მე – დაქირავებული მკვლელი
უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N28(550)-9(635)
აგარაკზე ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. სვინინის მიერ გატაცებულ საგანძურში ისეთი უნიკალური თვლები იყო, რომლებიც კატალოგებშია შეტანილი. დღესდღეობით, ეს მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ღირებულების ქონება საიდუმლო საცავში ინახება.
სვინინების მსგავსი მოღალატეები დღესაც მრავლადაა მთელ მსოფლიოში და საკმაოდ კარგადაც გრძნობენ თავს. თუმცა, ბოროტება არავის შერჩენია და, ადრე თუ გვიან, თითოეული მათგანი საკადრის სასჯელს მიიღებს. ხალხისა და ქვეყნის ღალატისთვის ხანდაზმულობის ვადა არ არსებობს, მსგავსი ტიპის დამნაშავე, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.
ჩემი სიტყვების ნათელი დასტურია ებრაელი შურისმაძიებლების საქმიანობა. ეს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნადირობდნენ ებრაელი ხალხის, ებრაული სახელმწიფოს მტრებზე და, ან იქვე ანადგურებდნენ მათ, ან კი იტაცებდნენ, ისრაელში ჩაჰყავდათ, ასამართლებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ...
მავანმა ჩემი სიტყვები შეიძლება არაჰუმანურად ჩათვალოს, მაგრამ, სახელმწიფოს მტრის მიმართ გამოჩენილი ჰუმანურობა სახელმწიფოს, სამშობლოს მიმართ გამოჩენილი არაჰუმანურობაა. სახელმწიფოს, ქვეყნის უკან კი მილიონობით ადამიანი დგას და მათი მტერი პირდაპირ უნდა განადგურდეს.
ებრაელი შურისმაძიებლების მსგავს აქციებს „კაგებეც“ ახორციელებდა, ზოგჯერ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და ისინიც და ჩვენც ერთსა და იმავე ობიექტზე ვნადირობდით.
ერთხელ შჩუკინმა ლუბიანკაზე მიხმო და მითხრა:
– ძალიან საპასუხისმგებლო დავალება უნდა შეასრულო და შენი დიდი იმედი მაქვს.
იმ პერიოდში შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა და მივუგე:
– განა ოდესმე არასაპასუხისმგებლო რამ დაგივალებიათ?
ვიქტორ იაკოვლევიჩმა ხუთიოდე ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა:
– ეს ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერია. ის ვერც ომის დროს მოვიხელთეთ და ვერც შემდეგ. ამას წინათ კი გვაცნობეს, რომ არგენტინაში იმალება. აუცილებლად უნდა ჩამოიყვანო, რათა გავასამართლოთ და დავსაჯოთ. ამ გენერალ როიტერს ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დამსახურებული სასჯელი უნდა მიიღოს. მარტო კიევში, 1942 წლის, 20 აპრილს, ჰიტლერის დაბადების დღეს, 530 ებრაელი საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. იმ დღეს ჰიტლერი 53 წლის გახდა და ამ ნაძირალამ ათმაგი მსხვერპლშეწირვა განახორციელა. ბუენოს-აირესში დიეგო სოლანას სახელით ჩახვალ, ანუ, შენ ესპანელი კომერსანტი ხარ და საიუველირო ანტიკვარიატით ვაჭრობ.
– რატომ მაინცდამაინც საიუველირო ანტიკვარიატით? – ვკითხე ვიქტორ იაკოვლევიჩს.
– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ ვალტერ როიტერი იქ, სავარაუდოდ, მარიო მარკესის სახელითაა ჩასული, ის კი საიუველირო ანტიკვარიატის მაღაზიას ფლობს.
– ახლა გასაგებია.
– მთლად მასეც არაა, – მითხრა შჩუკინმა, – ეს ჯერჯერობით ვარაუდია. როიტერის იდენტურობა დასადგენია. ჩვენ მისი ხელის ანაბეჭდები გვაქვს. შენ მარკესის თითების ანაბეჭდები უნდა მოიპოვო და თუკი ის როიტერი აღმოჩნდა, უნდა წამოიყვანო.
