როგორ კურნავს სხვადასხვა ცხოველსა და ქვეწარმავალს გიორგი ლოლაძე და რატომ ინახავს ის გველის პერანგს
გიორგი ლოლაძის სახლში უცნაური არსებები ბინადრობენ. საქმე ისაა, რომ ეს ასე არ ეჩვენება მასპინძელს, უფრო მეტიც, ეს არსებები, მათი გამრავლება, მათზე ზრუნვა – მისი ჰობია. „თბილისელები“ ბატონ გიორგის სახლში ესტუმრა.
გიორგი ლოლაძე: ჩემი და ჩემი მეუღლის, მეგის გარდა, აქ ცხოვრობენ: აფრიკული, ჯუჯა მანგუსტი, ასევე ჩიტიჭამია, ანუ გიგანტური ობობები. ჩიტიჭამია ობობები საკმაოდ დიდები იზრდებიან, თითქმის თეფშისხელები და იკვებებიან ყველაფრით...
– საშუალება რომ მიეცეთ, ამ ჯუჯა მანგუსტს შეჭამენ?
– ვერა, მანგუსტს ვერ შეჭამენ. მანგუსტი ისეთი სწრაფია, კობრასაც კი კლავს – მისთვის ეს თითქმის არ წარმოადგენს პრობლემას. ზოგიერთს მცდარი აზრი აქვს მანგუსტებზე, რომ თითქოს მათ კობრის შხამზე იმუნიტეტი აქვთ, მაგრამ, ეს ასე არაა, ორთაბრძოლაში მანგუსტის გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ მისი სისწრაფის ხარჯზე ხდება.
– როგორ მოხვდა თქვენთან აფრიკელი ჯუჯა მანგუსტი?
– საკმაოდ დიდი ნაცნობობა მაკავშირებს ამგვარი გატაცების მქონე ადამიანებთან. ერთ ჩემს მეგობარ ჰერპეტოლოგს აქვს შთამბეჭდავი კოლექცია. სწორედ მან მაჩუქა ეს მანგუსტი და ჩამოვიყვანე სომხეთიდან. ონისე დავარქვით. ისეთი პატარა იყო, ხელისგულზე მეტეოდა. ონისე ცელქია, სულ მოძრაობს. ჩვენი მეგობრის ბავშვი მოვიდა მის სანახავად, სიტყვა „მანგუსტი“ ვერ დაუმახსოვრებია და, აქედან რომ წავიდა, მეგობრებთან თავი მოუწონებია – მუსტანგი ვნახეო.
– ადრე გველებიც ბინადრობდნენ თქვენს სამყოფელში – ასე მახსოვს წინათ აღებული ინტერვიუდან...
– ახლაც შემომრჩა ზოგიერთი, მაგრამ, ახლა დროებით ჩემს მეგობართან არიან – ასეა საჭირო... ამას წინათ შეჯვარების დროს ერთი პითონი მეორემ მომიკლა – მდედრმა ყელი გამოჭამა მამრს. რას ვიზამდით, სასწრაფოდ დავკალით. ოთხმეტრიანი პითონი იყო და 20 კილოგრამზე მეტი გამოვიდა.
– სასწრაფოდ დააფასოეთ და მაცივარში შეინახეთ?
– შევინახეთ ერთია, მაგრამ, მთელი თვის განმავლობაში მთელი სამეგობრო დადიოდა ჩვენთან სტუმრად და ხან რას ვამზადებდით ამ პითონისგან და ხან – რას.
– ყველაზე გემრიელი რა მზადდება გველისგან?
– გველი, ჩვეულებრივ ტაფაზე შემწვარი, მწვადივით ძალიან გემრიელია. როგორი გემო აქვს, იცით? ქათმის ხორცსა და თევზს შორის... ნიგოზშიც ჩავაწყვეთ... ყველამ სიამოვნებით მიირთვა ჩემი მეუღლის გარდა, – ჩემი გაზრდილია და პირს ვერ დავაკარებო.
– როგორი პითონები გყავდათ?
– ვეფხვისებური. ეს პითონები მრავლდებიან დეკემბერ-იანვარში. რომ აღარ მოხდა ჩვენი პითონების შეჯვარება, მეგობარი გვყავს ერთი და იმან გვირჩია, შიგნით, ტერარიუმში შიშველი გველების სურათები გაუკარით და, ეგებ, მაშინ მაინც მოიფიქრონ რამეო.
