კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დახვრიტეს ცნობილი საბჭოთა მეცნიერ-ფიზიკოსი

 

თათბირი „მურში“

მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვიქტორ მატვეევი ოპერატიულ თათბირს ატარებდა, რომელსაც ყველა განყოფილების უფროსი ესწრებოდა. თათბირზე ერთადერთი განსახილველი საკითხი იდგა და ის  ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მოსკოვში ჩადენილ ბინის ქურდობებს ეხებოდა. მსგავსი დანაშაული მოსკოვში ყოველდღე ხდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქმე ეხებოდა საყოველთაოდ ცნობილ, მდიდარ პიროვნებებს. სწორედ მათ ბინებს ქურდავდა ჯერჯერობით უცნობი ბოროტმოქმედი და თან, ისეთი ოსტატობით აკეთებდა ამას, რომ ოპერმუშაკებმა მოუხელთებელი უწოდეს. ქურდი არც არავის ენახა და არც რაიმე მნიშვნელოვან კვალს ტოვებდა დანაშაულის ადგილზე. თუმცა, მილიციამ დანამდვილებით იცოდა, რომ მოუხელთებელი მარტოხელა კრიმინალი იყო და მის მიერ ჩადენილი 12 ქურდობის შედეგად, მოქალაქეებმა 240 ათასი მანეთით იზარალეს. დაზარალებულთა შორის სხვადასხვა კატეგორიის ხალხი აღმოჩნდა. საერთო ჰქონდათ ის, რომ ცნობილები და შეძლებულები იყვნენ.  სწორედ ამის გამო შეკრიბა მატვეევმა თითქმის მთელი „მური“ და განაცხადა:

– ამის ატანა აღარ შეიძლება. დანაშაულის ხარისხსა და სიხშირეზე რომ არაფერი ვთქვათ, საქმე მუნდირის ღირსებას ეხება და ამ საქმით  პირადად ჩვენი მინისტრია დაინტერესებული. მას ყოველდღე ურეკავენ და ქურდის შეპყრობას სთხოვენ. აქ კი იმიტომ მოგიწვიეთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა გააძლიეროს მუშაობა და ის მოუხელთებელი ერთობლივი ძალებით შევიპყროთ.

მატვეევმა კიდევ ათიოდე წუთი ილაპარაკა და თათბირი დახურულად გამოაცხადა. სამუშაოს დაუბრუნდა 34 წლის მაიორი ავთანდილ ჭელიძე, რომელიც ქურდობების განყოფილების უფროსის მოადგილე იყო და თათბირს შვებულებაში მყოფი უფროსის მაგივრად ესწრებოდა.

 

მკვლელობა

უზარმაზარი მუხის კარი უხმაუროდ გაიღო და საშუალოზე ოდნავ მაღალი ახალგაზრდა ბინაში ფეხაკრეფით შევიდა. ამ დროს კედლის საათმა ორჯერ დარეკა, რაც ნიშნავდა, რომ ღამის 2 საათი შესრულდა.  ახალმოსულს სპეციალური, ჯიბეებიანი ჟილეტი ეცვა, რომელსაც შავი სპორტული მოსაცმლის ქვეშ მალავდა. მან მწვანე ფანარი აანთო და ჩაბნელებული ბინის თვალიერებას შეუდგა. მერე ძველებურ კარადას მიუახლოვდა, ფანარი მიანათა, რეზინის ხელთათმანები ჩაიცვა, კარი გამოაღო და ძვირფასეულობა და ფული ჟილეტის ჯიბეებში ჩაილაგა. ბოლოს ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებული, მეთვრამეტე საუკუნის ჯიბის საათიც ჩაიდო, ქურქი შეიკრა, ფანარი ჩააქრო და ფეხაკრეფით გაემართა კარისკენ. მაგრამ, უცებ შედგა, მიაყურადა და უკან დაიხია. მერე კი ორადგილიანი საწოლის ქვეშ შეძვრა, რადგან ბინაში ვიღაც შემოვიდა. საწოლის ქვეშ გასუსულ ქურდს ჯერ ბუნდოვნად ესმოდა ხმები, მერე კი მკაფიოდ გაარკვია, რომ ბინაში ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი შემოვიდა. წყვილმა ხვევნა-კოცნა დაიწყო და იმ საწოლზე მიეცნენ ვნებას, რომლის ქვეშაც ქურდი იმალებოდა. გული რომ იჯერეს, მამაკაცმა ქალს რაღაც საბანკო ანგარიშზე დაუწყო ლაპარაკი და ნომრის დასახელებას სთხოვდა. ქალი უარზე იყო. ბოლოს ჩხუბი მოუვიდათ და მამაკაცმა ქალს ცემა დაუწყო, თან, დაჟინებით სთხოვდა საბანკო ანგარიშის ნომრის დასახელებას... ყველაფერი ქალის მკვლელობით დასრულდა. მართალია, ქურდი, ვერ ხედავდა ჩხუბს, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და იმასაც მიხვდა, თუ როგორ შემოაკვდა კაცს ქალი. მკვლელმა პარტნიორს ჩხუბის დროს საფეთქელი საწოლის კუთხეზე ჩამოარტყმევინა.