– ყველაფერი გასაგებია. როდის მივემგზავრები?
– ამაღამ ლონდონში ჩაფრინდები. იქიდან კი – ბუენოს-აირესში.
არგენტინის დედაქალაქში გამთენიისას ჩავფრინდი და სასტუმრო ჰილტონის ლუქსში დავბინავდი. ძალიან დაღლილი ვიყავი და შუადღემდე კარგად გამოვიძინე. შემდეგ შხაპი მივიღე, ვისადილე და ეგრეთ წოდებულ „ძველ ქუჩაზე“ გავემართე, სადაც მთელ მსოფლიოში ცნობილი უამრავი ანტიკვარული მაღაზია მდებარეობს. მარიო მარკესის მაღაზიას ადვილად მივაგენი. შიგნით რომ შევედი, დახლთან ოცდაათიოდე წლის, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი დამხვდა. მან თავაზიანად გამიღიმა და მკითხა:
– რით გემსახუროთ, სენიორ?
– მე დიეგო სოლანა ვარ, კატალონიელი კომერსანტი და საიუველირო ანტიკვარიატით ვვაჭრობ. ასე შორიდან კი იმიტომ გეწვიეთ, რომ მსხვილი შეკვეთა მოგცეთ.
– ერთი წუთით, სენიორ სოლანა, მე მხოლოდ გუშინ დავიწყე აქ მუშაობა, თანაც, გამყიდველი ვარ და მსგავსი უფლებამოსილება არ გამაჩნია. ათ წუთს თუ მოიცდით, სენიორ მარიო მარკესი მოვა და მას დაელაპარაკეთ, მანამდე კი ყავას მოგართმევთ, თუ გნებავთ.
– დიდი სიამოვნებით, სენიორ, – ვუთხარი ათლეტ გამყიდველს, რომელმაც თავისი სახელი მითხრა:
– ხუანი.
– სენიორ ხუან, – მივმართე გამყიდველს, – მარიო მარკესი ვინ არის?
– ამ მაღაზიის მფლობელი, ცნობილი ანტიკვარიატით მოვაჭრეა.
– ძალიან კარგი.
– შაქარს რამდენს ინებებთ?
– თუ შეიძლება, უშაქროდ.
– აი, ინებეთ, – ხუანმა ყავა დაბალ მაგიდაზე დამიდგა და მკითხა – რისი შეკვეთა გნებავთ?
– ევროპაში ახლა ძალიან მოდაშია ძველი ინდიელების ტომების სამკაულები და სწორედ ეს მინდა შეგიკვეთოთ. რას იტყვით, შეძლებს სენიორ მარკესი ამ შეკვეთის შესრულებას და სამკაულების მსხვილი პარტიის შოვნას?
– როგორც გითხარით, მუშაობა მხოლოდ გუშინ დავიწყე და ჯერჯერობით ყველაფერში გარკვეული არ ვარ; თუმცა, ვფიქრობ, რომ სენიორ მარკესს არ უნდა გაუჭირდეს ამ შეკვეთის შესრულება.
ხუანი საკმაოდ ენაწყლიანი ახალგაზრდა აღმოჩნდა და ასეთი ადამიანები საყოველთაო მოწონებით სარგებლობენ მყიდველებში. მაგრამ მან ჩემში ეჭვი აღძრა და ინტუიცია მკარნახობდა, რომ მასთან საკმაოდ ფრთხილად და ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი.
ინტუიციას ჩემთვის არასდროს უღალატია და არც ხუანის შემთხვევაში შევმცდარვარ. ენაწყლიანი, სიმპათიური ახალგაზრდა გამყიდველი ხუანი ებრაელი შურისმაძიებელი აღმოჩნდა, ჩემსავით ვალტერ როიტერზე ნადირობდა და ისრაელის დაზვერვა „მოსადის“ საფარქვეშ მოქმედებდა.
