რაში უშლიდნენ ხელს ძველი ქართველი ბოლშევიკები სტალინსა და ბერიას
ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბოლშევიკი ლიდერი იოსებ ჯუღაშვილი იყო. საერთოდ, ბოლშევიკური პარტია ყოველთვის განიცდიდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კადრების ნაკლებობას. თვით ვლადიმირ ლენინიც კი, არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნედ. ასეთები იყვნენ სხვა ბოლშევიკი ლიდერებიც. ხელისუფლების სათავეში მათი მოსვლის შემდეგ აშკარა გახდა სახელმწიფო მოღვაწეთა ნაკლებობა. ჯერ საბჭოთა რუსეთის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში დამკვიდრდა პარტიული აზროვნება. ბოლშევიკი ლიდერების მიზანი იყო არა სახელმწიფოს სიძლიერე, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის დახვეწა, არამედ ბოლშევიკური (კომუნისტური) პარტიის გაძლიერება, რომელსაც უნდა ებატონა სახელმწიფოზე. ასე იქცა ბოლშევიკური პარტია სახელმწიფოდ სახელმწიფოში; მონსტრად, რომელმაც დათრგუნა ყველაფერი. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით.
უკვე მეოცე საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისთვის ნათელი გახდა, რომ ბოლშევიკებს ლენინის მეთაურობით კარგად შეეძლოთ ნგრევა და არა – შენება. ნგრევა მიმდინარეობდა ყველაფრის, ერთადერთი მიზნით – ძალაუფლების შესანარჩუნებლად. იოსებ სტალინი იმთავითვე მიხვდა, რომ, თუ ნგრევას ბოლო არ მოეღებოდა, ბოლშევიკები ძალაუფლებას დაკარგავდნენ და სახელმწიფოც კვდომას დაიწყებდა. ყოველივე ამის თავიდან აცილების მიზნით, მან ნელ-ნელა დაიწყო მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობებიდან გაუნათლებელი, მხოლოდ რევოლუციური წარსულის გამო დაწინაურებული ადამიანების ჩამოშორება. დღეს, შეიძლება, დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, რომ მაშინდელ უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო ეშელონებშიც კი, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ 2 ან 4 კლასის განათლება. სტალინი ახალი კადრების ძიებას შეუდგა. ეძებდა ისეთ კადრებს, რომლებიც შეძლებდნენ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის დაწყებას. ამ პროცესში ლავრენტი ბერია სტალინის აღმოჩენა იყო. მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ქართველი ბოლშევიკები: ფილიპე მახარაძე, მიხა ცხაკაია, მიხეილ კახიანი, მამია ორახელაშვილი, ლავრენტი ქართველიშვილი, სამსონ მამულია და სხვები ტიპური პარტიულად მოაზროვნეები იყვნენ. უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო ხელისუფლებაში დამკვიდრდა დაუსრულებელი ლაყბობა, კამათი ისეთ საკითხებზე, რომლებიც არანაირად არ უკავშირდებოდა საქართველოს. ქართველ ბოლშევიკებს შეეძლოთ, დაუსრულებლად ეკამათათ გერმანიის ან ჩინეთის რევოლუციის პერსპექტივებზე, მაშინ, როცა თბილისს არ ჰქონდა სასმელი წყალი, სატელეფონო ქსელი, ნორმალური გზები და საქალაქო ტრანსპორტი; კოლხეთის დაბლობზე კი მოსახლეობა მალარიისგან იტანჯებოდა. აი, ასეთ ვითარებაში მოუხდა ლავრენტი ბერიას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის სათავეში მოსვლა. სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში ათ წელზე მეტი ხნის წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, 1931 წელს, სტალინის რეკომენდაციით ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა. მალე ბელადმა მას კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა მიანდო – ლავრენტი ბერია საკავშირო კომპარტიის ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს. გავრცელებულია ვერსია, თითქოს ბელადთან ბერიას რეკომენდაცია ორჯონიკიძემ გაუწია, მაგრამ, ეს ვერსია მცდარია. ბერია, როგორც პერსპექტიული მუშაკი, სტალინს გაცილებით ადრე წარუდგინა ამიერკავკასიის საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ – რედენსმა. არ არის გამორიცხული, რომ ბელადთან ბერიას სიტყვა შეაწია ცნობილმა ბოლშევიკმა მირჯაფარ ბაგიროვმა. ბაგიროვი და ბერია ერთად მოღვაწეობდნენ აზერბაიჯანში. ლავრენტი ბერიას გაპირველკაცება იმთავითვე ცუდად აღიქვა ქართველი ბოლშევიკების ძველმა გვარდიამ. მათ სტალინთან დაჩივლება ვერ გაბედეს, მაგრამ, საყვედურებით აავსეს სერგო ორჯონიკიძე. მართალია, ორჯონიკიძესაც არ ეხატებოდა გულზე ბერია, მაგრამ, ფილიპე მახარაძისა და სხვებისგან განსხვავებით, ბელადის ფავორიტის წინააღმდეგ მოსკოვში სიტყვაც არ დაუსველებია. შემდგომში, ალბათ, სერგო ორჯონიკიძე ნანობდა კიდეც, რომ ლავრენტი პავლეს ძის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაიწყო, მაგრამ, უკვე გვიან იყო. ბერიას დაწინაურებით განსაკუთრებით აღშფოთებული დარჩნენ ფილიპე მახარაძე, მიხეილ კახიანი, სამსონ მამულია, ლავრენტი ქართველიშვილი და მამია ორახელაშვილი. სტალინმა ბერია დიდი უფლებებით აღჭურვა და დიდი გეგმებიც დაუსახა. ლავრენტი ბერია სწორად მიხვდა, რომ ბელადის მიერ დასახული გეგმების განხორციელებას ქართველ ბოლშევიკთა ძველ გვარდიასთან ერთად ვერ შეძლებდა. ამიტომ, გადაწყვიტა მათი გზიდან ჩამოცილება. ბერია დიდ რისკზე წავიდა, როდესაც ძველ ბოლშევიკთა რეპრესია დაისახა მიზნად. შეიძლება, მას ეს სარისკო ნაბიჯი არ გადაედგა, მაგრამ, წარუმატებლობის შემთხვევაში, მას სტალინი არ დაინდობდა და ქართველი ბოლშევიკებიც ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ სტალინს ბერია სამაგალითოდ დაესაჯა. ბერია ცდილობდა ბელადი დაერწმუნებინა, რომ ქართველ ბოლშევიკთა ლიდერები პირადად სტალინის პოლიტიკურ ხაზს ეწინააღმდეგებოდნენ. ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორი ოსტატობით შექმნიდა ბერია მათგან მტრის ხატს – ის სტალინის შესანიშნავი მოწაფე აღმოჩნდა.
ბერია მიზანმიმართულად ავრცელებდა ხმებს, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ორჯონიკიძე და მახარაძე იყვნენ გარეულნი. ცალკეული ბოლშევიკისგან მტრის ხატს ისე ოსტატურად ქმნიდა, რომ რეპრესირებული ბოლშევიკები ლამის თვითონვე იჯერებდნენ ხალხის მტრობას. მაგალითად: მამია ორახელაშვილის წინააღმდეგ გავრცელებულ ბრალდებაში ფიგურირებდა, რომ მამიას მამა ძველი რეჟიმის დროს ქუთაისში გოროდავოი, ანუ პოლიციის დაბალი რანგის მოხელე – უთოფო პოლიციელი იყო. გასაგებია, რატომაც კეთდებოდა ეს მინიშნება. სამსონ მამულიას „მეგრელ ნაციონალისტებთან” კავშირი დასდეს ბრალად; ფილიპე მახარაძეს მუდამ აყვედრიდნენ, რომ ის ქართველ „უკლონისტთა“ ლიდერი იყო და სტალინის მიერ წამოწყებულ ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნას ეწინააღმდეგებოდა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ ბერიას ფანტაზია ძალზე შორს მიდიოდა. მაგალითად, ცნობილ დირიჟორს, ევგენი მიქელაძეს, ერთ-ერთ ბრალდებად წაუყენეს, რომ მის სახლში ცხოვრობდა მეუღლის ნათესავი, რომელიც თითქოსდა თურქეთის დაზვერვის რეზიდენტი იყო. ბერიას შუა გზაზე შეჩერება არ ახასიათებდა. მის წინააღმდეგ ბრძოლის უპერსპექტივობაში დარწმუნებული ორახელაშვილი და მამულია გაეცალნენ და მოსკოვში გადაბარგდნენ, თუმცა, ამით თავს მაინც ვერ უშველეს – ისინი დააპატიმრეს და თბილისში დააბრუნეს.
