მკაცრი მწვრთნელი და თმაში დამალული სიგარეტები
1968 წელია. ბათუმის „დინამოს“ ღირსებას ვიცავ. საერთოდ, გურული ბიჭები სტარტს ხშირად ბათუმის „დინამოში“ ვიღებდით და ფინიში თბილისის „დინამოში“ გვქონდა.
მკაცრი მწვრთნელი გვყავდა და, როგორც წესი, დალევა-მოწევას კატეგორიულად გვიშლიდა. მე ისედაც არ ვიყავი სმის მოყვარული, ოღონდ სიგარეტს ვერა და ვერ ველეოდი. მიუტანეს ამბავი მწვრთნელს – ჩვენი კაპიტანი ეწევაო. ვერ იქნა და ფაქტზე ვერ დამიჭირა. ყოველ შეხვედრაზე მიჩხრეკდა ჯიბეებს, მაგრამ, უშედეგოდ. როგორ წარმოიდგენდა, რომ კონსპირაციული სამალავი მქონდა! გაგიმხელთ: ორ-სამ ღერ სიგარეტს ჩაის ბუჩქივით აბიბინებულ თმაში ვმალავდი.
ერთხელაც, შემხვდა გასასვლელში და გამაჩერა:
– ვახო, ხომ იცი, ხვალ რა მაგარი თამაში გვაქვს?
– დიახ, პატივცემულო, – ცოტა შორს დავდექი – ახალი მოწეული მქონდა და სუნი რომ არ ეგრძნო.
– აბა, შენ იცი, მობილიზებული იყოს მთელი გუნდი!
– დიახ, პატივცემულო, – გავიხედე გვერდზე და ისე ვპასუხობ.
ცოტა არ იყოს, შეეჭვდა, ძალიან მარიდებს თავსო და უფრო მომიახლოვდა.
– ხომ გასაგებია ყველაფერი? – ჩამეკითხა ჯიბრიანად. ახლა ხმა რომ ამოვიღო, ახლოსაა და აუცილებლად „მოწვავს“ სიგარეტის სუნს, – გავიფიქრე და თანხმობის ნიშნად, რომ ყველაფერი გასაგები იყო, ენერგიულად დავუქნიე თავი და... უცებ თმაში ჩამალული სიგარეტები მწვრთნელის ფეხებთან არ დაცვივდა?!
იმ დღიდან, კვირაში ერთხელ მაიძულებდა, თმა გამეკრიჭა...
თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის ვახტანგ ქორიძის ნაამბობის მიხედვით