არის თუ არა ქალი უნებისყოფო არსება და როდის იცის მამაკაცმა წინასწარ საკუთარი ქმედებების შედეგი
არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც, უბრალოდ, არ სჯერათ ქალის პატიოსნების. ისინი ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ყველა ქალი გიღალატებს, თუკი მას „შესაფერისი“ სიტუაცია შეექმნება, ანუ, თუ გაჩნდება შესაბამისი მომენტი და გარემოება და, კიდევ, თუკი მამაკაცი მიზნად დაისახავს მის „დაპყრობას“. ესე იგი, გააჩნია მამაკაცის სურვილის ხარისხს, მონდომებას და – „ყველა ციხე აღებულია“, ისიც კი, რომელიც ერთი შეხედვით მიუწვდომელი ჩანდა. შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეს მოსაზრება? ან, რატომ უჩნდებათ მამაკაცებს გათხოვილი ქალის დამორჩილების სურვილი – ეს ხომ პრობლემებთან არის დაკავშირებული? რატომ უნდა გაირთულო ცხოვრება, როცა არც სიყვარული და არც აღმაფრენაა? ან, იქნებ, ეს მხოლოდ აზარტია?!
მამუკა (29 წლის): ზოგადად, აზარტული ვარ. კაზინოებში და ტოტალიზატორში მხოლოდ იმიტომ არ დავდივარ, რომ მეშინია, ეს ჩემი ცხოვრების წესად არ იქცეს. ამას არ ვამბობ იმისთვის, რომ ვინმემ თქვას, საწყალი ბიჭი, თურმე რატომ წასულა ამ გზაზეო. ეს არაფერ შუაშია. მე მინდა, საკუთარი თავი გაგაცნოთ. დიახ, ვარ აზარტული. იმ ქალთან ჩემი ურთიერთობა იყო ძალიან აზარტული და საინტერესო. სხვა შემთხვევაში, ვერაფრით „შევებმებოდი“.
– ანუ, თქვენ „შეგაბეს“ და არა პირიქით, – თქვენ „აბამდით“?
– როგორ გეკადრებათ, სწორედაც რომ „ვაბამდი“, მაგრამ, ამ დროს, მე უკვე „შებმული“ ვიყავი და, თანაც, სერიოზულად „შებმული“ – ძალიან დამაინტერესა მისმა შეუვალობამ. ვიფიქრე: დავიჯერო, იშვიათი გამონაკლისია და მართლა ასეთი უზადოდ პატიოსანია-მეთქი?!
– გაგაღიზიანათ მისმა პატიოსნებამ?
– თუკი გინდათ, რომ ასეთი ფორმულირება მისცეთ, კარგი, ბატონო, – გამაღიზიანა. ვიგულისხმე, რომ ეს ერთგვარი ფანდი, სატყუარა იყო მისი მხრიდან. ცუდად არ გამიგოთ, ქალი ბუნებრივად არის ინტრიგებისკენ მიდრეკილი – ის ასეთად შეიქმნა, კაცზე გაცილებით ინტერესიანი და ცნობისმოყვარე; მოუსვენარი და ექსპერიმენტატორი. ასეთი მონაცემების არსება, შეუძლებელია, ცდუნების წინაშე არ აღმოჩნდეს. არავის გასაბრაზებლად არ ვამბობ ამას. არც ის მინდა, ქალთმოძულედ გამომაცხადონ. პირიქით, უდიდეს პატივს ვცემ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მაგრამ, ხშირად ისინი ძალიან უსამართლონი არიან.
– რაში არიან უსამართლონი?
– იმაში, რომ ყველაფერში მამაკაცებს ადანაშაულებენ. ყველა მათი უბედურების სათავედ ჩვენ მიგვიჩნევენ, თან, კაცის გარეშე ცხოვრებაც არ შეუძლიათ. ერთხელ ვიხუმრე: კაცებზე რომ ამბობენ, ყველა ერთნაირი მოღალატეაო, მოღალატე და უზნეო ქალები რომ არ იყვნენ, კაციც ერთგული იქნებოდა-მეთქი. იცით, რა მოხდა? იქ მყოფმა მანდილოსნებმა ლამის ჩამქოლეს. არადა, იყავით გულახდილი და თქვით, ხომ არის ამ ხუმრობაში რაღაც ლოგიკა?