– მოკვდა ეს ძუკნა, მაგრამ საბანკო ანგარიშის ნომერი მაინც ვერ დავაცდენინე... – კბილებში გამოსცრა მამაკაცმა და ფეხაკრეფით გავიდა ბინიდან.

ათიოდე წუთის შემდეგ, საწოლის ქვეშიდან ქურდიც გამოძვრა და მოკლულ ქალს დახედა. გვამი პირქვე ეგდო. შემდეგ მანაც ფეხაკრეფით დატოვა იქაურობა. კაცი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა ღამის მოსკოვის გაჩახჩახებულ ქუჩებში. ერთი კილომეტრი რომ გაიარა, ტელეფონ-ავტომატთან შეჩერდა, მილიციის ნომერი აკრიფა და შეცვლილი ბოხი ხმით უთხრა:

– გაცნობებთ, რომ სანაპიროს სახლის ¹10 ბინაში მოკლული ქალის გვამია. მე ის ბინა გავქურდე და დანაშაულს შემთხვევით შევესწარი.

ქურდმა ყურმილი დაკიდა. შემდეგ კიდევ ორასიოდე მეტრი გაიარა და სიბნელეში გაუჩინარდა.

 

მოუხელთებელი ქურდი

მატვეევის თათბირიდან გამოსულმა ავთანდილ ჭელიძემ მოუხელთებელი ქურდის შეპყრობის გეგმა შეიმუშავა. აღნიშნული საქმეების ანალიზმა ცხადყო, რომ ქურდი ზეინკალი იყო. ამის დასკვნის საფუძველს ექსპერტიზა იძლეოდა, რომელმაც დაადგინა, რომ ყველა გაქურდული ბინა არა „ატმიჩკით“, არამედ გასაღებით იყო გაღებული. გასაღები კი, სავარაუდოთ, საკეტის ანაბეჭდით დამზადდა. მსგავსი რამის გაკეთება მხოლოდ ზეინკალს შეეძლო. გასაღებების ყველა ხელოსანი სპეციალურ აღრიცხვაზე იყო აყვანილი. ჭელიძემ შემოწმება დაიწყო, რაც ურთულესი საქმე იყო. მოსკოვში ათასობით ზეინკალი ცხოვრობდა და მათი შემოწმება დიდ დროს მოითხოვდა. გარდა ამისა, ქურდი ზეინკალი შეიძლება, სულაც, ჩამოსული ყოფილიყო, რაც მისი აღმოჩენის შანსს ამცირებდა. მიუხედავად ამისა, ჭელიძის ოპერჯგუფმა ბოლო ქურდობიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ, მოსკოვის 132-ე სასწავლებლის სტუდენტი, 18 წლის ტანწერწეტა გოგონა, რიტა მალცევა დააპატიმრა. მალცევა „საზეინკლოზე“ სწავლობდა და როგორც მასწავლებლები ახასიათებდნენ, ოქროს ხელები ჰქონდა. გოგონაზე გასვლა ოპერმუშაკებმა ჭელიძის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით შეძლეს. ჭელიძე ვარაუდობდა, რომ ქურდი, შესაძლოა, ქალი ყოფილიყო. რიტა მალცევა კი მოსკოვში ერთადერთი ზეინკალი ქალი აღმოჩნდა, მილიციელებს გაუმართლათ. გოგონამ აღიარა, რომ სწორედ მან დარეკა ქუჩიდან მილიციაში დაბოხებული ხმით და მორიგეს მკვლელობის ამბავი შეატყობინა. მკვლელობა პროფესორ ლეონიდ ლენსკის ბინაში მოხდა. მოკლული მისი 30 წლის მეუღლე გახლდათ. თავად ლენსკი ამ დროს სამეცნიერო მივლინებაში იმყოფებოდა კანადაში. 