რას გრძნობს „ჩამოწერილი“ ქალი და ვისთან აქვს მას სერიოზული პრობლემა
თუ არ გინდა, იმედგაცრუებული დარჩე, ცხოვრებისგან ბევრს არ უნდა მოელოდე და ეს ეხება ურთიერთობებსაც. თუკი მზად ხარ, სიყვარულისთვის მსხვერპლი გაიღო, შესწირო მას ყველაფერი, ნუღარ იწუწუნებ იმაზე, რომ სანაცვლოდ იგივე ვერ მიიღე. ცხოვრება არ არის სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე, ის საკმაოდ მტკივნეულია და ზოგჯერ სასტიკადაც გვექცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვარდისფერ სათვალეს ვირგებთ და საკუთარი თავის მოტყუებას ვცდილობთ. საყვარელ ადამიანებსაც შეუძლიათ, თავი „ჩამოწერილებად“ გვაგრძნობინონ და საერთოდ არ იფიქრონ იმაზე, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ვინ უნდა იზრუნოს პიროვნების ღირსების დაცვაზე, თუ არა თავად ამ პიროვნებამ?!
თეიკო (40 წლის): ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მარტო ყოფნა სულაც არ არის საშინელება. იმ მდგომარეობას მაინც ჯობია, რომელშიც ახლა მე ვარ. თავს სრულიად უსარგებლო ნივთად ვგრძნობ და ამაში წვლილი მიუძღვის ადამიანს, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი მონაპოვარი მეგონა. ასეა, დიდი იმედები არავისზე არ უნდა დაამყარო, საკუთარ შვილზეც კი. თუ არ გინდა, რომ იმედგაცრუებული და გულნატკენი დარჩე. ძალიან ბანალურია ეს ყველაფერი, ჩემი ტკივილიც ბანალურია და, ალბათ, ვერავის გააკვირვებ. თუმცა, იმდენად მტკივნეულ სიცარიელეში აღმოვჩნდი, რომ მინდა, ეს ცუდი სიზმარი იყოს. არავის ვუსურვებ იმას, რასაც ახლა მე განვიცდი. სულიც მტკივა და სხეულიც. ზოგჯერ მგონია, რომ ცხოვრება დასრულდა და კარგი აღარაფერი მოხდება. დავჯდებოდი და ვიტირებდი, მაგრამ, ესეც არ უშველის საქმეს.
– ფიზიკურადაც მარტო ხართ?
– საქმეც ისაა, რომ ფიზიკურად მარტო არ ვარ – ქმარიც მყავს და შვილებიც. ასეა, ყველაზე საყვარელი ადამიანი გტკენს გულს, თორემ, უცხომ ისეთი რა უნდა დაგიშავოს? ალბათ, ჩემი ბრალიც არის – მეტისმეტად არ უნდა გადავყოლოდი. შეიფერა და ვერც გაამტყუნებ – ის ხომ კაცია...
– ანუ, კაცი არც უნდა შეიყვარო და არც უნდა გაანებივრო?
– მე ამის მწარე გამოცდილება მაქვს. რა გითხრათ? შეიძლება, არსებობენ ისეთი კაცები, რომლებიც ყველა სიკეთეს იმსახურებენ. მაგრამ, მე მათ არ ვიცნობ. კაცებს არ ვლანძღავ, ეს არაფერში მჭირდება, მაგრამ მენანება ის წლები, რომლებიც ილუზიების ტყვეობაში გავატარე.
– რის ილუზიას იქმნიდით?
– იმის ილუზიას, რომ ყველაფერი კარგად არის და ვუყვარვარ იმ ადამიანს, ვინც მე მიყვარს. ტყუილში გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები.
– ქმარი გატყუებდათ?
– უარესი: მე თვითონ ვიტყუებდი თავს. აღარც მეგობრები მინდოდა, აღარც ახლობლები... შემიყვარდა და მორჩა – გადავწყვიტე, რომ მისი მოვლა და გაფრთხილება იყო ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი.
– ეს თქვენი, პირადი გადაწყვეტილება იყო და არა იძულებითი, ხომ მართალია?
