კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაუსწორდა ქმარი ცოლს ძველი სიყვარულის გამო და რატომ დაჭრა მან საკუთარ ბინაში ორი მამაკაცი

წარსულში ორჯერ ნასამართლევმა  41 წლის ვახტანგ მ-შვილმა  პირველი სასჯელი არასრულწლოვანმა, ქურდობის გამო მოიხადა; მეორედ რამდენიმე წლის შემდეგ მძიმე დანაშაულის – პოლიციელის დაჭრისთვის  გაასამართლეს და ციხეში 8 წელი გაატარა, ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ორი წელი  უზბეკეთში ცხოვრობდა, მერე კი თბილისში  დაბრუნდა და შეურიგდა ცოლს, რომელსაც პატიმრობის პერიოდში გაშორდა.   

ოპერატიული ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, რომელიც ვახტანგ მ-შვილის ბინაში მოხდა, სამართალდამცველებს მეზობლებმა შეატყობინეს.  მათ განაცხადეს, რომ ბინიდან ხმაური და ქალების განწირული კივილი ისმოდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვახტანგ მ-შვილის ბინაში, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა, სამი დაზარალებული დახვდათ – ორი მამაკაციდან  ერთ-ერთს  ბლაგვი საგნის დარტყმით თავი ჰქონდა გახეთქილი, მეორეს კი ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.  ბინაში,  ასევე, იყო ორი ქალბატონი, რომელთაგან ერთ-ერთი,  ვახტანგ მ-შვილის მეუღლე, ელზა მ-ძე, ქმრის მიერ იყო ნაცემი. დაზიანებების გარეშე გადარჩენილი იყო მხოლოდ ელზა მ-ძის მეგობარი – ხათუნა ლ-ია შვილებთან ერთად. მამაკაცი, ვინც, სავარაუდოდ, სამ ადამიანს მიაყენა სხეულის დაზიანებები,  ინციდენტიდან რამდენიმე წუთში გაუჩინარებულიყო ბინიდან, თუმცა, სამართალდამცველებმა მისი დაკავება რამდენიმე საათში შეძლეს. დაზარალებულები საავადმყოფოში მოათავსეს. ქალს ტვინის შერყევა და სხვადასხვა ხარისხის დაჟეჟილობა აღმოაჩნდა; საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღმოაჩნდა თავგატეხილ მამაკაცსაც,  38 წლის გოჩა კ-შვილს კი აღენიშნებოდა შემავალი ჭრილობა ფილტვის არეში და მას  ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.  

  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. ვახტანგ მ-შვილმა განაცხადა, რომ ის  სტუმრებმა გაძარცვეს და დანაშაულიც ამ ფაქტით  შეურაცხყოფილმა ჩაიდინა.  პირველი ჩვენების დროს ეჭვმიტანილმა აღნიშნა, რომ საკუთარი თვალით  დაინახა,  როგორ მოიპარა მისმა სტუმარმა კარადის თაროზე დაწყობილი სამკაულები, რაც მათი დაპირისპირებისა და კონფლიქტის მიზეზი გახდა.  მოგვიანებით ეს სამკაულები სამართალდამცველებმა მართლაც აღმოაჩინეს დაჭრილი მამაკაცის – გოჩა კ-შვილის ქურთუკის ჯიბეში,  თუმცა,  საიდან გაჩნდა ოჯახის დიასახლისის კუთვნილი სამკაულები, გოჩა კ-შვილის ქურთუკში, ამაზე  პასუხი  ინციდენტში მონაწილე არც ერთ პირს არ ჰქონდა; უფრო მეტიც, მათი განცხადებით, გოჩა კ-შვილი  ოთახიდან, სადაც სუფრა იყო გაშლილი  საერთოდ არ გასულა. მოგვიანებით იგივე დაადასტურა თავად გოჩა კ-შვილმაც – და განაცხადა, რომ ოქროს სამკაულების მოპარვასთან კავშირი არ ჰქონდა. იმავეს ამტკიცებდა თავად ელზა მ-ძეც. კითხვაზე, თუ რატომ  დაუწყო ცემა ვახტანგ მ-შვილმა მეუღლეს, პასუხი საკმაოდ უცნაური აღმოჩნდა: სტუმარს ძალიან გაუშინაურდა და, როცა ის ქურდობის ფაქტზე ვამხილე, ჩხუბში მისი მხარე   დაიჭირა,  ამაზე ძალიან გავბრაზდი და  ჯავრი ჩემს ცოლზე ვიყარე, ბიჭები ხომ მისი ახლობლები იყვნენო. 

