რატომ ნიშნავს ეკონომიკური განვითარება აფხაზეთისთვის დამოუკიდებლობის დაკარგვას და რატომ ეწინააღმდეგება ანქვაბი აფხაზეთის რკინიგზის გახსნას
მას შემდეგ, რაც რუსული მავთულხლართები გაივლო, აფხაზეთის შესახებ მხოლოდ რუსული მედიის გავლით თუ შევიტყობთ. უფრო მეტიც, აფხაზი საზოგადოების წარმომადგენლები უშუალო კონტაქტს ერიდებიან (აქტივობით გამოკვეთილად პრორუსი აფხაზები გამოირჩევიან). თუმცა მაინც შევიტყვეთ, რომ ენგურს გაღმა სოციალური ფონი დამძიმდა, რამაც პოლიტიკური დაძაბულობაც გაამძაფრა. თითქოს დე-ფაქტო პრეზიდენტის ძალაუფლებას წყალი შეუდგა და ამის ერთ-ერთ მიზეზად კრემლის მიერ ანქვაბის უფრო მართვადი ფიგურით ჩანაცვლება სახელდება. ჩანაცვლების მოტივი კი საქართველოსთან ტერიტორიული მთლიანობით ვაჭრობისთვის ნიადაგის მომზადებაა. აფხაზურ პოლიტიკურ კულუარებში მიმდინარე პროცესების შესახებ აზრს ებრაელ პოლიტოლოგ აბრაამ შმულევიჩს დავეკითხეთ.
– რა პროცესები მიმდინარეობს აფხაზეთში, თითქოს უკმაყოფილებაა მოსახლეობის მხრიდან, მხოლოდ ეკონომიკურია თუ პოლიტიკურიც ურევია?
– აფხაზეთში გარდამავალი სიტუაციაა, უკმაყოფილება გამოიხატა მიტინგების სერიით, იმით დაიწყო, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ორჯერ გაიზარდა და ამან მისცა ბიძგი გამოსვლებს. შემდეგ პოლიტიკური მოთხოვნებიც გაჩნდა: კარდინალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს მოითხოვენ. ფაქტობრივად, მთელი აფხაზური ოპოზიცია გაერთიანდა და ეს მოხდა პირველად. ტრადიციული ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე თვალსაჩინოა „ერა“, რომელსაც სათავეში უდგას ბუთბა, ის სპეცწარმომადგენლადაა დანიშნული ლათინურ ამერიკაში, თუმცა ამ ფაქტს არ ახმაურებენ. ერთი სიტყვით, ყველა ოპოზიციური ძალა ერთი ფრონტით გამოდის და მათ აქვთ პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნები. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ აფხაზეთში უძრაობაა და იქ უმუშევრობა 70 პროცენტს შეადგენს. აფხაზეთის ეკონომიკა არ ვითარდება, არანაირი საინვესტიციო პროექტები არ ხორციელდება, არ იქმნება სამუშაო ადგილები. უამრავ ადამიანს ველაპარაკე მოსკოვში, რომლებიც საინვესტიციო კომპანიებში მუშაობენ და ისინი ამბობენ, რომ აფხაზ ჩინოვნკებთან საუბარი გამორიცხულია, იმიტომ რომ მათ არ სჭირდებათ არანაირი ინვესტიცია.
– რით ხსნით ამას? შეიძლება, რომ ნორმალურ საზოგადოებას ინვესტიცია და მოდერნიზაცია არ სჭირდებოდეს?
– რატომაც, არა?! ბევრ ქვეყანას არ სჭირდება მოდერნიზაცია და ინვესტიციები, მაგალითად, ასეთი იყო საბჭოთა კავშირი და ასეთია რუსეთი, საიდანაც ფული გარბის. უამრავი ქვეყანაა, რომლებიც აუცილებელი არ არის, ავტორიტარული იყოს, მაგრამ არ უნდა განვითარება.
– რუსეთს აქვს რესურსები და შეუძლია, იარსებოს ამ რესურსით, აფხაზეთს კი რა რესურსი აქვს?
