რისთვის იყენებენ ადამიანები საკუთარ ვითომ სულიერებასა და მორწმუნეობას და როგორ ცდილობენ ისინი საკუთარი თავის სხვებზე უკეთესად წარმოჩენას
ყველა, ვინც მიიჩნევს, რომ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი, უნდა ჰქონდეს სურვილი, შეუდგეს წმიდა დიდმარხვას, იაროს ეკლესიაში და აღიაროს საკუთარი ცოდვები. მაგრამ სურვილს თან უნდა ახლდეს სიმდაბლე, რისგანაც შორს არიან ფარისევლები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ხშირად ამბობენ ადამიანები სხვაზე: ეს ფარისეველია, ნახეთ, როგორ ფარისევლურად იქცევაო. სინამდვილეში‚ ბევრმა არ იცის‚ ვინ იყვნენ ფარისევლები და, შესაბამისად‚ რა გვაკავშირებს დღეს თანამედროვე ქრისტიან ქართველებს მათთან.
– თავიდან სიტყვა „ფარისეველი“ იმ გაგებით არ იხმარებოდა, როგორც დღეს იხმარება‚ ანუ‚ სიტყვა „ფარისეველი“ ნიშნავდა „მართალს“. ქრისტეს შობამდე 200 წლით ადრე ებრაელებში ჩამოყალიბდა გარკვეული პარტია, ეროვნული მოძრაობა, რომელიც იცავდა საღმრთო რჯულს, მოსეს კანონებს. მათ იმდენად უყვარდათ საკუთარი ქვეყანა, იუდეველობა, რომ თავიანთ სწავლებებს ელინიზმისგან იცავდნენ. მაგრამ ისინი, საბოლოოდ ამ ყველაფერს იმდენად გადაჭარბებულად აკეთებდნენ, რომ გადავიდნენ მოჩვენებითობაში – ვითომ რჯულისა და ეროვნების დამცველები იყვნენ. მაგრამ‚ როდესაც მოვიდა განკაცებული ღმერთი, იესო ქრისტე, ის ვერ იცნეს და დაუწყეს წინააღმდეგობის გაწევა, მხილება. დღევანდელი გაგებით‚ ფარისეველი ნიშნავს ადამიანს, რომელიც მატყუარა, ცრუპენტელაა და მოჩვენებითად ემსახურება ღმერთს, ქვეყანას, ადამიანებს. ფარისეველი, რომელიც წარდგება უფლის წინაშე, დგება იქ, სადაც მართლები დგებიან და იწყებს დიდებით მეტყველებას უფლის წინაშე. ის ამბობს: „მადლობა, დიდება შენდა, ღმერთო, რომ მე არ ვარ მპარავი, მემრუშე, ავაზაკი, როგორც ის მეზვერე“, – და მიუთითებს იმაზე, რომელიც მის გვერდით დგას; გულზე მჯიღს იცემდს და უფალს ევედრება: „ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე“. მეზვერეები იმ დროს იყვნენ მოღალატე ადამიანები, რომლებსაც ერთი შეხედვით, არ უყვართ თავიანთი სამშობლო. ებრაელებში სიტყვები: „მეზვერე“ და „ცოდვილი“ სინონომები იყო. მაგრამ, ეს პიროვნება არ მიიჩნევს თავს ღირსად, რომ თავი ასწიოს უფლის წინაშე. ასე რომ‚ დგას ორი პიროვნება: ერთი, რომელიც მოჩვენებითად მართალია და მეორე – რომელიც ერთი შეხედვით ცოდვილი ჰგონიათ. ფარისეველი ერთი შეხედვით მართალია: იცავს რჯულს, კვირაში ორჯერ მარხულობს. აქვე შეგახსენებთ, რომ ებრაელების მარხვა წელიწადში ერთხელ იყო და ეს პიროვნება კვირაში ორჯერ მარხულობდა. თავისი მონაგებიდან, ასევე‚ შემოსავლებიდან, მეათედს სწირავდა უფალს. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ამას ფარისეველი თავმდაბლობით, ტაძრისა და ერის სიყვარულით კი არ აკეთებს, არამედ, პატივმოყვარეობით; თავს იწონებს და განიკითხავს სხვას და მისი მთავარი დანაშაული სწორედ ის არის, რომ სხვას განიკითხავს. სამწუხაროდ‚ ჩვენც ხშირად ვიმყოფებით ასეთ მდგომარეობაში. როცა მოვდივართ ეკლესიაში და ვხედავთ პიროვნებას, რომელიც არ გამოირჩევა ზნეობრივი ცხოვრებით, ვაცხადებთ: „რა უნდა მას ეკლესიაში, როგორი ცოდვილია“... ჩვენ არც მეზვერეები ვართ და არც ფარისევლები. ფარისევლისგან განსხვავებით, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ კვირაში ორი დღე მარხვაა; რომ მეათედი უნდა შევწიროთ ეკლესიას და არ ვართ ისეთი ეროვნულები, როგორებიც ფარისევლები იყვნენ თავიდან. ასე რომ‚ ამ უარყოფითი პერსონაჟისგანაც შორს ვართ უკვე. თუმცა‚ გვინდა, რომ მივბაძოთ მას: ხშირად თავი მოგვაქვს, როგორც ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს, ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელებს; ცოტა ხნის წინ ერთი თანამედროვე მოძღვრის საინტერესო ქადაგება წავიკითხე, სადაც, კითხვაზე: არიან თუ არა ქართველები ფარისევლები, პასუხობს: „ჩვენ ფარისევლები კი არ ვართ, ჩვენ ვართ სადუკევლებისა და ფარისევლების ნაჯვარი, ჰიბრიდი“. როცა ქრისტე მოვიდა ამქვეყნად, ისრაელში ორი ძირითადი პარტია იყო: ფარისევლებისა და სადუკევლების, რომელიც იყო ელიტური პარტია და დაკომპლექტებული იყო ძირითადად მღვდელმთავრებისა და მღვდლებისგან, მათ კი არ სწამთ აღდგომა, სული და ანგელოზი. მათი ნაჯვარად გამოიყვანა თანამერდოვე მამამ ჩვენი, ქართველების ცნობიერება და, არ შემიძლია, არ დავეთანხმო.
