როგორ აღმოჩნდა ბიძინა მახარაძის საწოლში სექსის დროს ბრეჟნევი
„ჩემი ტკივილი, შეიძლება, იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ, ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს ტკივილის მიზეზი... ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს!” – ჩარლი ჩაპლინი.
ქართველებს ახლა – ყველაზე მეტად გვჭირდება იუმორი, სიცოცხლის ელექსირი – სიცილი, თორემ, ცხოვრება ძალიან დამძიმდა. ჩვენს ქვეყანაში ახალდაბადებულიც პოლიტიკოსია. მართალია, ჩაპლინის ხელოვნებით მიღებული სიამოვნების მსგავსს ვერავინ მოგგვრის – ის ხომ ერთადერთი იყო, მაგრამ, კარგი გუნება-განწყობის შესაქმნელად ჩვენც გვყავდა და გვყავს ადამიანები, ვინც სცენიდან და ეკრანიდან ახერხებდნენ ამას. ბიძინა მახარაძე ყოველთვის ხალხის გახალისების სამსახურში იდგა. პაროდიისა და იუმორის ნიჭი ძალით არ მოდის, ის ან გაქვს, ან არ გაქვს. მოკლედ, დღეს ბიძინა მახარაძის სცენის მიღმა ცხოვრებას დაგანახვებთ.
– 90-იან წლებში ძალიან პოპულარული იყავით. ხშირად იმართებოდა კონცერტები, რომლებიც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდით. მერე კი დიდხანს არ ჩანდით – რუსეთში წახვედით, ჩამოხვედით, ისევ წახვედით... როგორ გახსენდებათ ის დრო?
– ეს იყო თბილისის ომის შემდგომი პერიოდი, დაქცეული რომ იყო მთელი საქართველო. მაშინ ყველას ერთნაირად უჭირდა, არავის აღარ ეკონცერტებოდა. კონცერტი კი არა, ექვსი თვე პური არ მეჭამა. მაკარონი მიყიდა ძმაკაცმა რამდენიმე კილოგრამი, მარტო იმას ვჭამდი, ვიწექი ჩემთვის და ვფიქრობდი: მიცვალებული ვარ, აბა, რა ჯანდაბა ვარ. შუქი არ მაქვს, წყალი არ მაქვს, მცივა, გაყინული ვარ, მშიერ-მწყურვალი... ერთი, მიწაში არ ვწევარ, თორემ, დანარჩენი... ამ დროს უკვე ცოლ-შვილი მყავდა მოსკოვში და, სულ მთხოვდნენ, გადმოდიო. მერე ავდექი და წავედი. ორი კვირა ვიმუშავე მტვირთავად აგურის ქარხანაში, იმიტომ, რომ საერთოდ არანაირი სამუშაო არ იყო იქაც. გეგმაში მქონდა ცხრა ტონა აგურის გადაზიდვა. მე კი არა, იცით, ვის გაუჭირდა?! ვიცინსა და მორგუნოვს – ერთად გამოვდიოდით კონცერტებზე. მერე „გოსენერგოში” დავიწყე მუშაობა. იცით, ალბათ, მათემატიკური სკოლა და „გეპეი” მაქვს დამთავრებული ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. ინჟინრები ბევრი ჰყავდათ და მუშა უნდოდათ. შვიდი წელი ვიმუშავე. ეს პერიოდიც, რა თქმა უნდა, ძნელი იყო – სად მსახიობობა და სად „მონტიორობა”?! წარმოიდგინეთ რა ხალხში მექნებოდა საქმე, პროლეტარიატში ვიყავი. ამან დიდი ფსიქოლოგიური გავლენა იქონია ჩემზე, რაც დღემდე მომყვება – ცუდად შემორჩა მეხსიერებას. ამის პარალელურად, ჩემი მინიატურული თეატრი მქონდა და ეს მასულდგმულებდა. მერე, კონცერტები რომ არ იყო, სიმღერების მოძიება დავიწყე. შევიძინე ორი სპეციალური ჟურნალი, რომელშიც ორასი ქართული სიმღერაა შესული. ფორტეპიანოზე მაინცდამაინც კარგად არ ვუკრავ, მაგრამ, აკორდები ვიცი და, ხანდახან, რომ მომენატრებოდა ქართული სიმღერა, ვიჯექი და ვუკრავდი საათობით. ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მერე მეც დავიწყე სიმღერების წერა. კომპოზიტორი არ ვარ, მაგრამ, რაღაც მცდელობები მქონდა და სცენაზეც შემისრულებია ჩემი სიმღერები.
– ახლა გადავიდეთ თქვენი ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპზე – პაროდიაზე, რითაც, ფაქტობრივად, ცნობილი სახე გახდით.
– პირველი იყო ლუი დე ფიუნესის პაროდია, რომელიც ძალიან მიყვარდა, შემდეგ რამაზ ჩხიკვაძეზე დამემართა იგივე. ვბაძავდი, აგრეთვე, სპარტაკ ბაღაშვილს, აკაკი ვასაძეს, ბუბას, რაიკინს, ბიულბიულ ოღლის... ძალიან მინდოდა სცენაზე თამაში, იმდენად, რომ ხანდახან ქუჩაში წამომივლიდა ეს სურვილი. ერთხელ, მე და ჩემი ნათესავი ქალი მოვდივართ ქუჩაში და უცბად დავიწყე დებილის განსახიერება. ისეთი რეალური გამოვიდა, რომ შეეშინდა და გამეცალა.
