კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვდარი ვერსია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N7-11(637) 

ამჯერად ზურაბმა ყურადღებით გადაათვალიერა საბანკო დოკუმენტი. მის თანახმად, ანდრო სირაძეს ბანკიდან ჰქონდა მიღებული გრძელვადიანი სესხი, რომელიც ათი წლის განმავლობაში უნდა დაეფარა. სესხის ეტაპობრივად დასაფარავად მას ყოველი თვის ბოლოს ბანკისთვის 8 300 ლარი უნდა გადაერიცხა. ვინაიდან ანგარიშსწორების თარიღიდან ათი დღე იყო გადაცილებული, ბანკი კრედიტის მიმღებს საჯარიმო თანხას უწესებდა, რისთვისაც მას შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა.

– კეთილი, ამ მხრივ ყველაფერი ნათელია, – ზურაბმა მაგიდაზე დაუშვა გზავნილი და ნანას მიუბრუნდა, – ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას ითხოვს. ახლა ისაა გასარკვევი, თუ როგორ დატვირთა ანდრომ აგარაკი თქვენთან შეთანხმების გარეშე.

– წარმოდგენა არა მაქვს, – უპასუხა ნანამ.

– რა იცით „ინტელგრუპჯორჯიას” შესახებ? – ჰკითხა ზურაბმა.

– არაფერი. ანდრომ მხოლოდ ერთხელ ახსენა ეს კომპანია.

– შეგიძლიათ, დაწვრილებით მიამბოთ, როდის და რა ვითარებაში შემოგთავაზათ მეუღლემ ბანკიდან სესხის აღება?

ნანა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ ალაპარაკდა;

– ეს დაახლოებით ექვსი თვის წინ მოხდა. სრულიად მოულოდნელად, ანდრო ბიზნესის გაფართოებაზე ალაპარაკდა. ამან გამაკვირვა. ჩვენ სავსებით გვყოფნიდა 15-16 ათასლარიანი შემოსავალი, რომელსაც ჩვენი ობიექტებიდან ვიღებდით.

– ეს კაპიკებია იმასთან შედარებით, რისი შოვნაც შემიძლია! – უკმაყოფილოდ მიპასუხა ანდრომ.

– კარგი, გააფართოვე ბიზნესი, გამოიტანე ჩვენი დანაზოგი ბანკიდან და...

– ოცდაათი და ორმოცი ათასით ახალ საქმეს ვერ წამოვიწყებ! – შემაწყვეტინა ანდრომ.

– აბა, რამდენი გჭირდება? – გამიკვირდა მე.

– სულ მცირე, ნახევარი მილიონი მაინც!

– რისთვის გჭირდება ამდენი ფული? – გამიკვირდა მე.

ანდრომ ამიხსნა, რომ ფულის სამშენებლო კომპანიაში დაბანდებას აპირებდა. მაშინ ახსენა პირველად „ინტელგრუპჯორჯია”, რომელიც უახლოეს მომავალში დიღმის მიდამოებში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყებას აპირებდა.

– ვინმე ხომ არ უხსენებია, მაგალითად, პიროვნება, რომელმაც დააკავშირა „ინტელგრუპჯორჯიასთან”? – ჰკითხა ზურაბმა.

– არა... – თავი გააქნია ნანამ, – კარგად მახსოვს, არავინ უხსენებია.

– და, მაშინ შემოგთავაზათ ანდრომ ბანკიდან სესხის გამოტანა?

– დიახ, – დაუდასტურა ნანამ, – მაგრამ, მე კატეგორიული უარი ვუთხარი. შევახსენე რამდენიმე ჩვენი ნაცნობი, რომლებიც მსგავსი მანიპულაციებით ცდილობდნენ ბიზნესის წამოწყებას და, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი უძრავ-მოძრავი ქონების გარეშე დარჩნენ. ჩემდა გასაკვირად, ანდროს სესხზე საუბარი აღარ გაუგრძელებია – კარგი, დაივიწყე რაც გითხარი, ჯერჯერობით მეც არაფერი გადამიწყვეტიაო. სულ ეს არის. იმ დღის შემდეგ ანდროს ერთხელაც აღარ უხსენებია „ინტელგრუპჯორჯია” და ბანკიდან სესხის გამოტანა.

– თქვენ მითხარით, რომ ბანკში ხელშეკრულება გაჩვენეს, – განაგრძო ზურაბმა.

– დიახ...

– როგორ გგონიათ, თქვენი ხელმოწერა გაყალბებულია?

– არა მგონია. მე კარგად ვიცნობ საკუთარ ხელწერას.

– ერთი რამ ამიხსენით: თუ თქვენი ხელმოწერა არ გაუყალბებიათ, როგორ მოხვდა ის ხელშეკრულებაზე?

– მე ბევრი ვიფიქრე ამაზე და, საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ანდრომ მოიმოქმედა, – უპასუხა ნანამ.

– როგორ?