საქართველოში სახელმწიფოებრივი აღმშენებლობაც ლავრენტი ბერიას დროს დაიწყო და ყველაზე უფრო მეტად ეს დაეტყო თბილისს. ქალაქის დაგეგმარებას იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა. იმ პერიოდში აგებულთაგან, ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ხოლმე ცირკისა და ფოსტის შენობებზე, მაგრამ, იყო უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების მშენებლობის დაწყება, სპორტული ბაზების მშენებლობა, თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესება, საკანალიზაციო მეურნეობის მოწესრიგება, ქალაქისა და მისი შემოგარენის გამწვანება და სხვა. აღსანიშნავია, რომ უზარმაზარი ტერიტორია მთის ფერდობზე – წყნეთიდან, ვიდრე მთაწმინდის პარკამდე, ხრიოკად იყო ქცეული. იქ ტყე ლავრენტი ბერიას ინიციატივით გაშენდა.
ბერიას მოღვაწეობის დაწყებამდე თბილისის მოსახლეობაში ქართველთა ხვედრითი წილი ძალზე მოკრძალებული იყო და ბერიამ სარისკო ნაბიჯი გადადგა: მან სხვადასხვა საშუალებით დაიწყო თბილისში ქართველთა რიცხვის გაზრდა, ძირითადად კი ეს ხდებოდა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა კონტინგენტის ზრდითა და ახალი სასწავლებლების გახსნით.
ბერიას მოღვაწეობის დაწყების პერიოდში ძალზე სავალალო მდგომარეობა იყო კოლხეთის დაბლობზე: გურიაში, სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარის ნაწილში. აქ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები პრაქტიკულად არ არსებობდა. ძირითადად მოჰყავდათ სიმინდი. იქაური ნესტიანი ჰავა აუტანელს ხდიდა ცხოვრებას. ბერიამ დაიწყო გრანდიოზული პროექტის განხორციელება – ჭაობების ამოშრობა და ციტრუსების გაშენება. მან საბჭოთა დაზვერვას უცხოეთიდან კონტრაბანდული გზით შემოატანინა ჩაის განსაკუთრებული ჯიშები, რომლებიც შემდგომში ფართოდ გავრცელდა დასავლეთ საქართველოში.
ცხადია, ლავრენტი ბერიას ყოველი ნაბიჯი ბელადთან იყო შეთანხმებული. საკავშირო ბიუჯეტიდან საქართველოსთვის დამატებითი თანხების ასე ხელაღებით გამოყოფას ბერია სტალინის თანადგომის გარეშე ვერ შეძლებდა. სტალინმა კარგად იცოდა, თუ რისთვის იხარჯებოდა თითოეული კაპიკი. ბელადი კიდეც ამაყობდა თავისი შეგირდის წარმატებებით. მოსკოვში ყველა კარგად გრძნობდა, რომ ლავრენტი ბერიას სტალინი უფრო დიდი მისიისთვის ამზადებდა. ბერია სტალინის ხატი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ხატები ბელადმა სხვა რესპუბლიკებში ვერ შექმნა.
დადგა დრო, როდესაც ბერიამ საქართველოსა და ამიერკავკასიაში თავისი მისია დაასრულა. 1938 წლის 31 აგვისტოს ბერიამ ბოლო სხდომა ჩაატარა თბილისში. ამიერიდან ბელადს იგი მოსკოვში სჭირდებოდა.