კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ზაზუნაშვილი

ბარათაშვილთა გვარიდანაა გაჩენილი შტო-გვარი ზაზუნაშვილი. მისი ფუძეა სახელი ზაზუნა.

„ზაზუნა ბოქაულთუხუცესი, მოწმე საამ ბარათაშვილის მიერ ოთარ ბარათაშვილისთვის მიცემული მიწების გაცვლის წიგნისა“ (1670 წელი).

„ზაზუნაშვილი ზურაბ, მოწმე შიოშის მიერ ლუარსაბ ბარათაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1696 წელი).

„ზაზუნაშვილის ხოდაბუნი ესაზღვრებოდა დოლმაზა ზურიკაშვილის მიერ ბერუა დიარაშვილისთვის მიყიდულ მიწას“ (1690 წელი).

ბარათაშვილი (ზაზუნაშვილი) ქაიხოსრო ედავებოდა ჭანდრის რუების გამო ბოქაულთუხუცესს საამ ბარათაშვილს და გუგუნა ქავთარაულს, 1690-იან წლებში.

გვარი წყაროებში გვხვდება ორი ფორმით: ზაზუნაშვილი და ზაზუნიშვილი. ზაზუნიშვილი იგივე ბარათაშვილთა გვარია.

საქართველოში 52 ზაზუნაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 43, თბილისში – 9.

მაწკეპლაძე

წინაპრებს გვარის ფუძედ წკეპლა გამოუყენებიათ. წკეპლა წვრილი ჯოხია.

მაწკეპლაძის გვარში მა წინსართია (ართრონი). 

ეს გვარი მეთერთმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების წყაროებში არ ჩანს.

მაწკეპლაძე იმერული გვარია.

საქართველოში 327 მაწკეპლაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 166, ტყიბულში –131, თბილისში – 30.

მერაბაშვილი-მერებაშვილი

თანამდებობა-მოსაქმეობის ტერმინიდან მერაბე – სარწყავი წყლის გამწესრიგებელი; (მერუე – იგივეა, რაც მერაბე), გვხვდება სხვადასხვა ფორმით ნაწარმოები გვარები: მერაბაშვილი, მერაბიშვილი, მერებაშვილი.

აღნიშნული გვარებიდან ნაწილმა შეინარჩუნა თავისთავადობა, ქართველობა, მართლმადიდებელი სარწმუნოება, მათ ნაწილს კი გვარის ფორმა შეუცვალეს იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც ატარებდა რუსეთი, ეკლესიებში კი – სომეხი ტერტერები (ტერ – მღვდელი). მესხეთში უდელი მერაბიშვილების ნაწილმა კათოლიკობა მიიღო (მიაღებინეს). ბევრს გვარის ფორმა შეუცვალეს – სუფიქსი შვილის ნაცვლად მიაბეს ფორმანტი ოვი და ასეთნაირად გაჩნდნენ მერაბოვები.

ცალკე კვლევის ობიექტია მერაბიანი. მათი რიცხვი საქართველოში 237-ია.

გადმოცემით, მერაბიშვილები (უდედან) სათავეს იღებენ ფეოდალ ხურსისძე-ხურციძეებიდან.

ისტორიულ წყაროებში ჩანს: მერაბაშვილი- „სოფელ კრკონს მცხოვრები, ერთ წილად ერგო ხოსია ბარათაშვილს, 1640 წელს“.

„მერაბაშვილები არიან აზნაურ ყორღანაშვილების განაყოფები“.

მერაბიშვილები არიან თავად აბაშიშვილების შტო-გვარისანიც.

„მერაბაშვილი გიორგი – მოწმე გოგია ბოჭორიძის მიერ ივანე ვიგრიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნისა“ (1643 წელი).

საქართველოში 316 მერაბაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 129, გორში – 82, კასპში – 71. არიან სხვაგანაც.

2 778 მერაბიშვილი: თბილისში – 1 224, ადიგენში – 529, გარდაბანში – 187. არიან სხვაგანაც.

1 997 მერებაშვილი: გორში – 654, კასპში – 586, მცხეთაში – 321. არიან სხვაგანაც.

251 მერაბოვი: თბილისში – 162, გარდაბანში – 42, დედოფლისწყაროში – 13. არიან სხვაგანაც.

ხიზაძე

გვარის ფუძით – ხიზანა, ხიზანი, ნაწარმოებია ქართული გვარები: ხიზანაიძე, ხიზანიშვილი, ხიზანაშვილი, ხიზანეიშვილი, ხიზაძე.