ხუანს მარკესი, სინამდვილეში კი ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერი, უკვე გაკოჭილი ჰყავდა და დამხმარე ჯგუფს ელოდებოდა, რომ ისრაელში გაეტაცა და სწორედ იმ დროს წამოვადექი თავზე, მაყუჩიანი პისტოლეტი მივუშვირე და ვუთხარი:
– განზე გადექი და ზედმეტი მოძრაობა არ გაბედო, თორემ, გესვრი! გარწმუნებ, არ მინდა ამის გაკეთება და ნუ მაიძულებ!
ხუანი, ისევე, როგორც ყველა მოსადელი, მაღალ დონეზე იყო მომზადებული. მას წარბიც არ შეუხრია, განზე გადგა, გაეცინა და მომიგო:
– ალბათ, „კაგებედან“ ხართ.
– თქვენ მოსადელი ხართ? – შევუბრუნე კითხვა.
– დიახ, მოსადელი ვარ და უამრავი ებრაელისა და არა მხოლოდ ებრაელის მკვლელის მოტაცება მაქვს დავალებული.
– რას იზამ, ჩემო მეგობარო. ყველას თავისი საქმე აქვს. თქვენ – თქვენი, მე კი – ჩემი, – ვუთხარი ხუანს და პისტოლეტით ვანიშნე, რომ საწოლზე ჩამომჯდარიყო, – ასეთია ჩვენი პროფესია. დღეს მე გამიმართლა, ხვალ კი თქვენ გაგიმართლებთ. მშვიდად იჯექით და არ გაინძრეთ, ეს ნაძირალა უნდა წავიყვანო.
– სენიორ სოლანა, დამითმეთ ეს ნაძირალა და ჩემი ქვეყნის მთავრობისგან უამრავ ფულს მიიღებთ.
– ჩემს მოსყიდვას ცდილობთ? – სიცილით ვუთხარი მოსადელს და პისტოლეტი მივუშვირე, – განძრევაც კი არ სცადოთ!
როგორც ვთქვი, მოსადელი კარგად მომზადებული აგენტი იყო, თანაც, ძალიან იდეური და როიტერის მსგავს ნადავლს ასე ადვილად არ დათმობდა. ამიტომ, მან ვეფხვივით ისკუპა ჩემკენ, რომ პისტოლეტი წაერთმია, გავენეიტრალებინე და თავისი ნადავლი უკან დაებრუნებინა. მე სულ ადვილად შემეძლო მისი მოკვლა, მაგრამ, ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ იმ მომენტში ის ჩემი ქვეყნის მტერი არ იყო, მხოლოდ და მხოლოდ მეტოქეობას მიწევდა საქმეში. ხუანს პისტოლეტის ტარი ვთხლიშე შუბლში, გავთიშე და რიკინის ძელზე მივაბი. როცა გამოფხიზლდა, ვუთხარი:
– მაპატიე, ძმობილო, მაგრამ, უნდა დაგტოვო. ეს ნაძირალა კი თან მიმყავს. გარწმუნებ, რომ დამსახურებულ სასჯელს მიიღებს და სამართლიანობა იზეიმებს.
ფაშისტი ჯალათი, ობერგრუპენფიურერი ვალტერ როიტერი, საბჭოთა სატვირთო გემით ჩავიყვანეთ ოდესაში, იქიდან კი მოსკოვში გადავაფრინეთ და ის ჯერ სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა და სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, შემდეგ კი ჩამოახრჩვეს...
ისრაელის მთავრობამ საბჭოთა კავშირს როიტერის გადაცემა მოსთხოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, უარი მიიღო. ებრაული პრესა კი წერდა, რომ „კაგებეს“ სუპერაგენტმა, მოსადს ფაშისტი დამნაშავე ცხვირწინ ააცალა და გაიტაცა...
