ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, თუ შეიძლება ძაღლი ჩემთან ერთად ვავარჯიშო და დილაობით ერთად ვირბინოთ? ფიზიკური დატვირთვა მის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ შეუქმნის?
პასუხი: გააჩნია, რომელი ჯიშის ძაღლზეა საუბარი. ფიზიკური დატვირთვა პატარა ტანის ჯიშის ძაღლებისთვის არ შეიძლება, მოზრდილი ჯიშებისთვის კი ფიზიკური დატვირთვა ძალიან კარგია, ისევე როგორც ადამიანისთვის. არის შემთხვევები, როცა ძაღლს მანქანას გამოაბამენ და ისე არბენინებენ, რაც არაფრით არ შეიძლება. ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვისაც ასეთი ვარჯიში ცხოველისთვის კარგი ჰგონია.
კითხვა: ოჯახის წევრებს შორის ყველაზე მეტად ვის შეიძლება ემორჩილებოდეს ძაღლი?
პასუხი: ოჯახის წევრებს შორის ძაღლი გამორჩეულად იმას ემორჩილება, ვინც ყველაზე მეტად უყვარს, ვინც აჭმევს, ასეირნებს, ვინც უფრო მეტ დროს ატარებს მასთან. ძაღლი ვისგანაც მეტ სითბოს გრძნობს, ყოველთვის იმასთან იქნება ახლოს. ანუ, ეს ყველაფერი თვითონ ოჯახის წევრებზეა დამოკიდებული.
კითხვა: მაინტერესებს, რა ასაკში ამთავრებს ზრდას ქართული მთის ძაღლი და რამდენი აქვს მას ნაყარი?
პასუხი: ეს ინდივიდუალურია. როგორც ადამიანებში ხდება ადრეულ ასაკში მომწიფება და დავაჟკაცება ან დაქალება, ისევეა ძაღლებშიც. ინდივიდუალურია თვითონ ნაყოფიერებაც. ზოგი 6-7 ლეკვს ყრის, ზოგი – 8-9-ს, ზოგიც – 12-ს ან 14 ლეკვს. ზრდის დასრულებას რაც შეეხება, შეიძლება, წლინახევრის ასაკში დაასრულოს ზრდა, ან 2 წლის ასაკში – ესეც ინდივიდუალურია.
კითხვა: საჭიროა თუ არა პატარა ტანის ძაღლების პროფესიონალური გაწვრთნა?
პასუხი: პატრონს როგორც მოუხერხდება ისე უნდა გააკეთოს. არიან ძაღლები, რომლებიც წვრთნას ექვემდებარებიან, ან, პირიქით – არ ექვემდებარებიან. ზოგადად კი, ისეთი ძაღლები უნდა მიიყვანოთ მწვრთნელთან, რომელთა გაწვრთნაც აუცილებელია, მაგალითად, მომსახურე ძაღლები.
კითხვა: მყავს 6 წლის მინიატურული პუდელი, რომელმაც ბოლო დროს ხასიათი მკვეთრად შეიცვალა – გაუხეშდა და გაავდა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თუ დედალია, შეიძლება, „გათხოვება“ უნდა; ერთი სიტყვით, ეს ინდივიდუალურია. შესაძლოა, გარემო პირობები ან სახლის აურა არ მოსწონს – ხასიათის შეცვლა ბევრ მიზეზთან არის დაკავშირებული.
კითხვა: აუცილებელია, რომ ძაღლის აცრა ერთი თვის ასაკიდან დავიწყოთ?
პასუხი: ძაღლის აცრა თვე-ნახევრის ასაკიდან არის აუცილებელი; ერთი თვიდან პარაზიტებზე დამუშავება იწყება.
კითხვა: მაინტერესებს, ციკლის დროს რომელ დღეებშია შესაძლებელი ძაღლის დართვა?
პასუხი: ციკლის დროს რეალური შესაჯვარებელი დღეებია მე-9, მე-10, მე-11, მე-12, მე-13 დღეები. ზოგადად კი ეს ინდივიდუალურია, რადგან, ზოგიერთი ძაღლი ადრეულ დღეებში მწიფდება და მზად არის შესაჯვარებლად, მაგალითად, მე-9 დღეს, ზოგი – მე-12 დღეს.