– აფხაზეთის რესურსია ის მუქთა ფული, რასაც რუსეთისგან იღებს. არსებობს ეგრეთ წოდებული „ნავთობის წყევლა“, როდესაც ქვეყანას აქვს ნავთობი, მოიპოვებს ამ ნავთობს და მეტი არაფერი სჭირდება. უმეტესი ქვეყნები, რომლესაც ეს სიმდიდრე აღმოაჩნდათ, მათ შორის, რუსეთი და ნიგერია, ეკონომიკურ უძრაობაშია. აფხაზეთში ნავთობის როლს რუსეთის კაპიტალი ასრულებს.
– დიდია თანხა, რომელიც რუსეთიდან მოდის აფხაზეთში? თითქოს უფრო მეტს აძლევენ ცხინვალის რეგიონსო?
– აფხაზეთში ბევრი ფული მიდის რუსეთიდან, შესაძლოა, „იუჟნაია ოსეტიაშიც“ ბევრი ფული მიდის, მაგრამ იქ უფრო მეტის მოპარვაა შესაძლებელი. აფხაზეთში არსებობს ორგანიზებული ადგილობრივი ხელისუფლება, „იუჟნაია ოსეტიაში“ კი რუსი სამხედროები და მათი ოჯახის წევრები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ოსები და იქ ჩადებულ ფულს არავინ აკონტროლებს. ლაპარაკი იყო 60 მილიარდი რუბლის რუსული ინვესტიციების ჩადებაზე აფხაზეთის ეკონომიკაში. ეს დიდი ფულია, თუ აფხაზეთის სიდიდესა და მოსახლეობის რაოდენობას გავითვალისწინებთ. ეს ფული აფხაზურ ეკონომიკაზე მოქმედებს, როგორც „ნავთობის წყველა“ და იქაურ ჩინოვნიკებს აღარ სჭირდებათ არანაირი ინვესტიცია და მოდერნიზაცია. ანქვაბმა მკაცრი სახელისუფლო ვერტიკალი ააგო და არც ერთი გადაწყვეტილება არ მიიღება მის გარეშე. ფაქტობრივად, ავტორიტარული სისტემაა. აფხაზი საზოგადოება საკმაოდ მცირერიცხოვანია და პატრიარქალური ტრადიციები არბილებს ამ ავტორიტარიზმს. დღეს აფხაზეთი საკმაოდ ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც ყველაფერი ერთ ადამიანზეა დამოკიდებული, რაც ბევრს არ მოსწონს.
– ცხოვრების დონე გაუმჯობესდა 2008 წლის აღიარების შემდეგ თუ გაუარესდა?
– აფხაზეთში არანაირი სოციოლოგია და სტატისტიკა არ არსებობს, ისევე, როგორც რუსეთში. რუსეთში სოციოლოგიური მონაცემები უფრო გასაიდუმლოებულია, ვიდრე სამხედრო ინფორმაცია. ჩემი შთაბეჭდილებით, სიტუაცია უარესდება, 70-პროცენტიანი უმუშევრობა თავისთავად მეტყველებს ბევრ რამეზე. არანაირი აფხაზური ეკონომიკა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით საკურორტო სფეროს, რომელიც ძალიან დაბალ დონეზეა.
– მათ ხომ აქვს საშუალება, რომ ივაჭრონ რუსეთთან სოფლის მეურნეობის პროდუქტით?
– მანდარინებით?!
– ღვინითაც. აფხაზურ ღვინოს, ქართულისგან განსხვავებით, უშვებენ რუსულ ბაზარზე.
– აფხაზეთში არ არის მეღვინეობის მსხვილი კომპანიები, თან აფხაზური ღვინო იაფფასიანი ღვინის მომხმარებლისთვის გამოდგება, მაგრამ ეს არ არის მსოფლიო დონის ღვინო. ამიტომ რამე განსაკუთრებულ ფულს ღვინით ვერ გააკეთებ. ასე რომ, სავაჭრო დიდი არაფერია.
– პუტინი შეხვდა ანქვაბს: ეს ანქვაბის მხარდასაჭერად გაკეთდა თუ რა აჩვენა ამით პუტინმა აფხაზებს?
