კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამთავრებენ სიცოცხლეს დიქტატორები

ვენესუელელი ლიდერის, უგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში კიდევ ერთი დიქტატორის ხანა დასრულდა. ჩავესი ვენესუელელების აზრით, ნამდვილი მოვლენა და ღმერთისგან მოვლენილი ადამიანი იყო, რომელიც მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და სიცოცხლე უმძიმეს სენთან ბრძოლაში დაასრულა. სიმონ ბოლივარის მსგავსად, ჩავესი მავზოლეუმში დაასვენეს. ამიერიდან, ის სამუდამოდ დაიკავებს ადგილს ვენესუელისა და მსოფლიო ისტორიის მატიანეში, როგორც იმპერიალიზმთან და დასავლურ ღირებულებებთან მებრძოლი რაინდი. კომუნისტი ჩავესისგან განსხვავებით, სულ სხვა ხვედრი ერგო მის თანამოაზრე ექსდიქტატორებს, რომელთა შესახებ ამ ნომრიდან შეიტყობთ.

რუმინეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ჩაუშესკუ, რომელიც აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს და საკუთარ ქვეყანაში დიქტატურას ავითარებდა, ტრიბუნალმა ყოველგვარი მოკვლევის გარეშე დახვრიტა ცოლთან ერთად. ჩაუშესკუს ბრალად ბუქარესტსა და ტიმიშოარაში მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის ბრძანება წაუყენეს. მიუხედავად იმისა, რომ დიქტატორი გაქცევას ცდილობდა, დააკავეს და დახვრიტეს დაპატიმრებიდან ორ დღეში. ცხედრები კი ნაციონალური ტელევიზიის ეთერში აჩვენეს. დახვრეტის წინაც კი ჩაუშესკუმ დანაშაული არ აღიარა. 

იტალიის ფაშისტური რეჟიმის დიქტატორი ბენიტო მუსოლინი და მისი მეგობარი ქალი – კლარეტა პეტაჩი პარტიზანებმა მილანთან ახლოს 1945 წელს დახვრიტეს. მოგვიანებით, მათი გვამები ქუჩის განათების ბოძებზე თავდაყირა დაკიდეს. მუსოლინის დანაშაულთა ჩამოთვლა უადგილო იქნება, საკმარისია ფაშისტური რეჟიმის თავკაცობა.

გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტ ბელადს, ერიხ ჰონეკერს აღმოსავლეთ გერმანულმა პროკურატურამ რამდენიმე ბრალდება წაუყენა, მათ შორის უფლებამოსილების გადამეტება, სახელმწიფოს ღალატი და ქონების მიტაცება. თუმცა, ასაკოვანი დიქტატორი იმ დროისთვის უმძიმესი ავადმყოფი იყო და ჯერ ბერლინის კლინიკა „შარიტეში” იწვა, შემდეგ კი საბჭოთა ჰოსპიტალში. საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი იაზოვის ბრძანებით, 1991 წლის 13 მარტს ჰონეკერი საიდუმლო ვითარებაში ჩამოიყვანეს მოსკოვში. თუმცა, აგვისტოს პუტჩის შემდეგ, იაზოვი დააპატიმრეს და ჰონეკერს პოლიტიკური თავშესაფრის მიღება გაუჭირდა. 1992 წლის ზაფხულში ჰონეკერი გერმანიაში ჩავიდა, სადაც 169 დღე წინასწარი დაკავების საკანში გაატარა. შემდგომ ის გაათავისუფლეს და ჩილეში გაგზავნეს შვილთან, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ჰონეკერის კუბოს ზედ გდრ-ის დროშა ეფარა, სამგლოვიარო მუსიკად კი „ინტერნაციონალი” უკრავდა.

პოლონეთის სამხედრო დიქტატორი, გენერალი ვოიცეხ იარუზელსკი  1970 წელს გდანსკში, მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის ცეცხლის გახსნის გამო, სამხედრო ტრიბუნალს გადასცეს. ქვეყნის სათავეში მოსულმა მემარცხენე ცენტრისტებმა ყოფილი დიქტატორის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომა გადადეს და იარუზელსკი დღემდე ცოცხალია. პოლონელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოძრაობა „სოლიდარნოსტის” დაშლით და 1981 წელს მოწყობილი სამხედრო გადატრიალებით, იარუზელსკიმ ხელი შეუშალა საბჭოთა კავშირს საკუთარი პოლიტიკა გაეტარებინა სოციალისტურ პოლონეთში. ვოიცეხ იარუზელსკი უკანასკნელი ცოცხალი დიქტატორია 1980-იანების დასაწყისის აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ლიდერებს შორის. 

ბულგარეთის ყოფილი ლიდერი ტოდორ ჟივკოვი 1990-იანი წლების დასაწყისში გადასცეს პროკურატურას, თუმცა ყველა წაყენებული ბრალდება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მათ შორის, პროკურატურამ ვერ დაამტკიცა კორუფციის ფაქტები და იძულებული გახდა, ჟივკოვი გაეთავისუფლებინა. სიკვდილამდე ჟივკოვი სოფიაში, ფეშენებელურ აპარტამენტებში ცხოვრობდა და მემუარებზე მუშაობდა. ის დარწმუნებული იყო, რომ თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ, აუცილებლად გაიმარჯვებდა.

ჩილეს დიქტატორმა აუგუსტო პინოჩეტმა დაკავებული თანამდებობა 1990 წელს, საკუთარი ნებით დატოვა. სამაგიეროდ, მიიღო იმუნიტეტი და სენატორის სამუდამო თანამდებობა. მოგვიანებით, ჩილეს პროკურატურამ მოკვლევა დაიწყო და 2000 წელს ექს-დიქტატორს ასამდე საბრალდებო პუნქტით წაუყენა ბრალი. პინოჩეტს ბრალად ედებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, მკვლელობათა დაკვეთა, ადამიანების წამება და რეპრესიები. ხანგრძლივი დროის განმავლობაში პინოჩეტის საქმე მსოფლიო მასმედიის ყურადღების ცენტრში იყო. საბოლოოდ, 2006 წელს 91 წლის დიქტატორი ისე გარდაიცვალა, რომ სასამართლომ მისი სისხლიანი რეჟიმის დანაშაულებრივი სისტემის გამოძიება ვერ დაასრულა.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მმართველმა ჟან-ბედელ ბოკასამ სახელი ორი რამით გაითქვა: კლავდა და შემდეგ ჭამდა ოპოზიციონერებს და ასევე, იმდენად იყო ნაპოლეონით გატაცებული, რომ 1971 წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა იმპერიად გამოაცხადა. კანიბალი დიქტატორი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფრანგული მხარის დახმარებით ახერხებდა ძალაუფლების შენარჩუნებას. თუმცა, 1979 წელს ის მაინც გადააყენეს. ციხის ნაცვლად ბოკასა საფრანგეთში აღმოჩნდა. ამბობენ, ბოკასა საფრანგეთის პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ დ’ესტენთან იყო დაახლოებული და ბრილიანტებით ასაჩუქრებდაო. სწორედ ბრილიანტების საშუალებით გაექცა ბოკასა მართლმსაჯულებას. თუმცა, მცირე ხნით. საბოლოოდ ის მაინც მოხვდა ციხეში, სადაც 7 წელი გაატარა. გათავისუფლების შემდეგ ის კვლავ პარიზში დაბრუნდა. ბოკასა ინფარქტით გარდაიცვალა 1996 წელს პარიზთან ახლოს მდებარე სასახლეში.

ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი 1979 წლიდან 2003 წლამდე ერთპიროვნულად მართავდა რესპუბლიკას და ამერიკელების ჩარევით, ჩამოაგდეს. ჰუსეინს ერაყის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა და 2006 წლის 30 დეკემბერს ჩამოახრჩეს. ჰუსეინის სიცოცხლის ბოლო წუთები ვიდეოზეა გადაღებული და ჩამოხრჩობის სცენა ინტერნეტში მალევე გავრცელდა. 

ლიბიის ჯამაჰირიის ლიდერი და ბელადი, მუამარ კადაფი 42 წლის განმავლობაში ედგა სათავეში მთავრობას და თუნდაც ხუთი წლის წინ, მსოფლიოში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულებოდა. ერთ დროს ფუფუნებაში მცხოვრები და მსოფლიო ლიდერების მეგობრად წოდებული კადაფი თავისივე მოქალაქეებმა სიკვდილით დასაჯეს. მუამარ კადაფის ცხედარი ქალაქ მისურატის ცენტრში სამეურნეო მაცივარში მოთავსებული საჯაროდ გამოფინეს. ამის შემდეგ კი ლიბიის უდაბნოში დამარხეს.

დიქტატორთა უმეტესობამ საერთოდ დააღწია თავი მართლმსაჯულებას. უგანდის სისხლიანი მმართველი – იდი ამინი, რომლის მმართველობის პერიოდში ნილოსის ჰიდროსადგურის ტურბინებში მდინარეში ჩაგდებული გვამები იჭედებოდა, საუდის არაბეთში გაიქცა. ეთიოპიელი დიქტატორი მენგისტუ ჰაილე მარიამი ზიმბაბვეში დაემალა გამოძიებას. ჰაიტელი მმართველი ჟან-კლოდ დიუვალიე პარიზში გაიქცა. გაქცევამდე კი დიდი ზეიმი მოაწყო სასახლეში. განსხვავებულად წარიმართა პანამის სამხედრო დიქტატორის, მანუელ ნორიეგას ცხოვრება. 1989 წლიდან სხვადასხვა ციხეში იხდის სასჯელს ჩადენილ დანაშაულთა გამო. 

ბოლოს უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური და სამხედრო დამნაშავეების, ყველა დროის ყველაზე სანიმუშო სასამართლოდ, ნიურნბერგის პროცესი მიიჩნევა, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერებს სხვადასხვა სასჯელი შეუფარდეს. მათ შორის კარლ დენიცს, რომელმაც სულ ათი დღე გაატარა ქვეყნის სათავეში და ერთადერთ პოლიტიკურ აქტს, კაპიტულაციას მოაწერა ხელი, 10-წლიანი სასჯელი მიუსაჯეს.

скачать dle 11.3