კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი მოდა

ლორა ეშლი შეშფოთებული ჩანდა. მის მეგობარს, კანდიდა დამბრის ეს არ გამოჰპარვია. რომ დაურეკა, უთხრა, ანდერძზე უნდა დაგელაპარაკოო.

– ჩემს ყველა შლაპას, ჩანთასა და სამკაულს გიტოვებ... კიდევ, მინდა, ჩემს ფისუნიაზე იზრუნო.

– ლორა, შენ რა, ხუმრობ?

– არა. ჩემი მოკვლა უნდათ, უკვე ორჯერ სცადეს.

– რა სისულელეა, – გაეღიმა კანდიდას, – ვის უნდა უნდოდეს შენი მოკვლა? არც მდიდარი ხარ, არც მტერი გყავს... აი, შენი ქმარი, სტივენი – სხვა საქმეა. ისეთი პოპულარულია, ისეთი წარმატებული... სამეფო ოჯახიც კი მას უკვეთავს საზეიმო კოსტიუმებს. ნამდვილი მოდის მეტრია.

– ჩემი ქმარი... სწორედ რომ მას უნდა ჩემი მოკვლა, ოღონდ, მიზეზი ვერაფრით გავარკვიე, – ამოიოხრა ლორამ, – ეგ ისეთი ექსტრავაგანტურია... მოკლედ, ორჯერ შემთხვევით ვარ გადარჩენილი სიკვდილს. ჩვენი სახლის კიბე ხომ იცი? ორი თვის წინ წვეულებაზე მივდიოდით და კიბეზე ჩემს დაგორებას შეეცადა – ზურგში მიბიძგა... კიდევ კარგი, წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ამან გადამარჩინა – ხალიჩას წამოედო და შემაკავა. თან, მე რა წონა მაქვს?! როცა ვკითხე, ეს რატომ გააკეთე-მეთქი, შემთხვევით დაგეჯახეო, მიპასუხა. მერე ვუთხარი, არ არის საჭირო ჩემი სიკვდილი. თუ შენ ჩემი თავიდან მოშორება გინდა, განქორწინებაზე პრობლემას არ შეგიქმნი-მეთქი.

– მერე, რა გითხრა?

– გაიცინა – ეგ სისულელე საიდან მოიტანეო... მაგრამ...

– მაგრამ, რა?

– ერთი კვირის წინ ჩემს საძინებელში უზარმაზარი ჭაღი მოწყდა და საწოლს დაენარცხა. შემთხვევით გადავრჩი: ჩემმა ფისომ რაღაც იგრძნო, კნავილი ატეხა და აივნის კარს ეცა. იძულებული გავხდი, ავმდგარიყავი და გარეთ გამეშვა. სწორედ ამ დროს ჩამოვარდა ჭაღიც. მოკლედ, საშინელ დღეში ვარ. ამიტომ, გთხოვ, თუ რამე დამემართა, ციცუნიას მიმიხედე. სტივენი მას ვერ იტანს. ის ხომ ჩვეულებრივი კატაა, ქუჩაში ვიპოვე, სტივენს კი სძულს ყველაფერი ჩვეულებრივი.

– შენც ხომ ჩვეულებრივი ხარ, მაგრამ, შეუყვარდი, – თავი გააქნია კანდიდამ, – გახსოვს, როგორ გაიცანი? მოდის მუზეუმში მუშაობდი და შემთხვევით დაგინახა. მერე გაზეთებში წერდნენ, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყოო.

ლორამ ისევ ამოიოხრა:

– თავიდან მეც მოვტყუვდი, მაგრამ, ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რატომ გააკეთა ჩემზე არჩევანი. მე მისთვის კარგი მასალა აღმოვჩნდი. შემომხედა და მაშინვე განსაზღვრა, რას გააკეთებდა ჩემგან, ჩვეულებრივი, უფერული გოგოსგან. ორი წლის განმავლობაში თავისი სურვილისამებრ „მძერწავდა“ კოსმეტიკის საშუალებით და სპეციალური სტილის ტანსაცმლით, ხან ჰაეროვანი და საყვარელი ქერა ლამაზმანი ვიყავი, ხან – ეფექტური, შავგვრემანი ქალი-ვამპირი; თმაც კი შეუღებავს ჩემთვის თავისი პიჯაკის ზოლებისფრად, მისი ჰალსტუხის შესაფერისი ლინზებიც მკეთებია... თავიდან ეს მომწონდა კიდეც, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ ქმრის გარემომცველი ინტერიერის დანამატად ვიქეცი. დამიჯერე, ეს საშინელებაა... დარწმუნებული ვარ, ახლაც რაღაც ახალი იდეა აწვალებს. რაღაც ახალი როლი უნდა, რომ მომარგოს – ალბათ, მიცვალებულის.

– ნუ სულელობ. შენ ის მითხარი, სახელგანთქმული ჰერცოგის ბრაბელოუს დაკრძალვის კოსტიუმები შენს ქმარს შეუკვეთეს?

– არ ვიცი, მგონი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მე ჩემს თავზე ვდარდობ. წავედი, უნდა მოვემზადო – გრაფმა ეშემმა თავის უძველეს ციხე-კოშკში კოსტუმირებულ წვეულებაზე დაგვპატიჟა.