– მართალია, მაგრამ, ბოროტად რომ გამოიყენებენ შენს გრძნობასა და უსაზღვრო თავდადებას, ეს უკვე სხვაა... ყველა გვეუბნებოდა, რომ ძალიან შესაფერისი წყვილი ვიყავით. ახლა უკვე სასაცილოდ ჟღერს – „ყველა გვეუბნებოდა“. ვინ იცის, რა ხდება მოღიმარ წყილს შორის რეალურად. არადა, პროფესიით ფსიქოლოგი ვარ. სხვას ვურჩევ, საკუთარი თავისთვის კი ვერ ვივარგე მრჩევლად. თურმე, შეიძლება, დარდისგან მოკვდე კიდეც. რამდენჯერმე მართლაც მქონდა განცდა – ახლა მოვკვდები-მეთქი. ისეთი დეტალები მახსენდებოდა... მაგალითად, როგორ წვიმდა ჩვენი ქორწინების დღეს და როგორ მეუბნებოდნენ, ეს კარგის ნიშანიაო. ისეთი ბედნიერი ვიყავი მაშინ... საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ძალიან გაგიმართლა, შენ ამის ღირსი არ იყავი-მეთქი. საკუთარი თავის შური გაგიგიათ? – ეს დამემართა. ჩემს ქმარს რომ ვუყურებდი და ვეფერებოდი, თავი ინგლისის დედოფალი მეგონა. ექვსი წლით უფროსი ვარ ქმარზე და ეს მაკომპლექსებდა. სულელი ვიყავი. ჩემი თავის საწინააღმდეგოდ ვმოქმედებდი და ჩემს ქმარს ისეთი ფონი შევუქმენი, რომ თავი იდეალურ არსებად ეგრძნო. ჭკვიანი ქალი ასე არ იქცევა. ჯერ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მერე ყველაფერი დანარჩენი. ვისაც საშუალებას მისცემ და აგრძნობინებ, ამის გაკეთება ნებადართულიაო, ყველა თავზე დაგაჯდება. განსაკუთრებულად იმიტომ მტკივა, რომ ყველაფერი გავიღე ჩემი ოჯახისა და სიყვარულისთვის, რისი გაღებაც კი შეიძლებოდა. როცა თავი უბედნიერესი ქალი მეგონა, სწორედ მაშინ მაგრძნობინეს, „ჩამოწერილი“ ხარო.
– რას ნიშნავს „ჩამოწერილი“?
– იმას, როცა შენ გარშემო სრული გულგრილობა და სიცივეა. სული მეყინება და სასოწარკვეთილი ვარ. პიროვნულად მიღალატეს. ჩემს თავზე ქარიშხალი მაშინ დატრიალდა, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი. შეიძლება, ეს ჩემი დიდი პასუხისმგებლობის ბრალი იყო, რომელსაც ქმრის მიმართ ვგრძნობდი; უფრო სწორად, კი არ ვგრძნობდი, ამის ვალდებულება ავიღე, თუმცა, გაუგებარია, რატომ. ცოლ-ქმრის ურთიერთობა სრულფასოვანი და თანაბარი უნდა იყოს. მხოლოდ ერთს კი არ უნდა ჰქონდეს ვალდებულებები, მეორესაც ზუსტად იგივე უნდა მოეთხოვებოდეს.
– ჰო, მაგრამ, ეს ხომ ბუნებრივად უნდა მოხდეს?
– ალბათ. თუმცა, მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა დაინახოს და დააფასოს შენი სიყვარული. ცოლად ხომ საკუთარი ნებით მომიყვანა, ხომ არაფერი დამიძალებია?!
– გქონდათ ქორწინებამდე ამაზე საუბარი?
– რაზე, ვის მეტად უყვარდა? ამაზე ვინმე ლაპარაკობს ქორწინებამდე? საერთოდ, არის ეს სალაპარაკო თემა? შინაგანად უნდა იყო მზად იმისთვის, რომ თავი მიუძღვნა შენს პარტნიორს. ბუნებრივია, იმასაც იგივე განცდა უნდა ჰქონდეს. ამიტომ, როცა ადამიანი სურვილს გამოთქვამს, ცხოვრება შენ დაგიკავშიროს, აღარ ეკითხები, რამდენად მაღალია მისი სიყვარულის ხარისხი. ცხრა წლის წინ მე 31 წლის ვიყავი, ის – 25-ის. 25 წლის მამაკაცს პასუხისმგებლობები გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს. უკვე ეჭვი მაქვს, რომ ცოლად სხვა რამის გამო მომიყვანა.