– ბატონო გია, თქვენი ეს გატაცება ბავშვობიდან იღებს სათავეს?
– რა თქმა უნდა. იყო ერთი ჰერპეტოლოგი – მიშა ბაქრაძე, ჩვენ უბნელები ვიყავით და მე ბავშვობაში გავიცანი ეს ადამიანი. ერთ მშვენიერ დღეს, შემხვდა – ბევრი გველი ჰყავდა დაჭერილი და მოდიოდა. ერთი მე მაჩუქა და ამის შემდეგ დავმეგობრდით. მე ყოველდღე მივდიოდი, რაღაცეებს ვეკითხებოდი. ისიც არ მზარდებოდა, მპასუხობდა, ყველაფერს მიხსნიდა. მერე, მეც რომ გავიზარდე, ზოგი რამ წავიკითხე, ზოგი – გავიგე, ზოგი – პრაქტიკაში და ასე მოვედი დღემდე.
– მომიყევით, კიდევ რომელი ქვეწარმავლები და ცხოველები გყოლიათ?
– მე ისეთი რაღაცეები მყოლია, დღესაც კი არ ჰყავთ თბილისის ზოოპარკში. საკმაოდ დიდი და კარგი კოლექცია მქონდა, 30-მდე სახეობის გველი მყავდა, მაგრამ, ერთიმეორის მიყოლებით ყველა დაიხოცა გაჭირვების წლებად რომ მოვიხსენიებთ, არც სითბო და არც სინათლე რომ არ იყო, მაშინ. ვცდილობდი, როგორმე გადამერჩინა: ტომარაში ვსვამდი, მოვუკრავდი პირს და ლოგინში ვიწვენდი, რომ როგორმე გამეთბო, მაგრამ...
– კარგად რომ იგრძნოს თავი, რა ტემპერატურაზე უნდა გყავდეს პითონი?
– პითონს გააჩნია. ძირითადად, გველების უმრავლესობისთვის 25-27 გრადუსი სითბო კარგია, თუმცა, არიან ისეთი პითონებიც, რომელთათვისაც ეს ტემპერატურა დამღუპველია – მათ 30-33 გრადუსი სითბო სჭირდებათ.
– თქვენ პროფესიით ჰერპეტოლოგი ხართ?
– არა, მოქანდაკე. ჰერპეტოლოგია და ეს ყველაფერი – ჩემი ჰობია. ერთხელ, ცირკი იყო ჩამოსული თბილისში, შოუ ჰქონდათ წყალზე – ნიანგები ჰყავდათ ჩამოყვანილი. მოულოდნელად ერთი ნიანგი ავად გაუხდათ და გამომიძახეს. ჭრილებს შორის მალამოს ვუსვამდი, ნემსებს ვუკეთებდი და გადავარჩინე. ერთხელ ვარანს (დიდი ზომის ხვლიკი, რომელიც 1,5 მეტრამდე იზრდება) ზონდი გადავაყლაპე. ისიც ცირკის სტუმარი იყო.
– ესე იგი, ხშირად გეძახიან, როგორც სასწრაფო დახმარების ექიმს?
– არც ისე, მხოლოდ მეგობრები და მეგობრის მეგობრები. ამას წინათ დამირეკეს – კუს ფილტვების ანთება აქვსო და ისიც მოვარჩინე.
– როგორ დაადგინეთ?
– წყლის კუს რომ ფილტვების ანთება დაუდგინო, ძალიან ადვილია. დამიძახეს – საჭმელს არ ჭამს, ნაკლებად მოძრაობსო... თუ წყლის კუ წყალში ჩადე და არ ჩაიძირა, ესე იგი, ფილტვების ანთება აქვს. უკანა ფეხის ბარძაყში გავუკეთე 5 ანტიბიოტიკი და გამოჯანმრთელდა.
– რითი იკვებებიან თქვენი ოჯახის ბინადრები?
