ქვრივი შავბნელი ძალებით
დეპეშა ქორწინების წინა დღის საღამოს მიიღო. ვინმე ჯოან რემინგტონი წერდა: „არავითარ შემთხვევაში არ შეირთოთ ცოლად ჯოზეფინა კოლინზი. მე ხვალ საღამოს ჩამოვალ ნიუ-იორკში და ყველაფერს აგიხსნით“. სტივმა გაოცებით დახედა გამომგზავნის მისამართს – ოკლაჰომიდან იყო. მას იქ ნაცნობი საერთოდ არავინ ჰყავდა და გადაწყვიტა, რომ რაღაც შეცდომა მოხდა. დილით კი, როცა თავისი საცოლე დაინახა, დეპეშა საერთოდ დაავიწყდა. მერე რა, თუკი სინდისი ცოტათი აწუხებდა იმის გამო, რომ ყველაზე ახლობელი მეგობრის ქვრივი მოჰყავდა ცოლად და ქმრის სიკვდილიდან მხოლოდ შვიდი თვე იყო გასული. ულამაზესი ჯოზეფინა ყოველთვის ძალიან მოსწონდა და ცოტათი შურდა კიდეც მეგობრის. ჯვრისწერის შემდეგ ერთ საათში ახალდაქორწინებული წყვილი ნიაგარა-ფოლზში გაემგზავრა, სტივი იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო... დილით კი, როცა ჯოზეფინას ჯერ კიდევ ეძინა, ტელეფონმა დარეკა.
– თქვენ არ დამიჯერეთ და მაინც დაქორწინდით მაგ ქალზე, – გაიგონა ქალის ხმა და ლამის ყურმილი გაუვარდა ხელიდან.
– კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
– ჯოან რემინგტონი. აქ ვარ, სასტუმროში. სალაპარაკო მაქვს თქვენთან. ჩამობრძანდით ქვემოთ თუ მე ამოვიდე?!
– დამელოდეთ, ახლავე ჩამოვალ, – სტივმა მძინარე ცოლს გახედა და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან.
ჯოან რემინგტონი ახალგაზრდა, ლამაზი ქალიშვილი აღმოჩნდა. მას ვიღაც კაცი ახლდა.
– რა გნებავთ? – წარბი შეიკრა სტივმა, – თქვენ რა, ავად ხართ?
– გაიცანით, დეტექტივი მორისონი, – პასუხად მიუგო ჯოანმა და თანმხლებ მამაკაცზე მიუთითა.
– ჩემგან რა გნებავთ, რატომ გამომიგზავნეთ ის დეპეშა?
– იმიტომ, რომ თქვენთვის სიკეთე მინდა. სერიოზული საფრთხე გემუქრებათ.
– მართლა? ჩემი ცოლისგან ხომ არა?
– დიახ. იცით, რომ ჟოზეფინა თქვენამდე გათხოვილი იყო?
– რა თქმა უნდა! ჩემს მეგობარზე, რომელიც შვიდი თვის წინ გულის შეტევით გარდაიცვალა. ახლა, არ მითხრათ, რომ არაეთიკურია მეგობრის ქვრივზე დაქორწინება.
– არა, ამ შემთხვევაში ეთიკაზე საუბარი უადგილოა. მისტერ სომერს, რალფ კოლინზი ჯოზეფინას მესამე ქმარი იყო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მეტს ჯერ ვერ მივაკვლიეთ.
სტივი დაბარბაცდა. მერე ხმამაღლა გაეცინა:
– რა სისულელეა! არ მჯერა.
– მისტერ სომერს, მე იმ კაცის და ვარ, რომელიც თქვენსავით მოიხიბლა ჯოზეფინას სილამაზით, დაქორწინდა მასზე და ექვს თვეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემი ძმა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო. სიკვდილამდე ერთი თვით ადრე სიცოცხლე ცოლის სასარგებლოდ დააზღვია. თქვენი მეგობარიც ხომ ჯანმრთელი იყო?
