კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-9(635) 

 

 

– რაც შეეხება ვერულიძის ბინის დათვალიერებისას აღმოჩენილ გარემოებებს, – დოკუმენტების გადათვალიერების შემდეგ განაგრძო გურამმა, – დავიწყოთ ანაბეჭდებით... ამ შემთხვევაში იმედი უნდა გაგიცრუოთ, ბიჭებო. შესასვლელი კარის სახელურზე რამდენიმე ანაბეჭდი აღმოჩნდა, მაგრამ, იმდენად ცუდ მდგომარეობაში, რომ მათით ვინმეს ანაბეჭდთან იდენტიფიცირება შეუძლებელია... სხვა დროს ცოტა ფრთხილად იმოქმედეთ, – გიას გახედა გურამმა, – რამე მაინც დატოვეთ სამუშაოდ.

– რა ვიცოდი, რა დაგვხვდებოდა სახლში? – შეუბღვირა მან, – ჩვენ მკვლელის ასაყვანად შევდიოდით, სად მქონდა სახელურების ფერების დრო?!

– დროა, ფსიქოანალიტიკოსზე იფიქრო, – ზურაბს მიუბრუნდა გურამი, – ხედავ, რა დღეში აქვთ ნერვები? პირველივე სიტყვაზე დენთივით ფეთქდებიან.

– საქმე! – სერიოზული გამომეტყველებით უპასუხა მან.

– ჰო, საქმე... როგორც უკვე ვთქვი, ანაბეჭდებმა ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ, ხელცარიელს მაინც არ დაგტოვებთ. მოკლედ, ვითარება ასეთია: შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია „მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, რომლითაც, ოფიციალური ვერსიით, ვერულიძემ თვითმკვლელობა ჩაიდინა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით, გარდაცვლილს ჭრილობა თავში, მარჯვენა საფეთქლის მიდამოებში აქვს მიყენებული. გასროლისას ტყვიამ დიაგონალურად გაიარა თავში, დააზიანა ტვინის ქსოვილი და გამოვიდა მარცხენა ყბის ქვემოდან. ექსპერტის შეფასებით, ეს უდავოდ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმაა, ასეთი ჭრილობით ვერულიძე ათ-თხუთმეტ წამზე მეტს ვერ იცოცხლებდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ტყვია და მასრა. ორივე იდენტიფიცირებულია და დადგენილია, რომ ორივე ერთი ვაზნის ნაწილებია. ამ მხრივ ყველაფერი გასაგებია? – იკითხა გურამმა.

– გასაგებია, – ყველას მაგივრად უპასუხა ზურაბმა.

– ახლა გადავიდეთ იმ გარემოებებზე, რომლებიც პირადად მე უცნაურად მეჩვენება. პირველი... გასროლა მიბჯნით არ მომხდარა. ექსპერტის დასკვნით, გასროლის მომენტში პისტოლეტის ლულა საფეთქლიდან ხუთი-შვიდი სანტიმეტრით იყო დაშორებული. ტყვიის ტრაექტორია კი იმაზე მიუთითებს, რომ პისტოლეტი თავის მიმართ დაახლოებით 27 გრადუსით იყო ახრილი ზემოთ და 30 გრადუსით გადახრილი წინ, – თქვა გურამმა და მაგიდაზე პლასტმასის სახაზავი დააგდო.

ჯგუფის წევრებმა გაოცებული მზერა მიაპყრეს – ვერავინ მიხვდა, რას ნიშნავდა მაგიდაზე დაგდებული სახაზავი.

– ახლა თქვენ „გლოკებსა” და „ჩეზეებზე” ხართ გადასულები, მაგრამ, ძველებს მაინც გვახსოვს, დაახლოებით რა ზომებისაა „მაკაროვი”, – ჩვეული ირონიით წამოიწყო გურამმა, – სიგრძეში „მაკაროვი” ასსამოცდაერთი მილიმეტრია, მაყუჩი – 145, ორივე ერთად კი 306 მილიმეტრი, ანუ, 30 სანტიმეტრი და 6 მილიმეტრი. ეს ოცდაათსანტიმეტრიანი სახაზავია. წარმოიდგინეთ, რომ ეს „მაკაროვის” პისტოლეტია. ახლა რომელიმე თქვენგანმა სცადეთ ამ პისტოლეტის საფეთქელზე მიბჯენა, ოღონდ, ისე, რომ იარაღი წინ და მაღლა იყოს გადახრილი, ლულა კი ხუთი სანტიმეტრით იყოს დაშორებული საფეთქელს... მიდით!..

ექსპერიმენტში პირველი გია ჩაერთო. მან სახაზავი აიღო, პისტოლეტივით მოიმარჯვა და საფეთქელზე მიბჯენა სცადა, მაგრამ, ამაოდ. მისი მცდელობის მიუხედავად, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ბოლოს გიამ სახაზავი მაგიდაზე დააგდო და ჩაილაპარაკა:

– ვინმემ სხვამ სცადეთ. ეტყობა, ძალიან მოკლე ხელები მაქვს.

– ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს, – თქვა ზურაბმა, – ეს არ არის ასეთი ტიპის თვითმკვლელობის დროს იარაღის ბუნებრივი მდგომარეობა. როგორც წესი, თვითმკვლელი პისტოლეტს საფეთქელზე უკან და ქვემოთ დახრილს იბჯენს, მაყუჩიან იარაღზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი საქმისთვის კი ოცდაათი სანტიმეტრი ძალიან ბევრია.

