ვინ პოზირებდა დანიის დედოფლის მარგრეტ მეორის სამეფო ტახტზე შიშველი და რომელი ფირმის სიგარეტს ანიჭებს უპირატესობას დედოფალი
2013 წლის იანვარში ზუსტად 41 წელი შესრულდა, რაც დანიის სამეფოს სათავეშია დედოფალი მარგრეტ მეორე. სკანდინავიური სახელმწიფოს 72 წლის მონარქი გლიუქსბურგის სამეფო ოჯახის წარმომადგენელია. გლიუქსბურგებმა 1863 წელს დანიის სამეფო ტახტზე ოლდენბურგების ცნობილი საგვარეულო ჩაანაცვლეს, რომელიც ოთხი საუკუნის განმავლობაში მართავდა დანიის სამეფოს. ცნობისთვის, ოლდენბურგების საგვარეულოს საქართველოსთან ჰქონდა კავშირი. საუბარია კონსტანტინე ოლდენბურგელზე, რომელსაც სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიაზე და გახმაურებულია მისი რომანი ქართველ დიდგვაროვან აგრაფინა ჯაფარიძესთან. ამჯერად „თბილისელებში” გლიუქსბურგების გვარის წარმომადგენლის, დანიის დედოფლის მარგრეტ მეორის შესახებ რამდენიმე ფაქტს შემოგთავაზებთ.
* მარგრეტ ალექსანდრინე ტორჰილდურ ინგრიდი, ანუ დედოფალი მარგრეტ მეორე 1940 წელს დაიბადა ამალიენბორგის სასახლეში, დანიის ოკუპაციიდან ცოტა ხნის შემდეგ. მისი მშობლები იყვნენ: დანიის მეფე – ფრედერიკ მეცხრე და დედოფალი – ინგრიდი. მარგრეტის ერთ-ერთი სახელი ისლანდიურ ასობგერას შეიცავს, რადგან მისი დაბადებისას ისლანდია დანიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. შთამბეჭდავია მარგრეტის განათლებისთვის განვლილი გზა. 1960 წელს ის კოპენჰაგენის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, სადაც პოლიტოლოგიას, არქეოლოგიასა და ფილოსოფიას შეისწავლიდა. 1960-1961 წლებში კემბრიჯში სწავლობდა, შემდეგ – დანიურ უნივერსიტეტში ქალაქ ორჰუსში, 1963-1964 წლებში სორბონის უნივერსიტეტში, 1964-1965 წლებში ლონდონში, პოლიტიკური მეცნიერებისა და ეკონომიკის სკოლაში. დედოფალი სრულყოფილად ფლობს ფრანგულ, გერმანულ, შვედურსა და ინგლისურ ენებს. აღსანიშნავია, რომ მარგრეტმა ლონდონში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ფრანგი დიპლომატი ანრი ჟან მარი ანდრე, დე ლაბორდ დე მონპეზას გრაფი, რომელიც ავტომატურად გახდა დანიის პრინც-კონსორტი ჰენრიკ დანიელი.
* მარგრეტ მეორე მოგზაურობის მოტრფიალე მონარქია. მას თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი – ამერიკიდან ავსტრალიამდე. ის იყო პირველი ევროპელი მონარქი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რომელიც 1975 წელს საბჭოთა კავშირში ვიზიტით ჩავიდა. სხვათა შორის, 1988 წელს მარგრეტს აუდიენცია ჰქონდა საბჭოთა კავშირის მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრთან ედუარდ შევარდნაძესთან. ყველაზე მეტად კი მარგრეტს გრენლანდიასა და ფარერის კუნძულებზე უყვარს მოგზაურობა, სადაც ის ძაღლებით შეკაზმული ციგით გადაადგილდებოდა. დედოფალს ასევე, ძალიან უყვარს თხილამურებით სრიალი და ნორვეგიის პრინცესა სონიასთან ერთად, დანიისა და სკანდინავიის სხვა ქვეყნების სათხილამურო კურორტების ხშირი სტუმარია. გარდა ამისა, დედოფალი მარგრეტი სპორტის დიდი მოყვარულია და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ის ოჯახთან ერთად ქომაგობდა დანიელ სპორსტმენებს. დედოფალმა ოლიმპიურ სოფელში პირადად მოინახულა რამდენიმე სპორტსმენი.
* დედოფალი მარგრეტ მეორე გატაცებულია ფერწერით და სხვადასხვა ჟანრში მუშაობს – სახვითი ხელოვნება, გრავიურა, ტექსტილი, აკვარელი, გრაფიკა, დეკუპაჟი (აპლიკაცია), სცენოგრაფია, წიგნების ილუსტრირება. მისი დასურათებულია. ჯ. რ .რ. ტოლკიენის ცნობილი რომანი „ბეჭდების მბრძანებელი”. დედოფლის ნამუშევრების უმეტესობა გამოფენილია როგორც დანიაში, ასევე ევროპული ქვეყნების სხვა მუზეუმებსა და საგამოფენო ცენტრებში. გარდა ამისა, დედოფალი კოსტიუმებს ქმნის სხვადასხვა ბალეტის, სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისთვის. ის ასევე, თარგმნის კიდეც თავის მეუღლესთან ერთად, მან ვაირბერგის ფსევდონიმით გამოსცა სიმონა დე ბოვუარსის რამდენიმე ნაშრომის თარგმანი დანიურ ენაზე.
* დედოფალ მარგრეტ მეორის ერთ-ერთი მავნე ჩვევაა ის, რომ თამბაქოს მოიხმარს. მონარქი დღეში თამბაქოს რამდენიმე ათეულ ღერს ეწევა და მისი უსაყვარლესი სიგარეტია, ბერძნული „კარელია”, რომელიც ძალიან პოპულარულია დანიელ სამხედროებში. სხვათა შორის, მარგრეტი ცდილობს საზოგადოებაში არ გამოჩნდეს სიგარეტით ხელში, მაგრამ, კოპენჰაგენის მცხოვრებთ არაერთხელ უნახავთ ის სიგარეტით ხელში, სხვადასხვა დაწესებულებაში, რესტორნებსა თუ კაფეებში.
* მარგრეტის მეუღლემ და შესაბამისად, დანიის პრინცმა ჰენრიკმა, ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან უყვარს ძაღლის ხორცი. სკანდალი იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ პრინცი ჰენრიკი ტაქსას ჯიშის ძაღლების კლუბის საპატიო წევრია. ჰენრიკს ახალგაზრდობის წლები ვიეტნამში აქვს გატარებული და ძაღლის ხორცის ჭამას, სწორედ იქ მიეჩვია. იმავე ინტერვიუში პრინცმა აღნიშნა, რომ ძაღლის ხორცი ბოცვრის ხორცს წააგავს და ძალიან გემრიელია. საინტერესოა, რომ სკანდალურ აღიარებამდე რამდენიმე თვით ადრე სამეფო სასახლიდან დაიკარგა დედოფალ მარგრეტის საყვარელი ძაღლი – ტაქსა, მეტსახელად ჰერტრუდა.
* დედოფალ მარგრეტ მეორის ავტომობილების კოლექციიდან აღსანიშნავია 1968 წელს გამოშვებული „დაიმლერ ლიმუზინი”, რომელიც სამეფო ოჯახის სპეციალური შეკვეთით დამზადდა. 6 მეტრის სიგრძის ავტომობილს, „იაგუარ 420ჯ-ის” 4,2 მოცულობის ძრავა აქვს და 175 კილომეტრ-საათში სიჩქრეს ავითარებს. სამეფო „ლიმუზინის“ სალონის ინტერიერი დანიური სამეფო ოჯახის სიმბოლიკებით არის დატვირთული. გარდა ამისა, ავტომობილი აღჭურვილია ბოლო თაობის ტექნიკური საშუალებებით და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძარა ჩვეულებრივი რკინისაა და არა ბრონირებული ლითონის. 14 წლის განმავლობაში კომპანია სპეციალურად ამზადებდა ამ მარკის ავტომობილს ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის სამეფო ოჯახებისთვის და ავტომოყვარულებმა ამ ავტომობილს „სამეფო ლიმუზინი” უწოდეს.
* სხვა ევროპული მონარქიული ოჯახების მსგავსად, დანიის დედოფლის ოჯახსაც დანიის მოსახლეობა ინახავს. ყოველწლიურად დედოფალ მარგრეტ მეორის მონარქიული მოთხოვნების შესრულება დანიელებს 6,75 მილიონი დოლარი უჯდებათ. სხვათა შორის, მარგრეტი ერთ-ერთ ყველაზე „ღარიბ” მონარქად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი ოჯახის ქონება, სულ რაღაც, 15 მილიონ დოლარად არის შეფასებული. სასახლეები, აგარაკები, იახტები და დანარჩენი ყველაფერი კი დანიის მოსახლეობის საკუთრებაა და ჩამოთვლილიდან სამეფო ოჯახს არაფერი ეკუთვნის. ბოლო პერიოდში ევროპაში გამეფებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე დანიის დედოფალმაც აამოქმედა ეგრეთ წოდებული „ქამრის მოჭერის” პროგრამა და მაქსიმალურად შეამცირა სამეფო ოჯახის ხარჯები.
* რამდენიმე წლის წინ დანიის სამეფოში დიდი სკანდალი მოჰყვა ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოსესიას, რომელზეც შიშველი გოგონა დედოფალი მარგრეტის სამეფო სასახლის დიდ დარბაზსა და სამეფო ტახტზე პოზირებდა. ეროტიკული ფოტოსესიის სათაური იყო „მეძავი სამეფო ტახტზე” და ამ ფაქტმა სამეფო დაცვის სამსახური დააინტერესა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ფოტოები სამოყვარულო კამერით მართლა სამეფო სასახლეში იყო გადაღებული. მარგრეტ მეორემ შეშფოთება გამოთქვა ამ ფაქტის გამო და სასახლის დაცვას ექსკურსიების დროს კონტროლის გამკაცრება დაავალა.