– აი, ნახე, რას წერენ ებრაული გაზეთები შენზე, – მითხრა შჩუკინმა როიტერის გატაცებიდან ერთი თვის შემდეგ, როცა ლუბიანკაზე სხვა საქმეზე ვიყავი მისული.
– კიდევ კარგი, ჩემი ფოტოები არ დაუბეჭდავთ და ჩემი ვინაობა არ გაუმხელიათ, – ვეხუმრე შჩუკინს, მან კი მითხრა:
– მოკლედ, ასეთი საქმეა. ჩვენს კუბელ მეგობრებს დახმარება სჭირდებათ და უნდა დავეხმაროთ. საქმე ისაა, რომ ფიდელ კასტროზე ტერორისტული აქტი მზადდება და კუბის ლიდერი უნდა დავიცვათ.
– დავიცვათ, – მივუგე შჩუკინს.
– ეს არც ისე ადვილი საქმეა. კასტრო ნიუ-იორკში „გაეროს“ გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს და მის ლიკვიდაციას სწორედ ნიუ-იორკში აპირებენ, ჩვენ კი, ამას ხელი უნდა შევუშალოთ.
– მერედა, ნუ ჩავა ნიუ-იორკში და ტერაქტსაც აიცილებს...
– შეუძლებელია.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მან უკვე ხმამაღლა განაცხადა, რომ სასიკვდილო საფრთხის წინაშეც კი არ დაიხევს უკან, ამერიკაში აუცილებლად ჩავა და „გაეროს“ ტრიბუნიდან ამხელს ამერიკელ იმპერიალისტებს. ფიდელი თავის სიტყვას არასდროს არღვევს და არც ამჯერად გააკეთებს ამას.
– ამერიკას ხომ უსაფრთხოების ვალდებულებები აქვს აღებული, ნუთუ კასტროს მკვლელობას დაუშვებს თავის ქვეყანაში და თავს შეირცხვენს?
– მათი ნდობა არ შეიძლება. საკუთარი პრეზიდენტი ვერ დაიცვეს, დღისით-მზისით გამოასალმეს სიცოცხლეს და ფიდელს გადაჰყვებიან?
– პრესტიჟი, ღირსება?
– ფიდელ კასტრო მათ მაგრად ჰყავთ ყელში გაჩხერილი და ამერიკისთვის მისი თავიდან მოშორება უფრო აუცილებელია, ვიდრე საერთაშორისო პრესტიჟი. ასე რომ, კასტრო საფრთხეშია.
– რა უნდა გავაკეთო?
– ჩვენ და ჩვენმა კუბელმა კოლეგებმა კასტროს დაცვის საიდუმლო გეგმა შევიმუშავეთ, რომლის შესახებაც თვით ფიდელმა არ იცის.
– ეგ როგორ?
– როგორ და, კასტრო, შესაძლოა, არ დათანხმებულიყო ჩვენს შემოთავაზებაზე და მაშინ მას უეჭველი სიკვდილი ელოდა. ჩვენი გეგმით კი კუბის ლიდერი უვნებელი გადარჩება.
– რა გეგმა შეიმუშავეთ და მე რა როლი მეკისრება?