სათათბირო ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. ბოლოს ზურაბის მოადგილემ დაარღვია დუმილი:

– რა გამოდის? – იკითხა მან, – მაშინ, როგორ დაიღუპა ვერულიძე?

პასუხად გურამმა სახაზავი აიღო და ფიფიას გვერდიდან მიუახლოვდა.

– თავი გამანებე! – შეუღრინა მან.

– საგამოძიებო ექსმერიმენტის ჩატარებაში მიშლი ხელს? – გაიკვირვა გურამმა.

– მორჩით... მაგის დრო არ გვაქვს, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ზურაბმა.

გურამმა ნიშნის მოგებით გახედა ფიფიას, შემდეგ გვერდით ამოუდგა, სახაზავის ბოლო მის საფეთქელს გაუსწორა და თქვა:

– აი, ასე, ჩემო კარგებო: ოცდაშვიდი გრადუსი მაღლა, ოცდაათი გვერდზე და შვიდი სანტიმეტრი საფეთქლიდან – ეს ძველებურად, გლეხურად გიჩვენეთ. თქვენ შეგიძლიათ, „ეფბეერის” სტილში, კომპიუტერული მოდელირებით გაიმეოროთ იგივე, მაგრამ, სიტყვაზე მენდეთ – სხვა შედეგს ვერ მიიღებთ. ვერულიძეს არ შეეძლო თავის მოკვლა, პისტოლეტის სასხლეტი სხვა პიროვნებამ დაუშვა. ამას, უბრალოდ, ადამიანის ანატომია ჰქვია – მეცნიერებაა ასეთი...

– არ დაგვჭირდება, – უპასუხა ზურაბმა, – სიტყვაზე გენდობით.

– შენ გინდა, თქვა, რომ ვერულიძე მოკლეს? – ჰკითხა ფიფიამ, როგორც კი გურამი სკამს დაუბრუნდა.

– არა, მე მსგავსი არაფერი მითქვამს. მე, როგორც კრიმინალისტმა, ჩემი შეხედულებები გაგიზიარეთ. ექსპერტების დასკვნები აქაა, – გურამმა საქაღალდე ხელის სწრაფი მოძრაობით მისი მიმართულებით გაასრიალა, – დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.

ჯგუფის წევრებმა ზურაბს მიაპყრეს მზერა – საბოლოო გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო.

– რას მიყურებთ? – მოიღრუბლა ის, – ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის!

– ყველაფერი ისე თუ დარჩა, როგორც არის, საქმე უნდა დავხუროთ. ოფიციალური მონაცემებით, სირაძე ვერულიძემ მოკლა, მერე კი ტყვია დაიხალა შუბლში. ამ მიმართულებით თუ წავედით, კრწანისის საქმეც მას მიეწერება. რომელი პროკურორი შეგვედავება ასეთი საქმის დახურვაზე? – სამ დღეში გამოძიებული სამი მკვლელობა! – თქვა ზურაბის მოადგილემ.

– რეკორდული დროა. შეიძლება, გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდეთ, – შენიშნა გურამმა.

– თქვენ რა, ვერ გაიგეთ რა ვთქვი?! ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. სირაძის საქმე აღძრულია განზრახ მკვლელობის მუხლით და ასე დარჩება. ვერულიძის საქმე აღძრულია თვითმკვლელობის მუხლით და ისიც ასე დარჩება. ოპერატიული გეგმა შედგენილია. ყველამ იცით, რაც უნდა გააკეთოთ. რომელი საქმის დახურვაზეა ლაპარაკი?.. ნახევარი ვაკე-საბურთალო დასაკითხი გყავთ. მასალებს თავს მოვუყრით, ექსპერტების დასკვნებს კიდევ ერთხელ გადავხედავთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას!.. გია, ყველა საქმე გვერდზე გადადე, კრწანისის სამმართველოში წადი და ნინუას მკვლელობის საქმე გამოითხოვე. მასალები შუადღეს სამუშაო მაგიდაზე უნდა მედოს! – თქვა ზურაბმა, შემდეგ გურამის მოტანილი საქაღალდე აიღო და კარს მიაშურა.

* * *

ალექსანდრე ნინუას მკვლელობის საქმის მასალები ერთ თხელ საქაღალდეში ინახებოდა. იქ იყო რამდენიმე ოფიციალური ოქმი, ექსპერტების დასკვნები, ნინუას ოჯახის წევრებისა და ნაცნობ-მეგობრების დაკითხვების ოქმები. ამ მონაცემების შეგროვების შემდეგ ძიება პრაქტიკულად შეჩერებული იყო.

– უფრო მეტს ველოდი შენგან, – ზურაბმა საქაღალდე უკმაყოფილოდ გადადო გვერდზე და მზერა თავის ძველ ნაცნობსა და კოლეგას, კრწანისის კრიმინალური პოლიციის უფროსს, აკაკი ჩიქვინიძეს მიაპყრო, რომელიც გიასთან ერთად მივიდა სამმართველოში.

– მენდე, მკვდარი საქმეა. ამაზე შორს შენც ვერ წახვიდოდი, – უპასუხა მან.

– გიხარია, საქმე ჩემთან რომ მოდის? – ჰკითხა ზურაბმა.

– ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? გახსნილი საქმე გინდ ჩემგან წავიდეს პროკურატურაში და გინდ შენგან! – გულწრფელად უპასუხა აკაკიმ, – მთავარი ისაა, რომ თაროზე არ შემორჩება.