– გააჩნია, ამ „რაღაც ლოგიკაში“ რას გულისხმობთ.
– რა თქმა უნდა, მამაკაცებს პასუხისმგებლობას არ ვუხსნი. ისინი ვალდებულები არიან, კარგად მიხედონ საკუთარ ცოლებს, თორემ ყოველთვის გამოჩნდება ჩემნაირი.
– შემცდენი?
– შემცდენი რატომ? თქვენ გგონიათ, არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც სხვისი სიამოვნებისთვის გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც არ უნდა?! ძალიან ცდებით. ყველანი, მნიშვნელობა არ აქვს, კაცია თუ ქალია, ვართ პატიოსნები, სანამ შესაფერისი სიტუაცია არ შეგვექმნება.
– იმის თქმა გინდათ, რომ პატიოსნება უცხოა ადამიანის ბუნებისთვის, რომ ნებისმიერი ქალი და ნებისმიერი კაცი მივა ღალატამდე?
– რა თქმა უნდა. ამაში ეჭვი გეპარებათ? თუ თქვენთვის ქმარს არ უღალატია, უბრალოდ, გაგიმართლათ, რადგან, მას ჯერ არ შეჰქმნია სიტუაცია და გარემოება. ზუსტად ასე არიან ქალებიც. მე მქონდა გათხოვილ ქალთან ურთიერთობა და ის სულაც არ იყო გარყვნილი. მასზე ცუდის თქმას არ ვაპირებ. რაღაც მომენტში მოაკლდა ყურადღება, სითბო და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ასეა, ქალი თუ შენად მიგაჩნია, ერთი წუთითაც არ უნდა დატოვო მარტო – ემოციურ სიმარტოვეს ვგულისხმობ, რაც, მგონი, მარტო ქართველი კაცებისთვის არის დამახასიათებელი ეს მეტად უცნაური ფენომენი. გაგიჟდებიან, გადაირევიან ქალზე, ტყავიდან ძვრებიან და წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ მისთვის... მერე კი, ცოლად რომ შეირთავენ, თავისად დაიგულებენ და მორჩა – აღარ აინტერესებთ. აი, ეს არ მესმის.
– თქვენ ცოლი არ გყავთ?
– არ მყავს, მაგრამ, სხვისი ცოლების ფსიქოლოგია ვიცი ძალიან კარგად. მე ცოლი იმიტომ არ მყავს, რომ, ჯერ ერთი, ქალზე „გადასაყოლად“ მზად არ ვარ.
– ეს როგორ გავიგოთ?
– როგორ და, ვიცი, ჯერჯერობით ქალს ვერ მივცემ იმას, რაც მას სჭირდება – არ მაქვს ამისი თავი. იმ ურთიერთობამ, რომელიც ცოტა ხნის წინ დავამთავრე, ბევრი რამ მასწავლა.
– სხვის ცოლთან ურთიერთობამ?
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რაღაც ისწავლო. ადამიანების პრობლემების ძირითადი მიზეზი ის არის, რომ არაფრის სწავლა არ უნდათ. ზოგიერთი მაინც, უაზრო პრინციპებს „აწვება“ და იღრმავებს პრობლემებს. ფაქტები რეალურად უნდა აღიქვა და შეაფასო. სირაქლემასავით რომ ჩაყოფ თავს ქვიშაში, რა, უკანალი უფრო ლამაზად გამოგიჩნდება?! ბოდიშს გიხდით, ამ უხეშობისთვის, მაგრამ ესეც ფაქტია. ის ქალი ერთ წვეულებაზე გავიცანი. მაშინვე მომეწონა. ისეთი იყო, რაღაცას რომ გიტოვებს – დადებითი მუხტითა და სიცოცხლით სავსე. ქმარი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ვიცეკვეთ. არც ამაზე ჰქონია რეაქცია მის ქმარს, იჯდა, სვამდა და სხვა ქალებს ზვერავდა მუშტრის თვალით. გამეცინა.
– თქვენ ეს არაბუნებრივად მოგეჩვენათ?