– კონკრეტულად?
– მე ვერ ვიტყვი, რომ მიზეზი ფული იყო... მაგრამ, ძალიან აქტიური ადამიანი ვარ და, როცა გავთხოვდი, კარიერა უკვე აწყობილი მქონდა. ჩემი ქმარი აქტიურობაში მაგრად მოიკოჭლებს – ძალიან ზარმაცია და ინერტული. ერთხელ, ვითომ სხვათა შორის, თქვა, ზუსტად ვიცი, ჩემი ცოლი მაგრად „გამქაჩავსო“. მართალია, ძალიან ბევრი გავაკეთე, მისთვის კარიერა რომ ამეწყო – ტყავიდან გამოვძვერი და შეუძლებელი შევძელი. ძალიან გვიან მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი უნდა გამეთვალისწინებინა, რომ ამას კარგი არაფერი მოჰყვებოდა. სანამ არაფერს წარმოადგენდა, წყნარად იყო და თვალებში შემომციცინებდა. არც არავინ ირეოდა მასზე, მაგრამ, მოვლილ, კარგად ჩაცმულ-დახურულ და წარმატებულ მამაკაცს ყველამ ყურადღება მიაქცია. ზოგადად, ასე ხდება, ხომ იცით – მოვლილ და ფეხზე დაყენებულ კაცებზეა მოთხოვნილება. იმას აღარავინ კითხულობს, რამდენი შრომა და წვალებაა დახარჯული, ასეთი რომ გამხდარიყო. ცოლები „შავი მუშებივით“ ვართ. ჩვენი ჯოჯოხეთური შრომის ნაყოფით სხვები ტკბებიან, ჩვენ კი გაწბილებულები, იმედგაცრუებულები და მტკივანი გულებით ვრჩებით. იცით, რაში შევცდი? საკუთარ თავზე უნდა მეზრუნა, ქმარი „შნირად“ მყოლოდა და აუცილებლად დამაფასებდა. დამეთანხმეთ, რომ ასეა.
– ანუ, ქმრებს არ უნდა მოვუაროთ?
– უნდა მოვუაროთ, მაგრამ, ზომიერების ფარგლებში. ზედ არ უნდა გადაჰყვე, იმაზე მეტი არ უნდა გაუკეთო, რასაც შენს თავს უკეთებ. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ: ქმარზე უკეთესად უნდა გამოიყურებოდე. ერთი წუთით არ უნდა მოდუნდე. ძალიან მაგრად უნდა იცვამდე, თავს უნდა უვლიდე, ყველას თვალებს უბრმავებდე.
– ეს იმას ნიშნავს, რომ ქმართან ჯიბრში იცხოვრო. ომი გამოუცხადო მას. ასე ხომ ძალიან ძნელია, პრაქტიკულად – შეუძლებელი.
– ის ხომ შესაძლებელია, რომ „ჩამომწერა“, აღარ ვჭირდები და აღარაფრად მაგდებს? ისე იქცევა, თითქოს სიტუაციის ბატონ-პატრონია და ამ ყველაფერს თვითონ მიაღწია. უსინდისო! წესიერად ლაპარაკიც კი არ იცოდა. ჩემი ახლობლები დამცინოდნენ, ეგ უცხვირპირო როგორ შეგიყვარდაო. მე იმდენად ემოციური და ენერგიული ვარ, ჩემს ფონზე საცოდავად გამოიყურებოდა, ისე სასაცილოდ იცვამდა... სტილიც კი მთლიანად შევუცვალე. ბრენდების სახელწოდებები ჩემგან ისწავლა და ახლა მე მაკრიტიკებს ირონიული ტონით – ისე ვერ გამოიყურები, როგორც ჩემს ცოლს ეკადრებაო. ახია ჩემზე, მაგრამ, ახლა ძალიან გვიანია. ზოგჯერ, რომ ვუყურებ, საშინლად ვმწარდები საკუთარ თავზე: რისგან რა შევქმენი და მადლიერების ელემენტარული განცდა არ გააჩნია. თუმცა, ოთხი წლის წინ, თუნდაც სამი წლის წინ, ჯერ კიდევ არ იყო ასეთი – თვალებში შემომციცინებდა, ჩემს უკითხავად ნაბიჯს არ დგამდა. ხელჩაკიდებული დამყვებოდა ყველგან; ამაყობდა, რომ ასეთი ცოლი ჰყავდა.