– გახსნილია? – გაიკვირვა ზურაბმა.

– რა, ასე არ არის?.. გიამ მითხრა, რომ ის პისტოლეტი ამოიღეთ, რომლითაც ნინუა მოკლეს!

– მართალია, ამოვიღეთ, მაგრამ... – არ დაასრულა ზურაბმა.

– მაგრამ, რა?

– ვისგანაც ამოვიღეთ, მკვდარია – თავი მოიკლა.

– მერედა, რას ცვლის ეს? – ჰკითხა აკაკიმ, – ფაქტია, რომ მკვლელობის იარაღი მისი სახლიდან ამოიღეთ. თანაც, მან ამ იარაღით სხვა მკვლელობაც ჩაიდინა... მეტი რაღა გინდა? დახურე საქმე და გაუშვი პროკურატურაში.

– კარგი, კარგი, მაგის დროც მოვა, – გაეღიმა ზურაბს, – მაგრამ, მოდი, მანამდე ნინუას საქმეში გარკვევა ვცადოთ.

– ყველა მონაცემი საქაღალდეშია.

– შენ კარგად იცი, რომ არ მიყვარს ქაღალდი, ცოცხალი სიტყვა მირჩევნია. შენ ამ საქმეზე მუშაობდი და ბევრი ისეთი რამ გეცოდინება, რაც საქაღალდეში არ მოხვდა. ასე რომ, გისმენ. შემთხვევის ადგილით დავიწყოთ.

აკაკი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ალაპარაკდა:

– იმ შემთხვევაზე მე თვითონ ვიყავი გასული და ყველაფერი კარგად მახსოვს. საზიზღარი ღამე იყო, ქარიანი, თანაც, წვიმდა. ნინუას ცხედარი მეზობელმა აღმოაჩინა – მანქანაში იყო მოკლული. მანქანა მისი გარაჟის წინ იდგა. ჩანს, იქვე ელოდნენ. როგორც კი მანქანა გააჩერა და გადმოსვლა დააპირა, ორჯერ ესროლეს და ორივე ტყვია კეფაში მოხვდა.

– რა მდგომარეობაში იყო ცხედარი?

– საჭესთან თავჩახრილი იჯდა.

– მკვლელი მასთან ერთად ხომ არ იჯდა მანქანაში? – ჰკითხა ზურაბმა.

– არა... პისტოლეტის მასრები გარეთ, ასფალტზე ეყარა. მანქანაში დენთის სუნიც არ იდგა.

– ფანჯრები აწეული ჰქონდა?

– თავისთავად, – უპასუხა აკაკიმ, – იმ ღამით წვიმდა.

– მანქანის ძრავა მუშაობდა? – განაგრძო ზურაბმა.

– არა.

– კარგი, განაგრძე.

– რა შუაშია ძრავა? – ჰკითხა აკაკიმ.

– ერთი დეტალის დაზუსტება მინდოდა.

– რა დეტალის?

– ის, ვინც მანქანის გარაჟში შეყვანას აპირებს, ძრავას არ თიშავს. შენ კარი დახურული დაგხვდა, მანქანის ფანჯრები – აწეული და მთელი, მასრები კი მიწაზე აღმოაჩინეთ. გამოდის, რომ მკვლელმა მაშინ ესროლა ნინუას, როდესაც მან კარი გააღო და გადმოსვლა დააპირა. – თქვა ზურაბმა.

– თავისთავად, – დაეთანხმა აკაკი.

– შემდეგ კი ძრავა ჩააქრო და კარიც მიხურა, რათა მანქანას ვინმეს ყურადღება არ მიექცია.

– გეთანხმები, – თავი დაუქნია აკაკიმ.

– ვერულიძე კი მკვლელობის შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. როგორ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი ასე განსხვავებულად მოქმედებდეს ორ შემთხვევაში? ეს სრულიად აუხსნელია. პირველ შემთხვევაში, ის ორი გასროლით კლავს ნინუას, თიშავს ძრავას, კეტავს მანქანის კარს და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის იქიდან; მეორე შემთხვევაში კი ის კლავს სირაძეს და სპრინტერის შესაშური სისწრაფით გარბის შემთხვევის ადგილიდან.

– სრული აბსურდია, – უპასუხა აკაკიმ.

– მეც ასე ვფიქრობ... კარგი, განაგრძე, – თქვა ზურაბმა.

– შემთხვევის ადგილზე „მაკაროვის” ორი მასრის მეტი არაფერი აღმოგვიჩენია, საერთოდ არაფერი. წვიმიანი ღამე იყო და ძაღლმაც ვერ იმუშავა. არც ერთი თვითმხილველი – არავინ, მხოლოდ ცხედარი და ორი მასრა!

– თავად ნინუას შესახებ რა მონაცემები გაქვს?.. საქმიანობა, სამეგობრო წრე, საყვარელი, კონფლიქტები... – მოკლედ, არ გესწავლება.

– საკმაოდ დიდი გაქანების ბიზნესმენი იყო. პირადად თავისი საქმე არ ჰქონია, კაპიტალი რამდენიმე კომპანიაში ჰქონდა განაწილებული. ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩვენებებით, კონფლიქტი არავისთან ჰქონია, პირიქით, ყველა მშვიდ, უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებდა.

– მშვიდ და უკონფლიქტო ადამიანებსაც ჰყავთ მტრები. განურჩევლად მანიაკებიც კი არ კლავენ!.. – ჩაილაპარაკა ზურაბმა, – უფრო ღრმად არ ჩაგიხედია მის საქმიანობაში?