– არა, პირიქით, ქართველი ქმრისთვის სრულიად ბუნებრივია. მე გიყვებით იმას, რაც იყო. რომ გითხრათ, მაშინვე გამიჩნდა მისი „შებმის“ სურვილი-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, მასზე ფიქრი რამდენიმე დღე გამყვა. მერე შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. დავინახე და კიდევ უფრო მომეწონა. გამოველაპარაკე და რამდენიმე ფრაზის შემდეგ მივხვდი, რომ იმ საღამოს არც მისთვის ჩაუვლია ისე... რამდენიმე დღის შემდეგ ისევ შევხვდი. ვერ ვიტყვი, რომ ეს შეხვედრაც შემთხვევითი იყო. მაგრამ, თავიდან ძალიან მეგობრული „მეჭირა“.
– ანუ, „შებმის“ საკუთარი პროგრამა გაქვთ?
– რაც გინდათ, ის დაარქვით. ქალს აკლდა სიყვარული, სითბო... მის ცხოვრებაში დეფიციტი არსებობდა და შევუვსე. რომ არ ყოფილიყო ეს დეფიციტი და მისი და მისი ქმრის ურთიერთობაში ხარვეზები, მე არანაირი „პროგრამა“ არ მიშველიდა, გარწმუნებთ.
– აბა, შესაფერისი სიტუაციაო?
– ეგეც აუცილებელია. უბრალოდ, იმდენად უმნიშვნელოა ისეთი წყვილების რიცხვი, ვისაც ერთმანეთში პრობლემა არ აქვთ და თავისუფლად შეუძლიათ ყველა თემაზე საუბარი, სალაპარაკოდაც არ ღირს. ყველა თემაზე საუბარში მე აბსოლუტურ გახსნილობას ვგულისხმობ, ინტიმური ექსპერიმენტების ჩათვლით და ასე შემდეგ... საკმარისია, რაღაცაში ვერ აეწყონ, გააჩნდეთ ინტიმურობის დეფიციტი, რომ ღალატის ალბათობა ათმაგდება. დარწმუნებული ვარ, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ, ეს უკვე მათი პრობლემაა. მოკლედ, მე მომეწონა ეს ქალი და გადაწყვეტილებაც მივიღე. სხვათა შორის, მარტო ჩემი სიამოვნებისთვის არ მიფიქრია. დავიწყე ინტენსიური რეკვა მასთან. საგანგებოდ ვარჩევდი ისეთ დროს, როცა მისი ქმარი სახლში არ იქნებოდა.
– მესიჯებსაც სწერდით, ალბათ...
– არა, მესიჯებს სწორედაც რომ არ ვწერდი. ხმა გაცილებით ინტიმურია. მესიჯები სერიოზულ ქალებთან არ მუშაობს. ორი თვის განმავლობაში დღე არ ჩამიგდია. ლაპარაკისას ხმა უთრთოდა ხოლმე და ეს მაგიჟებდა. ქალი, რომელიც აკრძალულ თამაშში ებმევა, სხვანაირად მგრძნობიარე ხდება – ინტუიცია, შეგრძნებები უმძაფრდება. მასში ქალი ახალი ძალით იღვიძებს და ორმაგად საინტერესო ხდება. სპეციალურად ვაყოვნებდი შეხვედრას – ამით სიამოვნებას ვიხანგრძლივებდი.
– თუ, მიზანმიმართულად აგიჟებდით?
– „ვაგიჟებდი“ რა სიტყვაა? გეუბნებით, მეც სიამოვნებას ვიღებდი. ეს უსერიოზულესი აზარტია და დიდი დოზით ადრენალინი. ვგრძნობდი, როგორ იცვლებოდა დღითი დღე მისი ხმის ტონალობა, ტემბრი... თითქოს ვხედავდი მის ანთებულ თვალებსა და გახსნილ ტუჩებს... არ ვიცი, როგორ აგიწეროთ ის განცდები, რაც მაშინ მქონდა... ვუცდიდი მომენტს, როცა მზად იქნებოდა შეხვედრისთვის; როცა ჩვენ შორის ყველანაირი ზღვარი და ბარიერი წაიშლებოდა. არ მიმაჩნია მე ეს გარყვნილებად.
