კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ მიაღებინა მოდელ ლაშა ბორძიკულს ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება და როგორ უწევს დღეს მას ქართველი ემიგრანტების სამსახურში ათასობით მილის გავლა

„დღეს, ამ მძიმე ჟამს‚ ადამიანებს ბევრი სირთულის გადატანა გვიწევს. მე ვფიქრობ, რომ ის‚ რაც ამ ძნელბედობის ჟამს გვანუგეშებს, დაგვეხმარება, სასუფევლის კარამდე მიგვიყვანს – სიყვარულია. ყოველთვის ვცდილობდი და ვცდილობ, ვისთანაც მიმიწვდება ხმა, ვუთხრა: გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ ერთმანეთი. შეუძლებელია, ღმერთის სიყვარული მაშინ, როდესაც მოყვასი არ გიყვარს... უფალი ყველა ადამიანისთვის განკაცდა და თითოეულში უფლის ხატება უნდა დავინახოთ. ერთადერთი‚ რაც უფალთან მიგვიყვანს, ეს არის სიყვარული. ამიტომ, გიყვარდეთ ერთმანეთი, ხშირად მოეფერეთ, გაუღიმეთ ერთმანეთს და უთხარით, რომ გიყვართ. სხვანაირად ამ რთული ცხოვრების გაძლება ძალიან გაგვიჭირდება. ნიუ-ჯერსი, გრიგოლ ხანძთელის სამრევლოდან...“ – ეს სიტყვები ამონარიდია იეროდიაკონის, მამა დიონისეს, ერისკაცობაში ლაშა ბორძიკულის‚ ინტერვიუდან, რომელიც ბერად აღკვეცის შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში ემსახურება ქართველ ემიგრანტებს. ის სხვა სასულიერო პირებთან ერთად ყინვაში, შტორმში ათასობით მილს გადის ქართველ მრევლთან შესახვედრად, რომელთათვის სასულიერო პირებთან ურთიერთობა ამ ქვეყანად ყველაზე დიდი ნუგეშია.

მამა დიონისე: მახსოვს‚ ჩემი ბავშვობის თითოეული დეტალი, თან, პატარა ასაკიდან. ვერ ვიტყვი, რომ ბრწყინვალე, მაგრამ ერთ-ერთი კარგი მოსწავლე ვიყავი სკოლაში, დისციპლინირებული. ერთადერთი‚ რაც დღევანდელ დღემდე ჩემი პრობლემაა, ეს არის დაგვიანება: ყოველთვის, ყველგან მაგვიანდებოდა. ერთხელ უცხოეთში შეხვედრაზე 8 წუთი დავაგვიანე. საქართველოში 8 წუთით დაგვიანება არაფერს ნიშნავს, მაგრამ იქ რომ მივედი‚ დამხვდა შეტყობინება: თქვენ დაგაგვიანდათ შეხვედრაზე, სამწუხაროდ‚ მე ვერ დაგელოდებით. ვიცი, ევროპაში ახალი ჩამოსული ხართ, ამიტომ ჩემი რჩევაა: არსად დააგვიანოთ, რადგან ამის გამო თქვენს კარიერას საფრთხე დაემუქრებაო. ეს იყო ჩემთვის ძალიან მწარე, მაგრამ კარგი გაკვეთილი. სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა‚ სამხატვრო აკადემიაში ჩამებარებინა, არქიტექტურულ ფაკულტეტზე. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მოსამზადებელი კურსი გავიარე ხატვაში. ნორმალური მონაცემები აღმომაჩნდა. მაგრამ მალე გეგმები შევცვალე, გადავწყვიტე‚ ევროპაში წავსულიყავი სასწავლებლად. საბუთები გავგზავნე არისტოტელეს უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. იქიდან გამომდინარე, რომ კარგი ქულები მქონდა, მოვხვდი სასურველ ფაკულტეტზე. მაგრამ მთელი რიგი გარემოებების გამო, ერთი წელიც არ დამიხურავს. შემეცვალა აზრები და მივხვდი, რომ საერო ცხოვრება მაინცდამაინც არ მიტაცებდა. ამიტომ‚ მოძღვრის რჩევით, ჩემი გადაწყვეტილებით‚ სწავლის ორიენტირი შევცვალე და თეოლოგიურ ფაკულტეტზე გადავედი. ამჟამად ვარ არისტოტელეს უნივერსიტეტში თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები, არასდროს მეშინია ყველაფრის ნულიდან დაწყების. ბავშვობიდან დამოუკიდებლად ცხოვრებას ვარ მიჩვეული. 16 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები საქართველოდან რომ წავიდნენ და მარტო დარჩენა მომიწია. ვუძღვებოდი საოჯახო საქმეებს, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდი. თუმცა‚ ეს ჩემი სურვილიდან მომდინარეობდა. მშობლების მხრიდან დიდი ნდობით ვსარგებლობდი, ამიტომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში ხელს მიწყობდნენ. თითქმის არასდროს მქონია აკრძალვები, არასდროს დავუსჯივარ... მყავს ერთი ძმა, რომელიც ჩემზე უმცროსია, 18 წლის და 10 წლის და, რომელიც თითქმის ჩემი გაზრდილია. თუ დამჭირდება იმაზე დაფიქრება რა არის ჩემი სუსტი წერტილი – ეს ჩემი დაა, რომელიც ძალიან მიყვარს. 

