კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსხვავებაა ერევანსკის მოედანსა და ერევნის მოედანს შორის

თბილისის მთავარ მოედანს – თავისუფლების მოედანს, ხშირად დღესაც მოიხსენიებენ, როგორ ყოფილ „ერევნის მოედანს“. სინამდვილეში დღევანდელ თავისუფლების მოედანს ერევნის მოედანი არასდროს რქმევია. დიდი ხნის განმავლობაში მას ეწოდებოდა არა ერევნის, არამედ – ერევანსკის მოედანი. გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.

– ბატონო ვახტანგ, რატომ იხსენიებენ ხოლმე თავისუფლების მოედანს ერევნის მოედნის სახელწოდებით?

– თბილისში არასდროს არსებულა ერევნის მოედანი. დღევანდელ თავისუფლების მოედანს დიდი ხნის განმავლობაში ეწოდებოდა არა ერევნის, არამედ – ერევანსკის მოედანი. დღევანდელი თავისუფლების მოედნისთვის ერევანსკის სახელწოდების მინიჭება დაკავშირებულია სრულიად კონკრეტულ და საყოველთაოდ ცნობილ ისტორიულ მოვლენასთან და პიროვნებასთან.

– უფრო კონკრეტულად, რომელ ისტორიულ მოვლენასა და პიროვნებას გულისხმობთ?

– საუბარია რუსეთ-ირანის 1826-1828 წლების ომსა და კავკასიის მთავარმართებელ (მთავარსარდალ) ინფანტერიის გენერალ ივანე თევდორეს ძე პასკევიჩზე (1782-1856 წლები).

– ვინ იყო გრაფი ივანე პასკევიჩი და როდის გამოჩნდა ის კავკასიაში?

– 1826-1828 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის ომი. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, როგორც ცნობილია, რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო და შემდეგ შეუდგა სამხრეთ კავკასიის დანარჩენი ნაწილების (სომხეთი, აზერბაიჯანი) დაპყრობას. სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებას ვერ ეგუებოდა ირანი. მან სცადა რუსეთის სამხრეთ კავკასიიდან განდევნა, მაგრამ, 1804-1813 წლებში მიმდინარე ომში დამარცხდა, რის შემდეგაც რუსეთმა კიდევ უფრო განიმტკიცა პოზიციები. ირანი რევანშისთვის ემზადებოდა. 1826-1828 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ-ირანის მეორე ომი. ამ დროისთვის კავკასიის მთავარმართებელი  (მთავარსარდალი) იყო ცნობილი რუსი გენერალი ალექსი ერმოლოვი (მის სახელს უკავშირდება რუსეთის დაპყრობითი ომების დასაწყისი ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში). რუსეთის არმიამ ომში თავდაპირველად წარუმატებლობა განიცადა. რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველს ალექსი ერმოლოვი არ უყვარდა, ამიტომ, შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და იგი თანამდებობიდან გადააყენა. 1827 წლის 18 მარტს იმპერატორმა კავკასიის მთავარმართებლად (მთავარსარდლად) დანიშნა ივან პასკევიჩი და, უბოძა ინფანტერიის გენერლის წოდება. კავკასიის მთავარმართებელი იმავდროულად იყო კავკასიაში მოქმედი რუსეთის ჯარების (კავკასიის ცალკე კორპუსის) სარდალიც. გენერალმა ივან პასკევიჩმა სარდლობა იმ მომენტში ჩაიბარა, როდესაც რუსეთის ჯარები ირანის შემადგენლობაში შემავალ ერევნის სახანოს წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდნენ. 

– გვარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ივან პასკევიჩი, როგორც რუსეთის ბევრი სხვა სამხედრო მოღვაწე, რუსი არ უნდა ყოფილიყო.

– ივან პასკევიჩი რუსი არ ყოფილა. იგი ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან ცნობილი უკრაინელი კაზაკური გვარის წარმომადგენელი იყო. მისი წინაპრები პოლტავაში ცხოვრობდნენ, იქვე დაიბადა ივან პასკევიჩიც. იგი იყო იმპერატორ ნიკოლოზ პირველის უახლოესი მეგობარი და ფავორიტი.   

– რით გამოიჩინა თავი ივან პასკევიჩმა რუსეთ-ირანის ომის დროს?

– ივან პასკევიჩმა ომის ბედი რუსეთის სასარგებლოდ შეატრიალა. კონკრეტულად კი, 1827 წლის 5 ოქტომბერს დიდი ბრძოლების შემდეგ, მან ერევნის სახანოს ცენტრი – ერევნის ციხესიმაგრე აიღო. რუსეთის ჯარის ამ გამარჯვებამ დიდად აღაფრთოვანა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ პირველი და თავის ფავორიტ გენერალს მან გრაფის ტიტული და „ერევანსკის” საპატიო წოდება უბოძა. ხოლო როდესაც ირანთან ომი წარმატებით დასრულდა, დამარცხებული ირანის მიერ რუსეთისთვის გადახდილი კონტრიბუციიდან იმპერატორმა პასკევიჩს ერთი მილიონი მანეთი უბოძა. 

– გასაგებია, რომ გრაფმა ივან პასკევიჩმა მიიღო საპატიო წოდება – „ერევანსკი,” მაგრამ, ყოველივე ამას რა კავშირი აქვს თბილისთან და მის მთავარ მოედანთან?