– გინდოდათ, მუდმივად თქვენზე ყოფილიყო დამოკიდებული? იცით, რამხელა სხვაობაა 25 წლის და 35 წლის მამაკაცს შორის?
– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ, მაგრამ, ეს არ არის პრობლემა, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ჩემმა დაჟინებულმა მცდელობებმა და იმან, რომ მის იმიჯმეიკერად ვიქეცი, შედეგად ის გამოიღო, რომ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა შეექმნა, გლეხურად რომ ვთქვა, თავში აუვარდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი განყოფილება ჩააბარეს და ჩემზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნეს. იმ მომენტიდან უკვე აშკარად მაგრძნობინებდა საკუთარ უპირატესობას.
– შვილებთან ურთიერთობაშიც შეიცვალა?
– შვილებთან ურთიერთობაში რაც იყო, ისევ ისეთად დარჩა. არასდროს გიჟდებოდა მათზე. ცხადია, უყვარს ისინი, მაგრამ, განსაკუთრებული მზრუნველობით არ გამოირჩევა, ათასში ერთხელ თუ წაიყვანს სადმე. გიჟი მამა ნამდვილად არ არის. იყო დრო, როცა ჩემს ქმარს ყველა მივლინებაში თან დავყავდი – ადრე ამისი არ რცხვენოდა, ახლა კი მიმტკიცებს, რომ ეს მის თავმოყვარეობაზე დამთრგუნველად მოქმედებს, რომ მამაკაცები ასე არ იქცევიან. მაინტერესებს, როგორ ექცევიან მამაკაცები იმ ადამიანებს, რომლებმაც მათთვის ყველაფერი გააკეთეს? თუ, ეს ჩემი ვალდებულება იყო? ჩემი ქმარი სულელია. მაგას ჰგონია, რადგან „ნაშოჩკების“ ყურადღების ცენტრში მოექცა, მასზე უკეთესი კაცი ამქვეყნად მეორე აღარ დადის და უმაგრესი ტიპია. დებილი... იმ „ნაშოჩკებს“ რაც უნდათ, მე ვიცი. რატომ არიან კაცები ასეთი ერთუჯრედიანები? ნუთუ ეს უბედურება ყველა კაცს სჭირს? ალბათ, მხოლოდ ისეთ დაკომპლექსებულებს, როგორიც ჩემი ქმარია.
– რისი კომპლექსები გგონიათ, რომ აქვს?
– ისევ ის, რაც ჰქონდა – არასრულფასოვნების და ახლა ივსებს ამ დეფიციტს. როცა შეუმჩნეველი, უფერული არსება ხარ და ერთბაშად რაღაც სიმაღლეზე მოექცევი, გგონია, რომ ყველაფერი დამსახურებულად მიიღე. შეიძლება, ჩემს დანახვაზე ის პერიოდიც ახსენდება, როცა არაფერს წარმოადგენდა და სიძულვილის განცდა უჩნდება.
– ფიქრობთ, გღალატობთ?
– კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი. მღალატობს რომელია, ანგარიშვალდებულადაც არ მიიჩნევს თავს. როცა ვუსაყვედურე, მე ასე არ უნდა მომექცე, ზედ გადამიარე-მეთქი, ირონიულად მიპასუხა, შენი საკუთრება ხომ არ გგონივარო. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ერთობლივი გეგმები გვქონდა, ცხოვრება მიხაროდა. ახლა საკუთარ თავს მაყვედრის. მეუბნება, რომ შემიძლია, მშვიდად ვიყო; რომ ოჯახის დანგრევაზე არ ფიქრობს და არც იფიქრებს, თუკი მე მომაბეზრებელი დედაკაცივით არ მოვიქცევი, მასზე საკუთარ უფლებებს არ გამოვაცხადებ და მშვიდად ყოფნის საშუალებას მივცემ. ძალიან ცუდად ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე...