რომელი ვარსკვლავების წითელი ხალიჩისთვის ქმნის ბიჭოლა სამოსს და რატომ არ შეუძლიათ მის გარეშე გართობა უკრაინელ ვარსკვლავებს
იყო და არა იყო რა... ამ პატარა ბიჭის ისტორია სწორედ ამ სიტყვებით უნდა დაიწყოს, რადგან, ზღაპარს ჰგავს მისი ბიოგრაფია, რომელმაც სულ რამდენიმე წელიწადში ნულიდან ძალიან დიდ მასშტაბებს მიაღწია. დღეს მას აქვს ყველაფერი, რაც შეიძლება, რომ ინატროს ბიჭოლას ასაკში მყოფმა ადამიანმა თავის პროფესიაში... ბოლოს და ბოლოს, მილანის მოდის კვირეულისთვის გაკეთებულ ვიდეოში მისი ფოტო ქავერის, ანუ, ყდის ფოტოდ იქცა. სულ ცოტა ხანში კომპანია „ანუკი ბიჭოლა” კიევში საკუთარ მაღაზიას ხსნის. ბიჭოლა კიევის ელიტაში მიღებული პერსონაა – მის გარეშე თითქმის არც ერთი ბომონდური თავყრილობა არ იმართება. იმ რუსულით, რომელიც საქართველოში ახალი ანეკდოტების მიზეზად იქცა, უკრაინულ არხებზე ყველაზე რეიტინგულ გადაცემებში იწვევენ, ერთ-ერთ გადაცემაში კი, რომელიც ცნობილი ადამიანების ჩაცმულობის კრიტიკაზე იყო აგებული, ბიჭოლა მთავარი შემფასებლის როლში იყო წარმოდგენილი. სახელი „ბიჭოლა” უკრაინაშიც ბრენდად იქცა და, როგორც თავად დიზაინერი ამბობს, კიევი მისი მეორე სახლია.
ბიჭოლა: უკვე ათი თვეა თბილისში არ ვყოფილვარ, შარშან გაზაფხულზე ვიყავი ჩამოსული ცოტა ხნით. ისე აეწყო ყველაფერი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ჩამოვედი – აქ ძალიან ბევრი საქმე დაგვიგროვდა მე და ანუკის. ვემზადებით მაღაზიის გასახსნელად, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთან ყოფილა დაკავშირებული. მაღაზიის გახსნის შემდეგ დიდი სურვილი მაქვს, თბილისში ჩამოვიდე, ვეწვიო ჩემს მონატრებულ ქალაქს, შოუ-ბიზნესი ცოტა ავაფორიაქო. მეუბნებიან, რომ დავაკლდი – შენი აჟიოტაჟი სჭირდებაო (იცინის). ახლა მთელი ძალებით საქმეზე ვარ მოტივირებული.
– უკვე დადგა მაღაზიის გახსნის აუცილებლობა? ამდენად დიდი მოთხოვნაა „ანუკი ბიჭოლას” სამოსზე?
– დიახ, გარდა ჩვეულებრივი მომხმარებლების საკმაოდ დიდი რაოდენობისა, შოუ-ბიზნესის სოლიდური ნაწილი – ტელეწამყვანები, მომღერლები, მსახიობები – ჩვენთან იმოსებიან და გვთხოვეს, რომ გაგვეხსნა მაღაზია. მოკლედ, აუცილებლობა ნამდვილად დადგა.
– ანუკის მეუღლის სახელი დაგეხმარებოდათ, მაგრამ, მაინც მაინტერესებს, როგორ შეძელით ასე მოკლე დროში ამ ფენაში თავის დამკვიდრება და როგორია ამაში შენი როლი?
– რა თქმა უნდა, ანუკის ოჯახი ყველას უყვარს, მათ სახელს კარგად იცნობენ და ყველაზე დადებითად მოქმედებს. ეს ყველაფერი გარკვეულ ეტაპზე გეხმარება, მაგრამ, მერე ეს სახელი ბევრი მუშაობით, საინტერესო შეთავაზებებით თუ არ გაამყარე, მხოლოდ ამის გამო საჭირო დონეზე ვერ დარჩები. მე და ანუკი ძალიან ბევრს ვფიქრობთ, ვმუშაობთ; თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ სიახლე შევთავაზეთ კიევს. რაც შეეხება ჩემს ფაქტორს, ჩემი კომუნიკაბელურობა, ადამიანების სიყვარული, რა თქმა უნდა, აქაც მეხმარება. უამრავი მეგობარი შევიძინე, ჩემს კონტაქტურობაზე რომ ბევრია დამოკიდებული, ეს ფაქტია. ბევრი კლიენტი უკვე ჩემი მეგობარია და ერთად ძალიან ბევრ დროს ვატარებთ. ისე ვგრძნობ თავს, როგორც სახლში. თვითონაც გაკვირვებული ვარ, ისე მალე ავეწყვე ამ ქალაქს. სადმე რომ მივდივარ, ისე მენატრება როგორც თბილისი. ხალხმა ძალიან თბილად მიმიღო, ჩემი მეორე სამშობლოა. ყველაფრის სხვანაირი დაფასება იციან. საქართველოში თუ პირველად უარყოფითს ეძებენ და იმით იწყებენ საუბარს, აქ – პირიქით, ყველა მონდომებულია, როცა ახალს ნახულობს, პირველ ყოვლისა, დადებითი აღნიშნონ, შეაქონ, მოეფერონ და, თუ რამეა გასაკრიტიკებელი, ამასაც რაღაც რბილი ფორმა მოუძებნონ. ამიტომაც, ყველას აქვს მუშაობის დიდი სტიმული. ჩვენ გვიჭირს აღიარება, მაგრამ, ჩვენს შოუ-ბიზნესში დიდი შუღლია. აქაც არის, რა თქმა უნდა, ჭორები, ბოღმა, ვიღაცას ვიღაც მოსწონს, ვიღაც – არა, მაგრამ, საერთო ჯამში, ყველა ერთმანეთს პატივს სცემს.
