კოაბიტაციიდან – კოპულაციისკენ
მიუტევებელი დანაშაული – ფეხმძიმობა
„დაიმახსოვრე – საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა; იმოქმედე – მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად; გადაარჩინე – ერის გენოფონდი,“ – ასეთი შინაარსის ფურცლები დახვდათ გასულ კვირას ხალხის რჩეულებს სხდომათა დარბაზში. შეგონება დროულია, რადგან, გაეროს მონაცემებით, ოციოდ წელიწადში გავნახევრდებით, ხოლო ქართველი დემოგრაფების პროგნოზი კიდევ უფრო სავალალოა. სავალალო, რადგან, ისინი ფაქტობრივი მოსახლეობით მსჯელობენ, გაერო კი – ოფიციალურით. ფაქტობრივად კი ოფიციალურ მონაცემზე 700 000-ით ნაკლებნი ვართ.
ჰოდა, სანამ საქართველოს პარლამენტში ეს გულისმომკვლელი ტექსტი ვრცელდებოდა, თელავის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებული სპეციალისტის, ელენე ბერძენიშვილის სარჩელი. მოსარჩელე სამსახურში აღდგენასა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით. ელენე ბერძენიშვილის სასამართლო პროცესი კი იმითაა საინტერესო, რომ ის მალე დედა გახდება. მოსამართლე განმარტავს, რომ ბერძენიშვილი რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდა, ორსულობის შესახებ კი ხელმძღვანელებისთვის წინასწარ უნდა შეეტყობინებინა (იქნებ, სხვა დეტალებიც უნდა დაეზუსტებინა?!).
მოქმედი „შრომის კოდექსით“ (რომლის მთავარი სულისჩამდგმელი აწ აგრარული სექტორის გურუდ და გადამრჩენელ-წამებულად შერაცხული კახა ბენდუქიძეა), დაფეხმძიმება სამსახურის დაკარგვის ტოლფასია, შესაბამისად, უპრიანი იქნება, თუკი ამ გაქანებული კოაბიტაციის პროცესში (რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას პოლიტიკურ ორგიას უფრო დაემსგავა), ხალხის რჩეულები კოპულაციის ხელშეწყობაზეც იფიქრებდნენ, თორემ, შემოვრჩით და ესაა დედამიწას ისტორიულ ექსპონატებად!