– დავიწყოთ იმით, რომ, საყოველთაოდ ცნობილი პროტოკოლის მიხედვით, ფიდელ კასტრო ნიუ-იორკში დილის 9 საათზე უნდა ჩაფრინდეს და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ სასტუმროში უნდა დაბინავდეს. მისი გამოსვლა საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი, გამოსვლის მერე კი, რომელიღაც დარბაზში უნდა მივიდეს ლათინური ამერიკის ლიდერების შეხვედრაზე და იქაც სიტყვით გამოვიდეს. შემდეგ კვლავ თავის სასტუმროში დაბრუნდეს, იქ ღამე გაათიოს და დილის 9 საათზე კუბაში გაფრინდეს. როგორც ხედავ, ამ 24 საათის განმავლობაში ფიდელ კასტროს გრაფიკში სამი დიდი ხვრელია. პირველი – ჩამოფრენა, სასტუმროში ყოფნა და სესიაზე გამგზავრება; მეორე – ლიდერებთან შეხვედრაზე წასვლა, სიტყვით გამოსვლა და სასტუმროში დაბრუნება; მესამე – ღამის გათენება სასტუმროში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ყოფნის განმავლობაში, კასტროს სამი პოლიციელი ეყოლება მიჩენილი, მისი ლიკვიდაცია დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენი გეგმის მიხედვით, კასტროს ამერიკაში ყოფნის დრო უნდა შეიზღუდოს და ისეთი დაცვა დავუყენოთ, რომ მისი ლიკვიდაცია შეუძლებელი გახდეს. ჩვენი გეგმა, რომელიც კუბელებთან ერთად შევიმუშავეთ, სამეტაპიანია და სულ ექვსმა ადამიანმა ვიცით. პირველ ეტაპზე კასტროს ამერიკაში ჩაფრენა უნდა მოხდეს არა დილის 9 საათზე, არამედ, საღამოს 5 საათზე. იქიდან კი ის არა სასტუმროში, არამედ, პირდაპირ გაეროს შენობაში წავა, რომ სიტყვით გამოვიდეს და ამით პირველ საფრთხეს ავიცილებთ თავიდან. გამორიცხულია, რომ კასტრო გაეროს შენობის სხდომათა დარბაზში მოკლან. იქ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის პირველი პირები იქნებიან და ეს შეუძლებელია. კუბელი პილოტი უკვე წინასწარაა დამუშავებული – ის თვითმფრინავს კუბის სხვადასხვა ქალაქში დასვამს და ეს ყველაფერი მეტეოპირობებს დაბრალდება, ნიუ-იორკში კი ზუსტად საღამოს 5 საათზე დაჯდება. მეორე ეტაპიდან საქმეში უკვე შენ ერთვები: როდესაც კასტრო ლიფტში შევა პირველ სართულზე დასაშვებად, შენ მას აეროზოლით აძინებ, სარდაფში, მანქანების სადგომზე ჩაგყავს და კონსპირაციულ ბინაში მიგყავს, ფიდელის ადგილს კი მისი ორეული იკავებს, რომელიც სასტუმროში წავა. ლათინოამერიკული ქვეყნების ლიდერების შეხვედრა კასტროს გარეშე ჩაივლის და ამით კასტროს მეორე საფრთხე ასცდება. კონსპირაციულ ბინაში, ზუსტად საღამოს 10 საათზე კასტრო იღვიძებს და შენ მას წარუდგები, როგორც „კაგებეს“ თანამშრომელი, მაგრამ, სხვა გვარით, ეუბნები, რომ მას პირადად ლეონიდ ბრეჟნევი ეპატიჟება თავის რეზიდენციაში და ის მოგყვება, რადგან ბრეჟნევი ძალიან უყვარს და მასთან შეხვედრაზე უარს არ იტყვის. ლეონიდ ილიჩი ნიუ-იორკში ზუსტად საღამოს 8 საათზე უნდა ჩაფრინდეს, 9 საათზე გამოსვლა აქვს, შემდეგ კი თავის რეზიდენციაში გაემგზავრება და ჩვენი თანამშრომელი, მისი დაცვის უფროსი, მას კასტროს ამბავს მოუყვება. ბრეჟნევს ფიდელი ძალიან უყვარს და მთელი ღამე თავისთან გააჩერებს, რაზეც ფიდელი უარს ვერ ეტყვის. დილით კი თავისსავე თვითმფრინავით ჩაიყვანს კუბაში და შემდეგ მოსკოვში დაბრუნდება. სწორედ ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევია ის ურყევი გარანტი და ფარი, რომლის თანდასწრებითაც გამორიცხულია კასტროზე ტერაქტის მოწყობა. რას იტყვი, როგორი გეგმაა?
– თითქმის უნაკლო, მაგრამ როდესაც კასტროს კონსპირაციულ ბინაში გამოეღვიძება და მეტყვის, რატომ მივაძინე ის აეროზოლით, რა ვუპასუხო?
