რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში აირტეკი”, 2.4-ლიტრიანი, ეგრეთ წოდებული, „გედეი” ძრავათი, 2002 წლის. მაინტერესებს, როგორ დამიხასიათებთ ამ ავტომობილს – რა აქვს სუსტი და რა უპირატესობებით სარგებლობს?
პასუხი: ეს არის საკმაოდ კარგი ავტომობილი ყოველდღიური მოხმარებისთვის. კარგი იქნებოდა, მცოდნოდა მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილზეა საუბარი, თუ – ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილზე. მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ რადგან ეს არ ვიცი, ზოგადი ახსნით შემოვიფარგლები. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის „ჯიპი” არ არის და შესაბამისად, არ უნდა გადავტვირთოთ უგზოობის პირობებში მოძრაობით. ეს არის მოდიფიცირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც შეუძლია მცირე უგზოობაზეც და გზის მოულოდნელ უსწორობებზე დაუზიანებლად გადაადგილება. საკმაოდ ხარისხიანი მასალითაა დამზადებული, თუმცა პერიოდულად მაინც გამოაჩენს რაღაც სისუსტეებს. მაგალითად, იოლად ზიანდება სავალი ნაწილის მცირე დეტალები, საჭის მექანიზმი და სიჩქარეების კოლოფი. გადაადგილებისას კარგი სამართავია, მაგრამ უფრო სპორტული ხასიათისაა და ამიტომ უხეშია. ეს თვისება კომფორტს არ ქმნის, მაგრამ მოსახვევებში სისწრაფეს უწყობს ხელს. რაც შეეხება „გედეი” სისტემით აღჭურვილ ძრავას, ის კარგია იაპონიაში, მაგრამ ჩვენთან, ცოტა არ იყოს, ჭირს მასთან ურთიერთობა. ძირითადად, მაინც დაბინძურებული საწვავის ეშინია და არ უყვარს, როცა საწვავი თავდება ან ცოტაა დარჩენილი. პრინციპში, თუ ასეთ პირობებს არ შეუქმნით, დიდხანს, უპრობლემოდ მოგემსახურებათ, თანაც, მეორადებში უკვე საკმაოდ მოიპოვება სათადარიგო ნაწილები.
კითხვა: მაინტერესებს, რა სხვაობაა მეოთხე და მეხუთე თაობის გაზის აპარატურებში? შეიძლება თუ არა, 1999 წლის „ე“ კლასის „240 – მერსედესზე” მეხუთე თაობის გაზის სისტემის დამონტაჟება?
პასუხი: დავიწყებ იმით, რომ დაყენება რა თქმა უნდა, შეიძლება და პირიქით, კარგიცაა თუ მეხუთე თაობას დააყენებთ. გაზის თაობების ცვლაში რომ კარგად გაერკვეთ, დავიწყებ თავიდან: პირველი თაობა გამოიგონეს იტალიელებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდებოდა სხვა საწვავი და ის შემდეგი პრინციპით მუშაობდა: გაზი ჩაედინებოდა მიმღებ კოლექტორში ერთი ცენტრალური მილით, ხოლო დოზირებას აკონტროლებდა ვაკუუმზე მიერთებული მექანიკური მოწყობილობა. მეორე თაობა: გაზი ჩაედინება ისევ ცენტრალური მილით, ოღონდ დოზირება კონტროლდება ელექტრონულად – ლამდა სენსორიდან, გაზის პედალის სენსორიდან და ძრავას ბრუნების ამთვლელიდან მიღებული სიგნალით. მესამე თაობა: გაზი ჩაედინება უკვე დანაწევრებული მილებით თითოეულ ცილინდრთან ცალ-ცალკე ჩამავალ კოლექტორში, ხოლო დოზირება განისაზღვრება ელექტრონულად, როგორც მეორე თაობაში. მეოთხე თაობა: გაზი ჩაედინება თითოეული ცილინდრთან ცალ-ცალკე ჩამავალ კოლექტორში სპეციალური ინჟექტორის მეშვეობით, ხოლო დოზირება განისაზღვრება უკვე სპეციალური კომპიუტერით, რომელიც მიერთებულია ავტომობილის კომპიუტერს. მეხუთე თაობა: გაზი ჩაედინება თითოეულ ცილინდრთან ცალ-ცალკე ჩამავალ კოლექტორში, სპეციალური ინჟექტორის მეშვეობით. აგრეთვე, ხდება ცენტრალურ კოლექტორში მისი მიწოდება აორთქლებული ნაზავის სახით უკეთესი სიმძლავრის მისაღებად. დოზირება განისაზღვრება სპეციალური კომპიუტერით, რომელიც მიერთებულია ავტომობილის კომპიუტერს და თითქმის აღარ ჩამოუვარდება მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ძრავას.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე” 325I, ეგრეთ წოდებული, „ხულიგანკა”. ამ ავტომობილზე ძალიან ხშირად მიწყდება კარდანის ელასტიკური და ხომ ვერ მეტყვით, რა ვუშველო. რა თქმა უნდა, ეს მაშინ ხდება, როცა „ვაბუქსავებ”, დიდი გაზით ვიღებ სტარტს.
