რა სასჯელი იყო დაწესებული ხევსურეთში კაცის მოკვლისთვის და რით გააოცეს „შავფაროსნებმა“ რომაელები
„შავფაროსნების“ წევრი ბაქარ ნათენაძე ქართულ საბრძოლო ხელოვნებას ადრეული ასაკიდან ეზიარა – მას შინ რამდენიმე მამაპაპეული, ძველი და ძვირფასი სატევარი აქვს, სახელოსნოში კი საბრძოლო საჭურველს ამზადებს, რომელთა შორის მუზარადი და „ფარეშიანი“, ანუ, მოქლონიანი ჯაჭვის პერანგიც არის, რომლის დამზადებაც ცნობილი ქართველი ხელოვანისა და რესტავრატორის, ბატონი გოჩა ლაღიძისგან ისწავლა.
– ბაქარ, ცოტა ხნის წინ თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები რომში იყვნენ. როგორ მიიღო ქართული საბრძოლო ხელოვნება იქაურმა საზოგადოებამ?
– სხვათა შორის, ახლაც მიმდინარეობს მოლაპარაკება – მიწვევა გვაქვს რომიდან და, ვფიქრობთ, რომ წელს უფრო მასშტაბური სანახაობა გავაკეთოთ. ყველა ქვეყნიდან იყო ხალხი ჩასული – რუსები, გერმანელები... ყველას, ჩვენ გარდა, რომაელი ლეგიონერის აღკაზმულობა ემოსა, ჩვენ კი ხევსურული სამოსი, ჯაჭვის პერანგები ჩავიცვით, თან, წინასწარ კი არ გვქონდა დადგმული, ექსპრომტად ვაკეთებდით ყველაფერს, რამაც უცხოელებში დიდი მოწონება და აღფრთოვანება გამოიწვია. ღია ცის ქვეშ გაიმართა წარმოდგენა – წაღებული ჰქონდათ ჩემი გაკეთებული პერანგები, ჩაბალახები, მშვილდები... რომის ცენტრალურ პიაცაზე გავმართეთ სანახაობა. ამ ფესტივალს „ნატალი რომა“ ჰქვია.
– შესყიდვითაც თუ დაინტერესდა ვინმე?
– უცხოელებს ძალიან აინტერესებდათ ქართული იარაღი, მაგრამ, ჩვენ ამ კუთხით არ შეგვითავაზებია – რეკლამა სჭირდება ამ ყველაფერს... ჯერჯერობით ექსპონატებს ნაკლებად ვამზადებთ. რაც გვჭირდება საფარიკაოდ ან ორთაბრძოლებისთვის, იმას ვაკეთებთ; მაგალითად, ფარიკაობისას მუდმივად ვიღებთ ტრავმებს – ხელები სულ დაჩეხილი და დასისხლიანებული მქონდა, ძვალი – დაზიანებული... ავდექი და გავაკეთე ჯაჭვის ხელთათმანები, რომელსაც „საბუხრეები“ ეწოდება.
– ესე იგი, ორთაბრძოლების დროს ნამდვილად ზიანდებით?
– დიახ, ტრავმებსაც ვიღებთ ხოლმე. ერთხელ თავში მომხვდა ხმალი, ავდექი და გავაკეთე მუზარადი: ახლა, სატევარს მართლა ხომ არ გაუყრი მოწინააღმდეგეს! ერთმა სვანმა მოხუცმა გვითხრა: სატევარი ისე უნდა გაუყარო მტერს, უკანა მხარეს მამალი ჩამოჯდესო (იცინის). სვანეთში ვიყავით ექსპედიციაში და იქ შევხვდით მოხუცებს, რომლებიც ბრძოლის ნამდვილი ოსტატები იყვნენ. ჩემი მასწავლებელი ეკითხება ერთ-ერთს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირველი სწრაფი შეტევისთვის სატევარიო და, სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ხანჯალი მუცელზე ჰქონდა მიბჯენილი. მესტიის მუზეუმში დაცულია მთელ მსოფლიოში უნიკალური – სამკაპა და ორკაპა მშვილდები, რომელსაც მთელ დედამიწაზე არ აქვს ანალოგი. სვანეთში არბალეტებსაც ხმარობდნენ მას შემდეგ, რაც კოშკების შენება დაიწყეს. სვანურად ამას „ცხემადი“ ჰქვია – ისეთი ფორმისაა, სამი მშვილდი გაქვს ერთის მაგივრად. სამწუხაროდ, არც მფლობელის ვინაობა, არც საგვარეულო არ არის ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ, სათავადო იარაღია და საკმაოდ რთული ტექნოლოგიით მზადდება: ორთქლზე მოხარშვით, ბიოლოგიური დამუშავებით. გამოიყენება ხე, რქა და მყესი. ბატონ გოჩა ლაღიძეს მივაწოდე ფოტოები და შემპირდა ასლის დამზადებას. ისე, მე ვაკეთებ შედგენილ, რამდენიმეფენიან მშვილდებს – ძალიან მინდა, აღდგეს ტრადიციული, ქართული მშვილდოსნობა. ქართველები ნადირობისას ცეცხლსასროლ იარაღს არ იყენებდნენ, მშვილდით ჩაუქობა იყო ვაჟკაცობა. „გმირთა ვარამშია“ ასეთი მომენტი – ალექსანდრე, კახთა მეფე ამბობს: ვინც ნადირობისას თოფი იხმაროს, ლაჩარი იყოს, მშვილდ-შუბი უნდა გვიჭრიდესო. ახლა „არჩერის“ ისეთი მაგარი იარაღია შემოსული, მშვილდს აღარავინ ხმარობს, მაგრამ, არანაკლები სისწრაფე და ეფექტი აქვს.