– საინტერესოა! – გახალისდა კანდიდა, – სტივენი, ალბათ, რამე განსაკუთრებულს მოიფიქრებს შენთვის.

– სწორედ ეგ მაშინებს. მქონდეს შენი იმედი? იზრუნებ ფისოზე?

– გეხვეწები, ნუ მაშინებ. არაფერიც არ მოხდება.

რამდენიმე კვირის განმავლობაში კანდიდამ საკუთარი მეგობარი ვეღარ ნახა. ლორა აღარც ტელეფონზე პასუხობდა. კანდიდა შეშფოთდა. თავს იმით იმშვიდებდა, რამე უბედურება რომ მომხდარიყო, გავიგებდიო. მერე წაიკითხა კიდეც სკანდალური ამბები სტივენ ეშლიზე, რომელმაც საკუთარი მსახური დანით სასიკვდილოდ დასერა და შეშლილთა თავშესაფარში გამოამწყვდიეს. პრესა წუხდა, რომ მოდის დიდი მეტრი, რომელსაც მოდისა და საზოგადოების გემოვნების განვითარების ისტორიაში ღირსეული ადგილი უნდა დაემკვიდრებინა, ასე სავალალოდ და სამარცხვინოდ დაამთავრებდა სიცოცხლეს. კანდიდა სამი დღე ცდილობდა ამ ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებას. ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნამ ლამის გააგიჟა. მეოთხე დღეს, დილით კი ლორა გამოჩნდა. ხელში ლამაზი ფუთა ეჭირა, შავი და მუქი იასამნისფერი ბაფთებით შეკრული.

– ეს რა არის? ან ამდენ ხანს რატომ არ ჩანდი? ძალიან შემეშინდა.

– გახსენი ფუთა და ყველაფერს მიხვდები, – ლორას დამშვიდებული სახე ჰქონდა.

ფუთაში იშვიათი სილამაზის, საკმაოდ ორიგინალური სტილის სამგლოვიარო კაბა აღმოჩნდა.

– სტივენმა მოგიმზადა ჩემი დაკრძალვისთვის, – აუხსნა ლორამ. ახლა უკვე მაქვს პასუხი კითხვაზე – რატომ უნდოდა მოდის დიდ მეტრს ჩემი მოკვლა. წავიდეთ ჩემთან, რაღაცას განახვებ.

კანდიდა გაოცებული შესცქეროდა დიდ გარდერობში აკურატულად ჩამოკიდებულ სამგლოვიარო კოსტიუმებს. მათ შორის ერთადერთი იასამნისფერი კაბა ეკიდა.

– აი, ამ კაბას მე ჩამაცმევდა კუბოში ლურჯწვერა, – ლორა იცინოდა, – საჩვენებელი ტრაგედია დიდებისთვის. აი, როგორ ურჩხულთან ვცხოვრობდი. მან სამგლოვიარო მოდის სრულიად ახალი სტილი შექმნა და უნდოდა, კოსტიუმირებული პრეზენტაცია საკუთარი ცოლის დაკრძალვაზე მოეწყო.

– შენ როგორ გაიგე ეს ამბავი?

– შემთხვევით გადავაწყდი ამ გარდერობს, მაშინვე ყველაფერს მივხვდი და გადავწყვიტე, თავი დამეცვა. სტივენს კარგად ვიცნობ და საბრძოლველად ის იარაღი გამოვიყენე, რომელიც ყველაზე კარგად იმუშავებდა. გრაფ ეშემის წვეულებაზე სტივენი უდიდეს იმედებს ამყარებდა. სწორედ იქ უნდა გადაწყვეტილიყო, ვის მიანდობდნენ ჰერცოგის ოჯახის წევრები თავისი საგვარეულოს პრესტიჟსა და ღირსებას. სტივენმა თავისთვის და მსახურებისთვის განსაკუთრებული კოსტიუმები შეარჩია. ჯონის, თავის ერთგულ კამერდინერს ანდო ჩემოდნების ჩალაგება, მაგრამ, მე ტანსაცმელი შევცვალე. ხომ წარმოგიდგენია, როგორი საზოგადოება შეიკრიბებოდა სახელგანთქმულ ციხე-დარბაზში. სტივენ ეშლის იქ უნდა ებრწყინა, მაგრამ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: იცი, როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა საგულდაგულოდ ჩალაგებული, იშვიათი კოსტიუმებისა და პერანგების ნაცვლად, ჩემოდნებიდან თავისი კონკურენტის, მოდიდან გადასული, ძველი კოლექციის სამოსი ამოალაგა?! ფსიქიკამ ვეღარ გაუძლო. დანას დაავლო ხელი და საცოდავ ჯონს ეცა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გავთვალე. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ჯონის ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა.

– დიდი ხნით გამოამწყვდიეს შენი ქმარი საგიჟეთში?

– სავარაუდოდ, კი.

– წახვალ მის მოსანახულებლად?

 ლორამ მრავალმნიშვნელოვნად გაიცინა:

– ვნახოთ, თუკი გარდერობში შესაფერის კაბას აღმოვაჩენ, აუცილებლად...

скачать dle 11.3