– თქვენ მოსკოვში დაოჯახდით, გყავთ ორი ვაჟი, მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ ცოლს დაშორდით. გავიდა რაღაც პერიოდი და თბილისში შეხვდით ქალს, რომელიც დღეს თქვენი მეორე ნახევარია. ესეც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში. როგორი წარმოგედგინათ პირადი ცხოვრება სანამ ამ ყველაფერს გამოივლიდით?
– ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია ცოლის მოყვანაზე – აი, ახლა დიდი გავხდები, ვიღაც შემიყვარდება და დავოჯახდები-მეთქი. თავისუფლებაზე ვაფრენდი და, მიზეზიც, ალბათ, ეს იყო. ყველაფერი დაიწყო ჩვეულებრივ, როგორც ხდება რუსეთში ქართველ მამაკაცსა და რუს ქალს შორის. გაგრძელდა იმით, რომ გაჩნდა ბავშვი. დედაჩემის დაჟინებული თხოვნით, ხელიც მოვაწერე და ბავშვს გვარიც მივეცი. მერე წამოვედი. როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხანს ვიყავი აქ, მერე საქართველოში არეულდარეულობა რომ იყო, ისევ დავბრუნდი, შევუერთდი ოჯახს და გაჩნდა მეორე ბავშვი. არ გამოვიდა ერთად ცხოვრება და საბოლოოდ წამოვედი. მან დაწერა განცხადება გაყრაზე. სასამართლო იყო, ორივეს მოფიქრების დრო მოგვცეს, მაგრამ, აზრი აღარ ჰქონდა. საერთოდ, რუსულ ოჯახში ხომ ყველაფერს ქალი წარმართავს, მამაკაცს არ აქვს ოჯახის უფროსის სტატუსი, იქ ყველაფერში ქალი დომინირებს. რაც უფრო მეტი ფული გაქვს, მით უფრო გადასარევი მამაკაცი ხარ. საბჭოთა კავშირში ქართველ მამაკაცზე უკეთესი მამაკაცი არ არსებობდა. რატომ?! იმიტომ, რომ რესტორანში წაიყვანდა ქალს, მანქანას, ბინას უყიდდა და კაცი იყო კაცური. აქ დაბადებული რომ ხარ და გაზრდილი, რამდენი ფულიც არ უნდა გქონდეს, მერე სხვაგან მიდიხარ, მაგრამ, ასაკში რომ შედიხარ, წინაპრები გეძახიან, სისხლი გეძახის – ეს ყველაფერზე მაღლა დგას. ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზეზი მაინც ალბათ იყო ის, რომ ერთმანეთი არ გვიყვარდა და დავქორწინდით, თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი, ოჯახი შემენარჩუნებინა. ერთ ბერძენ ფილოსოფოსს ჰკითხეს, რა არის სიყვარულიო და მან უპასუხა: როცა ორი შტერი აკეთებს მესამესო. კაცს, ალბათ, ორი ცოლი უნდა ჰყავდეს: დღისით ქართველი და ღამით – რუსი, იმიტომ, რომ დღისით – ქართველი ცოლები არიან მორჩილები, ღამით – რუსები. ფელეტონშიც მაქვს ეს შეტანილი, სხვათა შორის: კაცი ამბობს – რუსი ცოლი მყავდა და ოჯახში ორი ქმარი ვიყავით, როგორც ელტონ ჯონის ოჯახშიო. ოჯახი მეგობრობაზე უნდა იყოს დამყარებული, ის კი ჩემი მეგობარი არ იყო. რაც შეეხება მეორე ქორწინებას, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, არაჩვეულებრივი მანდილოსანი და დაიწყო ურთიერთობები. მერე დასვა საკითხი – ან ერთად ვიქნებით, ან – არაო. ვიფიქრე, რაღა დროს ჩემი თავისუფლებაა-მეთქი და დავთანხმდი ერთად ყოფნაზე. რუსებს აქვთ ერთი ასეთი გამოთქმა: „მუჟჩინი ჟენიატსია ოტ უსტალოსტი...” საერთოდ, რამდენადაც სერიოზულად ვეკიდები ჩემს პროფესიას, იმდენად არასერიოზულად ვუყურებ ქორწინებას. ერთხელ გასტროლებზე ვიყავი და ერთი-ორჯერ ერთ ქალთან შემთხვევითი კავშირი მქონდა. ვკითხე – „ცეკას“ პირველ მდივანთან, ბრეჟნევთან თუ ხარ ნამყოფი-მეთქი. გაიკვირვა – ბრეჟნევთანო?! შუა „კონტაქტში“ ვარ და, უცებ, გავხდი „ბრეჟნევი”. იმ ქალს ისეთი სიცილი აუტყდა, რომ სექსი გადავიდა კომედიაში. სექსუალური აქტის დროს ისეთი მონოლოგები მომდიოდა, ერთად რომ შეკრიბო, კარგი მონო-სპექტაკლი გამოვა.