– ძალიან მარტივად. ჩვენი რამდენიმე ობიექტი ჩემზე იყო გაფორმებული. მე საქმეში არ ვერეოდი, როგორც წესი, ყველაფერს ანდრო აგვარებდა. მე მხოლოდ პერიოდულად ვაწერდი ხელს გარკვეულ დოკუმენტებზე. 

– თქვენ ეჭვობთ, რომ ანდრომ სხვა დოკუმენტებთან ერთად, სესხთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზეც მოგაწერინათ ხელი? – ჰკითხა ზურაბმა.

– კი არ ვეჭვობ, დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იყო. კარგად მახსოვს ის დღე: ქობულეთში გასამგზავრებლად ვემზადებოდი, რომ მოულოდნელად ანდრო მოვიდა და მითხრა: ობიექტზე საგადასახადო სამსახურს ველოდები და ამ საბუთებზე სასწრაფოდ უნდა მოაწერო ხელიო. საბუთებს ნაჩქარევად მოვაწერე ხელი, არც კი დავკვირვებივარ, რა საბუთები იყო. ოღონდ, მომეჩვენა, რომ დასტა ჩვეულებრივზე სქელი იყო. ანდრო გვერდზე მედგა. საჭირო გვერდზე შლიდა დოკუმენტებს და ხელის მოსაწერ ადგილს მითითებდა.

– შემდეგ თქვენ ქობულეთში გაემგზავრეთ და ანდრო დროდადრო მარტოს გტოვებდათ.

– ასე იყო, – დაეთანხმა ნანა.

– გამოდის, რომ მას ადვილად შეეძლო თბილისში დაბრუნება და ბანკთან სესხის საკითხის მოგვარება. ამისთვის ბანკის კრედიტოფიცერს თქვენი ბინა და აგარაკი უნდა მოენახულებინა და დარწმუნებულიყო, რომ თქვენი ქონების ღირებულება შეესაბამებოდა სესხად გასაცემ თანხას, – თქვა ზურაბმა და ბანკის შეტყობინებას ჩახედა, – სესხი 15 აგვისტოსაა გაცემული. სად იმყოფებოდით ამ დროს?

– ქობულეთში, – ჩაილაპარაკა ნანამ.

– ანდროს საბუთებისთვის ხომ არ გადაგიხედავთ? ბუნებრივია, მას შენახული უნდა ჰქონოდა ხელშეკრულება, სესხის დაფარვისთვის აუცილებელი გრაფიკი, ქვითრები, რომლებიც ადასტურებენ ბანკში გრაფიკით განსაზღვრული თანხების შეტანას.

– მე ყველაფერი დავათვალიერე, მაგრამ, მსგავსი არაფერი მინახავს, – უპასუხა ნანამ.

– იქნებ, რომელიმე ობიექტზე ინახავდა?

– იქაც ვნახე. სეიფში მხოლოდ ობიექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია აღმოჩნდა.

– ცუდია... ძალიან ცუდი... – ზურაბი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ დაამატა – ასეთ ვითარებაში ძალიან გაგიჭირდებათ სიმართლის დამტკიცება. უფრო მეტიც – მეეჭვება, რომ ვინმემ სერიოზულად აღიქვას თქვენი ნაამბობი. დოკუმენტაციის მხრივ ბანკს ყველაფერი წესრიგში აქვს. არსებობს ანდროსთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც თქვენც აწერთ ხელს. ასევე, ბანკს, თავისთავად, აღრიცხული ექნება ყველა თანხა, რომელიც ანდრომ ექვსი თვის განმავლობაში შეიტანა ბანკში. ამას მიუმატეთ ბანკის თანამშრომლების ჩვენებებიც... მოკლედ რომ ვთქვა, ამ საქმეში რამე პერსპექტივას ვერ ვხედავ.

– კი მაგრამ, როგორ?! – გაოცებით შეხედა ნანამ, – ეს ხომ უსამართლობაა. ბოლოს და ბოლოს, ის მაინც ხომ უნდა გაირკვეს, სად წაიღო ანდრომ ეს ფული?!

– იურიდიულად ამას აფერა ჰქვია. თქვენმა მეუღლემ მოტყუებით მოგაწერინათ ხელი ხელშეკრულებაზე და იპოთეკით დატვირთა ბინა და თქვენს საკუთრებაში არსებული აგარაკი. მაგრამ, ეს კერძო დავის საგანი უფროა, ვიდრე სისხლის სამართლის დანაშაული.

– „ინტელგრუპჯორჯიას” რომ მივაკითხო? – ჰკითხა ნანამ, – თუ ბანკი, როგორც ანდროს მემკვიდრეს, მე მთხოვს ვალის დაფარვას, კომპანიამაც უნდა გამიწიოს ანგარიში!

– თავისთავად, მაგრამ, რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ანდრომ სწორედ ამ კომპანიაში ჩადო ფული?

– მაშ, სად უნდა წაეღო?

– თქვენ ხომ მის დოკუმენტებში შესაბამის ხელშეკრულებასაც ვერ მიაკვლიეთ, – თქვა ზურაბმა.

– ვერა და სწორედ იმის გარკვევა მინდა, სად გაქრა ის ფული და ანდროს დოკუმენტები.