– როგორ უნდა დავინახოთ საკუთარ თავში ფარისეველი?
– ამოგიკითხავთ იოანე კრონშტადტელის ცნობილ ქადაგებას, სადაც ძალიან საინტერესო მომენტებია, რაც დაგვეხმარება, საკუთარ თავში დავინახოთ ფარისეველი და არ ვეძებოთ ის სხვებში: პირველი ნიშანი ფარისევლობისა არის დაბრკოლებისკენ მიდრეკილება. ბევრ ადამიანს არაფერი არ მოსწონს: მოვა ერთ ეკლესიაში, მერე – მეორეში; ეს მღვდელი მაღალია, ეს – დაბალია, ეს – მსუქანია, იქ ასე გალობენ, აქ – ისე... როცა უკმაყოფილო ხარ ყველაფრით, ყველათი: ცოლით, შვილით, მეზობლით, მეგობრით – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ნიღბავენ, რომ მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი და არ შეუძლია‚ ეს მოითმინონ, აღშფოთებულებს და გაკვირვებულებს თავიანთ გარშემო არაფერი მოსწონთ და არიან განკითხვაში. აი, აქედან მოდის მუდმივად განკითხვა. მეორე ნიშანი, რომელიც არის პირველის გაგრძელება, ანუ საიდან მოდის დაბრკოლება ფარისეველში, ეს ყველაფერი კი არის თავმოყვარეობის მიერ ნაშობი და ის მომდინარეობს კაცის სულში მოყვასისა და ღმერთის სიყვარულის ნაკლებობიდან. ფარისევლებს რომ ჰყვარებოდათ უფალი, მოყვასი, მიხვდებოდნენ‚ ვინ იყო იესო ქრისტე და არ იქნებოდნენ მის მიმართ მუდმივად უთანხმოებაში. ჩვენი მდგომარეობაც ასეთია – იმიტომ ვართ განკითხვაში, რომ არ გვიყვარს უფალი და მოყვასი ისე‚ როგორც საჭიროა; მესამე მდგომარეობა – ეს არის ყოველივე კანონის წვრილმანებით მოჩვენებითი დაცვა: იწყება მარხვა და ზოგიერთები იწყებენ ქვაბების ბოლომდე გახეხვას, რომ არასამარხვო არაფერი შეჰყვეს; რომელი კოვზითაც ბავშვის საჭმელი გააკეთე, იმით არ უნდა მიირთვა, რადგან, დიდი მართლმადიდებელი ხარ; არ უყურებ არაფერს; არ იცვამ ვულგარულად; არ შეიძლება, წახვიდე თეატრში; არ შეიძლება, გაიღიმო, თმა დაივარცხნო და ასე შემდეგ. არადა, ამ დროს, ეს ადამიანი ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან, თუმცა ყველაფერს უწვრილმადნები, ყველაფერს აქცევ ყურადღებას, მაგრამ, სინამდვილეში, შორს ხარ ჭეშმარიტებისგან და ფარისევლურ მდგომარეობაში იმყოფები; მეოთხე – ფარისეველი პიროვნება გამოირჩევა ცუდმედიდობით, როცა ადამიანს არაფერი გააჩნია კარგი, ამას არ აღირებს და ცუდად მედიდობს. თუნდაც‚ ვითომ მართლმადიდებელი ხარ, არ მარხულობ, არ ეზიარები, გააჩერებ იეღოველს და ურტყამ თავში, უმტკიცებ, რომ ერთპიროვანი სამარსება ღმერთი გწამს, მაგრამ, სინამდვილეში, კარგი არაფერი გაგაჩნია. ქრისტემ ფარისევლებს უწოდა „თეთრად შეღებილი საფლავები“, ანუ, გარედან არის შეფერილი, შელესილი, გარემონტებული შიგნით კი ყარს ცოდვებით და ამას მალავს; სამაგიეროდ, სხვას მიუთითებს და განიკითხავს; მეხუთე – ფარისეველი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისგან მიიღოს დიდება, რომ შეაქონ, ადიდონ. არავის სჭირდება პირფერობა, ქება, გადამეტებული შეფასებები – ეს ხომ პირმოთნეობა, მლიქვნელობაა. ეს ყველას გვეხება, მოძღვრებსაც, ვინც ელოდება ხოტბა-დიდებას; მეექვსე – ფარისევლისთვის ქრისტეს ჯვარი არის სასაცილო. მას უნდა, მესიად ჰყავდეს ისეთი პიროვნება, როგორებიც იყვნენ: მაკედონელი, სტალინი, ნაპოლეონი... ამიტომაც, ქრისტე, რომელიც უბრალო ადამიანის სახით მოვიდა, არ მიიღეს. მათ უნდათ ისეთი მესია, რომელიც მთელს მსოფლიოში გააბატონებთ; მეშვიდე – ფარისეველის გულშია აღმართულია კერპი, რომელსაც ჰქვია „მე“, ანუ – ეგოიზმი. ჩვენ, ყველა, ფაქტობრივად, ასე ვართ. კერპი, რომელიც ჩვენშია აღმართული უნდა დაიმსხვრას თავმდაბლობით, ლოცვით, მეტანიებით, სინანულითა და უფალთან ურთიერთობით.