სტივი შეიჭმუხნა:
– მგონი, კი... არ მახსენდება, დაეწუწუნოს. თუმცა...
ჯოანამ მკვეთრად აიქნია ხელები:
– მომისმინეთ. ჩემს ძმამდე ფილ რემინგტონამდე, თქვენი ცოლი ვინმე ჰადსონის ცოლიც იყო და რვა თვეში ეს ადამიანიც გულის შეტევით, უფრო სწორად, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა.
– ფაქტები, მტკიცებულებები მჭირდება, – სტივმა იგრძნო, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა, – მოითხოვეთ თქვენი ძმის გვამის ექსჰუმაცია? დაამტკიცეთ, რომ ის მოწამლეს? ეს ხომ მარტივია.
– მარტივია, როცა გვამი არსებობს. მაგრამ, თუ გვამებისგან აღარაფერია დარჩენილი? – პირქუშად ჩაილაპარაკა დეტექტივმა.
– როგორ თუ არ დარჩა? – ვერ მიხვდა სომერსი.
– ჯოზეფინამ ქმრის გვამების კრემაცია მოითხოვა. ვინ გაუწევდა წინააღმდეგობას უნუგეშო ქვრივს? მისი ყველა ქმარი ფერფლად არის ქცეული. ახლა მაინც მიხვდით, როგორი სერიოზული საფრთხე გემუქრებათ?
სომერსს უეცრად გაახსენდა, როგორ ეწყინა, როცა მეგობრის დაკრძალვაზე დაგვიანებით ჩასულმა, მისი ნეშტის კრემაციის შესახებ შეიტყო.
– მისტერ სომერს, თქვენ მკვლელი შეირთეთ ცოლად. რა გითხრათ, რამდენი წლის ვარო?
– ოცდაოთხისო, – ძლივს წარმოთქვა სომერსმა.
– გატყუებთ. ის 1963 წელს არის დაბადებული ოჰაიოს შტატში, ლომაში. თუმცა, ჩანაწერს ამ ფაქტზე ვერსად მივაკვლიეთ. პირველი ქორწინება 1987 წელს ჰქონდა ჰადსონთან, რომელმაც სიცოცხლე დიდ თანხად დააზღვია და მალე გულმაც დაარტყა... გთხოვთ, მისტერ სომერს, რამე იღონეთ. მას ფული უკვე აღარ სჭირდება, მაგრამ მაინც მოგკლავთ, იმიტომ, რომ მკვლელია...
– აღარაფრის მოსმენა აღარ მინდა... ჩემი ცოლი მკვლელი არ არის! ასეთი სილამაზე... შეუძლებელია მკვლელი იყოს...
სომერსი შეშლილივით გაიქცა და ნომრისკენ მიმავალი გრძნობდა, როგორ ღრმავდებოდა მასში ეჭვის მარცვალი. ჯოზეფინა ფანჯარასთან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა. ქმრის ფეხის ხმა რომ გაიგონა, შემობრუნდა. სომერსმა მის თვალებში ცრემლი შენიშნა.
– სტივ, მე ვიცი, ვის ელაპარაკებოდი ქვემოთ – ჩემი ყოფილი მული იყო თავის დაქირავებულ ადვოკატთან ერთად. მაგ შეშლილმა ქალმა ვერაფრით ვერ მოინელა ძმის სიკვდილი და, რატომღაც, მე მადანაშაულებს. ლამის მთელი თავისი ფული ამაზე დახარჯოს. დეტექტივიც იმას ეუბნება, რაც მას უნდა და ამაში დიდ გასამრჯელოს იღებს. ჩემი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ არ გითხარი, კიდევ ერთი ქმარი რომ მყავდა...
– რატომ არ მითხარი?
