ლა მანშის ფსკერზე „მზის კომპასი“ იპოვეს
ინგლისური ხომალდის ნამსხვრევებში, რომელიც კუნძულ ოლდერნისთან 1592 წელს ჩაიძირა, იპოვეს კრისტალი. ის ძალიან ჰგავს ისლანდიურ საგებში მოხსენიებულ „მზის ქვას“, რომელსაც ვიკინგები ნავიგაციისთვის იყენებდნენ.
ისლანდიური შპატის ამ მოგრძო, სიგარეტის კოლოფის ზომის კრისტალით, შესაძლებელია მზის მდებარეობის განსაზღვრა ძლიერ მოღრუბლულ ამინდშიც კი, – ამტკიცებენ საფრანგეთის რენის უნივერსიტეტის მკვლევრები. ეს აღმოჩენა ამაგრებს აზრს, რომ ამ მინერალის საშუალებით, ადრეულ შუა საუკუნეებში, ანუ, გაცილებით ადრე, ვიდრე მაგნიტურ კომპასს გამოიგონებდნენ, სკანდინავიელი ზღვაოსნები აღწევდნენ ახლანდელი გრენლანდიის, ისლანდიის, რუსეთის, ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს, ანუ, ვიკინგების მიღწევათა საიდუმლო სწორედ „მზის ქვაში“ იმალება. ვიკინგების ეპიკურ თქმულებებში ეს ინსტრუმენტები სპორადულადაა ნახსენები. ძველი ისლანდიური ლეგენდები კი მოგვითხრობენ, როგორ ეძებდნენ ღრუბლებით დაფარულ ცაზე მზეს „მზის ქვით“. ამასთან, კრისტალი ნაპოვნია გაცილებით გვიანდელ ხომალდზე, შტანგენინსტრუმენტთან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის სწორედ ნავიგაციური დანიშნულებით გამოიყენებოდა.
ისლანდიური შპატი ცნობილია სინათლის სხივის ორად გაყოფის თვისებით. ფრანგმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ, თუ კრისტალს დავატრიალებთ, შეიძლება, ვიპოვოთ წერტილი, სადაც ორივე სხივი ერთმანეთს ემთხვევა. სწორედ ეს მიმართულება მიუთითებს მზის მდებარეობაზე. ეს მეთოდი მაშინაც მოქმედებს, როდესაც მზე სქელი ღრუბლითაა დაფარული.
ვიკინგების მოგზაურობათა პიკი მეცხრე-მეათე საუკუნეებზე მოდის, თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „მზის ქვას“ ევროპელი ზღვაოსნები მოგვიანებითაც გამოიყენებდნენ არცთუ საიმედო მაგნიტური კომპასის ალტერნატივად, რომელიც ევროპაში მეცამეტე საუკუნეში შემოიტანეს.