 სამოდელო საქმიანობა – ცხოვრებისეული გამოცდილება და ერთი გაკვეთილი

 ჩვენი საუბარი ამ თემის გარეშე‚ ალბათ‚ ვერ შედგებოდა, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი მიცნობდა, როგორც მოდელს, რომლის სივი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩემი სამოდელო კარიერა ერთ ფოტოგრაფთან შეხვედრით დაიწყო. გავაკეთეთ ფოტოსესია, რომელიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა და საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. ჩემ მიმართაც გაჩნდა დიდი ინტერესი. რამდენიმე თვეში ქასთინგი გამოცხადდა „მისტერ ვალენტინის“ კონკურსზე. ერთ-ერთი კარგი მეგობრის ინიციატივით, რომელმაც ჩემგან დამოუკიდებლად შეავსო ჩემი სივი, გადაგზავნა, მოვხვდი მონაწილეთა შორის. კონკურსის შემდეგ კი გავხდი ერთ-ერთი სილამაზის სახლის სიმპათია. ერთი წლის მერე საქართველოში პირველად ჩატარდა კონკურსი „ნიუ ფეის მოდელს სერჩ“, რომელიც „მისტერ საქართველოს“ სახელით არის ცნობილი. საკმაოდ დიდ ქასთინგში მივიღე მონაწილეობა და მოვხვდი 15 მოდელს შორის. ამის შემდეგ ვაპირებდი, როგორც მოდელს მადრიდში გამეგრძელებინა კარიერა, ერთ-ერთ კომპანიასთან მოლაპარაკება იყო დაწყებული, ტესტ-ფოტოსესიაც შედგა, მაგრამ მალევე შევცვალე ჩემი ცხოვრების ორიენტირი და ყველაფერი იქ დავამთავრე... ადამიანი, რასაც უნდა აკეთებდეს, ეს მისთვის ცხოვრებაში ერთი კარგი გაკვეთილია. ახლა მეღიმება, როცა მახსენდება რით ვიყავი დაკავებული. ამ ყველაფერმა ცხოვრებაში დიდი გამოცდილება მომიტანა. ეს არის მოგონება, რომელიც‚ ვერ ვიტყვი, რომ ჩემში უსიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს. პირიქით‚ ღიმილით მახსენდება, რადგან ახლა, ჩემი მხრიდან ამ ყველაფრის სერიოზულად აღქმა აღარ არის მიზანშეწონილი.

ადამიანი, რომელმაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა 

6 წლიდან დავიწყე ეკლესიაში სიარული, ძალიან კარგ მოძღვართან დავდიოდი: აღსარებას ვამბობდი, ვიყავი აქტიური მაზიარებელი. სამების საკათედრო ტაძრის გახსნის შემდეგ, გავხდი სტიქაროსანი და მსახურებებში აქტიურად ჩავერთე. შემდეგ ჩემმა თინეიჯერობამ, სამოდელო კარიერამ შეცვალა ბევრი რაღაც: ხანდახან ვიმიზეზებდი, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ გადაღება მქონდა, არ მქონდა დრო, ეკლესიაში წავსულიყავი. მოკლედ‚ ამისთვის მიზეზს ყოველთვის ვპოულობდი. ამის გამო დისტანცია გაჩნდა ჩემსა და ეკლესიას შორის. ორწლიანი სერიოზული ჩავარდნა მქონდა საეკლესიო ცხოვრებაში, მხოლოდ დღესასწაულებზე თუ მივიდოდი ტაძარში და ისიც სანთლის დანთებით შემოვიფარგლებოდი. ჩემი ეკლესიაში დაბრუნება საბერძნეთში მოხდა, როდესაც საცხოვრებლად იქ გადავედი.  5-6 წლის წინ‚ როდესაც ჩემი ახლანდელი მოძღვარი, ბერძენი არქიმანდრიტი, დელეგაციით საქართველოში იმყოფეობდა, სამებაში ყოფნისას მე მომცეს დავალება: ის ავტომობილამდე მიმეცილებინა. მაშინ გავიცანი იმ დონეზე, როგორც შემეძლო. უფლის განგებით, რამდენიმე წელიწადში მას ისევ შევხვდი. მისი დახმარებითა და უფლის შეწევნით‚ საბერძნეთში გავაგრძელე ცხოვრება. ის დღეს ჩემი სულიერი მოძღვარია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ღმერთს. რომ არა ეს ადამიანი‚ არ ვიცი‚ დღეს რა მდგომარეობაში ვიქნებოდი... ასეთ ახალგაზრდა ასაკში ძნელია‚ დამოუკიდებლად წარმართო შენი ცხოვრება, მაგრამ ღმერთმა‚ ამ ადამიანის სახით‚ დიდი საჩუქარი გამომიგზავნა. მან რადიკალურად შეცვალა ჩემი ინტერესთა სფერო, ცხოვრება და დღეს მე მისი დიდი ლოცვისა და ღვაწლის შედეგად, მონასტრის წევრი და სასულიერო პირი ვარ. 

