სწავლანი მამათა ცხოვრებიდან
მორჩილებისთვის
წმიდა მამა იოანე შეყენებული მოწაფითურთ უდაბნოში იყო გასული. მოეწყინა მოწაფეს დაყუდება და უთხრა ბერს: „მამაო, მოახლოვდა აღდგომა, წავიდეთ მონასტერში და აღვასრულოთ დღესასწაული მამებთან ერთად, რადგან არაფერი გვაქვს საჭმელი ამ ფხალის მეტი“. მამა იოანემ არ ინება მონასტერში მიქცევა, რადგან მამა საბა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო იქ, ხოლო მოწაფე თავისას არ იშლიდა. ბერი კი შეაყოვნებდა: „ვსხდეთ, ძმაო და გვწამდეს, რომ, ვინც ექვსასი ადამიანი დააპურა ორმოცი წლის განმავლობაში, იგივე მოგვცემს ჩვენც არა მარტო საჭირო სახმარს, არამედ უმეტესსაც; რადგან მან ბრძანა: „არა დაგიტევო, არცა დაგაგდო შენ“. ხოლო სახარებასა იტყვის: „ნუ ჰზრუნავთ, გინა თუ რაი ვჭამოთ, გინა თუ რაი ვსვათ, გინა თუ რაი შევიმოსოთ. რამეთუ მამამან თქვენმან, რომელ არს ცათა შინა, იცის, რაი იგი გიხმს ამის ყოველისაგანი, არამედ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ცათასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“. გულისხმაყავ აწ, შვილო ჩემო და შეიკრძალე შენ იწრო გზა, უფროის ფართოსა, რადგან ამქვეყნიური განსვენება იმქვეყნად სატანჯველს შობს, ხოლო ამქვეყნად შიმშილი – იქ კეთილთაგან განაძღობს“.
არ შეისმინა მოწაფემ ბერის სიტყვები და გაუყვა გზას მონასტრისკენ, ხოლო მისი წასვლისთანავე მამა იოანესთან მივიდა უცხო კაცი, სანოვაგით დატვირთული ვირით. კაცმა ტვირთი გადმოხსნა სახედარს და დაუტოვა მამა იოანეს, ხოლო თავად უკანვე გაბრუნდა. ხურჯინში აღმოჩნდა სანოვაგე: თბილი პური, ღვინო, ზეთი, ხაჭო, კვერცხი და თაფლი. მამა იოანემ განიხარა სულით, რადგან მოხედა მას ღმერთმა.
ხოლო მოწაფე, რომელიც ურჩებით წავიდა, გზა დაებნა და დიდად იგვემა. მესამე დღეს მობრუნდა იგი უკან ბერთან მშიერი და დაუძლურებული, რომელიც გამაძღარი იყო ოდენ თავის ურჩების ნაყოფით, ხოლო, როცა მან, გამოქვაბულში მობრუნებულმა, იხილა სანოვაგე, გულისხმაყო თავისი ურწმუნოება და ურჩება. შეინანა და შერცხვენილი დაეცა ბერის წინაშე და ითხოვა მისგან შენდობა. ხოლო ბერმა გულისხმაყო კაცობრივი უძლურება, შეეწყალა მოწაფე, წამოაყენა და უთხრა: „ჭეშმარიტად უწყოდე, შვილო ჩემო, ვითარმედ, ღმერთი შემძლებელ არს განმზადებად ტაბლისა უდაბნოსა ზედა“.