– აეროზოლის შემადგენლობა ისეთია, რომ მას ეს მომენტი არ ემახსოვრება. შენ კი ეტყვი, რომ კონსპირაციულ ბინაში თავისი ნებით წამოგყვა, რადგან ტერაქტის საშიშროება არსებობდა და კასტროც დაიჯერებს ამას.
– გასაგებია, – მივუგე შჩუკინს, მერე დავფიქრდი და ვუთხარი – ხომ შეიძლება, ისე მოხდეს, რომ კასტროს ორეულზე თავდასხმა მოხდეს. მაშინ?
– ვფიქრობ, რომ ორეულზე თავდასხმა აუცილებლად მოხდება და შენ ამას კონსპირაციულ ბინაში შეგატყობინებენ. კასტროსთვის კი ეს ზედმეტი არგუმენტი იქნება ჩვენი ქმედებების სისწორის დასამტკიცებლად, თუკი ასეთი საკითხი საერთოდ წამოიჭრება.
– ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია. კითხვები აღარ მაქვს. იდეალური გეგმაა და აუცილებლად იმოქმედებს.
ყველაფერი კარგი ისე აგიხდეთ, როგორც „კაგებეში“ შემუშავებულმა გეგმამ გაამართლა. ნიუ-იორკში ერთი დღით ადრე ჩავედი და ყველაფერს ადგილზე გავეცანი. სამწუხარო ის იყო, რომ კასტროზე დაგეგმილი ტერაქტი მის ორეულზე განახორციელეს და, მართალია, არ დაღუპულა, მაგრამ მარჯვენა ფეხი დაკარგა. ასაფეთქებელი მოწყობილობა კასტროს სასტუმროს ნომერში, კედელში ყოფილა დამონტაჟებული. როგორც მოგვიანებით გავიგეთ, „ცეერუს“ ეს ხაფანგი წლების წინ ჰქონია დაგებული და ისე ოსტატურად შენიღბული, რომ ნიუ-იორკის პოლიციის განნაღმვის სამსახურმაც კი, სასტუმროს ნომერი რომ შეამოწმა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.
ასე ჩაფლავდა ფიდელ კასტროს ლიკვიდაციის მორიგი მცდელობა და, მოხარული ვარ, რომ ამაში გარკვეული წვლილი მეც მიმიძღვის. მიხარია ისიც, რომ ფიდელ კასტრო დღესაც ცოცხალია და კვლავაც წარმოადგენს ლათინური ამერიკის თავისუფლებისა და შეუპოვრობის ურყევ სიმბოლოს.
მიუხედავად იმისა, რომ კუბის უშიშროების სამსახური საკმაოდ კარგად ორგანიზებული და მობილური ძალა იყო, მარტო მაინც ვერ შეძლებდა ასეთი რანგის ოპერაციის ჩატარებას თუნდაც იმის გამო, რომ ის საკუთარ თავზე ვერ აიღებდა იმ ტვირთს, რასაც კასტროს მოტყუება ეწოდება, თუნდაც ეს ტყუილი თავად კასტროსვე სასიკეთო ყოფილიყო. ასეთ აქციას „კაგებე“ სჭირდებოდა, სწორედ ამიტომაც ჩავერთეთ საქმეში და ყველაფერი იდეალურად დასრულდა.
„კაგებესთვის“ მსგავსი ერთობლივი აქციების ჩატარება უცხო ხილი არ იყო, მსგავს ოპერაციებში არაერთხელ მაქვს მიღებული მონაწილეობა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ ვიყავით წამყვანები და, რომ იტყვიან, ტონის მიმცემი.
ერთ ზაფხულს, ცოლ-შვილთან ერთად სოჭში ვისვენებდი, როდესაც ლუბიანკაზე გამომიძახეს. შჩუკინის კაბინეტში რომ შევდგი ფეხი, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– საგანგებო საქმე რომ არ იყოს, ოჯახურ იდილიას ნამდვილად არ მოგწყვეტდი. მაგრამ, რას იზამ, ამ საქმეს შენ სჭირდები და ამიტომ გამოგიძახეთ.