– მესმის, მაგრამ, მე ვერაფერში დაგეხმარებით, – უპასუხა ზურაბმა, – ფიფიამ უნვე დახურა ეს საქმე. მისი პოზიცია თქვენთვის ცნობილია. მან არათუ ამ საქმის გარკვევა, თქვენთან საუბარიც კი არ მოისურვა. მე კი ამ საქმეში ვერანაირად ვერ ჩავერევი – საამისოდ არც იურიდიული საფუძველი მაქვს და არც უფლებამოსილება.

– აბა, როგორ მოვიქცე? რამე მაინც მირჩიეთ. კმარა, რაც დავკარგე!

ზურაბმა მზერა გაუსწორა და ჰკითხა:

– მე მოვისმინე თქვენი და რეზო ფიფიას საუბრის ჩანაწერი. გულწრფელად მიპასუხეთ, რეზოს სიმართლე უამბეთ?

– დიახ.

– არაფერი დაგიმალავთ?

– არა, – თავი გააქნია ნანამ.

– რომლის სიკვდილმა უფრო დაგწყვიტათ გული?

– ქვის ხომ არ გგონივართ... – ყრუდ ჩაილაპარაკა ნანამ, – ანდრო ჩემი ქმარი იყო და ჩვენ ჩვენი წილი სიხარულიც გვქონდა და ტკივილიც. ძალიან მეცოდება. მართლაც ბედნიერი ვიქნებოდი, ეს საშინელება რომ არ მომხდარიყო და მშვიდად დავშორებოდით ერთმანეთს. ვაჟა კი... ეს ილუზია იყო, ისევე, როგორც მისი ოცნებები. ვიცოდი, რომ მასთან ურთიერთობა უსასრულოდ არ გაგრძელდებოდა, უბრალოდ, მის გვერდით თავს მშვიდად ვგრძნობდი და ყოველდღიურ ტკივილს ვივიწყებდი.

– იცით, რომ მას თქვენზე დაქორწინება სურდა?

– ვიცი, – ამოიოხრა ნანამ, – მაგრამ ეს არასოდეს მოხდებოდა. ის ძალიან კარგი, თბილი, მეოცნებე ადამიანი იყო, თუმცა, ძალიან ცვალებადი ხასიათით. მას არ უყვარდა სხვისი მოსმენა, მხოლოდ მისთვის უნდა ესმინათ. ამიტომაც, მუდამ დაეძებდა ადამიანს, რომელიც მას გაუგებდა.

– რატომ გადაწყვიტეთ ჩვენების ფიფიასთვის მიცემა?

– თქვენ... თქვენ ძალიან უხეშ და სასტიკ ადამიანად მეჩვენეთ, – გაუბედავად უპასუხა ნანამ, – მაშინ ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მაგრამ, ის მაინც დამამახსოვრდა, რომ ფიფია თქვენს შეჩერებას ცდილობდა. მე ყოველთვის მაშინებდნენ სასტიკი და აგრესიული ადამიანები.

– ახლა?

– მივხვდი, რომ ვცდებოდი.

– კეთილი... მაშინ, ასე მოვიქცეთ, – თქვა ზურაბმა, – პროკურატურაში მისვლაში აზრს ვერ ვხედავ. ასეთი მონაცემებით ფიფიამ ძიება უნდა განაახლოს. მან და მისმა ხელმძღვანელმა კი უკვე ჩაიწერეს მადლობები პირად საქმეებში. ასე რომ, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამ საქმის სამუდამოდ დასასამარებლად. მე სხვა გზას შემოგთავაზებთ: მოველაპარაკები ერთ პიროვნებას. თუ ის ამ საქმით დაინტერესდა, თავად დაგიკავშირდებათ.

– ვინაა ის პიროვნება? – დაინტერესდა ნანა.

– ჩემი ყოფილი თანამშრომელია, ამჟამად კერძო დეტექტივების ასოციაციაში მუშაობს. მას რამდენიმე სერტიფიკატი აქვს. როგორც დეტექტივს, შეუძლია, კერძო გამოძიება აწარმოოს და, თუ საქმე იქამდე მივიდა, როგორც ადვოკატს, შეუძლია, თქვენი უფლებები სასამართლოშიც დაიცვას.

– რომ არ დაინტერესდეს?

– დაინტერესდება, – გაეღიმა ზურაბს, – კარგად ვიცი, როგორი ხიფათის მაძიებელიც არის. დაინტერესდება, მაგრამ, მის ნაცვლად ვერაფერს შეგპირდებით... ახლა შინ წადით და მის ზარს დაელოდეთ.

ნანამ ეჭვით შეხედა, შემდეგ კი მძიმედ წამოიწია სკამიდან. ზურაბმა მოიცადა, ვიდრე ის კაბინეტიდან გავიდოდა. როგორც კი ქალმა კარი გაიხურა, ის ტელეფონს გადასწვდა და ნომერის აკრეფას შეუდგა.

* * *

ნიკა გურული საღამოს რვა საათისთვის ეწვია ზურაბს.

