„უდიპლომო სასიძო“
კაცი, რომელიც იცინის
მართალია, თვითონ საერთოდაც უდიპლომოა (არაერთგზის ნადეპუტატარსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრის სავარძელმოვლილ კობა ხაბაზს ვგულისხმობ), მაგრამ, ეს ხელს არ უშლის, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს იურიდიული განათლების არქონა დაუწუნოს (დაუწუნოს, რადგან, საქართველოს კანონშემოქმედებითობასთან წილნაყარი და მერე რა, რომ უდიპლომო ბ-ნი ხაბაზი ფრანგულ დიპლომებს არ ცნობს!).
თუმცა, საკუთარ უდიპლომობას პატრიოტული მოტივებით ხსნის (მოვიხმობ ციტატას მისი განმარტებიდან): „ხუთებზე ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც მაშინ „გეპეიდ” იწოდებოდა, მაგრამ, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, პრინციპულად არ ავიღე დიპლომი, რადგან მასზე საბჭოთა სიმბოლიკა იყო გამოსახული.“
ამ ლოგიკით, არც ატესტატი არ უნდა აეღო (საბჭოთა ატესტატსაც საბჭოთა სიმბოლიკა ამშვენებდა), მაგრამ, როგორც ჩანს, იმხანად ბ-ნი ხაბაზის პატრიოტიზმი ბოლომდე არ იყო ჩამწიფებული. მეორე მხრივ, მან 2-წლიანი სამხედრო-სავალდებულო სამსახური საბჭოთა ჯარში მოიხადა. და მერე რა, რომ საბჭოთა სიმბოლიკიანი სამხედრო ფორმა არ გაუპროტესტებია, რაც მთავარია, მისმა პატრიოტულმა გულმა დიპლომზე გამოსახული საბჭოთა სიმბოლიკა ვერ აიტანა.
ასეა თუ ისე, უდილომო ბ-ნი ხაბაზი არა მხოლოდ თეა წულუკიანს, ამნისტიის კანონსაც იწუნებს („ახალმა ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჯაშუშობაში იყო ბრალდებული, გაათავისუფლა და ამათ გადასაფარად გაუშვეს დანარჩენებიც“).
სხვათა შორის, უდიპლომო ნახელისუფლარმა ისიც გაგვიმხილა, „ეკა ბესელიას სერიოზულ სახეს რომ ვუყურებ, მეცინებაო.“ იმის მიუხედავადაც, რომ სიცილი დიდხანს სიცოცხლის გარანტიაა (რის საშუალებასაც ბ-ნი ხაბაზი ასე უხვად აძლევს თანამოქალაქეებს), თუ ის არაადეკვატურია, ექიმის ჩარევა ჰაერივით აუცილებელია.