რატომ აინტერესებს რეკონსტრუქციული ქირურგია ალექსანდრე კუზანოვს ლიპოსაქციაზე მეტად
ინტერვიუზე პირდაპირ კლინიკიდან მოვიდა და საუბრისას წამოსცდა, რომ ოთხი ურთულესი ოპერაცია გააკეთა. საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილები არიან მისი მამა – ბატონი ივა კუზანოვი და უფროსი ძმა – გუგა, თუმცა, ალექსანდრე კუზანოვის პროფესიონალიზმმა უკვე მოიპოვა აღიარება მსოფლიოს წამყვან პლასტიკურ ქირურგებს შორის. საკუთარ თავზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ, საკმარისია, საუბრისას ქირურგია ახსენო, რომ მაშინვე თვალები უბრწყინდება და ხალისით გიყვება საყვარელი პროფესიის შესახებ.
ალექსანდრე კუზანოვი: ქირურგია ძალიან უნდა გიყვარდეს. ის შენში უნდა იყოს, შენს სულში და გრძნობდე ამას, თორემ, ვერავის რჩევით ან ვერავის წაბაძვით ქირურგი ვერ გახდები, მით უმეტეს – პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგი.
– ანუ, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული ქირურგია ჩვეულებრივი ქირურგიისგან განსხვავდება?
– განსხვავდება და გეტყვით, რითაც: პლასტიკური ქირურგია არის ის, რაც ყოველთვის სახეზეა, ანუ, რაც მუდმივად ჩანს და ამიტომაც მოითხოვს განსაკუთრებულ სიფაქიზეს. თავისთავად, პლასტიკური ქირურგია უზარმაზარი დარგია. მოიცავს ესთეტიკურ ქირურგიას, რაც უშუალოდ გალამაზებასთან არის დაკავშირებული და რეკონსტრუქციულ ქირურგიას – თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების მკურნალობის ქირურგიას. ამ შემთხვევაში, პლასტიკურ ქირურგს თანამშრომლობა უწევს სხვა დარგის სპეციალისტებთან: ონკოლოგთან, მამოლოგთან... მაგალითად, როცა რთული ონკოლოგიური ოპერაციის შემდეგ ადამიანისთვის თითქმის ნახევარი სახის აღდგენა გვიწევს, ან – მოკვეთილი მკერდის აღდგენა. სწორედ დღეს გვქონდა ასეთი ოპერაცია – მამოლოგთან ერთად აღვადგინეთ მოკვეთილი მკერდი. 2008 წლის ომის დროს ძალიან აქტუალური იყო „ომის ქირურგია“.
– მე ვიცი, რომ შენ ძალიან ბევრი რეკონსტრუქციული ოპერაცია გააკეთე ამ პერიოდში გორში.
– ძალიან მძიმე პაციენტები გვყავდა. უმძიმესი დაზიანებებით. ვმუშაობდით ორთოპედებთან ერთად და ამ ოპერაციებზე შემდეგ მოხსენებაც დავწერეთ, რომელიც 2009 წელს თურქეთში გამართულ ორთოპედთა და გადაუდებელი ქირურგიის ევროპის ასოციაციის კონგრესზე გამოვიტანეთ. ორთოპედები აღადგენდნენ ძვალს, პლასტიკური ქირურგები კი რბილი ქსოვილების აღდგენაზე ვმუშაობდით. ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო შრომა გავწიეთ: სისხლის მიმოქცევას აღვადგენდით და ასე შემდეგ...
– შესაბამისად, ოპერაციებიც გრძელდებოდა ხუთი, ექვსი, შვიდი საათი...
– უფრო მეტიც (იღიმება), ათი, თერთმეტი, თორმეტი საათიც გაგრძელებულა ოპერაცია. იმიტომაც გითხარით, ქირურგია შენს სულში უნდა იყოს-მეთქი. მეორე მთავარი პირობაა მუშაობის გუნდური პრინციპი – რეკონსტრუქციულ ქირურგიაში ამ პრინციპის გარეშე წარმოუდგენელია.
– თორმეტი საათი ოპერაციას აკეთებ და ამით სიამოვნებას იღებ?
– ასეა. მართლა ძალიან საინტერესოა, გამიკეთებია ქვედა ყბის აწყობა თავიდან... „კუზანოვ კლინიკაში“ ახლახან დავნერგეთ მოკვეთილი მკერდის აღდგენა ახალი მეთოდიკით. რინოპლასტიკაში ვმუშაობთ უახლესი მეთოდებით, რომლებიც სულ უფრო იხვეწება. დღეს სულ სხვანაირად ვაკეთებთ ცხვირის ოპერაციას და ჩვენი კლინიკის ეს სიახლეები მსოფლიოს ბევრ წამყვან კლინიკაშია დანერგილი.
– ამბობენ, ალექსანდრე კუზანოვის „ცხვირები“ სერიოზულ კონკურენციას უწევს ივა კუზანოვის „ცხვირებსო“.