– ეს შეხვედრა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ანქვაბისთვის, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია ფულის მიღება მოსკოვისგან. მეტიც, ეს მისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფულის დეფიციტზე მიუთითებს ელექტროენერგიაზე ტარიფის აწევაც.
– ეს ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებაა, რადგან აფხაზეთი, ფაქტობრივად, მუქთად იღებს ელექტროენერგიას ენგურიდან.
– მე ეს არ ვიცოდი, მაგრამ, რომ არ გაეზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, აბა, სხვაგან საიდან უნდა მოეტანა ფული ანქვაბს?! ამას გარდა, თუ არ მიიღებს ფულს მოსკოვიდან, მას უბრალოდ ჩამოაგდებენ. აფხაზეთში საკმაოდ ძლიერია შინაგანი თავისუფლების მუხტი. გარდა ამისა, უკმაყოფილების სხვა წყაროებიც არის. გაგახსენებთ მკვლელობათა სერიას, თავდასხმებს ანქვაბზე.
– მაგრამ ეს ხომ შეწყდა უკვე?
– ეს შეწყდა, მაგრამ იმ ადამიანებს ჰყავთ მომხრეები, ნათესავები. აფხაზეთში დღემდე არსებობს სისხლის აღების ტრადიცია. ამდენად, საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს აფხაზეთში ანქვაბის ჯინი და ამას არანაირი კავშირი არ აქვს ეკონომიკურ პრობლემებთან. ამას ემატება მძიმე ეკონომიკური ვითარებაც და საკმაოდ რთული სიტუაცია იქმნება. აფხაზეთში ჭორები ძლიერი იარაღია, აფხაზი საზოგადოება კომპაქტურია, ყველა ერთმანეთის ნაცნობი და ნათესავია, ერთი დაძახებაა საჭირო და ხალხი ადვილად მობილიზდება და გავა ქუჩაში. ანუ რაღაც აფეთქების მოწყობა სწრაფადაა შესაძლებელი. ანქვაბი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია წესრიგის დამყარება, მაგრამ ეს კრედიტი მუდმივი არ არის და მას სჭირდება, რაღაც კიდევ მისცეს ხალხს. ჯერჯერობით მხოლოდ მიაქვს, ანქვაბი ძლიერადაა მიბმული მოსკოვზე და აქვს ორი გზა: ან დაიწყოს მმართველობის მასშტაბური რეფორმა, რომ აფხაზეთი რუსული ინვესტიციებისთვის მაინც გაიხსნას და შემოვლითი დასავლური ინვესტიციებისთვისაც, მაგრამ ეს სახიფათო გზაა, რადგან შესაძლოა, ასეთ პირობებში ანქვაბმა ვერ შეინარჩუნოს ძალაუფლება და, მეორე, პარადოქსული სიტუაციაა, მაგრამ, თუ აფხაზეთი მომხიბვლელი გახდება ინვესტიციებისთვის, ეს დარტყმის ქვეშ დააყენებს მის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ რუსეთი უბრალოდ გადაყლაპავს აფხაზეთს. დღეს რუსეთს აფხაზეთი დიდად არაფერში სჭირდება, მაგრამ, თუ შესაძლებელი გახდება ფულის გაკეთება, გადაყლაპავს.
– გასაგებია, რომ თბილისი სიფრთხილით უყურებს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნას, მაგრამ რატომ ეწინააღმდეგება ამას აფხაზეთი?
– ანქვაბი უარზეა, არადა, თითქოს რკინიგზის გახსნა სჭირდება აფხაზეთს, რადგან ფული შეუვა, მაგრამ, იმავდროულად, იმ რკინიგზით საქართველოდან და სომხეთიდან უკვე ქართული და სომხური ხილი და ბოსტნეული გავა რუსეთში, რაც კონკურენციას გაუწევს აფხაზურ მანდარინებს.
– ქართული მანდარინები ისედაც დაიძრა რუსეთისკენ და ჩვენ სხვაგანაც გვაქვს საერთო საზღვარი, აფხაზეთის გარდა?