– მზად ვარ, გემსახუროთ. გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს და სმენად ვიქეცი.
– „სეკურიტატე“ დახმარებას ითხოვს და ხელი უნდა გავუწოდოთ, – მითხრა შჩუკინმა, – მართალია, რუმინეთი დამოუკიდებელი თამაშის წარმოებას ცდილობს და იქ ჩვენი ჯარი არ დგას, მაგრამ, მაინც სოციალისტურ, ჩვენს მოძმე ქვეყნად ითვლება და უნდა დავეხმაროთ. თანაც, ამ საქმეში პირადი ინტერესიც გვაქვს.
„სეკურიტატე“ რუმინეთის უშიშროების სამსახური იყო და მათ ჩვენი დახმარება ერთი თავიანთი დიპლომატის ციხიდან გამოხსნის საქმეში სჭირდებოდათ, რომელიც ავღანეთში იყო დატყვევებული, გასამართლებული და სიკვდილით უნდა დაესაჯათ.
ვინმე, პირობითად მას კარლი ვუწოდოთ, ქაბულში სამთავრობო მილიციამ იმის გამო დააპატიმრა, რომ ერთ-ერთი ავღანელი მაღალჩინოსნის მეუღლეს ჩადრი მოხადა. ეს კი იქ უდიდეს, სასიკვდილო ცოდვად ითვლებოდა და დიპლომატსაც კი არ აპატიებდნენ. კარლი რანგით საშუალო დონის დიპლომატი იყო და ეს საქციელი არყით მთვრალმა ჩაიდინა, რაც ადგილობრივი კანონებით მკაცრად იკრძალებოდა.
კარლის გამო „სეკურიტატე“ თავს ნამდვილად არ შეიწუხებდა, ის რომ მათთვის საჭირო კაცი არ ყოფილიყო. კარლის გამოხსნით, სწორედ იმის გარკვევა გვინდოდა, თუ რა თამაშს თამაშობდა ის ავღანეთში.
„სეკურიტატეს“ ავღანეთში სამხედრო სპეცოპერაციის ჩატარების არანაირი შანსი არ ჰქონდა და დახმარებისთვის ჩვენ ამიტომ მოგვმართა.
– საოცარია, – ვუთხარი ვიქტორ იაკოვლევიჩს, – როგორც ჩანს, ეგ კარლი რუმინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის გამოხსნაზე არ იჩალიჩებდნენ, მით უმეტეს, ჩვენ არ გვთხოვდნენ ამის გაკეთებას.
– აშკარაა, რომ იმ კრეტინს ეს სიმთვრალით მოუვიდა, ამ რქიან ავღანელებს კი ასეთ რამეებზე ტვინი ეკეტებათ და თხოვნა არ ჭრის, – მითხრა შჩუკინმა, – ჩვენ კი იმ კარლის პიროვნების გაშიფვრა აუცილებლად გვჭირდება. ეჭვი გვაქვს, რომ ეს სუბიექტი ორმაგ თამაშს ეწეოდა და ამ თამაშში ჩვენს ზურგს უკან ჩვენი რუმინელი მაღალჩინოსანი კოლეგებიც მონაწილეობენ. ვფიქრობ, კარლის გამოხსნა იმ მიზნით სურთ, რომ ამ თამაშიდან არ ამოვარდნენ.
– და, რა ჰქვია ამ თამაშს? – ვკითხე შჩუკინს.
– სწორედ ამის გარკვევა მოგიწევს შენ. ამის გამო გამოგიძახეთ სასწრაფოდ სოჭიდან. ერთ საათში ორ რუმინელთან ერთად უნდა გადაფრინდე ქაბულში და მათი სამთავრობო ციხის ჯურღმულიდან გამოიხსნა ის სუბიექტი.
