ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: სასამართლოს მიერ გამოტანილია ჩემს მიმართ გადაწყვეტილება, რომლითაც დამეკისრა თანხის გადახდა. აღმასრულებელმა მოგვმართა წინადადებით და მთხოვა, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ვალდებული ვარ თუ არა, აღმასრულებელს მივაწოდო ინფორმაცია ქონებრივი მდგომარეობის შესახებ? რა ხდება არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისას?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოვალე ვალდებულია, აღმასრულებელს წარუდგინოს ქონებრივი ნუსხა. თუ მოვალე აღმასრულებელს, მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, არ წარუდგენს ქონების ნუსხას, ან უარს ამბობს წერილობითი გარანტიის მიცემაზე, ან შეგნებულად წარუდგენს არასწორ ინფორმაციას, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, კერძოდ, კი მოეთხოვება პასუხი აღმასრულებლისთვის ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობისთვის.
კითხვა: ბინა იპოთეკით გვაქვს დატვირთული რამდენიმე იპოთეკარის სასარგებლოდ, ბინის ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა. როგორ მოხდება აუქციონზე ამოღებული თანხის განაწილება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება თითოეული კრედიტორის მოთხოვნის პროპორციულად.
კითხვა: მაინტერესებს, როგორ გადაწყდება საკითხი, თუ აღმოჩნდება და დადგინდება, რომ მაღალი თანამდებობის პირს საკუთრებაში აქვს ქონება, რომლის შეძენის ფინანსური დასაბუთება, მისი შემოსავლიდან გამომდინარე, შეუძლებელია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, თანამდებობის პირი, თუ საქართველოს კონსტიტუციით ან ორგანული კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდება, რომ თანამდებობის პირის მფლობელობაშია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, კონკრეტულად რა სახის აკრძალვები ვრცელდება პირზე მას შემდეგ, რაც იგი ინიშნება სახელმწიფო სტრუქტურებში გარკვეულ თანამდებობაზე და რისი უფლება არ აქვს თანამდებობის პირს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში ან სახაზინო საწარმოში, ან ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს ან ეკავოს რაიმე თანამდებობა სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში. თანამდებობის პირს (მისი ოჯახის წევრს) უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა რომელიმე საწარმოში. თანამდებობის პირს (მისი ოჯახის წევრს) უფლება არ აქვს, ფლობდეს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომლის საქმიანობის კონტროლიც ამ თანამდებობის პირის ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, იყოს რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის წარმომადგენელი ან რწმუნებული, ან განახორციელოს წარმომადგენლობა ან დაცვა სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებში რომელიმე სახაზინო დაწესებულების წინაშე ან წინააღმდეგ, იმ შემთხვევის გარდა, როცა ის არის ამ ფიზიკური პირის მეურვე ან მზრუნველი.
კითხვა: მაინტერესებს და გთხოვთ, მიპასუხოთ, ვის ეკუთვნის ის 20-ლარიანი ვაუჩერი, რომელსაც თბილისის მერია გამოყოფს დენისა და დასუფთავების გადასახადის დასაფარავად თბილისში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის იმ შემთხვევაში, როდესაც ბინა გაქირავებულია – ბინის მეპატრონეს თუ ბინაში მცხოვრებ მდგმურს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ თბილისის მერია თანხას გამოყოფს თითოეული ბინის მესაკუთრის ოჯახისთვის დენისა და დასუფთავების გადასახადის დასაფარავად. შესაბამისად, თუ ბინა გაქირავებულია, მერიის მიერ დახმარების სახით გამოყოფილი დენისა და დასუფთავების გადასახდელი თანხა ეკუთვნის ბინის მესაკუთრეს.