41 წლის ლენსკი ფიზიკოსი იყო და ხელი მიუწვდებოდა საიდუმლო პროექტებზე თავდაცვის სფეროში. ამ საქმეს თავიდანვე „კაგებე“ იძიებდა, თუმცა ვერ გაეგოთ მკვლელობის მოტივი. მაგრამ, რიტას დაკავებამ და მისმა ჩვენებამ, თითქმის ნათელი მოჰფინა ყველაფერს და უშიშროებას ეჭვი გაუჩნდა, რომ ლენსკი სამხედრო საიდუმლოებებს ჰყიდდა უცხოეთში. ამისთვის კი მას ფულს საიდუმლო ანგარიშზე ურიცხავდნენ. რის შესახებაც პროფესორის ცოლმა იცოდა და საყვარელსაც ამიტომ შემოაკვდა.

„კაგებემ“ ამ ვერსიაზე მუშაობა გააძლიერა და მოკლული ქალის საყვარლის ძებნას შეუდგნენ.

 

მკვლელი

მიუხედავად იმისა, რომ პროფესორი ლენსკის მეუღლის, ანა ზორმანის მკვლელობას „კაგებე“ იძიებდა, მათ ჭელიძის დახმარებაზე უარი არ თქვეს და ქართველი მაიორიც ჩართეს ამ საქმეში. გამოძიებას კონტრდაზვერვაც აწარმოებდა და „ჩეკისტებმა“ ლენსკის ფარული თვალთვალი დაუწესეს. ის კანადიდან დროზე ადრე დაბრუნდა, რომ მეუღლის დაკრძალვაში მიეღო მონაწილეობა. ჭელიძემ და მისმა კოლეგებმა ტოტალური სამუშაო ჩაატარეს. მათ ერთ კვირაში 30 წლის ვიტალი ზორმანი დააპატიმრეს და მას ანა ზორმანის მკვლელობაში დასდეს ბრალი. ვიტალი ზორმანი მოკლული ანა ზორმანის შორეული ნათესავი და საყვარელი იყო. მისი ბრალეულობის დამტკიცება კი მოკლულის საშოდან აღებული სპერმისა და ვიტალი ზორმანის სპერმის იდენტიფიკაციის შედეგად მოხდა. ამის შემდეგ თავად ვიტალი ზორმანმაც აღიარა ბრალი და ჭელიძეს უთხრა:

– ანას ძალიან ვუყვარდი და ყველაფერს მიყვებოდა. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ მის ქმარს, თურმე, შვეიცარიის ბანკში საიდუმლო ანგარიში ჰქონია. ანას ეს ქმარმა უამბო, რაც იმით ახსნა, რომ თითქოს მას ნათესავებმა მემკვიდრეობა დაუტოვეს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ლენსკი სახელმწიფო საიდუმლოებებს ყიდის და ფულს სწორედ ამაში უხდიან.

– ქალი რატომ მოკალი?

– შემომაკვდა. მე იმ საბანკო ანგარიშის გაგება მინდოდა და ჩხუბის დროს საფეთქელი საწოლის კუთხეს დაარტყა, – თქვა ზორმანმა და ქვითინი განაგრძო, – მე ეს არ მინდოდა, ანა მიყვარდა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა და ნუთუ დამხვრეტენ?