– მაგრამ ეს ზრდის ქართული პროდუქციის ფასს, თან აფხაზეთის რკინიგზით სომხური ხილიც გადაიზიდება. ამას გარდა, რკინიგზის გახსნა ნიშნავს, რომ აფხაზეთში მივა რუსეთის რკინიგზა. მართალია, რუსეთის რკინიგზა დღეს დე-ფაქტო ფლობს აფხაზეთის რკინიგზას, მაგრამ იურიდიულად ვერა და ამიტომ ეს რკინიგზა მხოლოდ რკინების გროვაა, მაგრამ, თუ ეს იქნება რკინიგზა, რომელიც მოიტანს შემოსავალს, აფხაზებს მას არავინ მისცემს. აფხაზებს პირდაპირი ტექსტით ეუბნებიან, რომ ომი მოვიდა რკინიგზით. გახსოვთ, რა იყო ომის ფორმალური მიზეზი.
– მახსოვს: აფხაზეთის მონაკვეთზე იძარცვებოდა რკინიგზა და ამიტომ პოლიციური და სამთავრობო ჯარები შევიდნენ რკინიგზის დასაცავად.
– აფხაზეთის რკინიგზას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და, თუ ის ფულს მოიტანს, დაიბრუნებს სტრატეგიულ მნიშვნელობას. ამას გარდა, აფხაზეთის რკინიგზა სტრატეგიულია რუსეთისთვის: ის უკვე პირდაპირ დაუკავშირდება სომხეთს და, რაც მთავარია, ირანს, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ეს გზა შეიძენს სტრატეგიულ მნიშვნელობას. თუ საქართველო მოხვდება რუსულ ორბიტაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სასიკვდილო ნახტომში ჩაეჭიდება აფხაზეთის რკინიგზას. იგივე ეხება სოხუმის სამხედრო გზის გახსნას. რომელიც აფხაზეთს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან დააკავშირებს. აფხაზები კონსერვატიული ხალხია, მათ არ უყვართ ცვლილებები. თუ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლებში მათ ჰყავდათ გამოკვეთილი მოღვაწეები და მოაზროვნეები, დღეს იქ უკვე აღარ მიდის პოლიტიკური ანალიზი, არანაირი კვლევები არ ტარდება და მხოლოდ თავიანთი კონსერვატიზმის იმედად არიან. დღეს აფხაზეთი დათვივითაა მიმწყვდეული კუთხეში და ნაკლებადაა დაკავშირებული გარე სამყაროსთან. როგორც კი გაიხსნება გარე სამყაროსთვის, აფხაზეთის დამოუკიდებლობას უკვე რუსეთისგან შეექმნება საფრთხე. რუსული ბიზნესი უბრალოდ იყიდის აფხაზეთს. მეორე, თუ აფხაზეთში გამოჩნდება რუსული არმია, ჩვენ გვახსოვს, რა მოხდა ბალტიისპირეთში, სამხედროების ოჯახები იქ დასახლდნენ და ეს დაარღვევს აფხაზეთში არსებულ ისედაც მყიფე დემოგრაფიულ ბალანსს. ამდენად, ისინი ორ ცეცხლშუა არიან. ერთი მხრივ, მათ სჭირდებათ რაღაც ეკონომიკური გარღვევა და, მეორე მხრივ, ეს ეკონომიკური განვითარება საშიშია მათი დამოუკიდებლობისთვის. ამის თავიდან ასაცილებლად დინამიკური პროცესია საჭირო, რაღაც კრეატივი და იმპულსი, რაც ომის დაწყებამდე იყო იქ, მაგრამ მათ არ აქვთ მკაფიო ხედვა იმისა, თუ რა უნდათ. ანქვაბმა საოცარი რამ თქვა ამას წინათ: აფხაზეთს არ სჭირდება განვითარების სტრატეგიული გეგმა, ჩვენ გვაქვს ერთი წლის ბიუჯეტი და ეს საკმარისიაო.
– რუსეთი კმაყოფილია ანქვაბით?