ბერად აღკვეცა

ჩემი მორჩილება და ბერად აღკვეცა შუაგულ საბერძნეთში, მთებში, ერთ-ერთ მონასტერში მოხდა. მორჩილების პერიოდში ერთი რამ ვისწავლე: ადამიანებმა ნებისმიერი სირთულე სახალისოდ უნდა ვაქციოთ, რომ მისი გადალახვა შევძლოთ. მანამდე არასდროს მქონია შინაურ ცხოველებთან შეხება. არ მქონია იმის საშუალება, ფიზიკურად მემუშავა. მონასტერში კი, როდესაც  მშენებლობა დაიწყო, მასში მონაწილეობის მიღება მომიწია. ზამთარში შეშაზე ტყეში მივდიოდი. ანუ მორჩილების დროს ვაკეთებდი ბევრ ახალ და საინტერესო საქმეს. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის გარკვეული ექსპერიმენტი იყო და ნებისმიერ მორჩილებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებოდი. ბრძოლები არასდროს მთავრდება და სიკვდილამდე მიჰყვება ბერს. მორჩილების პერიოდში საკუთარი თავისთვის დამისვამს კითხვა: იქნებ დაგეცადა, იქნებ სხვა რამ გეცადა? მაგრამ თითოეული ბრძოლის გადალახვის შემდეგ, თავს ბედნიერად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ეს არჩევანი გავაკეთე. ყველა განსაცდელის გადალახვა და დაძლევა შესაძლებელია მოძღვრის დახმარებით, ლოცვითა და სისტემატური აღსარებით... დღეს ჩემი ყოველი დილა იწყება ღიმილით და უფლისადმი მადლობით: იმის გამო, რომ მე მონასტერში მიმიყვანა და ბერი მქვია... 

სანამ ბერად აღვიკვეცებოდი, ვიცოდი, რომ ჩემს ნაბიჯს დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. ამიტომ, ყველაფერი მაქსიმალურად გასაიდუმლოებულად მოხდა. ისე გავიარე მორჩილების პერიოდი, ოჯახშიც არ იცოდნენ‚ ზუსტად რას ვაკეთებდი. ბერობა, ეს არის ადამიანსა და ღმერთს შორის ურთიერთობა, მათი დიალოგი. ამიტომ, ხმაურს თავს ვარიდებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მეგობრების უმეტესობა ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იქნებოდა, რადგან დიდი ნაწილი სხვა ამპლუაში მიცნობდა: წარმატებულ, მეტ-ნაკლებად ცნობილ, კარგ მოდელად. მაგრამ, ყველა ადამიანში არსებობს ერთი, დაფარული მხარე, რომელსაც არავინ იცნობს. დღემდე ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ცოტა ადამიანთან თუ ვყოფილვარ გახსნილი, ცოტასთვის გამიზიარებია ჩემი ფიქრები. ვიცოდი, რომ ბევრი მოწინააღმდეგე გამოჩნდებოდა, ჩემი გადაწყვეტილება საჯარო განხილვის თემა გახდებოდა, ამიტომ საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გადავწყვიტე‚ ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული ყოფილიყო. ხმაურს ჩემთვის ემოციის დონეზე შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოეტანა. დედამ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ აღკვეცამდე 3-4 საათით ადრე გაიგო, მამამ – ცოტა ადრე. როცა მორჩილად ვეკურთხე, ტელეფონზე დავურეკე და რჩევა ვკითხე. მას ჩემი გადაწყვეტილება ძალიან არ გაჰკვირვებია, ისევე, როგორც ახლო მეგობრებს, რომლებიც მე ყოველთვის ამ ადგილას წარმომიდგენდნენ. რთული იყო, მაგრამ დღეს ბევრი ადამიანი მიესალმება ჩემს გადაწყვეტილებას. თუ ამპარტავნებაში არ ჩამეთვლება, ბევრისთვის ჩემი ნაბიჯი მაგალითი გახდა. დედისთვის რთულია დღემდე ამ ყველაფრის გააზრება. მისი ყოველი ფიქრი ჩემზე ცრემლით მთავრდება. ჩვენ ყოველთვის უახლოესი მეგობრები ვიყავით, დღეს მისთვის ჩემი ნაბიჯი, ცხოვრება გარკვეული ნუგეშია. მას უხარია ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ხანდახან ძალიან განიცდის – ფიქრობს, რომ დამკარგა, რადგან მისთვის ჩემი ნაბიჯი მაინც გამაოგნებელი იყო.