– მოდი, მოდი... – მასპინძელმა მეგობრულად გადაკოცნა ყოფილი თანამშრომელი და სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა.

– ისეთი რა საქმე გაქვთ ჩემთან, რომ ტელეფონში არ ითქმოდა? – ჰკითხა ნიკამ და მოხერხებულად მოეწყო სავარძელში.

– ითქმოდა, როგორ არ ითქმოდა, მაგრამ ტელეფონით ძალიან დიდხანს მოვუნდებოდი ამის თქმას, – ზურაბი კონიაკის ბოთლს გადასწვდა და ჭიქები შეავსო, – მოკლედ აგიხსნი ვითარებას, ნიკა. მინდა ერთ საქმეს მოჰკიდო ხელი, მაგრამ, ამასთან ერთად, გაფრთხილებ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებ, კარგად დაფიქრდი, ღირს თუ  არა ამის გაკეთება. ჯერჯერობით კონკრეტულად ვერაფერს გეტყვი, მაგრამ, ინტუიცია მკარნახობს, რომ, შეიძლება, ძალიან სერიოზულ ხალხზე გახვიდე.

– საქმე ძიებაშია?

– უკვე აღარ. პროკურატურამ ორი კვირის წინ შეწყვიტა ძიება.

– ვინ იძიებდა საქმეს? – ჰკითხა ნიკამ.

– ერთობლივი ჯგუფი – ჩემი ხალხი და პროკურატურის გამომძიებელი რეზო ფიფია, – უპასუხა ზურაბმა.

– ფიფია... ფიფია... – ჩაფიქრდა ნიკა, – ასეთს არავის ვიცნობ. ახალია?

– ახალია. მკვლელობის საქმეს პირველად იძიებდა.

– თქვენი ჯგუფის მუშაობის შემდეგ რაღა იქნება გამოსაძიებელი?! – ჩაიცინა ნიკამ.

– ძალიან ბევრი რამ. ეს საქმის მასალების ასლებია. გადახედე. თუ რამე ვერ გაიგე, მკითხე, – თქვა ზურაბმა და საქაღალდე გაუწოდა.

ნიკამ აუჩქარებლად გახსნა საქაღალდე და დოკუმენტების კითხვას შეუდგა.

...ზურაბმა ნიკა ექვსი წლის წინ შემთხვევით გაიცნო. ის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა – სტუდენტები პოლიციის მთავარ სამმართველოსთან თანაკურსელის უკანონოდ დაპატიმრებას აპროტესტებდნენ. როდესაც აქციამ შედეგი არ გამოიღო, სტუდენტებმა გზა გადაკეტეს. მათ დასაშლელად პოლიციამ ძალას მიმართა. სტუდენტებსა და პოლიციას შორის მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა, რასაც აქციის ორგანიზატორებისა და შეხლა-შემოხლაში მონაწილეთა დაპატიმრება მოჰყვა. მათ შორის აღმოჩნდა ნიკაც.

ზურაბს პირველი ნახვისთანავე მოეწონა ტანმაღალი, ახოვანი ახალგაზრდა, რომელიც გააზრებულ პასუხებს სცემდა სამართალდამცველებს. შემდეგ საქმეში უნივერსიტეტიც ჩაერთო: ნიკას პედაგოგები, რომელთა უმრავლესობასაც ზურაბი პირადად იცნობდა, კარგად ახასიათებდა სტუდენტს. მათი თქმით, ნიკა ფაკულტეტის საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და მისი წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნა უნივერსიტეტის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი იყო. საბედნიეროდ, სასამართლომ გაითვალისწინა დაკავებულთა ასაკი, მათი პროფესორ-მასწავლებლების შუამდგომლობა და ახალგაზრდებს მხოლოდ ჯარიმა დააკისრა. იზოლატორში გატარებული ერთი დღის შემდეგ აქციის ყველა მონაწილე გაათავისუფლეს, თუმცა, ზურაბმა მაინც არ დაივიწყა ნიკა. ის პერიოდულად ხვდებოდა წარჩინებულ სტუდენტს, რომელიც საკუთარ ახალგაზრდობას აგონებდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მას სამსახურის კრიმინალურ ან ოპერატიულ სფეროში გაგრძელებას ურჩევდა, მაგრამ, ყოველ ასეთ შეთავაზებას ნიკა უარით პასუხობდა. ზურაბს უკვე გადაწურული ჰქონდა იმედი, რომ მის დათანხმებას შეძლებდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ნიკა თავად ესტუმრა სამმართველოში და სამსახურში მიღება სთხოვა. აღმოჩნდა, რომ მისთვის პროკურატურის საგამოძიებო სამსახურში ადგილი არ გამოინახა. სამმართველოში მისვლისას ნიკას ზურაბისთვის არ დაუმალავს, რომ ეს იძულებითი ნაბიჯი იყო და, მაინც ჰქონდა იმედი, რომ, ადრე თუ გვიან, პროკურატურაში გამოჩნდებოდა მისი ადგილი და, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდა, ის პოლიციიდან წავიდოდა.