– ჩავიხედეთ. ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა. ნინუას საქმეს მისი ვაჟი განაგრძობს. ბიზნესის მხრივ არაფერი შეცვლილა – ის იმავე დივიდენდებს იღებს კომპანიებიდან, როგორსაც მამამისი იღებდა. საეჭვოდ მხოლოდ ერთი გარიგება მომეჩვენა, მაგრამ, იქაც ვერაფერს მივაკვლიეთ. იურიდიულად კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს. ნინუას ვაჟიც რაიმე პრეტენზიას არ გამოთქვამს, მაგრამ  იქ მაინც რაღაც არ არის წესრიგში, – თქვა აკაკიმ.

– რას გულისხმობ? – დაინტერესდა ზურაბი.

– ნინუას ნახევარ მილიონზე მეტი, უფრო ზუსტად კი – 650 ათასი ლარი, კომპანია „ინტელგრუპჯორჯიაში” ჰქონდა ჩადებული. ოფიციალური ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დიღმის მოდამოებში საცხოვრებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა აეშენებინა. კომპანიაში პროექტიც მაჩვენეს, იქ გათვალისწინებული იყო: საცხოვრებელი კორპუსები, სახლები, კოტეჯები; სპორტული კომპლექსი საცურაო აუზითა და სპორტული მოედნებით... მოკლედ, პროექტი მართლაც იდეალური იყო. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ეს ყველაფერი პროექტს არ გასცდა. სამშენებლო ვადები ყველა მიმართულებითაა დარღვეული. მშენებლობა ერთი წლის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ, სამშენებლო მოედანზე ერთი შენობის საძირკველიც კი არაა გაჭრილი. მე მერიის ზედამხედველობით სამსახურს არ წარმოვადგენ და სამშენებლო ვადების დარღვევა არ მეხება, მაგრამ, ერთმა გარემოებამ მაინც გამაკვირვა: ბიზნესმენი ფულს, მით უმეტეს, ასეთ დიდ თანხას, უმოქმედოდ არასოდეს გააჩერებს. მიუხედავად ამისა, ნინუას ერთხელაც არ მოუთხოვია კომპანიისთვის აღებული ვალდებულებების შესრულება ან საქმეში ჩადებული ფულის უკან დაბრუნება.

– ქართულ ბიზნესში ხშირად ხდება ასეთი უცნაურობები – ჩვენ ხომ ყველაფერს ოფიციალურ შეხვედრებზე კი არა, შინაურულად ვწყვეტთ. იმავეს ვაკეთებთ მე და შენ: ოფიციალურად, შენ საქმე უნდა გადმოგეცა ჩემთვის და შენი საქმეებისთვის მიგეხედა. მაგრამ რას აკეთებ შენ?.. ზიხარ ჩემს კაბინეტში და ცდილობ, საქმეში გამარკვიო. ერთია, რაც ქაღალდზე წერია და მეორე, რაზეც პირადად შევთანხმდებით.

– საქმე 650 ათასს რომ ეხებოდეს, ასე წყნარად არ დაგელაპარაკებოდი, – გაეცინა აკაკის.

– გავითვალისწინებ... კარგი, კიდევ რა არ მოგწონს მაგ კომპანიის საქმიანობაში? – ჰკითხა ზურაბმა.

– ამჟამად კომპანია მიწის ნაკვეთს, რომელზეც უნდა აშენებულიყო კომპლექსი, გასაყიდად ამზადებს, – უპასუხა აკაკიმ.

– ესე იგი, კომპლექსი აღარ აშენდება?

– არა... კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ამიხსნა, რომ მათ ვერ შეძლეს მშენებლობისთვის აუცილებელი სახსრების მობილიზება. მნიშვნელოვანწილად ამას აგვისტოს ომმაც შეუშალა ხელი. ამიტომ, მათ მიწის გაყიდვა და ამონაგები ფულით აქციონერების ვალის გასტუმრება გადაწყვიტეს, – თქვა აკაკიმ.

– გაქაჩავს ის მიწა?

– არა მგონია.

– პრინციპში, ეგეც ჩვეული ამბავია საქართველოსთვის. რამდენი „გადავარდნილი“ ან „გადაგდებული“ ბიზნესმენი გინახავს? – ჰკითხა ზურაბმა.

– ძალიან ბევრი, მაგრამ, ისინი მშვიდად არ მსხდარან. როგორც წესი, ისინი ან სასამართლოებში ან იარაღით ხელში იბრძვიან ფულის უკან დასაბრუნებლად. ნინუას ოჯახის წევრები კი არაფრით გამოხატავენ უკმაყოფილებას! – შენიშნა აკაკიმ.

ზურაბი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ თქვა:

– იცი, რა არ მომწონს ყველაზე ძალიან? კავშირს ვერ ვხედავ. დავუშვათ, ვერულიძემ მართლაც მოკლა ნინუა, მაგრამ, რისთვის?.. ვერულიძე მანიაკი არ არის, მის ქილერობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ქალი? – გამორიცხულია... ბიზნესი? – ისინი სრულიად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. რა შეხება უნდა ჰქონოდა ერთმანეთთან აბსოლუტურად განსხვავებულ ამ ორ ადამიანს?!

– აბა, რა გითხრა, ზურაბ, მე ვერაფერი გავარკვიე, მაგრამ, შენ უფრო მეტი მონაცემები გაქვს და, აქედან გამომდინარე, იზრდება შენი შანსიც, – უპასუხა აკაკიმ.