– გააჩნია, როგორ მოიქცევით.

ზორმანს თვალები გაუბრწყინდა და ჭელიძეს მიუგო:

– რასაც დამავალებთ, ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ სიცოცხლე შემინარჩუნეთ.

– კეთილი, თავი დააქნია ჭელიძემ, – არ დაგხვრეტთ და დროებით გაგიშვებთ კიდეც, მაგრამ ლენსკისგან საბანკო ანგარიშის ნომერი უნდა შეიტყოთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, რადგან ლენსკის ცოლი მოუკალით და რა იცით, რა ჭკუაზე დადგება, ამას რომ შეიტყობს.

ვიტალი ზორმანი გაათავისუფლეს და ფარული თვალთვალი დაუწესეს, რომ არ მიმალულიყო. ამით „კაგებემ“ ოპერაცია „ვა-ბანკი“ დაიწყო...

 

ოპერაცია „ვა-ბანკი“

ჩეკისტებს ლენსკის პირდაპირ დაპატიმრებაც შეეძლოთ, მაგრამ ეს იმიტომ არ გააკეთეს, რომ ლენსკი საქვეყნოდ ცნობილი პროფესორი იყო და დანაშაული რომ ეღიარებინა, ყველაფერი ჩაიშლებოდა. ასეთ შემთხვევაში „კაგებე“ და სახელმწიფო წაგებული დარჩებოდა. ამიტომ, ჩეკისტებმა ზორმანის გამოყენება ამჯობინეს, თუმცა არც ეს იყო სრულყოფილი ვარიანტი და სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ოპერაციას „ვა-ბანკი“.

ზორმანი მეორე დღესვე ეწვია პროფესორს და ანასთან მისი ურთიერთობის შესახებ გაუმხილა. ბოლოს კი უთხრა:

– ანამ მითხრა, რომ უცხოეთში დიდძალი ქონება დაგიტოვეს ნათესავებმა, რომელსაც შვეიცარიის ბანკში ინახავ. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ფული შენ საბჭოთა კავშირის ღალატისთვის მიიღე.

ამ სიტყვების გაგონებაზე ლენსკიმ საოცარი სიმშვიდით მიუგო ზორმანს:

– ყველაფერი ნათელია. ანა შენ მოკალი და ალბათ, იმიტომ, რომ საბანკო ანგარიში შეგეტყო.

– მართალი ხარ, – თქვა ზორმანმა.

– კეთილი. მე შენ თანხის მეათედს მოგცემ. ეს კი 180 ათასი დოლარია, გაწყობს? – ჰკითხა ლენსკიმ ზორმანს და სანამ ის რამეს ეტყოდა, თავზე კონიაკის ბოთლი გადაამტვრია და გათიშა. თუმცა, ამით არ დაკმაყოფილდა და ყელიც გამოჭრა.

მთელ ამ სცენას „კაგებეს“ ოპერჯგუფი ისმენდა, რომელიც ქუჩაში იყო განლაგებული. ყველანი ზორმანის მისაშველებლად გაიქცნენ, მაგრამ, ბინაში რომ შეიჭრნენ, ზორმანი უკვე მკვდარი იყო, ლენსკი კი – გაქცეული.

მოღალატე პროფესორი, რომელიც საბჭოთა სამხედრო საიდუმლოებებს ჰყიდდა, ორი დღის შემდეგ ლენინგრადში დააპატიმრეს. ლენსკი პირადად ჭელიძემ იმ დროს აიყვანა, როცა საწამლავის დალევას და თავის მოკვლას აპირებდა. ლენსკი გაასამართლეს და დახვრიტეს. მანამდე კი, შვეიცარიის ბანკიდან მილიონ 800 ათასი დოლარი „კაგებემ“ წამოიღო.

რიტა მალცევას ქურდობისთვის 5 წელი მიუსაჯეს, თუმცა 6 თვეში გამოუშვეს. ავთო ჭელიძეს კი პოდპოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი და წითელი დროშის ორდენი მისცეს.

 

скачать dle 11.3