– საქართველოში ამჟამად ვინ არის იარაღის ყველაზე ცნობილი ოსტატი?
– არნოლდ თეთრუაშვილი იყო, რომელიც, სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ის ამზადებდა იარაღს ცნობილი და მდიდარი უცხოელების შეკვეთით. მისი ნამუშევრების უმრავლესობა კერძო კოლექციებშია დაცული. ანტიკვარული იარაღიც ბევრია საქართველოდან გაზიდული, განსაკუთრებით, 90-იან წლებში – მშრალი ხიდი სულ დააცარიელეს. ყველაზე მეტად ხანჯლები გადიოდა, საჭურველიც... მეც მაქვს შინ მამაპაპეული ხანჯლები, ერთ-ერთი მათგანი ამას წინათ გათხრებისას აღმოვაჩინეთ – ორ მეტრ სიღრმეზე აღმოჩნდა ადამიანის ძვლები და საკმაოდ კარგად შენახული სატევარი – დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნის იარაღია. ლითონი დაჟანგული და კოროზირებული არ იყო, მარტო ტარი ჰქონდა დამპალი. მინდა, რესტავრაცია გავუკეთო.
– თქვენ თვითონ როდის დაინტერესდით ამ საქმით?
– ძალიან ადრეული ასაკიდან – მამა მყავს ხელოსანი და მან მაზიარა. 12 წლიდან ხეზე, ბზაზე ვმუშაობდი. დანებს ვაკეთებდი და მეგობრების ვჩუქნიდი – სანადიროს, საბრძოლოს... 16 წლის ასაკში „შავფაროსნებში“ მივედი. სხვათა შორის, წინათ იარაღის გარდა, მუშტი-კრივიც ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. ვაჟა-ფშაველა და მისი ძმა იყვნენ შესანიშნავი მოკრივეები, თბილისის კრივშიც („სალდატსკი“ კრივს უწოდებდნენ) იღებდნენ მონაწილეობას. გორის სემინარიაში შიო მღვიმელთან ერთად სწავლობდნენ და შიო იგონებს: ყოველთვის ქვედა უბნის მხარეს იყვნენ რაზიკაშვილები და, ვაჟა ვის მხარეზეც იყო, ის ყოველთვის იმარჯვებდა ხოლმეო. მთაში უფრო გოროზი და ხისტი ხალხია – ქალებიც, სხვათა შორის, უფრო მკაცრები არიან. წელს ყაზბეგში წავედით – არსის ციხეზე ვიყავით. იქ ჩანჩქერებია და ძლივს ავედით – გული ხელით გვეჭირა და, წარმოიდგინე, იქაურ ქალებს ყოველდღე საქონელი აჰყავთ იქ წყლის დასალევად (იცინის). ქალებიც იბრძოდნენ და კაცებიც – კოშკიდან კაცი რომ თოფს ისროდა, ქალი იარაღს ტენიდა მანამდე. იარაღიც ჰქონდათ ქალებს, თან, საკმაოდ მძიმე...
– რომელ ქვეყნებში ყოფილხართ „შავფაროსნები,“ გარდა იტალიისა?
– თურქეთში, გერმანიაში...
– თურქეთში არ გკითხეს, ამით გვებრძოდითო?