– ანქვაბზე ზეწოლაა აფხაზი საზოგადოების მხრიდან. ხაჯიმბამ მითხრა ამას წინათ, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალოვანი დაპირისპირების, მაგრამ შეიძლება, ხალხი ვერ გავაჩეროთ, თუ არ წავა რეფორმებზეო. საკითხი დგას შემდეგნაირად: რა დოზით ურევია ამაში რუსული ხელი? მოსკოვი, რადგან დაიწვა წინა არჩევნებზე, ცდილობს აშკარად არ ჩაერიოს აფხაზურ საქმეებში. რამდენიმე თვის წინათ მეუბნებოდნენ რუსული მედიის წარმომადგენლები, რომ რუსული ადმინისტრაციის განმარტებით, ანქვაბი არ არის წმიდა ძროხა და მისი შეცვლა სავსებით შესაძლებელია. ბევრი სტატია იბეჭდება რუსულ პრესაში, რომლებშიც აკრიტიკებენ ანქვაბს. ახლახან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ რუსეთიდან აფხაზეთის განვითარებაზე წასული ფულის დიდი ნაწილი არამიზნობრივად იხარჯებაო. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, მოსკოვი, როგორც ჩანს, არ არის კმაყოფილი.
– რას ელოდნენ და რა არ გააკეთა ანქვაბმა?
– მან რამდენიმე რამ გააკეთა, რაც რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა: შეაჩერა რკინიგზის გახსნა, სოხუმის სამხედრო გზის გახსნა, ის წინააღმდეგია, შეუშვას რუსული კაპიტალი. ანქვაბი არ არის მარიონეტი. როდესაც „იუჟნაია ოსეტიაში“ არჩევნები ტარდებოდა, ადგილობრივები წუხდნენ, რატომ უჭერს მოსკოვი მხარს ისეთ არაპოპულარულ კანდიდატებს, რომლებიც ოს საზოგადოებას არ მოსწონსო. პროხანოვმა თავის ერთ-ერთ სტატიაში ასეთი რამ თქვა: მოსკოვს უნდა, „იუჟნაია ოსეტიას“ ხელისუფლებაში მოიყვანოს სუსტი პოლიტიკოსი, რომელიც, თუ „იუჟნაია ოსეტიას“ ჩაბარება დასჭირდება, წინააღმდეგობას არ გაუწევსო. ვფიქრობ, ასეთივე გეგმები აქვს მოსკოვს აფხაზეთშიც.
– ანქვაბზე ამბობენ, რკინისააო.
– ცნობილია, რომ ის არ ექცევა ზეწოლის ქვეშ. გასულ კვირას მიხაილ ხუბუტიამ თქვა, რომ მოსკოვს აქვს წინადადებების პაკეტი აფხაზეთთან და „იუჟნაია ოსეტიასთან“ მიმართებაში. ამაზე ილაპარაკებენ, როდესაც სააკაშვილის საკითხი გადაწყდება. ამის შემდეგ დაიწყება დრამატული სვლები საქართველოს მიმართულებით. მათ შორის, ეს სვლები მოიცავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოსა და აფხაზეთის ევრაზიულ კავშირში შესვლას, ამისთვის კი მოსკოვს ანქვაბზე მართვადი ადამიანი დასჭირდება. თან, მოსკოვს ელის ოლიმპიადა, ამიტომ ფრთხილობს: არ უნდა ძლიერი ზეწოლა აფხაზეთზე, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს, თუმცა, მეორე მხრივ, იქნება კრიტიკული სტატიები რუსულ მედიაში. თუ აფხაზებს ექნათ იგივე „დრაივი“, რაც 90-იან წლებში ჰქონდათ, მათზე ზეწოლა გაჭირდება.
– ჩვენც მივეცით იმ 90-იანებში აფხაზებს იმის საშუალება, რომ ეს „დრაივი“ გასჩენოდათ, თუ ისევ სულელურად არ მოვიქცევით, „დრაივის“ საფუძველი არ იარსებებს.
– მე არ ვიცი, რა მოხდება, ჯერჯერობით ქართული პოლიტიკის განსაკუთრებული წარმატებები არ ჩანს, ვნახოთ.