ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო სოლეიროლიას?
პასუხი: სოლეიროლია ჭირვეული მცენარე არ არის. მისთვის მთავარია, მიწა არ გამოუშრეს. თუ მას სიგრილესა და ტენიან გარემოში ამყოფებთ, ზრდას მალევე დაიწყებს. მის გასამრავლებლად რამდენიმე ძირი ფესვიანად ფრთხილად ამოიღეთ ქოთნიდან და ახალ ქოთანში გადარგეთ.
კითხვა: რა ტემპერატურაზე ძლებს კოლეუსი?
პასუხი: მას სჭირდება ნორმალური ტემპერატურა, 18-20 გრადუსი, ხოლო ზამთარში მისთვის მინიმუმია 11-12 გრადუსი. მცენარე მოარიდეთ ამაზე უფრო დაბალ ტემპერატურას, რადგან, შეიძლება, ფოთლები დასცვივდეს. თუკი ფესვები ტენიანი აქვს, ზოგჯერ მზისგულზე ყოფნასაც აიტანს.
კითხვა: როგორი სინათლე მოსწონს ზამიოკულკასს?
პასუხი: ეს აფრიკული მცენარე იოლად გასაზრდელია. ადვილად ეგუება ოთახის პირობებს, ჩრდილში ყოფნასაც კარგად იტანს და გაბნეულ შუქზეც უკეთ იზრდება. სასურველია, თუ მას აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარაზე დადგამთ.
კითხვა: რა ზომის შეიძლება გაიზარდოს ჰემიგრაფისი?
პასუხი: ჰემიგრაფისი დაბალი და კომპაქტური მარადმწვანე მცენარეა. მისი სიმაღლე არ აღემატება 30 სანტიმეტრს. მართალია, ის ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ, კარგად გამოიყენება დიდ ქოთნებში ჩარგული მცენარეების მიწის საფარად.
კითხვა: ჩემს ექევერიას ფოთლები უჭკნება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: თქვენ, ალბათ, წყალი დააკელით – დარბილებული და დამჭკნარი ფოთლები იმის მანიშნებელია, რომ ექევერიას წყალი სჭირდება. ზაფხულობით ნიადაგს შეშრობა აცადეთ და ისე დაასხით წყალი, რომ მიწა კარგად დასველდეს, ზამთარში კი იშვიათად მორწყეთ.
კითხვა: ჩემს ქლოროფიტუმს მიწის ზედაპირზე ფესვები გამოუჩნდა. რისი ბრალია?
პასუხი: მიწის ზედაპირზე ფესვების გამოჩენა მცენარის გადარგვის აუცილებლობის ნიშანია. ფოთოლს სიმშრალისა და უჰაერობისგან გაყავისფრებული ბოლოები წააჭერით. ქლოროფიტუმი კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს.
კითხვა: მაქვს ახალი ნაყიდი ქრიზანთემა. რა მიზეზით არ იზრდება?
პასუხი: თუ მცენარე ახლად ნაყიდი გაქვთ, ის შეკრეჭილი და ზრდის შემაჩერებელი ნივთიერებით იქნება დამუშავებული, რათა მოხდენილი და კომპაქტური იყოს. როგორც კი ნივთიერების ზემოქმედება გაივლის, ქრიზანთემა ზრდას დაიწყებს და გამაღლდება, ხოლო, თუ ბაღში გადარგავთ, მაქსიმალურ სიმაღლესაც მიაღწევს და შედარებით მეტხანს იყვავილებს.