ნიკა ძალიან სწრაფად შეეთვისა ახალ თანამშრომლებს. სამმართველოში ყველას მოსწონდა  სიმართლისმოყვარე, პირდაპირი და შეუპოვარი ახალგაზრდა. ზურაბთან მუშაობისას მან არაერთი რთული საქმის გამოძიებაში მიიღო მონაწილეობა. ორი წლის შემდეგ კი მას მართლაც შესთავაზეს პროკურატურაში გადასვლა. მაგრამ, იმ დროისთვის უკვე ისე იყო შეჩვეული ოპერატიულ სამსახურს, რომ შეთავაზებაზე უარი თქვა. კიდევ ერთი წლის შემდეგ კი...

ბედის მწარე ირონიით თვისებები, რომლებიც ნიკას მუშაობაში ეხმარებოდა, მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად იქცა: საგამოძიებო ჯგუფი, რომლის წევრიც ნიკაც იყო, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჯგუფური ჩხუბის საქმეს იძიებდა. ჩხუბისას სამი ახალგაზრდა პისტოლეტით დაჭრეს და ერთ-ერთი მათგანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. საგამოძიებო ჯგუფი მართლაც შესაშური ოპერატიულობით მოქმედებდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე დღეში გახსნეს საქმე და ჩხუბის მონაწილეებიც აიყვანეს, გაჭიანურდა მხოლოდ ერთი მათგანის დაკავება. ახალგაზრდა, რომელიც დაჭრაში იყო ეჭვმიტანილი, მიიმალა და ის მხოლოდ ორი თვის შემდეგ დააკავეს. ამ დროისთვის პროკურატურა აქტიურად იყო ჩართული საქმეში. საგამოძიებო ჯგუფის წევრებისთვის უცნობი დარჩა, თუ კონკრეტულად ვისი მითითებით მოქმედებდა სასამართლო პროცესზე პროკურორი. ფაქტი კი ის იყო, რომ მისი შუამდგომლობით სასამართლომ მთავარ ეჭვმიტანილს ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა. სიმართლისმოყვარე ნიკამ ვერ მოითმინა და...

მომხდარის ოფიციალური შეფასება ასე გამოიყურებოდა: „სასამართლოს შენობაში ატეხა დებოში; მოსამართლესა და პროკურორს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. არ დაემორჩილა მანდატურების მოთხოვნას, დაეტოვებინა სასამართლოს შენობა. როდესაც მათ იძულებით სცადეს შენობიდან მისი გაყვანა, ორ მანდატურს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა”. ყოველივე ამისთვის ნიკა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ზურაბი იმ დროს მივლინებაში იმყოფებოდა უკრაინაში და ხელქვეითის დახმარება ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა,  ნიკამ მაინც აღარ თქვა უარი შესისხლხორცებულ პროფესიაზე – სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ შესაბამისი სერტიფიკატები აიღო და კერძო დეტექტივთა ასოციაციაში გაწევრიანდა.

– როცა ასეთ საქმეებს ვხედავ, აღარ ვნანობ, რომ პროკურატურაში ჩემი ადგილი არ გამოინახა, – ნიკამ უკმაყოფილო სახით დახურა საქაღალდე, – ასეთ იდიოტიზმს ვერ მოვითმენდი. ამ მასალებით საქმის დახურვა არ შეიძლებოდა!

– გეთანხმები, მაგრამ, რუხაძე ვერაფრით ვერ გადავარწმუნე, – უპასუხა ზურაბმა.

– ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ საგამოძიებო შეცდომასთან ან გულგრილობასთან არ გვაქვს საქმე.

– შეიძლება, თუმცა, ნაჩქარევი დასკვნის გამოტანა მაინც არ ღირს.

– ესე იგი, ნანა სირაძე ამტკიცებს, რომ ბანკიდან სესხის გამოტანის შესახებ არაფერი იცოდა? – განაგრძო ნიკამ.

– მისი თქმით, არაფერი იცოდა, – დაუდასტურა ზურაბმა.

– გჯერა მისი?

– მჯერა... მის მდგომარეობაში ტყუილის თქმას აზრი არა აქვს. რას მოუტანს ამის მტკიცება? პრაქტიკულად არაფერს. მისი ქონება იპოთეკითაა დატვირთული და სესხი დროულად თუ არ დაიფარა, ყველაფერს დაკარგავს.

– მაგრამ, სიყალბე თუ გამოვლინდა, სასამართლო ხელშეკრულებას აღარ ცნობს და ნანა სირაძეს სესხის დაფარვის ვალდებულება მოეხსნება. პროკურატურა კი იძულებული გახდება, აღძრას სისხლის სამართლის საქმე და ზუსტად დაადგინოს, თუ რაში გამოიყენა ანდრო სირაძემ სესხად აღებული თანხა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, ის ბანკს დაუბრუნოს.

– და, შესაძლოა, მისი მკვლელობის ნამდვილი გარემოებები გაირკვეს! – თვალი ჩაუკრა ზურაბმა.

