გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი დაშორებიდან 38 წლის შემდეგ იპოვეს
41 წლის ტარიელ გერმანის ძე ცენტერაძე (აღმზრდელის გვარი) ეძებდა 41 წლის ავთანდილს და ბიოლოგიურ დედას (სახელი და გვარი უცნობია).
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ჩვენს ერთგულ მკითხველს „თბილისელების“ რუბრიკა „დაკარგულებიდან“ ახსოვს. დარწმუნებული ვარ, არ გავაზვიადებ, თუკი ვიტყვი, რომ ეს ჩემი რუბრიკის კიდევ ერთი სასწაულია. ძმები – ავთანდილი და ტარიელი 1974 წელს სხვადასხვა ოჯახზე გააშვილეს, მაგრამ, საბედნიეროდ, მათ იპოვეს ერთმანეთი და განშორების 38 წელი დასრულდა.
ლელა პაპავა (ტარიელის მეუღლე): ტარიელს ძალიან უნდოდა ძმის პოვნა, მაგრამ, არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა ეს საქმე. გული კი სულ იმას უგრძნობდა, რომ მისი ტყუპისცალი საქართველოში უნდა ყოფილიყო. ჩემმა ახლობელმა, სრულიად შემთხვევით თქვენი რუბრიკის შესახებ მიამბო, მე კი ტარიელს ვუთხარი და დავითანხმე. დღეს ისეთი აღელვებული და ბედნიერი ვარ, ცხოვრებაში რომ არასდროს ვყოფილვარ. როგორც კი ავთანდილის სურათები მაჩვენეთ, მაშინვე მივხვდი, რომ სწორედ ის არის ტარიელის დაკარგული ძმა. მსგავსება მათ შორის ერთი-ერთზეა. გასაოცარია ისიც, რომ მათ ერთნაირი ხასიათი და გემოვნება ჰქონიათ – ორივეს ძალიან უყვარს ხალხური სიმღერები და ქეიფი. ჩემი მეუღლე ნამდვილად იმსახურებდა, რომ თავისი ძმა ეპოვა და გვერდში ჰყოლოდა ამდენი წლის შემდეგ მაინც.
ავთანდილის მეუღლე – ანა ჭანტურიძე: დედაჩემმა დამირეკა (ის ზესტაფონში ცხოვრობს). მას იქ წაუკითხავს თქვენი სტატია და ორი დღე ტიროდა, თურმე. მაშინვე მიხვდა, რომ სწორედ ჩემს მეუღლეს ეძებდნენ. ტარიელის ბავშვობის სურათი როგორც კი ნახა, მაშინვე დამირეკა: ანა, ესა და ეს რუბრიკა ნახეო. დედაჩემმა კი ავთოს ამბავი ჩვენი სოფლიდან იცოდა – ის და ავთოს აღმზრდელები ერთი სოფლიდან იყვნენ. დღესდღეობით ავთოს აღმზრდელები ცოცხლები აღარ არიან. როდესაც ავთოს დავურეკე და ვუთხარი, ასე და ასეა-მეთქი, არ დაიჯერა. როგორც ვიცი, თავის მამიდებთანაც კი იყო წასული (აღმზრდელი მამის დებთან) და მათ ყველაფერი იუარეს, სიმართლე დაუმალეს. მაგრამ, მსგავსება მასა და ტარიელს შორის იმხელაა, რომ კითხვები აღარ მრჩება.
– იშვიათობაა, როდესაც აღმზრდელი მშობლები ნაშვილებ შვილებს სახელებს არ უცვლიან. დაბადების თარიღები თუ ემთხვევა?
– რიცხვი და წელი კი ემთხვევა, მაგრამ, თვე ერთით მეტი უწერია ერთ-ერთს: ავთოს უწერია 30 ოქტომბერი, ტარიელს კი – 30 ნოემბერი.
– დნმ-ის ანალიზის გაკეთებას ხომ არ ფიქრობთ იმის დასაზუსტებლად, რომ ისინი ძმები არიან?
– ნამდვილად არაა საჭირო დნმ-ის ანალიზი, ამდენი დამთხვევა და ასეთი მსგავსება შეუძლებელია. ერთხელ, დაახლოებით შვიდი წლის წინ ავთო მისული იყო ერთ-ერთ დაწესებულებაში, მეტრო „ელექტროდეპოსთან“. მას იქ ისე შეხვდნენ, როგორც ნაცნობს და ტარიელს ეძახდნენ. მერე, როდესაც მან თქვა, რომ აქ პირველადაა, უთხრეს, ტყუპისცალი ძმა გეყოლებაო. მართლაც ასე აღმოჩნდა.
– ავთომ ვისგან და როდის გაიგო, რომ ნაშვილებია?
– ერთხელ ვიკამათეთ და გულმოსულმა მე ვუთხარი ეს ამბავი. ეს ოთხი წლის წინ იყო, მანამდე კი მან ეს არ იცოდა. შეიძლება, რაღაცას ხვდებოდა, მაგრამ, არ იცოდა სიმართლე.
ტარიელ ცენტერაძე (ვინც ეძებდა): ვიგრძენი, თითქოს დაკარგული ნაწილი ვიპოვე. არც ისეთი დალხენილი ცხოვრება მქონდა, მაგრამ, დღეს უბედნიერესი ვარ – ჩემი სისხლი და ხორცი ჩემ გვერდითაა და მე მას აღარასოდეს დავკარგავ. როდესაც გავიგე, რომ ავთო დასავლეთშია, მაგრამ მზადაა, ჩემთან შესახვედრად თბილისში ჩამოვიდეს, კინაღამ გავგიჟდი სიხარულისგან (ტირის).
– დედის მოძებნაზე რას იტყვით?
– კარგი იქნებოდა, ისიც მოგვეძებნა. მაინც დედაა ჩვენი და, თუკი ის ცოცხალია და მიხვდება, რომ მას ეძებენ, ვთხოვ, გამოგვეხმაუროს.
ავთანდილ ფანჩულიძე: ოთხი წლის წინ გავიგე, რომ ტყუპისცალი მყავს და ნაშვილები ვარ. სულ მაინტერესებდა მისი მოძებნა, მაგრამ, ამას ბოლომდე ვერ ვიჯერებდი. გარკვეული შეგრძნებები კი მეც მქონია, უბრალოდ, თავად მე საკმაოდ ჩაკეტილი პიროვნება ვარ და ეს არავისთვის მითქვამს.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.