– ჰო, მაგრამ, გრძნობა ხომ არ ყოფილა? სიყვარული არც გიხსენებიათ.
– აუცილებლად სიყვარული უნდა დავარქვა ამას? ლტოლვა გაცილებით მომწონს, ერთმანეთზე რომ ირევიან და გიჟური სიყვარული აქვთ. მერე რატომ აღარ უნდებათ ერთმანეთი? – ამ კითხვაზე მიპასუხონ სიყვარულის მხარდამჭერებმა. მე მირჩევნია, ლტოლვა და ვნება მქონდეს ქალის მიმართ.
– ლტოლვა და ვნება გადის...
– რა, სიყვარული კი რჩება? კარგი, რა, ვიღას სჯერა მაგ ზღაპრის. მგონი, სიყვარული უფრო ადრე გადის, ვიდრე ლტოლვა და ვნება. არ გინახავთ წყვილი, შეყვარებულები რომ არ არიან, მაგრამ, ვნება და ლტოლვა წლობით მიაჯაჭვებთ ხოლმე ერთმანეთს?! მე თუ მკითხავთ, ასეთი ურთიერთობა უფრო მყარია.
– თქვენ ახლა ქმრიანი ქალის საყვარელი ხართ?
– საყვარელი კი არ ვარ, ის „დეფიციტი“ ვარ, რომელიც ჰაერივით სჭირდებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ის ქალი პატიოსანია, წესიერია და თავისი ქმარიც უყვარს.
– უყვარს და ღალატობს?
– დიახ, ასეც ხდება. ცხოვრება ზოგჯერ უსამართლოა. ერთს ოჯახიც აქვს, ფარული ურთიერთობაც აქვს, საყვარელიც ჰყავს და მაინც მარტოსულია. მთავარია, საკუთარ თავს არ უღალატო ადამიანმა. როცა რაღაცის მოთხოვნილება გაქვს და არ დაიკმაყოფილებ, დეპრესიაც გარანტირებული გაქვს, კომპლექსებსაც აიკიდებ და ხასიათიც უარესობისკენ შეგეცვლება.
– ესე იგი, სექსი აკლდა?
– არა მარტო. რაც მთავარია, სითბო აკლდა, ყურადღება, საკუთარ თავში დარწმუნება. ვინ იცის, როგორ ელოდებოდა და რამდენი ხანი, რომ ქმარი მიმხვდარიყო ამ ყველაფერს. მისი ქმარი კი, რომელსაც ცოლი უყურადღებოდ და უალერსოდ ჰყავდა მიგდებული, ალბათ, ყველა შესაძლო სიტუაციაში სხვა ქალს უწყებდა შებმას და იმ სხვასთან თამაშობდა მაგარ ტიპს.
– ანუ, „მაშველი რგოლი“ ხართ გათხოვილი, დაუკმაყოფილებელი ქალებისთვის?
– ჯერ ერთი, გათხოვილი მხოლოდ ეს ერთი ქალი მყავდა; მეორეც – „მაშველი რგოლი“ რას ნიშნავს?! გეუბნებით, ჩემთვის ეს ქალი და მასთან ურთიერთობა სულერთი არ არის. ორმხრივი, დიდი სიამოვნება და ძალიან დიდი ბედნიერებაა. მას რომ გაეთიშა ტელეფონი, ეთქვა, რომ აღარ სურდა, დამერეკა, თავს ნამდვილად არ მოვაბეზრებდი.
– კიდევ ხვდებით ერთმანეთს?
– დიახ, ვხვდებით. იმდენად ბუნებრივი და ორგანულია ჩვენი ურთიერთობა, რომ სიტყვები საერთოდ არ გვჭირდება. როცა რომელიმეს დისკომფორტი შეგვექმნება, ეგრევე გავჩერდებით.
– რატომ არ შეჩერდით სატელეფონო საუბრებზე?
– ხომ გითხარით – იმიტომ, რომ ორივეს გვინდოდა ერთმანეთი. საოცარი მიზიდულობის ძალა იყო და ამან თავისი საქმე გააკეთა. ვიცი, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი ურთიერთობა დასრულდება, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა. მუდმივი არაფერია და ორივე დიდხანს ვიქნებით ბედნიერები ამ დღეების გახსენებით.