ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემმა ექევერიამ თავისი ფორმა დაკარგა და თითქოს მოიწყინა. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: სინათლის ნაკლებობამ, შესაძლოა, როზეტების გადახსნა და დეფორმაცია გამოიწვიოს. თუ ფოთლები დაურბილდა და მოუჭკნა, ეს იმის ნიშანია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. მორწყვისას ქოთანი რამდენიმე წუთით წყალში ჩადგით და შემდეგ დაწრიტეთ – ასე ფოთლები მშრალი დარჩება და აღარ დაულპება. ზოგ სახეობას ფოთლებზე მოცისფრო-მორუხო ცვილისებრი ფენა აქვს, რომელიც ფოთოლზე ხელის გადასმისთანავე მოსცილდება, ამიტომ, ფრთხილად გაწმინდეთ.
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო ალოე და არის თუ არა ის პრეტენზიული მცენარე?
პასუხი: ალოეს მრავალი სახეობა არსებობს და ყველა იოლი მოსავლელია. მას სინათლე მუდმივად სჭირდება. მზეს იტანს, თუმცა, ზაფხულობით შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. იდეალურია 18-24 გრადუსი. ყვავილობისთვის ზამთარში რამდენიმე კვირით დაახლოებით 10 გრადუსზე დადგით. ზაფხულში მიწა ტენიანი უნდა ჰქონდეს. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი შედარებით იშვიათად მორწყეთ, ოღონდ, მიწას ძალიან ნუ გამოაშრობთ. ამ დროს არც დამატებითი კვება სჭირდება. თუ ალოეს სინათლეს არ მოაკლებთ და ზედმეტ წყალს არ დაუსხამთ, არანაირ პრეტეზიას არ გამოხატავს. ეცადეთ, დადგათ მზიანი ფანჯრის რაფაზე.
კითხვა: რა ზომის იზრდება ანანასი და ხშირად მოვრწყა თუ არა?
პასუხი: ეს ეფექტური მცენარე იმხელა იზრდება, რომ შეიძლება თქვენი ბინა მისთვის ვიწრო აღმოჩნდეს. თუმცა, თუ დიდი ჰოლი გაქვთ, ინტერიერს კარგა ხნით გაგილამაზებთ. ანანასი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, ამიტომ, ზაფხულობით ხშირად მორწყეთ, ზამთრობითაც მიწა ტენიანი უნდა იყოს. რაც უფრო გრილია ზამთარი, ანანასს მით ნაკლები ტენი სჭირდება. ამ მცენარეს დასვენების პერიოდი არ აქვს, ამიტომ, განათებაც მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. მისთვის საუკეთესო პირობებია სითბო, კარგი განათება, საშუალო ტენიანობა და კარგი დრენაჟის მქონე მიწა.
კითხვა: ჩემს ბეგონიას ფოთლები მოულპა. ხომ ვერ ამიხსნით, რამ გამოიწვია?
პასუხი: ალბათ, წყალს ფოთლებზე ასხამდით და ამის შედეგად დაიწყო ლპობა. გახსოვდეთ, თუ მცენარე ქოთანს მთლიანად იკავებს ან ბუსუსებიანი ღეროები აქვს, წყალი პირდაპირ მიწაზე ან ლამბაქზე დაუსხით.
კითხვა: როგორ ან როდის გადავრგო ოთახის მცენარეები?
პასუხი: საერთოდ, მცენარეები ირგვება ადრე გაზაფხულზე: თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თუ ადრე გაზაფხულზე რგავთ, საჭიროა მისი ფესვების შეთხელება და ქვედა ფესვების გადაჭრა, რომ მცენარემ ახალი ცხოვრება დაიწყოს; ასევე, გადარგვის შემდეგ საჭიროა სასუქის მიცემა და მიკროელემენტების მიწოდება. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სასუქები უნდა მიეცეს რაც შეიძლება მცირე რაოდენობით, რომ მცენარემ არ განიცადოს უცაბედი სტრესი და არ დაავადდეს. როდესაც მას გადარგავთ, ეცადეთ, ნიადაგში ჩააყოლოთ ნაცარი ან ნახშირი, რომ გადაჭრილი ფესვებიდან არ დაიწყოს კვდომა.