რომელი საბჭოელი ფეხბურთელი მოხვდა 100-მატჩიანი ვარსკვლავების ტოპ-თერთმეტეულში და როდის დასრულდა რაულის კარიერა „ფურია როხას” რიგებში
მსოფლიო ფეხბურთში არცთუ ბევრია ფეხბურთელი, რომელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობა 100 და მეტი მატჩია. საკუთარი ქვეყნის დროშის ქვეშ 100 მატჩის ჩატარება ნამდვილად დასაფასებელი ფაქტია და დღეს გაგაცნობთ 100-კეპიანი მატჩების ჩამტარებელ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებს, რომელთა ნაწილს დღემდე არ დაუნებებია თამაშისთვის თავი და, შესაძლოა, საკუთარი რეკორდი კიდევ უფრო გაზარდოს. ცნობისთვის, საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთი მოთამაშეა, რომელმაც ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩის ჩატარება მოახერხა – ესაა ბერლინის „ჰერტას” ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელსაც აქტიური სპორტული კარიერა ჯერ არ დაუსრულებია და, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მას ბოლო პერიოდში არ უწევს ნაკრებში თამაში, იმედია, კვლავ ვიხილავთ „ჯვაროსნების” ფორმაში გამოწყობილს. მანამდე კი გთავაზობთ 11 ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს, რომლებმაც 100-მატჩიან ზღვარს გადააცილეს საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში.
იკერ კასილასი
მადრიდის „რეალისა” და ესპანეთის ნაკრების გოლკიპერი უკვე ითვლება რეკორდსმენად „ფურია როხას” შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – მის ანგარიშზე 150 მატჩია და ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან, იკერი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და აქტიური სპორტიდან წასვლას უახლოეს მომავალში არ გეგმავს. კასილასი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან მეკარედ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, მასზე მეტი სანაკრებო ტიტული არც ერთ მეკარეს არ მოუგია; გარდა ამისა, იგი კლუბშიც და ნაკრებშიც კაპიტანია.
ფაბიო კანავარო
„სკუადრა აძურას” შემადგენლობაში მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი ფაბიო კანავაროს კარიერა 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მის ანგარიშზე 136 მატჩი და ორი გატანილი გოლია. კანავაროსთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2006 წელი, როდესაც ის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კანავარომ კარიერის განმავლობაში ტოპ-კლასის კლუბებში იასპარეზა, მათ შორის „ნაპოლიში”, „რეალში” და „იუვენტუსში“, კარიერა კი ახლო აღმოსავლეთში, „ალ-აჰლიში” დაასრულა.
პაოლო მალდინი
კანავაროს შემდეგ, მატჩების რაოდენობით მეორე ადგილზეა ლეგენდარული პაოლო მალდინი – „მილანისა” და იტალიის ნაკრების საუკეთესო 3 ნომერი, რომლის ანგარიშზეც 126 მატჩია. მალდინის პატივსაცემად, „მილანის” 3-ნომრიანი მაისური სამუდამოდ მის საკუთრებაშია და მხოლოდ იმ შემთხვევაში „ამოქმედდება“, თუკი პაოლოს რომელიმე ვაჟი ფეხბურთელის კარიერას „მილანის” რიგებში გაატარებს. საკლუბო დონეზე ტიტულოვან ფეხბურთელს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ნაკლებად გაუმართლა, თუმცა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები მის კოლექციას ნამდვილად ამშვენებს.
ლოტარ მათეუსი
ლოტარ მათეუსის ანგარიშზე 150 მატჩია გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში; იგი, ასევე, უნიკალური რეკორდის თანამფლობელია მექსიკელ გოლკიპერ ანტონიო კარბახალთან ერთად. მათეუსს მონაწილეობა აქვს მიღებული 5 მსოფლიო ჩემპიონატში (1982, 1986, 1990, 1994 და 1998). მათეუსის ანგარიშზე, ასევე, 23 გატანილი გოლია. კარიერის დასრულების შემდეგ მათეუსმა ბედი სამწვრთნელო სფეროში სცადა, თუმცა, ნაკლებად წარმატებულად.
ლილიან ტიურამი
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, ფრანგი ლილიან ტიურამის კეპების რაოდენობა ნაკრებში 142 მატჩს შეადგენს და მას ორი გოლი აქვს გატანილი, რომლებიც მან ერთ მატჩში, 1998 წელს მუნდიალის ნახევარფინალში ხორვატიის ნაკრების კარში გაიტანა. ტიურამის კარიერა, შესაძლოა, კიდევ უფრო გაგრძელებულიყო, რომ არა 2008 წელს დადგენილი გულის დაავადება, რის გამოც გამოცდილ და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ მცველს კარიერის დასრულება მოუხდა.