– მოგახსენებთ. ირანთან ომში გრაფმა ივან პასკევიჩმა კიდევ ბევრი წარმატება მოიპოვა და ომის დამთავრების შემდეგ ჯართან ერთად ტრიუმფით შემოვიდა თბილისში. კავკასიის კოლონიური ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა სამხედრო და სამოქალაქო მმართველობამ, ასევე, სამღვდელოებამ თბილისის მოსახლეობასთან ერთად, შეხვედრა მოუწყვეს გამარჯვებულ სარდალს. შეხვედრა მოხდა ზუსტად იმ ადგილას, სადაც დღეს თავისუფლების მოედანია (რუსის ჯარი ოქროყანის მხრიდან შემოვიდა თბილისში). დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, პირველად ვის მოუვიდა თავში აზრად იმ ადგილისთვის, სადაც გამარჯვებულ სარდალს  საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს, მისი სახელი ეწოდებინათ. მალე დღევანდელ თავისუფლების მოედანს ეწოდა გრაფ ივან პასკევიჩ-ერევანსკის სახელი. ეს მოედანი შემდგომში იწოდებოდა „ერევანსკის მოედნად”. ამრიგად, თავისუფლების მოედნის ძველი სახელწოდება „ერევანსკის მოედანი” წარმოდგა გრაფ ივან პასკევიჩისთვის იმპერატორის მიერ ბოძებული საპატიო წოდებიდან – „ერევანსკი”. ასე რომ, ქალაქ ერევნის პატივცემად თბილისში მოედნისთვის სახელი არ უწოდებიათ.  სახელწოდება „ერევანსკის”  „ერევნით” შეცვლა შეცდომაა.

– რამდენი ხანი დაყო თბილისში გრაფმა ივან პასკევიჩ-ერევანსკიმ და, გარდა მისი სახელობის მოედნისა, კიდევ რა აკავშირებდა ამ პიროვნებას საქართველოსთან?

– ირანთან ომის დასრულების შემდეგ მალე დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ომი, რომელიც 1828-1829 წლებში მიმდინარეობდა. კავკასიაში ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედ რუსეთის ჯარებს კვლავ გრაფი ივან პასკევიჩ-ერევანსკი სარდლობდა. პასკევიჩმა ამ ომშიც გამოიჩინა თავი და მრავალი გამარჯვება მოიპოვა. რუსეთის ომში გამარჯვებას შეეწირა გურიის სამთავროს არსებობა. 1804 წლიდან გურიის მთავარი რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახდა და სამთავრომ გარკვეული შინაგანი ავტონომია შეინარჩუნა. ამ დროს გურიას მართავდა მთავრის ქვრივი, დედოფალი სოფიო. სოფიო აშკარად ანტირუსული ორიენტაციის იყო და პასკევიჩმა და მისმა ხელქვეითებმა სოფიოს ბრალი დასდეს რუსეთის წინააღმდეგ ოსმალეთთან ფარულ კავშირში. გურიის დედოფალმა საფრთხე იგრძნო და შვილებთან ერთად ოსმალეთში გაიქცა. ოსმალეთთან ომში გამარჯვების შემდეგ პასკევიჩ-ერევანსკიმ გურიის სამთავრო გააუქმა. 1830 წელს პასკევიჩი ჩეჩნეთში სალაშქროდ ემზადებოდა, თუმცა, არ დასცალდა – კავკასიის ჰავამ მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა და ექიმებმა კავკასიის დატოვება ურჩიეს. 1830 წელს გრაფმა ივან პასკევიჩ-ერევანსკიმ იმპერატორს გადადგომის შესახებ თხოვნა მიართვა.  

– რა ბედი ეწია სოფიო გურიელისა და მისი შვილების სამშობლოდან განმდევნელ პასკევიჩს?

– გრაფი პასკევიჩ-ერევანსკი კიდევ ერთ ძალიან სამარცხვინო საქმეში აღმოჩნდა გარეული. 1830 წელს რუსეთის წინააღმდეგ დიდმა აჯანყებამ იფეთქა პოლონეთში. რუსეთის ჯარებმა დაიწყეს ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება. აჯანყებულები რამდენიმე ბრძოლაში დამარცხდნენ. იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა ჩათვალა, რომ აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ენერგიულად და დიდი სისასტიკით უნდა წარმოებულიყო. 1831 წელს აჯანყებული პოლონელების წინააღმდეგ მოქმედი რუსეთის ჯარების სარდლად იმპერატორმა გრაფი ივან პასკევიჩ-ერევანსკი დანიშნა. სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ, 1831 წლის 26 აგვისტოს, პასკევიჩმა ვარშავა აიღო. გახარებულმა იმპერატორმა გრაფ ივან პასკევიჩ-ერევანსკის ამჯერად თავადის ტიტული და „ვარშავსკის” წოდება უბოძა და ამიერიდან იგი ასე იწოდებოდა: თავადი ივან თევდორეს ძე ვარშავსკი, გრაფი პასკევიჩ-ერევანსკი. 1832-1856 წლებში ივან პასკევიჩი იყო რუსეთის მეფისნაცვალი პოლონეთის სამეფოში. გარდაიცვალა იქვე.

скачать dle 11.3