მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რით დასტურდება, რომ უფალი ჩვენს ყოველგვარ ჩანაფიქრს ხვდება?
პასუხი: ის, რომ ყოვლადმცოდნე უფალმა იცის ყოველი ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ, ჩვენივე სინდისით დასტურდება. ამიტომაცაა, როდესაც სასიკეთო საქმეს ჩავდივართ, სიმშვიდე და სიხარული გვეუფლება, უკეთური განზრახვისა და საქმის ჩადენისას კი – სინდისის ქენჯნას ვგრძნობთ და მოუსვენრობა გვიპყრობს, რადგან ვიცით, უფლის მცნებებს გადავუხვიეთ და სასჯელი არ აგვცდება. ეს ყოველივე უფლის ჩარევით ხდება. ამიტომ ადამიანი ფხიზლად უნდა იყოს და არ გადაუხვიოს ღმერთის ნებას.
კითხვა: რატომ იკრძალება მართლმადიდებლურ ეკლესიებში წირვა-ლოცვის დამჯდარი მოსმენა ისე, როგორც ეს კათოლიკურ სამლოცველოებში ხდება?
პასუხი: მჯდომარე ადამიანი დუნდება, არ არის მობილიზებული, ის ვერ ახდენს ლოცვისადმი კონცენტრაციას და შეიძლება, ღვთისმსახურების დროს ჩაეძინოს კიდეც. ამიტომ მართლმადიდებლურ ტაძრებში არის გარკვეული შეზღუდვები სხვა სარწმუნოების მიმდევართა ტაძრებთან შედარებით. ზოგადად, მართლმადიდებლური ეკლესია უფრო მკაცრია და მორწმუნისგან მეტ მოთმინებასა და თავდადებას მოითხოვს. გარდა ამისა, ჩვენს ტაძრებშიც არის დაშვებული გამონაკლის შემთხვევებში სკამზე ჩამოჯდომა, მაშინ, როცა მორწმუნე სნეულია, ან მოხუცი და არ შეუძლია მთელი წირვა-ლოცვის განმავლობაში ფეხზე დგომა.
კითხვა: შეიძლება თუ არა, უკურთხებელი ხატების ნაკურთხ ხატებთან ერთად დაბრძანება?
პასუხი: უკურთხებელი ხატები ნაკურთხ ხატებს არაფერს „ავნებს“, მაგრამ, გირჩევთ, დროულად აკურთხებინოთ ყველა ხატი და ისე მოაწყოთ სალოცავი კუთხე სახლში.
კითხვა: რამდენი ნათლული შეიძლება ჰყავდეს ერთ ადამიანს? არის თუ არა ნათლულების რაოდენობა შეზღუდული?
პასუხი: თუ ნათლია იმდენად ღვთისმოსავი და მადლიანია, რომ ახერხებს თავისი ნათლულების სულიერ აღზრდაზე ზრუნვას, მაშინ, მათი რაოდენობა არ არის შეზღუდული. მაგრამ, როგორც წესი, ასე არ ხდება ხოლმე და ადამიანები მხოლოდ თავიანთი მრავალრიცხოვანი ნათლულებით იწონებენ თავს, რაც დაუშვებელია. ზოგადად, თუ უკვე გყავთ ბევრი ნათლული და კიდევ გთხოვენ მონათვლას, დაეკითხეთ თქვენს მოძღვარს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება.