ჰქონდა თუ არა კავშირი სამხედრო ხუნტასთან ახალ რომის პაპს – ფრანცისკს და რა აზრი აქვს მას სომხების გენოციდთან დაკავშირებით
„დანო და ძმანო! საღამო მშვიდობისა!” – ეს იყო პირველი ფრაზა, რომლითაც ვატიკანში, წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნე კათოლიკეებს კონკლავის მიერ ახლად არჩეულმა რომის პაპმა მიმართა. რიგით 266-ე რომის პაპი, ხორხე მარიო ბერგოლიო, 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად და არჩევისთანავე, ინტრონიზაციის შემდგომ სახელად მან ფრანცისკი აირჩია. არგენტინელი ფრანცისკი ისტორიაში პირველი პაპია კონტინენტური ამერიკიდან, უკანასკნელი 1200 წლის განმავლობაში პირველი არაევროპელი პაპი და პირველი პაპი იეზუიტი.
ხორხე მარიო ბერგოლიო დაიბადა 1936 წლის 17 დეკემბერს ბუენოს-აირესში, იტალიელი ემიგრანტის, რკინიგზის მუშის ოჯახში. ფრანცისკი ხუთშვილიან ოჯახში უმცროსი შვილი იყო. მას ქიმიკოს-ტექნოლოგის დიპლომი ჰქონდა, როდესაც 1958 წელს იეზუიტების ორდენის წევრი გახდა. ბერგოლიო ფილოსოფიას, თეოლოგიასა და ლიტერატურას ასწავლიდა ბუენოს-აირესის სამ კათოლიკურ კოლეჯში. ესპანურის გარდა, ის მაღალ დონეზე ფლობს გერმანულ და იტალიურ ენებს. 1969 წლის 13 დეკემბერს ბერგოლიო მღვდლად აკურთხეს და კურთხევის ცერემონია არქიეპისკოპოსმა რამონ ხოსე კასტელანმა ჩაატარა; 1970-იან წლებში ბერგოლიო სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა იეზუიტების ორდენში. 1980-1986 წლებში ის წმიდა იოსების სემინარიის რექტორად მსახურობდა, შემდგომ კი გერმანიაში დაიცვა დისერტაცია თეოლოგიის საკითხებში. დიდი იშვიათობაა, რომ იეზუიტმა არამისიონერულ ქვეყანაში ეპისკოპოსის ტიტული მოიპოვოს, თუმცა ბერგოლიომ ეს მოახერხა. 1992 წელს ის ბუენოს-აირესის ეპისკოპოსად და აუკის ტიტულარულ ეპისკოპოსად დაინიშნა; 1997 წელს ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსის კოადიუტერად, ხოლო 1998 წელს – სრულუფლებიან არქიეპისკოპოსად. 2001 წელს რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო კარდინალად აკურთხა. კარდინალის რანგში ხორხე მარიო ბერგოლიო ვატიკანში რამდენიმე თანამდებობაზე დაინიშნა; გარდა ამისა, იგი ლათინური ამერიკის კომისიის წევრი და ოჯახის საკითხებში პაპის საბჭოს წევრი გახდა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, კარდინალად მსახურობის პერიოდში, ხორხე მარიო ბერგოლიო დოქტრინული კონსერვატიზმით, მოკრძალებული ცხოვრების წესითა და სოციალური თანასწორობის პრინციპების დაცვით ცხოვრობდა. ის უბრალო იყო ყველა საქმეში: ცხოვრობდა პატარა ბინაში; უარი განაცხადა არქიეპისკოპოსის რანგის მღვდელთმსახურისთვის განკუთვნილ აპარტამენტებზე; უარი თქვა პერსონალურ „ლიმუზინსა“ და მძღოლზე; სარგებლობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით და, ზოგიერთი ცნობის თანახმად, თავად იმზადებდა საკვებს. სწორედ კარდინალად მსახურობის პერიოდს უკავშირდება სკანდალი, როდესაც ხორხე მარიო ბერგოლიოს 1976 წელს არგენტინის სათავეში მყოფ სამხედრო ხუნტასთან კავშირსა და ორი იეზუიტი მღვდლის გატაცებაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად, თუმცა, ეს ბრალდება არ დადასტურდა.
რომის პაპ იოანე პავლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, კარდინალი ბერგოლიო კონკლავის სხდომაზე იყო მიწვეული და გავრცელებული ვერსიის თანახმად, სწორედ ის ითვლებოდა პაპაბილად, ანუ ყველაზე რეალურ კანდიდატად რომის პაპის ტახტის დასაკავებლად, თუმცა, 2005 წელს ჩატარებულ კონკლავზე, მცირე უპირატესობით, რომის პაპი იოზეფ რატცინგერი, იგივე ბენედიქტე მეთექვსმეტე გახდა. კონკლავის შეკრებამდე ბერგოლიო მონაწილეობდა იოანე პავლე მეორის დაკრძალვის ცერემონიალში, სარგებლობდა რეგენტის სახელით და ახალი პაპის არჩევამდე ასრულებდა ტახტის დროებითი მმართველის ფუნქციას. არსებობს ვერსია, რომ მაშინ იოზეფ რატცინგერის არჩევა რომის პაპის თანამდებობაზე დიდი მოულოდნელობა იყო, როგორც კონკლავის წევრებისთვის, ისე თავად რატცინგერისა და ბერგოლიოსთვის, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე მზად იყო, ტახტი დაეკავებინა. სამართლიანობა 2013 წლის 13 მარტს აღდგა, როდესაც კონკლავმა ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც კვლავ პაპაბილად იყო დასახელებული, რომის პაპად აირჩიეს.