– შენ ეგ უფრო გაინტერესებს? – ჰკითხა ნიკამ.

– ინტუიცია მკარნახობს, რომ სესხი და სირაძის მკვლელობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ერთი ეპიზოდის გახსნა თავისთავად გახსნის მეორეს, – უპასუხა ზურაბმა, – საუბრისას რუხაძემ ჩემს მოსაზრებებს დამცინავად უწოდა „მკვდარი ვერსია”. მისი აზრით, ეს სრულიად უპერსპექტივო საქმეა, მე კი საპირისპიროს დამტკიცება მინდა!

ნიკა მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– კარგი, ზურაბ, ავიღებ ამ საქმეს. როგორ დავუკავშირდე ნანა სირაძეს?

– ოღონდ, ერთი პირობით: ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩემთან შეათანხმებ.

– ჩემი იმედი არ გაქვს? – გაეღიმა ნიკას.

– გენდობი, თუმცა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. გინიერი ბიჭი ხარ, კარგი გამომძიებელი, მაგრამ, ჩემზე მეტი გამოცდილება მაინც არ გაქვს, – უპასუხა ზურაბმა და ფურცელი გაუწოდა, რომელზეც ნანა სირაძის ტელეფონის ნომერი ეწერა.

* * *

ზურაბთან საუბრის შემდეგ ნანამ ჩათვალა, რომ მან ფიფიასავით მოიშორა თავიდან. ეჭვი ეპარებოდა, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსი მის დახმარებას მოინდომებდა. მაგრამ, იმავე საღამოს მობილური ტელეფონით უცნობი მამაკაცი დაუკავშირდა. საუბარი რამდენიმე ფრაზით დასრულდა. მამაკაცმა მხოლოდ თავისი სახელი უთხრა – ნიკა მქვიაო და შეხვედრა შესთავაზა. ნანამ თავისი მშობლების ბინაში მისვლა სთხოვა, სადაც ანდროს დაღუპვის შემდეგ ცხოვრობდა, მაგრამ, ნიკამ უარი უთხრა და თან გააფრთხილა, რომ მის შესახებ არავის არაფერი არ უნდა სცოდნოდა, მშობლებსაც კი.

– მაშინ, თქვენ მითხარით, სად გსურთ შეხვედრა, – შესთავაზა ნანამ.

– მითხარით მისამართი, საღამოს რვა საათისთვის სახლთან მოგაკითხავთ, –უპასუხა ნიკამ.

– ფალიაშვილის ბოლოს, ვაკის პარკის შესასვლელთან დაგელოდებით, მაგრამ, როგორ გიცნოთ? – თქვა ნანამ.

– მე გიცნობთ, – მოკლედ უპასუხა ნიკამ და ტელეფონი გათიშა.

შეხვედრაზე მიმავალი ნანა საშინლად ღელავდა. ის, რაც რამდენიმე საათის წინ თავად სურდა, ახლა წარმოუდგენელად რთულ ამოცანად ეჩვენებოდა. უცხო ადამიანთან ისევ უნდა ელაპარაკა ისეთ საკითხებზე, რაზეც სხვა ვითარებაში არასდროს ისაუბრებდა. მაგრამ, იმასაც გრძნობდა, რომ არჩევნის საშუალება არ ჰქონდა. ბანკიდან შეტყობინების მიღების შემდეგ ზურაბი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მოუსმინა და დახმარება აღუთქვა. ახლა ამ შესაძლებლობით რომ არ ესარგებლა, ისევ მარტოს მოუწევდა ჯოჯოხეთურ სისტემასთან ბრძოლა.

ვაკის პარკის შესასვლელთან რამდენიმე მანქანა იდგა, მაგრამ, მათში არავინ იჯდა. მარცხნივ ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი საუბრობდნენ, ოდნავ მოშორებით კი სამი ყმაწვილი იდგა და გულიანად იცინოდა. ტროტუარზე გამვლელები მიდი-მოდიოდნენ, მაგრამ, მათ შორის არც ერთი ჰგავდა კერძო დეტექტივს, რომელსაც ნანა ელოდა.

შავი „მერსედესი” უეცრად მიადგა ტროტუარს და ნანას გვერდით შეჩერდა. მინა უხმაუროდ დაეშვა და კარის ჭრილში ახალგაზრდა მამაკაცი გამოჩნდა.

– საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ნანა...

– გამარჯობა.

– მე ნიკა ვარ... დაბრძანდით.

ნანამ უკანა კარი გააღო და სავარძელზე დაჯდა თუ არა, ნიკამ მაშინვე დაძრა მანქანა ადგილიდან და ქუჩას გაუყვა. რამდენიმე წუთი ჩუმად იმგზავრეს, შემდეგ ნიკამ დაარღვია დუმილი.

– ბოდიშს გიხდით, ასე რომ გხვდებით, მაგრამ, საქმისთვის ასეა საჭირო.

– მესმის, – უპასუხა ნანამ. ნიკამ კიდევ ერთი მოსახვევი მოიტოვა უკან, მანქანა ყრუ ქუჩაზე შეაჩერა და ნანას მიუბრუნდა:

– წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ მანქანაში ვისაუბროთ?