პასუხი: მთავარია, ავტომობილით ისე იაროთ, რომ მას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. მკვეთრად არ უნდა მოწყვიტოთ ადგილიდან, ანუ ცივად ნუ დაძრავთ. შემყვანი მოძრაობით, თხლად აუშვით მოდებას ფეხი. ამასთან ერთად, კარგი, ხარისხიანი ელასტიკური იყიდეთ. შეიძლება, მთელი ცხოვრება ავტომობილს „ბუქსაობით” ძრავდე და ელასტიკური არ გაიხეს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ბეემვე ე 316i” M43, 1996 წლის. რაც ვიყიდე მას შემდეგ რადიატორის პრობლემა ჰქონდა. ამის გამო შევცვალე რადიატორიც და თერმოსტატიც. ახლა ორი თვეა, წყლის დონეს ვაკვირდები, სითბოში ნორმალურად არის. წყლის დონე ნორმას მიჩვენებს, მაგრამ აცივდება თუ არა, რადიატორის დონე ერთი დანაყოფით იკლებს. კონდესანტის ბრალი ხომ არ არის? მილიგრამებზეა საუბარი. სითბოში გრამ წყალს არ იკლებს და ამ რამდენიმე დღის წინ, როგორც კი აცივდა, მაშინვე დაიკლო. ახლა ისევ შევავსე და ისევ ხაზზე დავაყენე. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? არც წყალს მიდუღებს, არც არასდროს აუდუღებია და ყველაფერი გამართულად მუშაობს. ზეთიც კარგი ფერისაა. როდესაც ვიკითხე, მითხრეს, არაფერია, ღუმლიდან კონდესანტის გამოყოფა ხდება და იმიტომ იკლებსო. იქნებ მითხრათ, რა პრობლემაა და გააფუჭებს თუ არა ეს რამეს?
პასუხი: პრობლემა ისაა, რომ სადღაც, უკანა მხრიდან სისტემას წყალი გასდის. კონკრეტულად, ეს ღუმლის უკანა ონკანთან ხდება, უკანა მხარეს განთავსებულ წვრილ მილებს ან ღუმლის რადიატორს გასდის. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დონე უმნიშვნელოდ იკლებს, შეიძლება, ვერც ნახოთ გამოჟონილი წვეთები. ის ისე აორთქლდება, რომ არც ჩამოიწვეთება. თუ კარგად დააკვირდებით და მილებს დეტალურად გაყვებით, აუცილებლად იპოვით კვალს და მიაგნებთ პრობლემის ადგილს. ყველაზე ცუდია, თუ სალონში გასდის, მაშინ ტორპედოს მოხსნა მოგიწევთ, რათა კვალს მიაგნოთ. დააკვირდით ღუმლის ჩართვისას, წინა საქარე მინა უჩვეულოდ თუ ორთქლდება, ეს მიანიშნებს, რომ გაჟონვა ხდება ღუმლის რადიატორის ზონაში. ზონაში იმიტომ, რომ შესაძლოა, წყალი უშუალოდ ღუმლის რადიატორთან გადაბმაში ჟონავდეს. ზოგადად, ასეთი რამ არცთუ ისე იშვიათია და ზამთრის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს, როცა ღუმელს ინტენსიურად ვრთავთ.