ახალი პონტიფიკოსი ფრანცისკი აბორტებისა და ევთანაზიის წინააღმდეგია. იგი მიიჩნევს, რომ ერთსქესიანი ქორწინებები ეწინააღმდეგება კათოლიკურ რწმენას და, ასევე მიაჩნია, რომ გეი-წყვილების მიერ შვილის აყვანა ბავშვის დისკრიმინაციას ნიშნავს. ამ ფაქტის გამო ჯერ კიდევ კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო მსუბუქად გააკრიტიკა არგენტინის პრეზიდენტმა კრისტინა დე კირშნერმა, რომელმაც არქიეპისკოპოსის ტონი ინკვიზიციასა და შუასაუკუნოვან აზროვნებას შეადარა. ფრანცისკის სახელს კიდევ ერთი სკანდალური ფრაზა უკავშირდება: ამერიკაში გამოცემული სომხური გაზეთის – „დაშნაკციუტუნის” ცნობით, ჯერ კიდევ 2006 წელს, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსმა ხორხე მარიო ბერგოლიომ განაცხადა, რომ აუცილებელია, თურქეთმა აღიაროს 1915 წელს სომხების გენოციდი. ჯერჯერობით, ოფიციალური ვატიკანის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან და ბერგოლიოს წარსულ გამონათქვამებთან დაკავშირებით, არ არის ცნობილი, თუმცა, ფაქტი ნამდვილად საყურადღებოა.
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს რომის პაპ ფრანცისკის შესახებ:
* პონტიფიკოსი ფრანცისკისთვის იღბლიანი გამოდგა რიცხვი 13 – ის 1969 წლის 13 დეკემბერს აკურთხეს მღვდლად და 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრად.
* ფრანცისკი 266-ე რომის პაპია. ჰოროსკოპით ის „მშვილდოსანია“; მისთვის დამახასიათებელია აქტიურობა, სიმამაცე, პატივმოყვარეობა.
* ბუენოს-აირესის ჰოსფისის მონახულების დროს ხორხე მარიო ბერგოლიომ შიდსით დაავადებულ 12 პაციენტს დაუკოცნა ფეხები.
* უცხოეთში ვიზიტების დროს ხორხე მარიო ბერგოლიო უარს აცხადებდა ვატიკანის მიერ დაფინანსებაზე და საკუთარი ჯიბიდან იხდიდა მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებს.
* რომის პაპად არჩევამდე ხორხე მარიო ბერგოლიოს „ტვიტერზე” 335 ჩანაწერი ჰქონდა გაკეთებული და „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე 56 „ფრენდი” ჰყავდა.
* ფრანცისკს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ბუენოს-აირესის საფეხბურთო კლუბ „სან-ლორენსოს” ქომაგია. 2008 წლიდან ბერგოლიო ამ გუნდის ქომაგთა კლუბის საპატიო წევრია.
* ვატიკანის ეკლესიის სპიკერის, ფედერიკო ლომბარდის ცნობით, 1960-იან წლებში ხორხე მარიო ბერგოლიოს ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და მას ერთი ფილტვი მოკვეთილი აქვს, მაგრამ, ახალი რომის პაპი ამჟამად სრულიად ჯანმრთელია და, ასაკის მიუხედავად, თავს კარგად გრძნობს.
* იმავე ფედერიკო ლომბარდის ცნობით, რომის პაპის ტახტზე ხორხე მარიო ბერგოლიო ფრანცისკის სახელით ავიდა და არა ფრანცისკ პირველის, როგორც ამას მედია იუწყებოდა. „იგი არის ფრანცისკი და არა ფრანცისკ პირველი. ფრანცისკი და ბასტა,” – განაცხადა ლომბარდიმ.
P.S. თავისი მოკრძალება ახალმა პაპმა უკვე გამოამჟღავნა, კონკლავის დასრულების შემდეგ ახლადარჩეული პაპი და კარდინალები სავახშმოდ გაემართნენ და ყველა ელოდა, რომ ფრანცისკი პირველად ჩაჯდებოდა ფეშენებელურ „ლიმუზინში“, „პაპამობილში”, თუმცა რომის პაპმა კარდინალებთან ერთად ჩვეულებრივი მიკროავტობუსით იმგზავრა რომის ერთ-ერთ რესტორანში.