ხიზაძეთა ადრინდელ საცხოვრებელ ადგილად იხსენიება სოფელი კუნცა, ასპინძის რაიონი. იმავე რაიონში დღეს სხვაგანაც ცხოვრობენ, კერძოდ, სოფელ აწყვიტაში.

საქართველოში 66 ხიზაძე ცხოვრობს: ასპინძაში – 32, თბილისში – 7, ახალციხეში – 6. არიან სხვაგანაც.

ნათაძე-ნათიშვილი

წინაპრებს სახელებად გამოყენებული ჰქონდათ: ნათაი, ნათადა, ნათან, ნათანაელ, ნათანელ, ნათანიელ, ნათელიზე, ნათელისძე, ნათელიძე, ნათილა. ქალებში კი გვხვდება სახელები: ნათა, ნათაი, ნათაილა, ნათელი, ნათელა, ნათი, ნათო, ნათუა.

ამ სახელებიდანაა ნაწარმოები ქართული გვარები: ნაათანიშვილი, ნათანლიშვილი, ნათანულიშვილი, ნათაძე და ასე შემდეგ.

ნათაძე გვხვდება ქართლსა და იმერეთში. ამავე ძირისაა გვარი ნათიშვილი, ნათიძე.

საქართველოში 569 ნათაძე ცხოვრობს: თბილისში – 259, რუსთავში – 62, კასპში – 47. არიან სხვაგანაც.

ზარხოშაშვილი

გვარის ფუძეა მეტსახელი ზარხოშა, რომელიც მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან – ზარხოშიდან და ქართულად „ნასვამს“ ნიშნავს.

1721 წელს მოიხსენიება ზურაბა ზარხოშაშვილი.

საქართველოში 186 ზარხოშაშვილი ცხოვრობს: გორში – 139, თბილისში – 17, ქარელში – 11. არიან სხვაგანაც.

კოხოძე-კოხაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი კოხი.

სოფელ პატარა თიანეთის 1843 წლის აღწერაში მოიხსენიებიან სოსია და მურად კოხაძეები.

ამავე ძირისაა გვარები: კოხია, კოხოძე, კოხიაშვილი.

კოხაძე-კოხოძეები გვარამაძეთა განაყოფი გვარებია.

საქართველოში 661 კოხოძე ცხოვრობს: ბაღდადში – 383, ქუთაისში – 124, თბილისში – 48. 26 – კოხაძე.

თანდარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თანდილა, რომელიც ავთანდილის კნინობითი ფორმაა. საკუთარ სახელად გვხვდება მხოლოდ საქართველოში. აქედან მომდინარეობს გვარი თანდილავაც.

1721 წელს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ მოხსენიებულია ივანე თანდილაშვილი.

ვარდისუბანში ივანე თანდილაშვილი 1874 წელს ნათლავს შვილს – გიორგის. მიმრქმელი იყო ვარდისუბნელი ზაქარია ჩომახაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: თანდაშვილი, თანდელაშვილი, თანდილაური.

საქართველოში 850 თანდარაშვილი ცხოვრობს: თელავში – 271, თბილისში – 204, სიღნაღში – 79. არიან სხვაგანაც.

ზოსიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზოსია, რომელიც ბერძნული სახელიდან – ზოსიმედანაა ნაწარმოები და ცხოვრებისუნარიანს ნიშნავს.

1873 წლის აღწერის მიხედვით, სოფელ ლასტისციხეში ფილიპე ზოსიაშვილი-ქავთარაძე მოიხსენიება.

საქართველოში 330 ზოსიაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 138, ტყიბულში – 112, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

თულაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თულა.

სამწევრისის ტაძრის წარწერაში მოხსენიებულია მამასახლისი გიორგი თულაისძე.

თულაშვილები იყვნენ საბარათიანოს მებატონეები, რომლებსაც ყმები ეკუთვნოდათ ღვევში, ზბრითში, აწუფში, ბეგრეთში. 1696 წელს თულაშვილებს ჩამოართვეს ღვევის გლეხები, რომლებიც ომიანობის დროს მეფე ერეკლეს მეითრის შვილისთვის წაურთმევია და თულაშვილებისთვის მიუცია.

ამავე ძირისაა გვარები: თულაძე, თულიანი, თულოშვილი.

საქართველოში 135 თულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 51, გორში – 31, რუსთავში – 11. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3