– კი, მკითხეს (იცინის). არ მიწყინონ, მაგრამ, განსაკუთრებული კულტურა ამ მხრივ არ აქვთ თურქებს – სავსეა სტამბულის მუზეუმი ქართული ხმლებით. ბოლო პერიოდში – მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში, ქართულმა ხმალმა ფორმა შეიცვალა – გამსუბუქდა და ბოლოში გაიღუნა ცოტა, ვითომ სპარსული და თურქული კულტურის გავლენით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. აღმოსავლური ხმალი ტარიდანვე გახრილია – ნახევარმთვარის ფორმისაა. ვახტანგ გორგასლისა და აღმაშენებლის ხმლები, მაგალითად, დაახლოებით, 36-40 კილოგრამს იწონიდა. მაშინ რკინა უფრო უხარისხო იყო, ტექნოლოგია კი – ნაკლებად განვითარებული. შემდეგ ფოლადის წრთობა დაიწყო და რკინის დაგრეხაც ისწავლეს. საქართველოს მუზეუმებში, ასევე დაცულია აღმოსავლური ხმლები, ასევე, ჩრდილო-კავკასიური, დაღესტნური... რომლებსაც მოოქრული ტარი აქვს და ზედ ყურანის სურებია ამოკვეთილი. არის ევროპული იარაღი, რომელიც გადაკეთებული და გაქართულებულია, მაგალითად, იტალიური ხმლები. ცნობილი „დავითფერული“ იტალიაშია ნაჭედი – „დავით ფერარა“, რომელიც გაქართულებულია.
– ეს მუზარადი თქვენი დამზადებულია?
– დიახ, ჩემია. საქართველოში მთავარი, მასიური ლითონისგან დამზადებული ჩაჩქნები არ გვხვდება, ძირითადად ჯაჭვიანებია, თუმცა, ეროვნული მუზეუმის იარაღის საცავში შეაღწევა ძალიან რთულია, ამიტომ, რაც იქ ინახება, აზიური ფოტოებიდან ვიცი, რქებიანი ჩაჩქანიც მინახავს. ზოგადად, კავკასიაში ჯაჭვიანი მუზარადი იყო გავრცელებული, საცხვირითა და აუცილებლად სამაგრით, რომ მეომარს თავიდან არ მოსძრობოდა. ვამზადებ, ასევე, მათრახებს; ეს საცხენოსნო მათრახია, რომელიც, შეიძლება, გამოიყენო ბრძოლაშიც – საბრძოლო მათრახის სიგრძე 7 მხარია. წმიდა გიორგის მათრახი, ქართული თქმულების მიხედვით, 63 მხრის სიგრძეა.
– ჯაჭვის პერანგებსაც ამზადებთ?
– დიახ, ვამზადებ. ბატონმა გოჩა ლაღიძემ ფარეშანი, ანუ, მოქლონიანი ჯაჭვის პერანგის დამზადება მასწავლა. ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა – ეს არის რგოლებიანი ჯაჭვი, რომლის რგოლები ერთმანეთთან სამაგრებით არის დაკავშირებული. ვცდილობ, ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვიყენო – მინდა, სამომავლოდ საგამოფენო ექსპონატები დავამზადო. ჯაჭვის პერანგს თვე-ნახევარი ვაკეთებდი.
– კასტეტებს ანუ „ღაჯიებსაც“ ამზადებთ, მგონი.
– დიახ, მეც და ჩემი მოწაფეც. ერთ, ორ, სამთითიანს, ბეჭდადაც მიკეთია ხანდახან. საკმაოდ დიდ დაზიანებას აყენებდა მტერს. მაკალათია წერს: თუ მთის მცხოვრებს ღაჯიათი სახეზე ჭრილობა არ ჰქონდა მიყენებული, ის კარგ ვაჟკაცად არ ითვლებოდა და, შესაბამისად, დაცინვისა და მასხრად აგდების ობიექტიც ხშირად ხდებოდაო. ქორწილებსა და ნიშნობებშიც ძალიან პოპულარული იყო ამ იარაღით ჭრა – „კეჭნაობა“, ორთაბრძოლები, თუმცა, ბოლოს რიგდებოდნენ ხოლმე. იშვიათად, იქ კაცი დაღუპულიყო. კაცის მოკვლა ძალიან დიდ ცოდვად ითვლებოდა და მკვლელის ოჯახს მოკლულისთვის 60 ძროხა უნდა გადაეხადა, 60 ძროხა კი ხანდახან მთელ თემშიც არ ჰყავდათ ხოლმე.