რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ვოლვო 740”, 2.3, მართვის ავტომატური კოლოფით, 1987 წლის გამოშვება მექანიკურ „ვსპრისკზე”. ყოველი გავლილი 500-600 კილომეტრის შემდეგ, აქვს დაქოქვის პრობლემა. ბენზინის მიწოდება უზრუნველყოფილია თორმეტი ატმოსფეროთი, როგორც ეს მექანიკურ „ვსპრისკს” სჭირდება. ავტომობილი ზეთს არ ჭამს, საჰაერო დროსელი მუდმივად ჭუჭყიანია ზეთის ნარჩენით, მიუხედავად იმისა, რომ საქშენსაც და დროსელსაც ხშირად ვწმენდ. ხელოსანი მეუბნება, რომ მუდმივად იჭედება საჰაერო სისტემა. ხშირია, ისეთი შემთხვევა, როცა მანქანა დილით ჩვეულებრივ იქოქება და ტრასაზე შეიძლება, მოულოდნელად ჩაქრეს ან აღარ დაიქოქოს. ზოგჯერ შველის „ვსპრისკის” საწმენდი, ისიც დროებით. „სვეჩები” და „სვეჩის კაბელები” ახალი გამოცვლილი და ხარისხიანია, შემოწმებულია „ტრამლიორიც“. გთხოვთ, მიპასუხოთ, რა არის ამის მიზეზი და რა იქნება გამოსავალი? იმდენად, შეწუხებული ვარ ამ პრობლემით, მინდა, კარბურატორზე გადაყვანა და შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ მოდელზე „ავტომატიკის” გადაყვანა კარბურატორზე. ბენზინის ხარჯს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ოღონდ სადმე არ დავრჩე.
პასუხი: ეგრეთ წოდებული მექანიკური „ვსპრისკი” საკმაოდ არასტანდარტული და რთული კონსტრუქციაა. თუმცა, ის ძალიან პოპულარული იყო იმ წლებში, რომელშიც თქვენი ავტომობილია გამოშვებული. მაშინ „ვსპრისკის” სისტემით აღჭურვილი ძრავა კარბურატორთან შედარებით გაცილებით მაღალ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა ნაკლები საწვავის გამოყენებით. ამ კონსტრუქციის სირთულეა პრიმიტიული, მაგრამ უზუსტესი დეტალების თანწყობა, რაც, როგორც მინიმუმ, კარგად გაფილტრულ საწვავს მოითხოვს, რადგან, ჭუჭყის მცირედი ნაწილაკებიც კი იოლად აზიანებს მას. მისი რეგულირება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური სტენდის დახმარებით. რაც შეეხება თქვენს კონკრეტულ შემთხვევას, უპირველესად, გადასამოწმებელია ჰერმეტულია თუ არა მექანიკურ „ვსპრისკსა” და შემშვებ კოლექტორში არსებული სივრცე. მექანიკური „ვსპრისკის“ შეფრქვევის დოზას განსაზღვრავს სწორედ ამ სივრცეში შექმნილი ვაკუუმი. ვაკუუმის წარმოქმნის სიდიდე ზემოქმედებს სპეციალურ დიაფრაგმაზე და მექანიკური „ვსპრისკი“ ძრავას საწვავს სათანადო დოზით აწვდის. ამ სივრცის ჰერმეტულობის გადამოწმება შესაძლებელია სპეციალური მოწყობილობით, რომელსაც აერთებენ შემშვებ კოლექტორთან და ბოლის შეშვებით ამოწმებენ გასდის თუ არა მას. ხშირ შემთხვევაში „ჭრილობა” საიდანაც ჰერმეტულობა ირღვევა, დაფარულია ან მოძრაობაზე რეაგირებს, რაც ზოგჯერ მსგავსი სისტემით აღჭურვილ ავტომობილებში ჩაქრობას იწვევს. რაც შეეხება დროსელთან მოხვედრილ ზეთს, ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, ყველაზე ხშირი კი თქვენი ავტომობილის მოდელებში საქშენის ფილტრის გაბიდვნაა. ანუ, ძრავადან გამომავალ მილამდე პატარა სივრცემ სადაც სპეციალური გამფილტრავი ღრუბელია განთავსებული, კარგი მუშაობის შეთხვევაში, უნდა გამოატაროს მხოლოდ გაზები, ხოლო ზეთი უკან უნდა ჩაღვაროს. ყველაფერ ამის მოგვარების შემდეგ, თუ პრობლემა არ აღმოიფხვრა, კარბურატორის სისტემაზე გადასვლაც არ არის ურიგო იდეა. თქვენ შეგიძლიათ, მარტივად გადააკეთოთ შემშვები კოლექტორი ისე, რომ ზედ კარბურატორის დამონტაჟება შეიძლებოდეს. ასეთ შემთხვევაში ავტომობილი ნაკლები სიმძლავრით, მაგრამ გამართულად იმუშავებს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა სივიკი”, რამდენ გავლილ კილომეტრზე უნდა შევცვალო ძრავას ღვედი?