– მაგას შემდეგ ავწონ-დავწონი, – უპასუხა ზურაბმა, – ახლა ის მითხარი, კონკრეტულად ვინ დგას იმ კომპანიის უკან. აღმასრულებელი დირექტორი და სხვა ეჟვნებიანი მასხარები არ მაინტერესებს, კომპანიის რეალურ მფლობელზე თუ იცი რამე?..

* * *

ზურაბი ჩაფიქრებული ფურცლავდა ნინუას მკვლელობის საქმეს, როდესაც კაბინეტში რეზო ფიფია შემოვიდა. ის კმაყოფილი სახით დაეშვა სკამზე და მაგიდაზე დიქტოფონი დადო.

– რა არის ეს? – ზურაბმა გვერდზე გადადო საქაღალდე.

– მორჩა, ყველაფერი გაირკვა, – უპასუხა ფიფიამ.

– რა გაირკვა?

– ნანა სირაძემ ჩვენება მომცა! – მოზეიმე ხმით თქვა ფიფიამ.

– შენ რა, სირაძის ბინაში იყავი?! – გაუკვირდა ზურაბს.

– ვიყავი.

– ორი დღის წინ თავგამოდებული მეწინააღმდეგებოდი: არ გვინდა ამის გაკეთება, უხერხულიაო და ახლა შენ თვითონ გადაწყვიტე იქ მისვლა?!

– შენგან ვიღებ მაგალითს – შენ ხომ სწორედ ამას მასწავლიდი!

– მე სხვა რამესაც გასწავლიდი! – შენიშნა ზურაბმა.

– რას?

– ჩემს ზურგსუკან არაფერი გააკეთო-მეთქი!

– ნანა სირაძე შენ არ დაგელაპარაკებოდა! – უპასუხა რეზომ.

– მართლა?! – გაუკვირდა ზურაბს, – რატომ?!

– არ გახსოვს, რა დღეში ჩააგდე?!

– საქმისთვის საჭირო რომ გამხდარიყო, უარეს დღეში ჩავაგდებდი და მაინც ავალაპარაკებდი!.. მე პოლიციელი ვარ!..

– ეს მისი არჩევანი იყო. ასე მითხრა, თქვენ ყველაფერს გეტყვით, ოღონდ კი იმ საშინელ ადამიანთან აღარ შემახვედროთო, – თქვა ფიფიამ.

– მაინც, რით დაიმსახურე მისი კეთილგანწყობა? – ჰკითხა ზურაბმა.

– გაიხსენე ის დღე!

– ააა... – ჩაეღიმა ზურაბს, – კეთილი გამომძიებელი, ბოროტი გამომძიებელი!.. ამ ზღაპრების ისევ სჯერათ?

– როგორც ჩანს, სჯერათ.

– მაინც უნდა გაგეფრთხილებინე.

– შენ ჩიქვინიძესთან საუბრით იყავი დაკავებული. რატომ უნდა დამეკარგა დრო?! სხვათა შორის, შენც ზუსტად ასე მოიქეცი, როდესაც ბარათაშვილის კოორდინატები გაარკვიე! – შეახსენა ფიფიამ.

– მაშინ ჩემს სასწრაფოდ წასვლას ოპერატიული ვითარება მოითხოვდა. რა გადაუდებელი საჭიროებით იყო გამოწვეული ნანა სირაძის დღეს დაკითხვა?.. რამდენადაც მახსოვს, მე გაგაფრთხილე, რომ ეს ჯერ ადრე იყო! – უკმაყოფილოდ თქვა ზურაბმა.

– რისთვის ვიტკეპნებით ერთ ადგილზე?.. ძიებისას ყოველ უმნიშვნელო დეტალს შეუძლია საქმის გახსნა და მე ამ დეტალების მოპოვებას ვცდილობდი! – სწრაფად უპასუხა ფიფიამ.

– მაინც, რა დეტალის მოწოდება შეეძლო ნანა სირაძეს ნინუას მკვლელობასთან დაკავშირებით?! – დამცინავად თქვა ზურაბმა, – შენ ხომ არ გგონია, რომ, როდესაც ვერულიძე ნინუას კლავდა, ნანა სირაძე „ატანდაზე” იდგა?!

– უადგილო ხუმრობაა! – მოიღრუბლა ფიფია.

– მე არ გეხუმრები! – მკაცრად თქვა ზურაბმა, – შენ დაარღვიე ყველა ის წესი, რომლის შესრულებაც მე გთხოვე!

– წესებს ვერავინ დამიდგენს! – ხმას აუწია ფიფიამ.

– წესებს ჩვენი მიზანი და სამუშაო გვიდგენს!

– მეც სწორედ იმ სამუშაომ და მიზანმა მიმიყვანა ნანა სირაძესთან!

– და, რა მიიღე ამით?! – ჰკითხა ზურაბმა.

– ყველაფერი რაც გვჭირდებოდა – მკვლელობის მოტივი! – უპასუხა ფიფიამ და დიქტოფონზე მიანიშნა, – იმედია, მოგეწონება. ქალბატონ ნანას გულწრფელობის მუზა ეწვია!

– ჩართე, – თქვა ზურაბმა, შემდეგ მოხერხებულად მოეწყო სკამზე და ჩანაწერის მოსასმენად მოემზადა.

დიქტოფონი ოდნავ გასაგონად აშიშინდა, მერე კი რეზოს ხმა გაისმა:

– ქალბატონო ნანა, მე, რა თქმა უნდა, შემიძლია, ოფიციალური ოქმი შევადგინო, მაგრამ, ეს მეტ დროს წაგვართმევს.

– არა, ასე ჯობია. თუ ეს შესაძლებელია, ოქმი მოგვიანებით შეადგინეთ და მე ხელს მოვაწერ, – უპასუხა ნანამ.

– კეთილი... თქვენთვის ცნობილია ვაჟა ვერულიძის გარდაცვალების შესახებ? – განაგრძო რეზომ?

– რაა?! – ნანა აშკარად შეაშინა ცნობამ, – ვაჟა დაიღუპა?!

– დიახ... თქვენი მეუღლის მკვლელობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვაჟა ვერულიძემ თავი მოიკლა. მისი ცხედარი ჩვენმა ოპერატიულმა ჯგუფმა მის საკუთარ სახლში აღმოაჩინა.

ჩანაწერზე ნანას ქვითინი გაისმა:

– არა... ყველაფერი ჩემი ბრალია. ეს არ უნდა მომხდარიყო... მე რომ არა, ახლა ორივე ცოცხალი იქნებოდა!.. 

– რაში იდანაშაულებთ თავს? – ჰკითხა ფიფიამ.

– ჩემთვის ძალიან ძნელია უცხო ადამიანთან ამაზე საუბარი, – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ.

– მაგრამ, თქვენ მაინც მოგიწევთ ამის გაკეთება. თუ ახლა არ გსურთ, მოგვიანებით სხვაგან, სხვა ვითარებაში და სხვა გამომძიებელთან მოგიწევთ საუბარი, – შემპარავი ხმით თქვა რეზომ.

– არა... არა... ყველაფერს გეტყვით, სხვაგან საუბარს, მირჩევნია აქ და ახლა ვთქვა და ამით დავამთავრო ყველაფერი. ეს ძალიან მძიმე ტვირთია ჩემთვის, მით უმეტეს – ასეთ ვითარებაში. მხოლოდ გთხოვთ, ნუღარ მაიძულებთ ამის გამეორებას და კითხვებსაც ნუ დამისვამთ. მე თვითონ გიამბობთ ყველაფერს, – მძიმედ თქვა ნანამ, – მე და ანდრო ხუთი წლის წინ დავქორწინდით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ, მალე ერთმა უბედურებამ იჩინა თავი – ანდრო უშვილო აღმოჩნდა. ის დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა. მოვიარეთ რამდენიმე კლინიკა, მის ნაცნობებთანაც კი ვიყავით ჩასული რიგაში, რომლებმაც საუკეთესო სპეციალისტებს შეგვახვედრეს, მაგრამ ამაოდ. საბოლოო დიაგნოზი, უფრო სწორად კი – განაჩენი, იქ მოვისმინეთ: ანდროს არასოდეს ეყოლებოდა შვილი. ამ ცნობის მოსმენის შემდეგ ანდრო დეპრესიაში ჩავარდა და სასმელს მიეძალა. ნარკოტიკზეც არ ამბობდა უარს, მაგრამ, წამალზე დამოკიდებული არ გამხდარა. გასაოცარი ნებისყოფა გააჩნდა და დროზე შეეძლო შეჩერება – ეს მისი საუკეთესო თვისება იყო. ის მალე გამოვიდა მდგომარეობიდან და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ, მას შემდეგ ჩვენ შორის შვილის ყოლაზე საუბარს თავისთავად დაედო ტაბუ. მე ასე ცხოვრება არ შემეძლო. ვგრძნობდი, რომ ყოველი დღე ერთმანეთს გვაშორებდა. თუმცა, ამას ცხოვრება აღარც ერქვა – ეს იყო ქსეროასლებივით ერთმანეთის მსგავსი დღეების წყება: დილა – საუზმე... ანდრო თავის საქმეებზე მიდიოდა. მე – სამსახურში; საღამო – ვახშამი... ორიოდ საათი ტელევიზორთან... ძილი... ისევ დილა... დროდადრო სტუმრები... იშვიათად ჩვენც მივდიოდით ვინმესთან სტუმრად... ასეთი ყოფა აუტანელი იყო და, როგორც იქნა, მე გავბედე იმის თქმა, რაზეც დიდხანს ვფიქრობდი – ანდროს ხელოვნური განაყოფიერება შევთავაზე. წინასწარ ვიცოდი, რომ ეს მარტივი საუბარი არ იქნებოდა, მაგრამ ასეთ რეაქციას მაინც არ მოველოდი. არასდროს მინახავს ის ასეთი გაშმაგებული. მეგონა, რომ მომკლავდა. ის მკლავებში მწვდა, შემანჯღრია და მთელი ხმით მიყვირა:

– რას მეუბნები?! გინდა, ვიღაცის ნაბიჭვარი ვზარდო?!

– რატომ? – ვუპასუხე მე, – ის ხომ ჩვენი შვილი იქნება.

ანდრომ გადაიხარხარა:

– ჩვენი?! ხომ არ შეიშალე?! ის შენი და ვიღაც ნაბიჭვრის შვილი იქნება, რომლის სახელიც კი არ გეცოდინება!.. რა ჰქვია ქალს, რომელმაც თავისი შვილის მამის სახელიც კი არ იცის?!

– მაშინ, ვიშვილოთ...

– არა!.. – ცივად მოსხიპა ანდრომ, – საერთოდ ამოიგდე თავიდან ამაზე ფიქრი!