ბერად აღკვეციდან რამდენიმე თვეში საქართველოში დელეგაციით ჩამოსვლა მომიწია. ერთ-ერთ ღონისძიებაზე ფოტოგრაფის ობიექტივში მოვხვდი, ისე, რომ არც კი ვიცოდი. საღამოს შევიტყვე, რომ ფოტო ინტერნეტში დაიდო და  დიდი ხმაური მოჰყვა – ყველამ ყველაფერი გაიგო და ინტერესი დღემდე არ ჩამცხრალა. იმეილზე თუ „ფეისბუქზე“ ძალიან ბევრი შეკითხვა მხვდება. თავიდან ვცდილობდი‚ სიჩუმე შემენარჩუნებინა, რადგან იმის დრო არ იყო, მელაპარაკა. არც ახლა ვილაპარაკებ იმ მიზეზებზე, თუ რატომ აღვიკვეცე ბერად. მაგრამ‚ უნდა გამოვრიცხოთ ერთი რამ, რომ, თითქოს, მე რამე სერიოზული შემემთხვა. ბევრი ადამიანის მხრიდან წარმატებული პიროვნების ბერად აღკვეცა გარკვეულ ტრაგედიასთან ასოცირდება. ჩემს შემთხვევაში‚ დიდება უფალს, არანაირი ტრაგედია არ ყოფილა... უბრალოდ‚ მე ერთ დღეს გავაცნობიერე – რა იყო ჩემთვის ფასეული, რა უნდა მეკეთებინა. მოხდა შეხვედრა ჩემსა და ღმერთს შორის, დავინახე‚ რა მდგომარეობაში ვიყავი, დავფიქრდი: ვაკეთებდი  თუ არა რამე ღირებულს. ამ ყველაფერმა იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ საუკეთესო გზა, რომელიც ჩემს სულს ცხონების გზაზე წაიყვანდა, მონასტერში წასვლა და ცხოვრების უფლისთვის მიძღვნა იქნებოდა. ეს ნაბიჯი გადამადგმევინა მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულმა იმ ცხოვრებისადმი, რასაც ახლა ვეწევი, სხვა მიზეზი არ არსებობს. რაც შეეხება ჩემს ბერულ სახელს – დიონისეს, ბავშვობიდან განსაკუთრებული პატივისცემა მქონდა წმიდა დიონისე არეოპაგელის მიმართ, რომელიც ათენის პირველი ეპისკოპოსი, საოცარი ადამიანი იყო და დიდი ნაშრომები დაუტოვა ეკლესიას. 15 წლის ვიყავი, როცა ჩატარდა კონკურსი ძველი ბერძნული ლიტერატურის ცოდნაში. ორთვიანი კურსი გავიარე და გამოცდის შედეგად პირველობა დავიმსახურე. დაჯილდოების ცერემონიალზე საბერძნეთში გამგზავნეს, 40 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, საუკეთესო ექვსეულში მოვხვდი. როდესაც მონაწილეები აკროპოლს ვესტუმრეთ, ჩავიარეთ არეოპაგთან, სადაც ძველ საბერძნეთში სასამართლო იმართებოდა, იქ‚ სადაც პავლე მოციქულმა იქადაგა ქრისტეს შესახებ და სადაც დიონისე არეოპაგელი მოექცა, მაშინვე გამოვეყავი ჯგუფს, კლდეზე ავირბინე. სიხარულის საოცარი შეგრძნება დამეუფლა. საბერძნეთში ბერად აღკვეცის წინ აღსაკვეც ადამიანს ეკითხებიან: რომელიმე წმიდანის მიმართ თუ აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ჩემი მოძღვრისთვის ამ ყველაფრის შესახებ მქონდა ნათქვამი და მისი გადაწყვეტილებით‚ ეს სახელი მებოძა, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