– არა.

– კარგი, მაშინ, საქმეზე გადავიდეთ: ზურაბმა დაწვრილებით ამიხსნა მდგომარეობა, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით, – განაგრძო ნიკამ, – ილუზიას არ შეგიქმნით, საკმაოდ რთული საქმეა. თქვენი სიმართლის დასამტკიცებლად გააფთრებული ბრძოლა მოგვიწევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მე საკმარის არგუმენტებს მოვუყარე თავი, სასამართლო განხილვას ვერსად გავექცევით. რვაასი ათასი ლარი სახუმარო თანხა არ არის. ბანკი ბოლომდე დაიცავს თავის ინტერესებს და, მგონი, ორივეს კარგად გვესმის, რომ მას ჩვენზე მეტი ფინანსური სახსრები და გავლენა აქვს. თქვენ მზად ხართ ამისთვის?

– რას გულისხმობთ? – ჰკითხა ნანამ.

– წნეხს, რომლის ქვეშაც შესაძლოა, აღმოჩნდეთ. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენს წინააღმდეგ ყველა არსებულ მეთოდს გამოიყენებენ – დაშვებულს, აკრძალულს, ბინძურს და ყოვლად მიუღებელსაც კი.

– არ ვიცი, მე წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ლაპარაკობთ, – ჩაილაპარაკა ნანამ.

– გაუაზრებელ პირობას, რომ ყველაფერს გაუძლებთ, ამის მოსმენა ჯობდა, – გაუღიმა ნიკამ, – ახლა ჩვენი ურთიერთობის წესებს აგიხსნით. ნაყოფიერი იქნება თუ არა ჩემი მუშაობა, თქვენზეცაა დამოკიდებული. პირველ ყოვლისა, თქვენ არავისთან არ უნდა ილაპარაკოთ საქმეში ჩემი მონაწილეობის შესახებ და თავად საქმის დეტალებზე, ოჯახის წევრებთან და ახლო მეგობრებთანაც კი.

– ჩემი მშობლებისგან არაფერი მაქვს დასამალი, – გაუბედავად უპასუხა ნანამ.

– მესმის, მაგრამ, ყველა მამას ჰყავს ძმაკაცი და დედას – დაქალი, რომელთანაც ის დარდის გაზიარებას მოისურვებს; იმ ძმაკაცებსა და დაქალებს კი ჰყავთ თავიანთი მეგობრები და ასე იბადება მითქმა-მოთქმა, ჭორები. მითქმა-მოთქმასა და ჭორებს გავუძლებთ, მაგრამ, მე არ მინდა, რომ ჩვენი მოწინააღმდეგისთვის თქვენ თვითონვე იქცეთ ინფორმაციის წყაროდ. თუ ასეთი საუბრებისგან თავს ვერ შეიკავებთ, მე იძულებული გავხდები, არ გაგაცნოთ ჩემ მიერ დადგენილი ფაქტების ნაწილი, ეს კი ხელს შეგვიშლის მუშაობაში, – თქვა ნიკამ, – მქონდეს თქვენი იმედი?

– ჩუმად ყოფნა ძნელი არ არის, მთელი ცხოვრება ასე გავატარე, – ჩაილაპარაკა ნანამ, – სხვას რას დამავალებთ?

– ახლა დავუბრუნდეთ ხელშეკრულებას. თქვენთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულება ორმხრივია და, აქედან გამომდინარე, მისი ორი ეგზემპლარი უნდა არსებობდეს. თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენმა მეუღლემ მოტყუებით მოგაწერინათ ხელი ხელშეკრულებაზე, მაგრამ, მე ვერ გამოვრიცხავ ხელმოწერის გაყალბებასაც. სწორად გამიგეთ, ქალბატონო ნანა. ასეთ საქმეში პროკურატურას ვარაუდებს ვერ წარვუდგენთ. ყველა მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად ხელშეკრულების მეორე ეგზემპლარი უნდა მოვძებნოთ. რა შეგიძლიათ მითხრათ ამის შესახებ?

– სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით. ხელშეკრულება ექვსი თვის წინაა დადებული და მე ამის შესახებ მხოლოდ ათი დღის წინ შევიტყვე, – უპასუხა ნანამ.

– იქნებ, თქვენს მეუღლეს რაიმე სამალავის მაგვარი ჰქონდა მოწყობილი, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცოდით? – ჰკითხა ნიკამ.

– არ ვიცი. ჩვენ ბინაში სეიფი გვქონდა, რომელშიც ანდრო სანადირო თოფს, პისტოლეტსა და დოკუმენტებს ინახავდა. სახლში რაიმე სამალავი რომ ყოფილიყო, მე აუცილებლად მეცოდინებოდა.

