მამათა შეგონებანი
პაისი მთაწმინდელი: საუბედუროდ, ჩვენს დროში ადამიანებს არ სურთ, მოიკვეთონ ვნებები, საკუთარი თვითნებობა. ისინი უსირცხვილო ლაპარაკს იწყებენ და ღვთის მადლს განიშორებენ. ბოლოს ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს იგი, ვერაფერში წარმატებას ვერ აღწევს, რადგან იგი ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ადამიანი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, რადგან გარედან მას ეშმაკი მართავს. ეშმაკი მასში კი არ არის! – ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ, მას გარედანაც შეუძლია მართოს იგი. ღმერთის მადლს განშორებული ადამიანი ეშმაკზე უარესია. რადგან ეშმაკი ყველაფერს თვითონ კი არ აკეთებს, არამედ ბოროტებისკენ უბიძგებს ადამიანებს. მაგალითად, ის თვითონ არ აღასრულებს ბოროტმოქმედებას, მაგრამ ადამიანებს კი აქეზებს ამისკენ. და ამის გამო ადამიანები ეშმაკეულები ხდებიან.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან.
ნიკოლოზ სერბი: რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს. მართლაც ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან. ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.
გაბრიელ ეპისკოპოსი: ყოველი ცოდვა ისეთი თესლია, რომელიც თავის დროზე მწარე ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. გარდა ამისა, ვინც სცოდავს, ძალიან ცუდ მაგალითს აძლევს ოჯახის წევრებსა და გარშემო მყოფთ. იგი ფრიად მძიმე ტვირთს გადასცემს შთამომავლობას, რომელიც მისი ცოდვის უნებლიე მემკვიდრე ხდება, ღმერთმა ყოველ ცოდვას რომელიმე უბედურება განგებ დაუკავშირა, რათა ადამიანს, რომელსაც უნებურად დიდი მიდრეკილება აქვს ცოდვის ჩადენისკენ, შეეშინდეს და გაფრთხილდეს. ცოდვის საპირისპირო მადლი და სათნოება, რომელიც ამ ქვეყანაშივე ხდება ადამიანისთვის ნუგეშისა და ბედნიერების წყაროა.
იოანე: ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე: ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი – გულისთქმა ხორცის გულისთქმა და თვალის სიამაყე არსებობისა, – მამისაგან კი არ არის, არამედ ამ ქვეყნისაგან. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმანიც, ხოლო ღმერთის ნებისმყოფელი წარუვალია უკუნისამდე.
პეტრე დამასკელი: გადარჩენა ასე იწყება: ადამიანმა უნდა დაუტევოს თავისი ნება და გულისხმაყოფა და შეიქმნება ღმერთის ნებისა და ზრახვის აღმსრულებელი. ღმრთის ნებას ვერ შევიცნობთ გულისხმყოფის გარეშე და ეს უნდა ხდებოდეს არა საკუთარი, არამედ იმათი განსჯის საფუძველზე, ვისაც საამისო ცოდნაც აქვს და გამოცდილებაც. სხვაგვარად ხსნა შეუძლებელია. ისიც კი, რაც ჩვენ სიკეთედ მიგვაჩნია, ყოველთვის არ არის სიკეთე იმის გამო, რომ უდროოდ აღესრულება ან კიდევ იმიტომ, რომ არ გვჭირდება.