– ჩვენი მანგუსტი, მაგალითად, მიირთმევს საქონლის გულს, საღამოს – ხაჭოს, კვერცხის ცილას, სტაფილოს, ვაშლს, ბანანს. ობობები მიირთმევენ სამო-ოთხ დღეში ერთხელ, ძირითადად, ჭრიჭინებს, თაგვებს, ტარაკნებს. მათთვის ტარაკნებს სპეციალურად ამრავლებენ და ჩვენ ვყიდულობთ.
– ვაიმე, რა უსიამოვნოა...
– უსიამოვნო კი არა, შარშანწინ სამხრეთ კორეაში ვიყავით და მთელ ქალაქში იყიდებოდა თაფლში შემწვარი ტარაკნები, ჩიფსებივით გატკიცინებული. ასე რომ, ჩვენი ობობები დელიკატესებს მიირთმევენ. იცით, როგორი შხამი აქვთ ამ ობობებს?! რომ უკბენს, შხამი მსხვერპლის ორგანიზმში ყველაფერს ადნობს – კუჭს, გულს, ნაწლავებს აბსოლუტურად და კეთდება ერთი მთლიანი ფაფისმაგვარი მასა. ამის შემდეგ ამ ფაფას წოვს 12 საათი, ან – მეტი, გააჩნია, რა ზომისაა მსხვერპლი. წოვს-წოვს და ბოლოს, მსხვერპლისგან ფიტული რჩება.
– ადამიანს რომ უკბინოს?
– სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. რთული გადასატანია ამის ნაკბენი; შეიძლება, ცუდადაც დასრულდეს ყველაფერი, თუ ეს ადამიანი ალერგიულია ობობის შხამზე.
მამალი ჩიტიჭამია ობობა ცოცხლობს 2 წელი, დედალი – 12. გამრავლების მომენტში, ძალიან ხშირად, დედალი ჭამს მამალს. 3-4 მამალი მაინც უნდა გყავდეს, რომ გაამრავლო, რადგან, დიდი შანსია, რომ დედალმა ყველა შეგიჭამოს. მე ცალ-ცალკე მყავს მოთავსებული.
ობობას სხეულზე აქვს ბეწვებივით ბუსუსები, რომელიც მიკროსკოპით რომ დაათვალიეროთ, ისრის ფორმისაა. ის თუ თვალში მოხვდა, სულერთია, ნებისმიერ არსებას დააბრმავებს. ამ ბეწვების საშუალებით იცავს ობობა თავს. მტაცებელი რომ უახლოვდება, ობობა უკანა ფეხით გამოიქექავს სხეულს და ეს ეგრეთ წოდებული „უხილავი ისრები” ჰაერში ტრიალებენ მის გარშემო.
– ონისე მარტო რომაა, არ მოიწყენს, ცოლი არ უნდა?
– როგორ არ უნდა, ცოლი ყველას უნდა... ვფიქრობთ ამაზე, ადვილი მოსაძიებელი არ არის მისთვის მეორე ნახევარი. თუმცა, ზოოპარკში ჰყავთ...
– გველს უკბენია თქვენთვის?
– უკბენია, მაგრამ, საბედნიეროდ, შხამიან გველს – არა. პითონებს, სანამ პატარები არიან, ხელზე რომ იჩვევ, ხშირად იკბინებიან. თუმცა, ეს არ არის პრობლემა – დაიბან საპნით და დამთავრდა.
გველის პერანგებს ვინახავ. ხშირად მეგობრები მთხოვენ – ცოტა მომიხიე, საფულეში ჩავდებ ბარაქისთვისო. მეცინება, ვეუბნები: ოთხმეტრიანი გველი მყავდა სახლში და ვერ გავმდიდრდი და, ამ პერანგის ნახევის იმედი როგორ გაქვთ-მეთქი.
– როგორც თქვით ეს თქვენთვის ჰობია, მუდმივად რას საქმიანობთ?
– ამჟამად ვაკეთებ ღვთისმშობლის მიძინების ბარელიეფს, რომელიც გამარჯვებაში, მამათა მონასტრის შესასვლელ კარიბჭესთან განთავსდება.
– ძირითადად რა კითხვით მოგმართავენ, ყველაზე ხშირად, როცა ამ არსებებს ათვალიერებენ?
– არ გეშინიაო? – მაზოხისტი ხომ არა ვარ. რომ მეშინოდეს, მოვიყვანდი?! – ეს კითხვა მაგიჟებს.