სიახლეები
გიგზის 999-ე და გოლი
ინგლისის პრემიერლიგის ლიდერის „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა 11-მა ნომერმა, უელსელმა რაიან გიგზმა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა: 39 წლის ლეგენდამ თავის კარიერაში 999-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ეს მიღწევა გოლის გატანით აღნიშნა. „წითელი ეშმაკების” თავკაცის, ალექს ფერგიუსონის თქმით, გიგზი უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც სარგებელი მოაქვს გუნდისთვის და გოლების გატანასაც ახერხებს. ფეხბურთელს წელს 40 წელი შეუსრულდება და კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა, ფერგიუსონი იმედოვნებს, რომ გიგზის დაყოლიებას მოახერხებს და კიდევ ერთი სეზონით დატოვებს გუნდში.
ირინა შეიკის სხეულის მორიგი ჩვენება
კრიშტიანუ რონალდუს სექსუალური მეგობარი გოგონა, რუსი სუპერმოდელი ირინა შეიკი, თავის თაყვანისმცემლებს ყოველკვირეულად ახალი, „ცხელი” ფოტოსესიებით ახარებს. ამჯერად მოდელმა „ბიჩ ბანის” ბრენდის სექსუალური საცურაო კოსტიუმების სარეკლამო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ინტერნეტში უკვე გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომლებზეც გარუჯული შეიკი საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. საცურაო კოსტიუმების მთავარი ღირსება კი ის არის, რომ სპეციალური ქსოვილისგან არის დამზადებული და მისი განსხვავება ქალის სექსუალური თეთრეულისგან პრაქტიკულად შეუძლებელია.
როჯერ ფედერერის აზრი პოპულარობაზე
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა და ბოლო ათწლეულის პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა მამაკაცმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა „როიტერსის” სააგენტოსთან ინტერვიუში გაიხსენა, თუ როგორ გაუმკლავდა ზეწოლას მას შემდეგ, რაც ცნობილი სპორტსმენი გახდა. „სიმართლე გითხრათ, არანაირი რეაქცია არ მქონია, როცა უიმბლდონზე გავიმარჯვე პირველად და სათავეში ჩავუდექი რეიტინგს. ჩემი წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა, მე წლობით ვემზადებოდი ამისთვის და ურთულესი ეტაპები გავიარე, სანამ საყოველთაოდ ცნობილი გავხდებოდი. ჩემზე მუდამ ამბობდნენ, რომ ნიჭიერი ვარ და პირველი ჩოგანი გავხდები, თუმცა, მე არ ვაქცევდი ამ ლაპარაკს ყურადღებას, რადგან, ვიცოდი, რომ შრომაა საჭირო. ოქროს შუალედი მაქვს არჩეული და ცხოვრების ასეთ რეჟიმში განვაგრძობ ცხოვრებას”.
ტევესის ექსსაცოლის პაპარაცული ფოტო
არგენტინელი მოცეკვავე და რეალითი-შოუების ვარსკვლავი კლაუდია ჩიარდონე, უპირველეს ყოვლისა, არგენტინის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავთან, კარლოს ტევესთან გახმაურებული რომანით არის ცნობილი. ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხვდებოდნენ და, ამბობენ, რომ საქმე ჯვრისწერამდეც იყო მისული, თუმცა, საბოლოოდ კარლოსმა უარი თქვა დაოჯახებაზე და ლამაზმანი მიატოვა. ჩიარდონეს დიდხანს არ უგლოვია დაშორება და თავს გულახდილი ფოტოსესიებით ირთობდა, სულ ახლახან კი მისმა მეზობელმა ჩიარდონეს პიკანტური ფოტოები გამოამზეურა. ჩიარდონე რუჯს იღებდა საკუთარ აივანზე, რა დროსაც მას ფოტოებს უღებდნენ. აღნიშნულ ფაქტზე ლამაზმანს კომენტარი არ გაუკეთებია, არგენტინულმა ტაბლოიდებმა კი დიდი სიამოვნებით დაბეჭდეს აღნიშნული ფოტოები თავიანთ პირველ გვერდებზე.