ქართველი ემიგრანტების სამსახურში... გზა, რომელიც მუდმივად გრძელდება და სიყვარულით მთავრდება

როდესაც ჩემი ამერიკაში გადმოყვანის შესახებ შევიტყვე, მაშინვე დავმორჩილდი. 9 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით აღმაშენებლის მამათა მონასტერში მოხდა ჩემი იეროდიაკვნად ხელდასხმა. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მაკურთხა იეროდიაკვნად. ამჟამად ვემსახურები ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიას. ვეკუთვნი ჩრდილოეთ კაროლინაში სულიწმიდის მამათა მონასტერს, რომელიც უღრან ტყეში მდებარეობს, მოწყვეტილია იმ ხმაურს, რაც გარშემო მუდმივად იგრძნობა. საოცარი ადგილია: გარშემო ფრინველები დაფრინავენ, გარეული ღორები, ირმები დადიან, დათვები ჩამოდიან მონასტერთან. აქ დიდი სიმშვიდის პოვნაა შესაძლებელი. ბერისთვის აუცილებელია‚ ჰქონდეს ადგილი, სადაც განმარტოვდება, ილოცებს, საკუთარ თავთან დარჩება, იფიქრებს საკუთარ შეცოდებებზე. ამიტომაც დიდი საჩუქარია, რომ ასეთ ხმაურიან ქვეყანაში, არის ადგილი‚ სადაც შეუძლია თითოეულ ბერს განმარტოვდეს და დარჩეს საკუთარ თავთან. ჩემი აზრით‚ თითოეული სასულიერო პირი, რომელიც აქ მოღვაწეობს, არის გმირი და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს უფლება, ამ გმირების გვერდით ვიმოღვაწეო. მამები სამი წელია‚ ათასობით მილს გადიან იმისთვის, რომ ტაძარში მივიდნენ, ჩაატარონ წირვა, შეხვდნენ ქართველ სულიერ შვილებს, ანუგეშონ. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 24 თებერვალს – ავტორი) ნიუ-ჯერსიში რომ ჩაგვეტარებინა წირვა, რამდენიმე ათასეული მილის გავლა მოგვიწია, 37 საათი ვიყავით გზაში. მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია იმ სიხარულთან შედარებით, რაც ჩვენ ამ ადამიანებთან შეხვედრისას გვეუფლება. მათ დიდი ნუგეში სჭირდებათ, რადგან შორს ცხოვრობენ სამშობლოსგან, საყვარელი ადამიანებისგან. როცა ვუფიქრდები‚ რის გაკეთება უწევთ აქ სასულიერო პირებს, ვხვდები, რომ ეს ადამიანის ძალებს აღემატება. მაგრამ, მათ უფლის დიდი შემწეობა აქვთ, რითაც ყველა სირთულეს ლახავენ. ჩვენს ეპარქიას სულ სამი დიაკვანი ჰყავს, ამიტომ მორიგეობით გვიწევს სხვადასხვა სამრევლოში ჩასვლა, მღვდლებისთვის დახმარება. დღეს, როცა საკურთხევლიდან გამოვდიოდი კვერექსის წასაკითხად, ეკლესია სავსე იყო ჩვენი ძმებით, დებით. თვალები ცრემლებით ამევსო. დიდი განსაცდელის, დაშორების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, ერთად ვადიდოთ უფალი და მუხლჩაუხრელად ვემსახუროთ მათ და დედაეკლესიას... უცხოეთში მყოფი ახალგაზრდებისთვის დიდ სირთულეა ახალგაზრდული ცხოვრების ეკლესიურ ცხოვრებასთან შეთავსება. წმიდა მამათა გადმოცემებით, რჯულის კანონით, მართლმადიდებლობა ერთ-ერთი მკაცრი, ფუნდამენტური რელიგიაა, რომლის დაცვა არ არის იოლი. აქ ბევრი ახალგაზრდა გავიცანი და ბედნიერი ვარ მათი ეკლესიის წიაღში მოსვლით, რადგან ახალგაზრდობა‚ ეს არის ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ფეხზე დააყენებს. ამიტომ, მათზე ზრუნვა, მათ გვერდში დგომა, ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია.

скачать dle 11.3