რონალდინიო
თავისი მე-100 მატჩი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში რონალდინიომ 2013 წლის 6 თებერვალს ინგლისელებთან ითამაშა. წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დააბრუნა და, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდე რონალდინიოს სიმბოლური 100-ნომრიანი მაისური გადაეცა, მან ამ თამაშში ანტიგმირის სახელი უფრო მოიპოვა, რადგან, თერთმეტმეტრიანი დარტყმა გააცუდა და ნაკრებმა წააგო. უცნობია, ენდობა თუ არა სკოლარი 33 წლის რონალდინიოს მომავალში, თუმცა, 100 მატჩი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში უკვე დიდი მიღწევაა.
ზინედინ ზიდანი
ზინედინ ზიდანის დახასიათება რამდენიმე ფრაზით შეუძლებელია. იგი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო და, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. ზიდანს 12-წლიანი კარიერის განმავლობაში „სამფეროვანთა” რიგებში 106 მატჩი და 31 გოლი დაუგროვდა, მათ შორის, არა მგონია, ფეხბურთის ქომაგებს დაავიწყდეთ ზიდანის ბოლო მატჩი და ბოლო გოლი ნაკრების რიგებში, რომელსაც მარკო მატერაცისთან მომხდარი ინციდენტი ახლავს.
დევიდ ბექჰემი
ბექჰემმა უკანასკნელი მატჩი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 2009 წელს ითამაშა, დებიუტი კი 1996 წელს შედგა და ერთ-ერთი პირველი მატჩი მან თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მოგებულ მატჩში ითამაშა. სულ „პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეულის ანგარიშზე 115 მატჩი და 17 გატანილი გოლია. ვარსკვლავური ფეხბურთელის კარიერა ჯერაც გრძელდება, თუმცა, სანაკრებო დონეზე ბექჰემის ნახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან, როი ჰოჯსონის გეგმებში არ შედის 38 წლის ვეტერანის გამოძახება.
ოლეგ ბლოხინი
ლეგენდარული საბჭოელი ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი 1975 წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გარდა ამისა, მის აქტივშია წარმატებული კარიერა კიევის „დინამოში” და უამრავი ტიტული. ბლოხინმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 112 მატჩი ითამაშა და 42 გოლი გაიტანა. იგი უკრაინული ფეხბურთის ნამდვილი სიმბოლოა და დღესაც ჩართულია ფეხბურთში – კიევის „დინამოს” წვრთნის, ხოლო მანამდე ორჯერ იყო უკრაინის ნაკრების მწვრთნელი და 2006 და 2012 წლების მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ათამაშა გუნდი.
რაული
რაულ გონსალეს ბლანკოს ანგარიშზე 104 მატჩი და 44 გატანილი გოლია ესპანეთის ნაკრების რიგებში ყოფნისას, თუმცა, ბოლო წლების დიდ წარმატებას ნაკრებმა რაულის გარეშე მიაღწია. მადრიდის „რეალის” ლეგენდამ ბოლოს „ფურია როხას” რიგებში 2006 წელს ითამაშა და მას შემდეგ ის არც ლუის არაგონესისა და არც ვისენტე დელ ბოსკეს ინტერესის სფეროში არ მოხვედრილა. 2010 წელს მადრიდიდან აბარგებულმა ფეხბურთელმა ორი წელი გერმანიაში, „შალკეს” რიგებში გაატარა, ახლა კი ყატარში „ალ-საადის” რიგებში ასპარეზობს. ამბობენ, რომ 35 წლის ფეხბურთელზე ესპანელებმა ნაადრევად თქვეს უარი.
მიროსლავ კლოზე
გერმანიის ნაკრების პოლონური წარმომავლობის ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე, წელს 35 წლის გახდება, თუმცა, ის ნაკრებისთვის ჯერაც შეუცვლელი ფიგურაა და, სავარაუდოდ, აუცილებლად იასპარეზებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში, სადაც რონალდოს რეკორდის მოხსნას გეგმავს და მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირის ტიტულს უმიზნებს. კლოზეს ანგარიშზე 126 მატჩია და მას 67 გატანილი გოლი აქვს ნაკრების რიგებში, რაც არცთუ უმნიშვნელო ფაქტია.