უსაინ ბოლტი შოკირებულია
იამაიკელი სპრინტერი და ოლიმპიური ჩემპიონი, რეკორდსმენი უსაინ ბოლტი შოკირებულია იმ ფაქტით, რაც მის მეგობარს, სამხრეთაფრიკელ მორბენალს ოსკარ პისტორიუსს შეემთხვა. შეგახსენებთ, რომ პისტორიუსმა შემთხვევითი გასროლით თავისი მეგობარი გოგონა მოკლა და ამჟამად საქმე სასამართლოშია გადაცემული. „დღემდე მიჭირს იმის გააზრება, რომ, რაც ოსკარს შეემთხვა, რეალობას შეესაბამება, ეს ნამდვილი ტრაგედიაა და ჩემს მეგობარს თანაგრძნობას ვუცხადებ,” – განაცხადა ბოლტმა. ოსკარ პისტორიუსი პირველი მორბენალია, რომელმაც ფეხების ამპუტაციის შემდეგ სპეციალური პროთეზების დახმარებით დიდ სპორტში დაბრუნება მოახერხა და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი რამდენჯერმე გაიმარჯვა პარა-ოლიმპიურ თამაშებში.
„რეალის” პროტესტი კატალონიელების რეკლამაზე
ესპანეთის სამეფო კლუბმა მადრიდის „რეალმა” სასამართლოში უჩივლა კატალონიურ ტელეარხ „ტვ 3-ს“ იმის გამო, რომ ეთერში სპორტული ვიდეორგოლი გაუშვეს, სადაც „რეალის” ფეხბურთელები გიენების სახით იყვნენ წარმოდგენილნი და დამპალ ხორცზე ნადირობდნენ. „რეალის” ხელმძღვანელობა ტელეარხისგან კომპენსაციის სახით 6 მილიონი ევროს მიღებას აპირებს. „რეალის” ფეხბურთელებიდან აღნიშნულ რგოლს ლუკა მოდრიჩი გამოეხმაურა, რომელმც ვიდეოს ამაზრზენი უწოდა. საინტერესოა, რომ ვიდეორგოლში „ბარსელონის” სუპერსტარი ლიონელ მესი ანტილოპა გნუს როლშია და გიენებზე ნადირობს.
დელ პიეროს ნათელი მომავალი
ვეტერანმა იტალიელმა ფორვარდმა ალესანდრო დელ პიერომ კიდევ ერთი სეზონით გაახანგრძლივა კონტრაქტი ავსტრალიურ კლუბ „სიდნეისთან”. 38 წლის ფეხბურთელი იტალიაში, კერძოდ, ტურინის „იუვენტუსში” გატარებული 19 სეზონის შემდეგ გასული წლის ზაფხულში გადავიდა სიდნეიში და 18 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა. „მოხარული ვარ, რომ სიდნეიში განვაგრძობ კარიერას. მომწონს ავსტრალია და სურვილი მაქვს, ავსტრალიელები ვასიამოვნო ჩემი შედეგიანი თამაშით,” – განუცხადა დელ პიერომ ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ალესანდრო სიდნეიში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და თავს ბედნიერად გრძნობს.
ბიოლოგიური პასპორტებით ბრაზილიაში 2014 წელს
მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ – „ფიფამ“, მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, 2013 წლის კონფედერაციათა თასისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრილი ნაკრები გუნდების ფეხბურთელები ვალდებულნი იქნებიან, იქონიონ ბიოლოგიური პასპორტები, რათა კონტროლი დაწესდეს სპორტსმენებზე. ეს გადაწყვეტილება „ფიფამ“ ანტისადოპინგო უწყების საპასუხოდ მიიღო, რადგან უკანასკნელ პერიოდში „ფიფას“ აკრიტიკებდნენ, რომ არ ნერგავდა ახალ ტექნოლოგიებს ფეხბურთელების კონტროლის სფეროში. იოზეფ ბლატერის უწყებამ აღნიშნა, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბიოლოგიური პასპორტების სისტემის ტესტირებაზე მუშაობდა და ზაფხულში ამ სისტემას საბოლოო სახით წარუდგენს საზოგადოებას.