– (იღიმება) მე ასე ვერ ვიტყოდი. ჩვენ ვმუშაობთ ერთად. ფაქტობრივად, ყველა კონკრეტულ შემთხვევას ერთად განვიხილავთ, ვმსჯელობთ, როგორ იქნება უკეთესი. მე მიყვარს პაციენტთან დიდხანს საუბარი, რათა გავიგო, რა უნდა მას. თუმცა, თითოეულ ჩვენგანს – მეც, გუგასაც და მამასაც, – მაინც გვაქვს საკუთარი ხელწერა.
– და, საკუთარი ხედვა სილამაზეზე...
– მიმაჩნია, რომ სილამაზის სტანდარტი საერთოდ არ არსებობს. ზოგს სწორედ ის კეხიანი ცხვირი უხდება. რომ გაუკეთო კორექცია, შეიძლება სტანდარტულ ლამაზ ქალად აქციო, მაგრამ, მთელი ეშხი დაუკარგო. ყოფილა შემთხვევა, როცა მითქვამს პაციენტისთვის, შენ არ გჭირდება ცხვირის ოპერაცია-მეთქი და, თუ მაინც დაუჟინებია, სხვასთან გამიშვია. მე სილამაზის ხელყოფაში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ჰარმონიას ვერ დავარღვევ.
– ისეთი შემთხვევებიც ხომ ყოფილა, როცა გითქვამთ – გასაკეთებელიაო?
– რა თქმა უნდა. როცა ხედავ, რომ ცხვირი ყველაფერს აფუჭებს, იქ უკვე უნდა ჩაერიო, მოდელირებით აჩვენო პაციენტს, როგორი იქნება ოპერაციის შემდეგ და კეთილსინდისიერად გააკეთო შენი საქმე. ბოლო დროს ძალიან მოიმატა უცხოელი პაციენტების რიცხვმა. რუსეთიდანაც ჩამოდიან პაციენტები და რინოპლასტიკას იკეთებენ. კავკასიელებს თუ კეხი არ მოსწონთ, ისინი მეტისმეტად აპრეხილი ცხვირის წვერის ან ფართო ნესტოების კორექციის სურვილით მოდიან. შედიან ჩვენს საიტზე, კითხულობენ ყველაფერს და უკვე გადაწყვეტილებამიღებული გვაკითხავენ კლინიკაში.
– მივხვდი, რომ „ცხვირების კეთებაც“ განიჭებს სიამოვნებას, მკერდისაც... და, ლიპოსაქცია?!
– ერთიც გამიკეთებია და მეორეც. თუმცა, ამ საქმეში ჩემზე დაოსტატებული გუგაა. ჩვენთან მკერდის მარტო გადიდება კი არ ხდება, არამედ, დაპატარავება, აღდგენა და აწევაც (ლიფტინგი). ყოფილა შემთხვევა, როცა გუგასთვის მიკითხავს რჩევა. მის ოპერაციებსაც ხშირად ვესწრები – მაინტერესებს, როგორ მუშაობს. რაც შეეხება ბოტოქსს, ფილერებს, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ოსტატობა სჭირდება, ერთსაც და მეორესაც, მე მაინც რეკონსტრუქციული ოპერაციები მირჩევნია.
– მარტი ყოველთვის განსაკუთრებულია ხოლმე „კუზანოვ კლინიკაში“ – სპეციალური შეთავაზებებით ანებივრებთ ქალბატონებს...
– წელსაც, 10 მარტამდე გვაქვს საგანგებო, საგაზაფხულო 15-პროცენტიანი ფასდაკლება ყველა ოპერაციაზე, პროცედურაზე, კოსმეტიკურ კაბინეტში – ეს უკვე ტრადიციაა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ მარტო ქალბატონები არ სარგებლობენ ამ დროს პრივილეგიებით. მამაკაცებიც გააქტიურდებიან ხოლმე და სარგებლობენ აქციით.
– ანუ, ქალბატონების ხარჯზე იპატარავებენ ცხვირებს და ღიპებს?
– ასე გამოდის, მაგრამ, ისინი ხომ ქალებისთვის ლამაზდებიან. ამიტომ, უნდა ვაპატით (იღიმება). სხვათა შორის, სულ უფრო ბევრი მამაკაცი ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და ეს ძალიან კარგია. დიეტა, ვარჯიში უჭირთ და, რადგან ამას დროც სჭირდება, არჩევენ, ღიპის მოსაშორებლად ჩვენ მოგვმართონ. სწრაფად დგებიან ფორმაში და ძალიან კმაყოფილები არიან ხოლმე. ზაფხულში ემიგრანტების გალამაზებით ვართ დაკავებული. ისინიც საიტით, დაწვრილებით ეცნობიან ჩვენს მეთოდებს, შედეგებს და „კუზანოვ კლინიკაზე“ აკეთებენ არჩევანს.