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ვახტანგ მ-შვილს დაზარალებულ მამაკაცებთან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. კობა ქ-ური ელზა მ-ძის  თანასოფლელი იყო, ის ქალს ნათესავადაც ეკუთვნოდა, შესაბამისად,  მათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. რაც შეეხება ვახტანგ მ-შვილის ოჯახის  მეორე სტუმარს, გოჩა კ-შვილს, ის  ელზას თანაკლასელი იყო, ოჯახში კობა ქ-ურმა მიიყვანა და ვახტანგ მ-შვილი ახლოს არ იცნობდა. ინციდენტის ერთ-ერთმა თვითმხილველმა და მონაწილემ, ელზა მ-ძის მეგობარმა, ხათუნა ლ-იამ, დაკითხვის დროს განაცხადა, რომ  კონფლიქტი მეგობრის ბინაში თავად მისმა მეუღლემ, ვახტანგ მ-შვილმა წამოიწყო. 

ამონაწერი ხათუნა ლ-იას ჩვენებიდან:  „ვახტანგს ძალიან ცუდი ხასიათი აქვს, მით უმეტეს – სიმთვრალეში. ელზას სულ ეშინოდა ხოლმე როცა ვახტანგი სვამდა. ჰალუცინაციები ეწყებოდა, ეჭვიანობდა და ცოლსაც ხშირად სცემდა. იმ   დღეს ელზამ    დამირეკა და მითხრა: ვახტანგმა  კობა  დაპატიჟა სტუმრად და, იქნებ, შენც მოხვიდეო. ორი ბავშვი მყავს, ვერავის დავუტოვე და სტუმრად მათთან ერთად  წავედი.  კობას თან გოჩაც  მოჰყვა, რომელსაც მეც კარგად ვიცნობდი.  კობა ვახტანგის პატიმრობის წლებში ელზას ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად და ამის მომსწრე მეც ბევრჯერ გავმხდარვარ. როცა სუფრასთან დავსხედით, ვახტანგმა თავიდანვე აითვალწუნა  სტუმრები,  გადაკვრით ხან რა უთხრა, ხან – რა. სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, მაგრამ, კობა ცდილობდა, ვახტანგს არ აჰყოლოდა, რადგან, მიხვდა, რომ მასპინძელი ნასვამი იყო და აშკარად შარს ეძებდა. ორი საათიც არ იყო გასული, ვახტანგი სასმლის მოსატანად წავიდა. ბიჭებმა უთხრეს, უნდა წავიდეთ და აღარ არის საჭიროო, მაგრამ, ვახტანგი რამეს რომ აიჩემებს, ვერ გადაათქმევინებ. სახლში რომ  დაბრუნდა, უფრო მეტად აგრესიული იყო. ცოტა ხანში ოთახიდან გავიდა, არ ვიცი, სად და  რა გააკეთა. იმ დროს ელზა სამზარეულოში იყო გასული, გოჩაც იქვე მასთან ახლოს იდგა და ხუმრობდნენ. უცებ ვახტანგის   ყვირილი გავიგე, გოჩას  უთხრა, შენ სახლში შემოსაშვები კაცი არ ხარო და სახეში დაარტყა. ჩვენ ოთახში შევცვივდით.  მახსოვს, ვახტანგი იგინებოდა და  ყვიროდა:  ქურდებო, ქურდებოო, მაგრამ, მე  ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა მისი ნათქვამი. ჯერ კობას  დაარტყა თავში რაღაც რკინა და ოთახიდან გავარდა. როცა შემობრუნდა   ხელში იარაღი დავუნახე და კივილი ავტეხე, მერე გასროლაც გავიგონე. რა ხდებოდა იმ პატარა ოთახში, ვერც კი აღვწერ. მერე ელზას მივარდა, ჯერ იარაღის ტარი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ძირს დავარდნილ ქალს წიხლებით ცემა დაუწყო. უმოწყალოდ ურტყამდა. ხმაურზე მეზობლები შემოცვივდნენ. ამ არეულობაში ვახტანგი ბინიდან  გაიქცა.  მალე პოლიციაც მოვიდა და სასწრაფოც.   ორივე მეზობლებს ჰყავდათ გამოძახებული.”