– ეს ყველაფრის დასასრული იყო, – სევდიანი ხმით განაგრძო ნანამ, – ჩვენ შორის უხილავი უფსკრული გაჩნდა. ანდრო საერთოდ შეიცვალა, თითქოს ვეღარც მამჩნევდა. მალე სახლში გვიან მოსვლა დაიწყო. ერთ ღამეს საერთოდ არ მოვიდა, შემდეგ კი ეს ცხოვრების წესად იქცია. მეც შევეგუე ასეთ ყოფას. სიმართლე კი ის არის, რომ, როდესაც ის ჩემს სიახლოვეს არ იყო, უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს. მოსვენებას აღარ მიკარგავდა მისი ზიზღით აღსავსე გამოხედვა. ისეთი მზერა, თითქოს... თითქოს... თითქოს მე მას ვუღალატე... – ამოიოხრა ნანამ, – შემდეგ კი... იმ ზაფხულს ქობულეთში ვისვენებდით. „დასვენება“ პირობითი სიტყვაა, უბრალოდ სხვა ადგილას გავაგრძელეთ არსებობა. ანდრო იქაც არ ჩერდებოდა ჩემთან. ქობულეთში ჩასვლამდე გამაფრთხილა: დასავლეთ საქართველოში საქმეები მაქვს და დროდადრო გამგზავრება მომიწევსო. რას ვეტყოდი – ეს ხომ უკვე ჩვენი ცხოვრების წესი იყო. კვირის ოთხ ან ხუთ დღეს მარტო ვატარებდი. სად მიდიოდა და რით იყო დაკავებული იმ დროს, არ ვიცოდი. თუმცა ვგრძნობდი, რომ მატყუებდა. ერთხელ მანქანის სპიდომეტრი მომხვდა თვალში. მანქანას მეც ვატარებ და კარგად ვიცი ამ მოწყობილობის დანიშნულება. გავლილი მანძილით თუ ვიმსჯელებდი, ძალიან მარტივი იყო იმის გაანგარიშება, რომ ის ერთხელაც არ გასულა აჭარიდან, მაქსიმუმ, რამდენჯერმე იმგზავრა ბათუმამდე. თუმცა, ჩემთვის ეს უმნიშვნელო იყო... ანდროს მომდევნო გამგზავრებისას მეზობლად მცხოვრები თბილისელების ოჯახი გავიცანი. ვაკელები იყვნენ: ორი და – ნინო და ლია დუმბაძეები და ორიც ბავშვი. მათ სახლი ჰქონდათ ჩემი სასტუმროს გვერდით. დროდადრო ახალ ნაცნობებთან ყავის დასალევად შევდიოდი და იქ გავიცანი ვაჟა. ის ლიას მეგობარი იყო და მასთან სტუმრად იყო ჩამოსული... – მაპატიეთ ასე დაწვრილებით რომ გიამბობთ, მაგრამ, სხვანაირად არ შემიძლია. ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– პირიქით, ბრძანეთ. ჩემთვის ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, – უპასუხა რეზომ.

– ის გასაოცარი საღამო იყო, – თითქმის ჩერჩულით განაგრძო ნანამ, – ანდრო სამი დღის წასული იყო. რაღაცნაირად, მარტოობა მომეძალა და საღამოს, სანაპიროდან დაბრუნებისას, ჩემს ახალ ნაცნობებს შევუარე. ისინი ვერანდაზე ვახშმობდნენ, უფრო სწორად, პატარებს ჩაის ასმევდნენ. ბავშვები ჭირვეულობდნენ – არაფრით არ უნდოდათ კარაქიანი პურის ჭამა. მაშინ ვნახე პირველად ვაჟა. ის პატარებთან ერთად იჯდა და სერიოზული სახით უხსნიდა კარაქიანი პურის ჭამის ახალ და, მისი თქმით, „ყველაზე ნაღდ” მეთოდს – კარაქით ქვემოთ... 

– რატომ? – უკვირდათ პატარებს, – ყველა ხომ კარაქით ზემოთ ჭამს?.. 

– მაგაშია მთელი მუღამი, – უხსნიდა ვაჟა, – რაა საინტერესო იმაში, რომ მოიქცე ისე, როგორც ყველა იქცევა? შენ შენთვის რაღაც ახალი უნდა გამოიგონო, ისეთი რამ, რაც ჯერ არავის გამოუგონებია. თქვენს საბავშვო ბაღში ვინმე ასე ჭამს კარაქს? 

– არა, – ერთხმად პასუხობდნენ პატარები. 

– იმიტომ რომ, არიფები არიან, – განაგრძობდა ვაჟა, – აბა, სცადეთ და ნახავთ, რა გემრიელია... პატარებიც დიდი ლუკმებით ჭამდნენ კარაქიან პურს, რა თქმა უნდა, კარაქით ქვემოთ და შემდეგ დედასა და დეიდას სთავაზობდნენ: თქვენც გასინჯეთ, ნახეთ, როგორ გემრიელიაო!.. 

