ექიმის რჩევები
კითხვა: ჩემი გოგონა 14 წლისაა. გუშინ შემთხვევით აღმოიჩინა სარძევე ჯირკვალში ბარდისოდენა უმტკივნეულო გამკვრივება. ვარ პანიკაში. ეს აუცილებლად ონკოლოგიაა თუ, შეიძლება რამე სხვა იყოს?
პასუხი: ამ ასაკში ონკოლოგია უაღრესად იშვიათი შემთხვევაა, მაგრამ, რადგან გამკვრივება არის, აუცილებელია გამოკვლევა: მამოლოგისა და გინეკოლოგის კონსულტაცია; სარძევე და ფარისებრი ჯირკვლების ულტრაბგერითი კვლევა. უნდა დაისვას დიაგნოზი და, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
კითხვა: აუცილებელია თუ არა სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის ამოკვეთა, თუკი არ მაწუხებს?
პასუხი: სარძევე ჯირკვლის ფიბროადენომის შემთხვევაში ნაჩვენებია ქირურგიული ოპერაცია, რომელიც ინიშნება კვანძის ბიოფსიის შემდეგ.
კითხვა: ვარ 36 წლის ქალი. ძალიან მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა. ამბობენ, რომ ოფლიანობა ხშირად არასტაბილური ნერვული სისტემის მქონე ადამიანებს აქვთო. მიშველის თუ არა ნევროლოგთან მკურნალობა?
პასუხი: დიახ, ნერვული რეგულაციის დარღვევის ერთ-ერთი გამოვლინებაა ჰიპერჰიდროზი (ჭარბი ოფლიანობა). შესაძლოა, ნევროლოგთან მკურნალობა ეფექტური აღმოჩნდეს (თუ მიზეზი რამე სხვა არ არის, მაგალითად, ენდოკრინული).
კითხვა: ვარ 46 წლის. გამუდმებით მაქვს ტკივილი კისრის არეში, თავის ტკივილები, ხელების დაბუჟება. რა გამოკვლევები უნდა ჩავიტარო?
პასუხი: დიაგნოზის დასადგენად საჭირო იქნება კისრის მალების რენტგენი, ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერული კვლევა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი.
კითხვა: სამი წელია, ღამით, ძილში, კბილებს ვაკრაჭუნებ, დილაობით კი ყბები და კისერი მტკივა. მეგონა, ჭიების ბრალი იქნებოდა, მაგრამ, ანალიზის პასუხი უარყოფითია. ვის მივმართო?
პასუხი: ბრუქსიზმი, ანუ, კბილების კრაჭუნი, ბავშვებში უფრო ხშირად გვხვდება. ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებს იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობასა და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. ნევროპათოლოგი დაგეხმარებათ ბრუქსიზმის მიზეზების დადგენასა და მკურნალობაში, ხოლო სტომატოლოგი – კბილების მინანქრის ცვეთისგან დაცვაში სპეციალური კაპების საშუალებით.
კითხვა: დაახლოებით 1 წელია, ჩემმა 5 წლის ბიჭმა ხვრინვა დაიწყო, ზოგჯერ სუნთქვასაც კი აჩერებს. მირჩიეთ, არის თუ არა ეს საგანგაშო და ვის მივმართო?
პასუხი: მიმართეთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს – ქირურგს. ხვრინვა და სუნთქვის შეფერხება ბავშვებში, როგორც წესი, დაკავშირებულია ადენოიდებთან ან ცხვირ-ხახის სხვა ანატომიურ პათოლოგიასთან, რაც ქირურგიულად მარტივად სწორდება. უფრო იშვიათად მიზეზი ჭარბი წონაა. ყველა შემთხვევაში, მკურნალობა დროულად უნდა დაიწყოთ, რადგან, ხვრინვა და სუნთქვის შეფერხება იწვევს ძილის დროს ჟანგბადის უკმარისობას, რაც, საბოლოო ჯამში, აფერხებს ბავშვის განვითარებას.