– შემდეგ ამ ორ რუმინელს გავატანო, ხომ? – ღიმილით ვკითხე შჩუკინს, რომელმაც ღიმილითვე მიპასუხა:
– ოფიციალური შეთანხმებით, ასე უნდა მოიქცე, მაგრამ, იმ ორ რუმინელს მოჯაჰედების სამოსში გადაცმული საბჭოთა სპეცნაზი გაიტაცებს და, შემდეგ, რა თქმა უნდა, გამოუშვებენ. შენ კი იმ ვიღაც კარლს ჩვენს კონსპირაციულ ბინაში მიიყვან, კარგად დაამუშავებ, ყველაფერს ბოლომდე გამოწურავ, ამ პროცესს კამერაზე გადაიღებ და კარლს სარდაფში გამოამწყვდევ. შემდეგ კი მოპოვებულ ცნობებს შევაჯერებთ და მოქმედების შემდგომ გზასაც დავსახავთ.
– გასაგებია.
– აბა, შენ იცი, კოკი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა იყოს და შენი დიდი იმედი გვაქვს.
კარლის ციხიდან გამოხსნა მაინცდამაინც არ გაგვჭირვებია და ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა. რუმინელები მოჯაჰედებმა „აჰყარეს“, მე კი ციხიდან გატაცებული კარლისგან შევიტყვე, რომ ის „სეკურიტატეს“ მეკავშირე იყო ავღანელ საველე მეთაურ ბათუ აბუ-ჰალილთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ნარკოდილერი და საბჭოთა სამხედრო ძალების დაუძინებელი მტერი იყო.
ბათუ აბუ-ჰალილი და „სეკურიტატეს“ მაღალჩინოსნები საბჭოთა არმიის ხელმძღვანელობის ზურგსუკან ნარკოტიკების მსხვილ პარტიებს ეზიდებოდნენ და ამ საქმეში მათ ორმაგი აგენტი, საბჭოთა გენერალ-მაიორი ეხმარებოდა, რომლის ვინაობასაც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებთ, რომ მის ახლობლებს ის გმირი ჰგონიათ, სინამდვილეში კი აყვანის დროს შემოგვაკვდა. რაც შეეხება „სეკურიტატეს“, კარლის სიკვდილით დასჯა მათ ერთადერთ მეკავშირეს უკარგავდა და ამით მილიონობით დოლარს უშვებდნენ ხელიდან; ეს – ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, მათ ეშინოდათ, რომ კარლი გუდას მოხსნიდა თავს, ყველა ინფორმაციას დაფქვავდა და რუმინული უშიშროების მაღალჩინოსნებს გაამჟღავნებდა, რაც დიდი დარტყმა იქნებოდა რუმინეთისთვის.
„სეკურიტატე“ ორ ცეცხლშუა იყო და, სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა, დახმარებისთვის მაინც ჩვენ მოგვმართა. ჩვენ კი, არ „ვჭამეთ“, ჩვენი თამაში ჩავატარეთ და, როდესაც კარლის აღიარების კადრები რუმინეთის პრეზიდენტ ნიკოლაუ ჩაუშესკუს მიუვიდა, იმავე ღამეს „სეკურიტატეს“ ოთხმა მაღალჩინოსანმა საკუთარ კაბინეტში მოიკლა თავი. კარლი კი ლუბიანკაზე მივიყვანეთ და მასზე უკვე სხვა პროფილის ჩეკისტები მუშაობდნენ. საბჭოთა სპეცრაზმმა ბათუ აბუ-ჰალილი და მისი დაცვის რვა წევრი ალყაში მოაქცია და ამოხოცა.
ასე დასრულდა რუმინული მხარის თხოვნით ჩატარებული „სეკურიტატესა“ და „კაგებეს“ ერთობლივი ოპერაცია. მოსკოშვი რომ დავბრუნდი, შჩუკინმა მითხრა:
გაგრძელება შემდეგ ნომერში