ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 52 წლის. ექოსკოპიაზე ნაღვლის ბუშტში 10 მმ ზომის პოლიპი აღმომაჩნდა. არის თუ არა პოლიპი ჩვენება ოპერაციისათვის?
პასუხი: თუ პოლიპი შემთხვევითი აღმონაჩენია და ჩივილები არ გაქვთ, შესაძლებელია, დინამიკური დაკვირვება (ულტრაბგერითი კვლევა პირველ ხანებში 3 თვეში ერთხელ, შემდგომში წელიწადში ერთხელ). იმ შემთხვევაში, თუ მარჯვენა ფერდქვეშა არეში ტკივილები ან სხვა სიმპტომატიკაა, პოლიპის ზომა იმატებს, ახალი პოლიპები ან კონკრემენტები ისახება, ქირურგიული ჩარევის საკითხი უნდა გადაწყდეს.
კითხვა: ვარ 32 კვირის ორსული, ვიკვებები ნორმალურად, წონაში კი სულ 4 კილოგრამი მაქვს მომატებული. რასთან არის ეს დაკავშირებული და ბავშვზე ხომ არ იმოქმედებს?
პასუხი: თუ ულტრაბგერითი კვლევების მონაცემებით ნაყოფი ნორმალურად ვითარდება, ანალიზები ნორმაშია, წონის გამო ნუ ინერვიულებთ. მშობიარობის შემდეგ სხვა ქალებისგან განსხვავებით ნაკლები პრობლემა გექნებათ.
კითხვა: შეიძლება თუ არა გამოიწვიოს სერიოზული გართულებები კორონაროგრაფიის პროცედურამ?
პასუხი: კორონაროგრაფია განეკუთვნება ინვაზიურ კარდიოქირურგიულ გამოკვლევათა რიცხვს. ახლა ის რუტინული გახდა, დაგროვილია დიდი გამოცდილება, გამომუშავებულია მეთოდოლოგია, მაგრამ გართულებების საშიშროება ყოველთვის რჩება. ავადმყოფს აფრთხილებენ ამის შესახებ.
კითხვა: ამ ბოლო დროს ხშირად მიჩნდება მეჭეჭები. როგორ მოვიქცე, რომ არ გამიჩნდეს და რით ვუმკურნალო?
პასუხი: ყველაზე მარტივია მეჭეჭის მოშორება კრიოდესტრუქციით (მოყინვა თხევადი აზოტით) ან ლაზერით. ამას ქირურგი წყვეტს. ხალხურ მედიცინაში მიღებულია ქრისტესისხლას ნაყენი ან ჩაის ხის ზეთი (ამ შემთხვევაში ეფექტი გარანტირებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია).
კითხვა: რამდენ მამაკაცის ჰორმონს შეიცავს „ვიაგრა” და ქალის ორგანიზმზე ცუდად ხომ არ იმოქმედებს?
პასუხი: „ვიაგრაში” ჰორმონების შემცველობა ნულის ტოლია, გვერდითი მოვლენები მინიმალურია, მით უმეტეს, ქალისთვის.
კითხვა: ჩავიტარე გამოკვლევა და სისხლში ქოლესტერინი მაქვს მომატებული. როგორ მოვიქცე, თუ არსებობს ამის მკურნალობა?
პასუხი: სისხლში ლიპიდების (მათ შორის ქოლესტერინის) მომატებისას აუცილებელია, დაიცვათ დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით (ხორცისა და კვერცხის მინიმალური რაოდენობა, მცენარეული ზეთი კარაქის მაგივრად), მაგრამ თუ ლიპიდები საგრძნობლადაა მომატებული, დიეტასთან ერთად დაგჭირდებათ ასევე, მედიკამენტური ხანგრძლივი მკურნალობა.
კითხვა: რამდენი C ვიტამინის მიღება შეიძლება დღეში?
პასუხი: დღიური დარტყმითი დოზა შეადგენს 2-5 გრამს. C ვიტამინისგან ჰიპერვიტამინოზი არ არსებობს. უბრალოდ, ორგანიზმი არ ითვისებს იმაზე მეტს, ვიდრე სჭირდება. უნდა მიიღოთ საკვების მიღებამდე.