– ერთ გარემოებას მიაქციეთ ყურადღება: სავარაუდოდ, თქვენმა მეუღლემ ხელშეკრულებაზე მოტყუებით მოგაწერინათ ხელი; ან კიდევ, თქვენი ხელმოწერა გაყალბებულია. ორივე შემთხვევაში, თქვენი მეუღლე შეეცდებოდა, რომ თქვენ არასდროს გენახათ ის დოკუმენტები. აქედან გამომდინარე, ის მათ სეიფში არ დადებდა. მაგრამ, საბუთების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, შორსაც არ შეინახავდა. გაითვალისწინეთ, რომ სესხი გრძელვადიანი იყო. ის ათი წლის განმავლობაში აპირებდა ამ ამბის თქვენგან დამალვას – მე მხოლოდ ბანკთან დადებულ ხელშეკრულებას არ ვგულისხმობ. სავარაუდოდ, იქვე იქნება დოკუმეტები, რაც იმაზე მიგვითითებს, თუ სად და რა საქმეში დააბანდა თქვენმა მეუღლემ ბანკიდან მიღებული ფული.

– გასაგებია, მაგრამ, მე არაფერი ვიცი ამის შესახებ, – თავი გააქნია ნანამ.

– კიდევ ერთხელ რომ დაგეთვალიერებინათ თქვენი ბინა?! იქნებ, რამე გამოგრჩათ. ან ყურადღება არ მიაქციეთ...

– არ შემიძლია იქ მისვლა, – ამოიოხრა ნანამ, – ანდროს დაკრძალვის შემდეგ ერთხელაც არ მივსულვარ, იქ ყველაფერი იმ საშინელ დღეს მაგონებს. ასე მგონია, რომ იქაურობას აღარასოდეს გაეცლება სისხლის სუნი. მე უკვე ვფიქრობდი ბინის გაყიდვაზე, როცა ბანკიდან შეტყობინება მივიღე.

– მეც გამოგყვებით.

– იქნებ, თქვენ თვითონ დაათვალიეროთ ბინა?

– ეს აკრძალულია. ბინის დათვალიერებას აუცილებლად უნდა ესწრებოდეს მისი მფლობელი, – უპასუხა ნიკამ.

– კარგით, გამოგყვებით, – უხალისოდ უპასუხა ნანამ.

– სხვა ვარიანტებსაც ნუ გამოვრიცხავთ – ხომ შეიძლება, დოკუმენტები რომელიმე ახლო მეგობარს ან თავის დედ-მამას მიაბარა? – განაგრძო ნიკამ.

– ანდრო არასდროს ახედებდა საქმეში თავის მეგობრებს. დედ-მამა კი... – ნანამ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – ანდრო ძალიან მიჯაჭვული იყო მშობლებს. შეიძლება მან მართლაც დედ-მამის ბინაში შეინახა დოკუმენტები, მაგრამ, ისინი სიახლოვეს არ გამიკარებენ.

– რატომ?! – გაუკვირდა ნიკას.

– მათ იცოდნენ, რომ ანდროსთან განქორწინება მსურდა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ურთიერთობა საბოლოოდ გაგვიფუჭდა. ისინი მე მადანაშაულებენ ანდროს სიკვდილში. ყველგან ლაპარაკობენ, რომ მათი შვილი ჩემს საყვარელს მოვაკვლევინე... – აკანკალებული ხმით თქვა ნანამ.

– დამშვიდდით. ეს იმ წნეხის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელზეც გაგაფრთხილეთ. კარგი... ჯერ ბინა დავათვალიეროთ და, თუ ვერაფერს მოვაგენით, ანდროს მშობლებს მივმართოთ.

– არა! –  სწრაფად თქვა ნანამ, – გამორიცხულია, მე მათთან ვერ მივალ.

– თქვენ იქ მისვლა არ დაგჭირდებათ, ამ საკითხს მე მოვაგვარებ, – უპასუხა ნიკამ.

ნანამ მადლიერებით აღსავსე მზერა მიაპყრო და ჩაილაპარაკა:

– გმადლობთ...

– პრინციპში, ჯერჯერობით სულ ეს არის, – განაგრძო ნიკამ, – ხვალ შუადღისთვის მოგაკითხავთ და ჩემს ოფისში წაგიყვანთ. ვიდრე ჩემს ორგანიზაციასთან ოფიციალურ ხელშეკრულებას არ გააფორმებთ, მე საქმეზე მუშაობის უფლება არ მექნება.

– ჰო... ხელშეკრულებაზე მეც მინდოდა მეკითხა თქვენთვის, – გამოცოცხლდა ნანა, – მე უნდა ვიცოდე, მეყოფა თუ არა ჩემი დანაზოგი თქვენს დასაქირავებლად. მაინც, რამდენი უნდა გადაგიხადოთ მომსახურებაში?

– მომსახურების ტარიფები ასოციაციის წესდებითაა განსაზღვრული, ოფისში ყველაფერს აგიხსნიან.

– დაახლოებით მაინც მითხარით თანხა.

– ნუ გეშინიათ, იმაზე მეტს არ გამომგართმევთ, ვიდრე ბანკი მოითხოვს, – გაიცინა ნიკამ შემდეგ ძრავა ჩართო და მანქანა ადგილიდან დაძრა.   

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3