  დაკავებულმა ვახტანგ მ-შვილმა დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დანაშაული აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა. მოგვიანებით მან აღიარა, რომ ოქროს სამკაულები თავად ჩაუწყო ქურთუკში სტუმარს, რათა ისინი  ძარცვასა და  ქურდობაში  დაედანაშაულებინა, სტუმრებზე თავდასხმის რეალური  მიზეზი კი ეჭვიანობა იყო.    

ამონაწერი  დაკავებულის  ჩვენებიდან: „კობა ქ-ურს დიდი ხანია ვიცნობ, ჩემი ცოლის თანასოფლელი და შორეული ნათესავია. ჩვენს ოჯახში ბევრჯერ  არის ნამყოფი და ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.   წლები იყო, რაც არ მენახა. დამირეკა, თბილისში ვარო და მეც  სახლში დავპატიჟე. მარტო არ მოსულა, მას ახლდა გოჩა კ-შვილი, რომელიც, ასევე, ჩემი მეუღლის სოფლიდანაა და ადრე რამდენჯერმე მყავდა ნანახი.  როდესაც სტუმრები მოვიდნენ, ჩვენს სახლში იმყოფებოდა ჩემი მეუღლის მეგობარი ორ ბავშვთან ერთად. სუფრა გავშალეთ, კობას თანმხლები მამაკაცი ძალიან დათვრა და მისი საქციელი არ მომეწონა. ცოტა ხანში სასმელი შემოგველია და მაღაზიაში ჩავედი, ქუჩაში მეზობელი შემხვდა და ცოტა ხანს მასთან შევყოვნდი. სახლში დაახლოებით 15 წუთი დამაგვიანდა შესვლა. მაგიდასთან  კობა  და ჩემი ცოლის მეგობარი ისხდნენ, ელზა კი სტუმარს სამზარეულოში ელაპარაკებოდა. ეს არ მომეწონა, მეც ნასვამი ვიყავი, გოჩას  ვუთხარი, სუფრასთან დაჯექი-მეთქი. მიპასუხა: დალევა აღარ მინდა  და ცოტა ხანს აქ ვიქნებიო.  გამახსენდა წლების  წინ გაგონილი ამბავი, რომ ელზა თავის თანაკლასელს უყვარდა. მთვრალმა ვიეჭვე, რომ გოჩა სწორედ ის მამაკაცი იყო, თუმცა, ხმამაღლა  არაფერი მითქვამს. ეჭვიანობამ გონება დამიბნელა, წარმოვიდგინე, რომ ჩემს ცოლს ორივე სტუმართან ჰქონდა ინტიმური კავშირი, რაზეც ადრეც მიეჭვიანია.  ოთახიდან გავედი. ვიცოდი, სადაც ეწყო ჩემი ცოლის სამკაულები, ავიღე და გოჩას ქურთუკში ჩავუწყვე – ამით ქურდობის ინსცენირება მინდოდა, სინამდვილეში კი ეჭვიანობამ დამიბნელა გონება, მაგრამ, არ მინდოდა, რომ ეს შემმჩნეოდა. ოთახში შებრუნებულმა გოჩას  ვუთხარი: შენ  ოჯახში შემოსაშვები კაცი არ ხარ, ქურდობა როგორ იკადრე-მეთქი და ხელი დავარტყი. ჩემი ცოლი შუაში ჩაგვიდგა. ჩხუბზე კობაც გამოვიდა და ჩვენს  გაშველებას შეეცადა.  იქვე მაგიდაზე  ხორცის  დასაბეგვი რკინის ჩაქუჩი დავინახე,  ხელი წამოვავლე და კობას თავში ჩავარტყი.  კობა ძირს დავარდა, მეგობარი მიეშველა.  მე გავედი მეორე ოთახში,  სადაც  იარაღი მქონდა დამალული – გადაჭრილი თოფი იყო, გამოვიტანე და  ჩვენს სტუმარს, რომელიც კობას წამოდგომაში ეხმარებოდა, ვესროლე.  სროლას ქალების კივილი მოჰყვა, მერე ქალები მომცვივდნენ და იარაღის წართმევა სცადეს, რა დროსაც ჩემს ცოლს რამდენჯერმე იარაღის ტარი ჩავარტი,  ძირს დავარდნილს კი ფეხით დავუწყე ცემა. აღელვებული ვიყავი, არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. გონზე ბავშვების ტირილმა და ქალების კივილმა  მომიყვანა. უცებ მეზობლების ხმაური  გავიგე – ისინი ჩემს სახლშიც შემოსულიყვნენ.   მივხვდი, რომ პოლიციას გამოუძახებდნენ და ბინიდან   გავიქეცი”.            