პასუხი: რეკომენდაციების მიხედვით, ძრავას ღვედი ყოველ გავლილ 40 ათას კილომეტრზე უნდა შეიცვალოს, მაგრამ „სივიკის” შემთხვევაში, შეგიძლიათ ის მაინცდამაინც რეკომენდაციის მიხედვით არ შეცვალოთ. ღვედის გაწყვეტის შემთხვევაშიც კი სერიოზულად არაფერს დააზიანებს – რომელიმე ხელსაწყო აინთება, ხმას გაიგებთ და ავტომობილი გაჩერდება. ამით მიხვდებით, რომ პრობლემაა. თუ გვინდა, რომ ეს არ დაგემართოთ და ავტომობილი ავარიულ რეჟიმში არ ამუშაოთ, უმჯობესია, კბილებიან ღვედთან ერთად, გამოიცვალოს ყველა დანარჩენი ღვედი, მიუხედავად იმისა ეტყობა თუ არა დაზიანება. ამ ღვედებს, საჭის გამაძლიერებელი მოჰყავს მოქმედებაში, რომელიც თავისთავად წყლის ბრუნვას, აკუმულატორის დამუხტვას იწვევს.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მაზდა 6”, 2006 წლის, 2.3-იანი ძრავათი, ტიპტრონიკის ტიპის გადაცემათა კოლოფით (ამერიკული ვარიანტი). უკვე ერთი წელია, ვამჩნევ, რომ მას შემდეგ, რაც დაახლოებით 30-45 წუთს გავივლი, მესამედან მეოთხე სიჩქარეში ჩაგდებისას, გადართვა საკმაოდ უხეშად ხდება, იგრძნობა მკვეთრი დარტყმა. ცივზე კი ეს პრობლემა არ აქვს. თან, ეს მხოლოდ მესამედან მეოთხეში გადართვისას ხდება. სხვა სიჩქარეებში კი უპრობლემოდ გადადის. ბოლოს, როცა უკვე საგრძნობლად მოიმატა კოლოფის დარტყმამ, ზეთი მთლიანად გამოვცვალე, მასში „მაზდას” „ატეეფი” ჩავასხი – ერთ-ერთ ბრენდ კომპანიაში შევიძინე, მაგრამ არ უშველა. ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება, იყოს ამის გამომწვევი მიზეზი და საერთოდ, თუ შეგიძლიათ, ეს მოდელი დამიხასიათეთ, როგორია საქართველოს პირობებში?
პასუხი: შეიძლება ითქვას, უკვე ისეთ სიტუაციაში ხართ, როცა კოლოფი სერიოზულადაა დაზიანებული. ამ მხრივ არ გაგიმართლათ. დაზიანება შეიძლება იყოს რამდენიმე სახის – რთული, მაგრამ მარტივად მოსაგვარებელი; მარტივი დაზიანება, მაგრამ რთულად მოსაგვარებელი; ან რთული დაზიანება – რთულად მოსაგვარებელი; მაგრამ კოლოფში არაფერია ისეთი, რომლის შველა და გამოსწორება არ შეიძლება. კოლოფის დაშლა აუცილებლად მოგიწევთ. თქვენს ავტომობილს ავტომატური კოლოფის კარგი სპეციალისტი სჭირდება. ზოგადად, „მაზდა” გამოირჩევა ამტანობით და საკმაოდ კარგი მანქანაა. თუმცა, საქართველოში საკმაოდ მცირე რაოდენობითაა, რაც ნიშნავს, რომ ნაწილების შოვნაც რთულია და ხელოსნებსაც ნაკლები შეხება აქვთ მასთან. შესაბამისად, არც ცოდნა აქვთ. სულ ცოტა ხანში, „მაზდას” ოფიციალური წარმომადგენლობა იხსნება საქართველოში, რასაც, რა თქმა უნდა, სერვისიც მოჰყვება. თუმცა, ჩვეულებრივი მოდელებისთვის შესაძლოა სერვისი საკმაოდ ძვირი დაჯდეს. გირჩევთ, დაშლილებში მოიძიოთ მთლიანი კოლოფი და გამოცვალოთ. მოხსნა, გაკეთება და აწყობა შესაძლოა, ახალი კოლოფის ფასი დაჯდეს. მაგრამ თუ ვერ იშოვეთ, მაინც მისი გადაკეთება მოგიწევთ.