ის საღამო მათთან ერთად გავატარე. არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ, მისი სიახლოვე არნახულად მაფორიაქებდა. ვცდილობდი მისკენ საერთოდ არ გამეხედა, თუმცა, თავს ვერ ვერეოდი. მომდევნო დღეს ზღვაზე არ წავსულვარ. ფანჯრიდან ფარულად ვადევნებდი თვალს მეზობელ სახლს, ვუყურებდი, როგორ ერთობოდნენ პატარები ვაჟასთან ერთად. როგორ თამაშობდნენ, როგორ გორაობდნენ ბალახზე, როგორ ჭყუმპალაობდენ აუზში. ადრე არასოდეს შევხვედრივარ ასეთ ადამიანებს. ის სხვანაირი იყო – გულწრფელი, სპეტაკი და... ბავშვური... შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მასაც, ჩემსავით, ან დილით უყვარდა ზღვა, ან – საღამოს. ჩვენ ერთად დავიწყეთ ზღვაზე სიარული. ეს სრულიად ახალი სამყარო იყო ჩემთვის. ის ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამდა: უცნაურად მოხრილ ხეში, ლაზ მებადურს ხედავდა, რომელიც წყლიდან თევზით დამძიმებული ბადის ამოზიდვას ცდილობდა; უჩვეულო ფორმის ღრუბელში – გაწბილებულ კაზანოვას; ხის კორძში – მოხუცებულ ბურატინოს... მაგრამ, ეს ყველაფერი სამ დღეში დამთავრდა. საღამოს სანაპიროდან ვბრუნდებოდით, როცა სასტუმროსთან მისვლამდე შევხვდით ანდროს – მოულოდნელად დაბრუნებულიყო. მაშინვე შევამჩნიე, რომ უხასიათოდ იყო. ჩვენს დანახვაზე ხომ, საერთოდ, გაშმაგდა, მაგრამ, მე ეს მხოლოდ მის მზერაში ამოვიკითხე. სხვა მხრივ არაფრით გამოუხატავს გაბრაზება. ვაჟას ზიზღით გახედა. მერე კი მე მომიგდო: მანქანაში ჩაჯექი. სახლში მოგელაპარაკებიო!.. ის ისე გაბრაზებული იყო, ვაჟასთან გამომშვიდობებაც კი ვერ გავბედე. მისკენ არც გამიხედავს, ისე ჩავჯექი მანქანაში... მეორე დღეს ჩვენ თბილისში გამოვემგზავრეთ. მეგონა, ამით დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ, ვაჟა რამდენიმე დღეში დამიკავშირდა და... ყველაფერი თავიდან დაიწყო. ერთხელ შევხვდით ერთმანეთს... ორჯერ... სამჯერ... შემდეგ კი ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო, მაგრამ, ჩვენი ურთიერთობა სეირნობას, კაფეში გატარებულ რამდენიმე საღამოსა და საუბრებს არ გასცდენია. რამდენჯერმე მან სახლში მიმიწვია – ჩემთვის თავისი ხელით მოწყობილი იაპონური ბაღისა და თავისივე ნახატების ჩვენება უნდოდა, მაგრამ, ვერ გავბედე. მის უბანში ანდროს რამდენიმე მეგობარი ცხოვრობდა და მე მათთან შეხვედრა მაშინებდა. თუმცა, ეს მაინც მოხდა. არ ვიცი, ვინ და სად მოგვკრა თვალი და ვინ მიუტანა ენა, მაგრამ, იმ დღეს შინ დაბრუნებულმა ანდრომ ნამდვილი ჯოჯოხეთი მომიწყო. ხელი მკრა, დივანზე დამაგდო, თავს წამომადგა და გაქვავებული სახით მითხრა:

– ბოლოს და ბოლოს, მაინც გამოუნახე შენს შვილს მამა?!

ამან ისე მატკინა გული, რომ პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე. ანდრო სიმივით იყო დაძაბული. მეგონა, რომ, წამიც და, ზრიალით გაწყდებოდა. თუმცა, პასუხს არც დალოდებია, მოულოდნელად შემაქცია ზურგი და ბინიდან გავიდა. მეორე დღეს გავიგე, რომ ვაჟას სახლთან დახვდა და მათ შორის ჩხუბი მოხდა. საღამოს ანდრო დამცინავად მიყვებოდა, როგორ სცემა ვაჟა საკუთარი სახლის ეზოში. მე ამის ატანა ვეღარ შევძელი და პირდაპირ ვუთხარი, რომ მასთან განქორწინება მსურდა. კატეგორიული უარი განმიცხადა და იმან გამაოცა – ის დარწმუნებული იყო, რომ მე ვღალატობდი, მაგრამ, მაინც უარს მეუბნებოდა განქორწინებაზე.

– ნუ ღელავ, დიდხანს არ დაგაყოვნებ. ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი, მოვაგვარებ და მე თვითონ მოგიძებნი საკადრის ადგილს! – დამემუქრა ის და ბინის კარი გაიბრახუნა... არ ვიცი, რა საქმეს გულისხმობდა ანდრო. თავიდან, ვიფიქრე, რომ ვაჟასთვის ანგარიშის გასწორება ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, ანდრო შურისმაძიებელი ადამიანი არ იყო. ჰო, ის აღელდა, ვაჟას ეჩხუბა კიდეც, მაგრამ, ეს ხომ ყველა მამაკაცის დამახასიათებელი თვისებაა. მე არ ვიცი, რატომ მიაწერეთ ანდროს მკვლელობა ვაჟას, მაგრამ, მერწმუნეთ, ის არასოდეს ჩაიდენდა ამას. თუმცა, ამას რაღა მნიშვნელობა აქვს – აღარც ანდროა ცოცხალი და აღარც ვაჟა...

ფიფიამ დიქტოფონი გამორთო, ზურაბს გახედა და მოზეიმე ხმით ჰკითხა:

– როგორია?!

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3