლა არ ხდებოდა და იძულებული გავხდი, კლარნეტი ამერჩია. შემდგომ ფორტეპიანოს საერთო კურსის სწავლაც მომიწია, თუმცა, დიდად თავი არ მომიკლავს ფორტეპიანოზე მეცადინეობით და დღეს ძალიან ვნანობ ამას. სიმღერა კი არცთუ დიდი ხანია, დავიწყე. ეს მარიას დამსახურებაა, რომელიც ჩემი პედაგოგი და ყველაზე მკაცრი კრიტიკოსია. ხშირად მიწევს გამოსვლა ამერიკაში, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული ადამიანების წინაშე, ვასრულებ ცნობილ რუსულ სიმღერებს კინოდან, ვკითხულობ მოთხრობებს და ძალიან დადებით მუხტს ვიღებ ამ ადამიანებისგან, მიჭირს იმის ახსნა, თუ რა სიამოვნებას მანიჭებს თითოეული ღიმილი, რასაც ვხედავ სცენიდან.
– მოგვიყევით თქვენი დადგმის შესახებ სცენაზე – ოპერა, მიუზიკლები, სპექტაკლები...
– როგორც მსახიობმა, ორი წელი ვიმსახურე ამსტერდამის შოუ-თეატრში, თუმცა, მივხვდი, რომ წინ წასვლა მინდოდა და დავიწყე თეატრალური წარმოდგენების დადგმა სეზონში რამდენჯერმე. ბოლო პროექტებიდან მინდა აღვნიშნო სპექტაკლი „სანამ შენ გეძინა”, რომელიც ჩეხოვის „ალუბლის ბაღის” მიხედვით შეიქმნა. ეს სპექტაკლი ინგლისში ბრაიტონის ფესტივალის ჰიტი გახდა, წარმატება ხვდა წილად, ასევე, „ჰოლანდ ფესტივალზე” ამსტერდამში. ამ სპექტაკლში, რეჟისურის გარდა, ვასახიერებ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს – გაევს. ჩემი სარეჟისორო დებიუტი კი ყაზანში, უკვე ნახსენებ „დონ ჟუანში” შედგა, რასაც მოჰყვა ოპერა „ტრუბადური”. ამის მერე იყო რამდენიმე დამოუკიდებელი პროექტი, მაგალითად, პეტერბურგელი კომპოზიტორის, ანდრეი ტიხომიროვის ოპერა-თრილერი – „დრაკულა”, რომელიც ბრემ სტოკერის ცნობილი რომანის მიხედვით შეიქმნა. მიუზიკლების მხრივ კი მინდა აღვნიშნო „მევიოლინე სახურავზე”, რომელიც გერმანიისა და ჰოლანდიის სცენებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
– რითი ხართ დაკავებული თავისუფალ დროს და რა არის თქვენი გატაცება, ჰობი?
– ადრე, უფრო ახალგაზრდა რომ ვიყავი, უცხო ენების შესწავლით ვიყავი გატაცებული და ამჟამად ხუთ ენას ვფლობ: ფრანგულს, იტალიურს, გერმანულს, ჰოლანდიურსა და რუსულს, ასევე სამუშაოდან გამომდინარე, მომიწია ესპანურისა და პოლონურის შესწავლა. სამწუხაროდ, ქართული ენა არ ვიცი, თუმცა, სურვილი მაქვს, ვისწავლო. მარიასთან ერთად მიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა. ბოლო დროს ცხენოსნობამ გამიტაცა, პროფესიიდან გამომდინარე, დამჭირდა ცხენზე ჯირითის შესწავლა და ახლა ცხენები ჩემი უსაყვარლესი გატაცებაა. მგონია, რომ ჩემი წინაპრები კარგი ცხენოსნები იქნებოდნენ (იცინის).
– როგორ მუსიკას უსმენთ, თუ გაქვთ საყვარელი კინოფილმი, რეჟისორი?
– ვერ ვიტყოდი, რომ კონკრეტული ჟანრის ან მიმართულების მსმენელი ვარ. მომწონს ლეონარდ ბერნსტაინი. კინოსთან დაკავშირებით კიდევ უფრო „რთულადაა” საქმე (იცინის). ბავშვობიდან ვეზიარე ქართულ კინოს, მახსოვს, როგორ იმოქმედა ჩემზე თენგიზ აბულაძის „მონანიებამ” – ეს ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია ჩემთვის.
– მოგვიყევით თქვენს როლზე ფიოდორ ბონდარჩუკის ახალ ფილმში – „სტალინგრადი”, რომელიც ეკრანებზე სულ მალე უნდა გამოვიდეს.
– ფილმში „სტალინგრადი” ვასრულებ უნტერ-ოფიცერ კლოზეს როლს. ამ როლზე დამტკიცებაში გერმანული ენის ცოდნა დამეხმარა. ველოდები ამ ფილმის გამოსვლას ეკრანებზე, რადგან, ის ჩემთვის განსაკუთრებულია. ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანი გადასაღებ მოედანზე. ჩემმა კოლეგამ, ნატალია კადოჩნიკოვამ, რომელიც ფილმში სტალინგრადის მცხოვრების როლს ასრულებს, თავის სპექტაკლში – „სიცოცხლე, როგორც წამი,” ბაბუამისის როლი მათამაშა. აუცილებლად მინდა ვახსენო დიდი ფრანგი მსახიობი ჟანა მორო, რომელთან ერთად მუშაობის ბედნიერება მხვდა წილად.
– ქართულ სამზარეულოს თუ იცნობთ და თავად თუ იცით კერძების მომზადება?
– ქართული სამზარეულო მამამ გამაცნო, როდესაც ლენინგრადში ნევის პროსპექტზე მდებარე რესტორან „კავკაზში” წამიყვანა. მას შემდეგ ქართული კერძების დაგემოვნება ჩემთვის დღესასწაულია. იმავეს თქმა შემიძლია ქართულ ღვინოზეც. მე და მარია ხორცეულის დიდი მოყვარულები ვართ და თავადაც არცთუ ცუდად ვამზადებთ კერძებს. თუკი მომიხერხდება საქართველოში ჩამოსვლა, დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას ქართული კერძების მომზადების მასტერ-კლასში.
– რამდენიმე სიტყვით თქვენს მომავალ გეგმებსაც შევეხოთ.
– ამჟამად დაკავებული ვარ ჰოლანდიის პირველ რადიოს რადიოსპექტაკლში „ობობა”. უახლოეს მომავალში მონაწილეობას მივიღებ რამდენიმე თეატრალურ ფესტივალში მოსკოვში, ხორვატიაში, ბოსტონში, სადაც მასტერკლასების მოწყობა მომიწევს სტუდენტებისთვის და, რა თქმა უნდა, კინოგადაღებები იქნება მოსკოვში, გერმანიაში, ჰოლანდიაში. მინდა გაგიმხილოთ ჩემი ოცნება – დიდი სურვილი მაქვს, ქართულ კინოში ვითამაშო.