  სასამართლო პროცესზე, ისევე, როგორც პირველი დაკითხვისას, ელზა მ-ძემ ქმრის საწინააღმდეგო  ჩვენება მისცა, ის ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხდა, რომ მისი სტუმრები უდანაშაულონი იყვნენ. 

„ვახტანგი ციხიდან გამოსვლის შემდეგ უფრო  ეჭვიანი გახდა,  ხშირად მცემდა და ყველა მამაკაცზე ეჭვიანობდა, ვისაც კი ჩემს სიახლოვეს დაინახავდა“. – განაცხადა მან ჩვენების დროს – „კობა ჩემი ნათესავი იყო და მასზეც კი ეჭვიანობდა. ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის: რატომ გეხმარება, თუ მასთან არაფერი გაკავშირებსო? ვახტანგთან გაშორება მინდოდა, მაგრამ, მის სახლში ვცხოვრობდი, სხვა ბინა არ მქონდა, ვერსად წავიდოდი და ამიტომაც ვიტანდი მის ცუდ ხასიათს. იმ დღეს, რატომღაც, გოჩა  ამოიჩემა. მე მეორე ოთახში გამიყვანა და მასთან ინტიმურ კავშირში დამდო ბრალი. არაფრის მტკიცება არ დამიწყია, ისევ სტუმრებთან დავბრუნდი.  ნასვამს  ჰალუცინაციები ხშირად ემართებოდა,  მაგრამ,  არ ვიცი, რატომ მოიფიქრა, რომ გოჩასთვის ქურდობაც  დაებრალებინა. გოჩას,  რომც  სდომებოდა, ვერ   მიაგნებდა ჩემს სამკაულს, რომლებიც მე საძინებელ ოთახში მქონდა შენახული...”  ცოლის მიერ მიცემულ ჩვენებას ბრალდებულის მხრიდან  კიდევ უფრო მეტი აგრესია მოჰყვა: არაფერი არ მომჩვენებია, მართლა მღალატობო – განუცხადა ცოლს სასამართლო პროცესზე. სასამართლომ არ გაითვალისწინა სამი ადამინის  სხეულის დაზიანებაში ბრალდებული  მამაკაცის  ეჭვიანობა, როგორც  შემამსუბუქებელი გარემოება და, ჩადენილი დანაშაულისთვის, ასევე, იარაღის უკანონოდ  შენახვა-ტარების ბრალდებით, რასაც კიდევ ერთი – ადრე  ჩადენილი  დანაშაულებრივი ეპიზოდის გახსნა მოჰყვა,  მას სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა  მიუსაჯა.    

скачать dle 11.3