– იმიტომ, რომ შემიყვარდი და შემეშინდა, უარი არ გეთქვა ჩემზე. ო, სტივ, არ იცი, როგორი მძიმე ცხოვრება მქონდა, როგორ გამიმწარა ცხოვრება ჯოანმა. ის რალფსაც შეხვდა, მაგრამ, მას ძალიან ვუყვარდი...
– მეც მიყვარხარ, – ჯოზეფინა ისეთი ლამაზი იყო, რომ სომერსს გული აუჩუყდა, – ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ჯანდაბას ის ბოროტი ქალი და მისი ეჭვები!
იმ ღამეს ჯოზეფინას დიდხანს არ დაეძინა, შფოთავდა და დროდადრო ტიროდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ჩაეძინა, სტივმა აბაზანაში სინათლე ანთებული დატოვა – ვინიცობაა, ჯოზეფინას გაღვიძებოდა, არ შეშინებოდა და თვითონაც დაწვა. თუმცა, ბოლომდე მაინც ვერ დამშვიდდა – ეტყობა, ეჭვი მის ქვეცნობიერში მაინც ჩარჩა. სწორედ ამან გადაარჩინა...
თვალები მოულოდნელად გაახილა. ოთახში ძალიან ცხელოდა. პირი ღია ჰქონდა და, ალბათ, ხვრინავდა კიდეც. ირგვლივ სრული სიბნელე იყო. ცოლი გვერდით არ ეწვა... უცებ შრიალის მაგვარი ხმა შემოესმა და იმ ბნელში თეთრ პენუარში გახვეული ცოლი დაინახა. ქალი კატასავით უხმაუროდ მოძრაობდა. თვალები ოდნავ მოეხუჭა. პირღია, აჩქარებული სუნთქავდა. დაინახა, როგორ გაიწოდა ხელი მისი პირისკენ ჯოზეფინამ – აშკარად რაღაც ცხელი ეჭირა, რადგან, სიმხურვალე იგრძნო. მყისიერი რეაქციით ცოლს მაჯაში სწვდა და უკან უბიძგა. ქალმა იკივლა. კოვზიდან რაღაც ძალიან ცხელი გადმოიღვარა და სტივს ხელისგული დაუწვა, მაგრამ, ამას ნაკლებად დარდობდა. ჯოზეფინა სააბაზანოსკენ გაიქცა. სომერსმა მაგიდის ნათურა აანთო და ქალს გამოეკიდა. ჯოზეფინამ აბაზანაში შეასწრო და კარი ჩაკეტა, რამდენიმე წუთში კი იქიდან იატაკზე მძიმე სხეულის დავარდნის ხმა შემოესმა.
...პოლიციის გამომძიებელმა პინცეტით ფრთხილად აიღო იატაკიდან პაწაწინა, ფოლადისფერი ბურთულა:
– ეს ვერცხლისწყალია, სერ. თქვენი ცოლი გამდნარი ვერცხლისწყლით გიპირებდათ მოკვლას. ნახევარი ჩაის კოვზიც კი საკმარისი იქნებოდა იმქვეყნად თქვენს გასასტუმრებლად. მერე უკვე გაციებულ ვერცხლისწყლის ბურთულებს თქვენი პირის ღრუდან ამოიღებდა და ვერც ერთი ექსპერტი ვერ მიხვდებოდა, რა იყო სიკვდილის მიზეზი. გენიალურად არის მოფიქრებული. დასკვნაში ჩაწერდნენ – გულის შეტევით გარდაიცვალაო და საქმე არც კი აღიძვრებოდა.
სომერსმა გაფითრებული სახე მოიწმინდა:
– ღმერთო, მას მართლა უნდოდა ჩემი მოკვლა...
– ... და, რადგან ეს არ გამოუვიდა, თავი მოიწამლა, – თქვა დეტექტივმა, – მისთვის ეს პირველი არ იქნებოდა. ასე ოსტატურად მხოლოდ გამოცდილი მკვლელები მოქმედებენ... ძალიან ლამაზი კი არის, სერ, მე მესმის თქვენი...