– რას ნიშნავს უკრაინულ ელიტაში ყოფნა, რა პრივილეგიებთან არის ეს დაკავშირებული?
– საერთოდ, ცნობად ადამიანს უკრაინაში ძალიან აფასებენ, ბევრი პრივილეგია აქვს. კლუბებში, რესტორნებში, სადაც არ უნდა მიხვიდე, სხვანაირი დამოკიდებულება აქვთ. ამ წრეში ყოფნა ნიშნავს, რომ პრესას ყოველთვის აინტერესებ, ყურადღების ცენტრში ხარ და, შესაბამისად, შენი პროდუქტიც მოთხოვნადია. გპატიჟებენ სხვადასხვა ღონისძიებაზე, კონცერტებზე, უმეგობრდები მომღერლებს, რომელთათვისაც სამოსს ქმნი. ინტენსიურად ვმუშაობთ ჯამალასთან – ახლაც წითელი ხალიჩისთვის კაბას ვუკერავთ.
– კიევშიც ასეთი სიტუაციაა და, სადაც ბიჭოლაა, იქ კარგად ერთობიან?
– ფაქტობრივად, ასეა. რადგან ყველგან მპატიჟებენ, ესე იგი, მოსწონთ ჩემს კომპანიაში ყოფნა. ვმეგობრობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან: „კაზაკებთან”, ჯამალასთან, ვერა ბრეჟნევასთან... მაშა ეფრასიმინა – არის ასეთი წამყვანი, როგორც თბილისში, მაგალითად, თიკა ფაცაცია, რომელმაც სეზონი ჩვენი კაბით გახსნა და ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა.
– შენ თუ გაიზარდე და შეიცვალე? როგორ იმოქმედა ამ ქალაქმა შენზე?
– ხანდახან ვფიქრობ, რომ უფრო დავსერიოზულდი, მაგრამ, მერე, დილის შვიდ საათზე საშინლად გადაღლილი რომ ვბრუნდები სახლში რომელიმე კლუბიდან, ვხვდები, რომ ძალიან გავერთე და ისევ ისეთი რაღაცეები მსიამოვნებს, რაც მსიამოვნებდა და მომწონდა. შევიცვალე იმითაც, რომ რუსული უფრო დავხვეწე (იცინის). სხვათა შორის, ჩემი რუსულის გამო აქ მხოლოდ სითბოს, სიყვარულს ვიმსახურებ, აღფრთოვანებულები არიან იმით, რომ ვცდილობ, მათ ენაზე ვილაპარაკო. ცხოვრება მაინც თავისას შვრება, უკვე რუსულად მიწევს აზროვნება და, შესაბამისად, უკეთაც ვსაუბრობ.
– შენს ჩაცმაშიც კიდევ უფრო მეტი სიგიჟე იგრძნობა. მართალია, არასდროს იცვამდი კონსერვატიულად, მაგრამ, ახლა თითქოს უფრო მეტ რისკზე მიდიხარ...
– სპორტულ სამოსზე „შანელის” ჩანთას გულისხმობ?! მგონი, ამ ფოტომ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. არადა, ყოველთვის ასე ვიცვამდი, არაფერი განსაკუთრებული და განსხვავებული. უბრალოდ, ახალ-ახალ დეტალებს ვამატებ. მილანის „ფეშენ-ვიქზე„ ყოფნისას, შეიძლება, ცოტა გიჟურად გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს სხვისთვის, ჩემთვის კი აბსოლუტურად ნორმალურია. ეპატაჟური ჩაცმა ყოველთვის მახასიათებდა. როდესაც ვიცი, რომ ისეთ ღონისძიებაზე მივდივარ, სადაც აუცილებლად დამათვალიერებენ, რა მაცვია, ვცდილობ, მეც ვიფიქრო და საინტერესოდ გამოვიყურებოდე. ის „შანელის” ჩანთა ჩემმა მეგობარმა მათხოვა, ჩემი არ არის, ხალხო!.. (იცინის).
– პროფესიაში თუ გაიზარდე?
– დღითი დღე ვიზრდები და დიზაინს უკვე სულ სხვა თვალით ვუყურებ. ყოველდღიურად გვაქვს ჟურნალებისთვის გადაღებები, არტ გადაღებები, ბაერებთან შეხვედრები, მეტს ვფიქრობთ გაყიდვებზე, სამოსის კომერციულ მხარეზე – უკვე სხვა დატვირთვები შემოდის და ძალაუნებურად ეს ხელწერაზეც ახდენს გავლენას – მე და ანუკის ეს დაგვეტყო.
– ვიცი, რომ პარიზშიც იყავით ქართველი დიზაინერები. რა იყო ამის მიზეზი?
– სოფო ჭყონიას ორგანიზებით გაიმართა „ქართული არტის დღეები”, ასეც ერქვა: „არტ ჯორჯია ინ პარიზ”, სადაც წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა ქართველი დიზაინერის კოსტიუმები და ჯიჯიმ წარმოადგინა ფოტოპროექტი, ფარაჯანოვის თემაზე. საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ, ძალიან საინტერესო ადამიანებმა დაათვალიერეს გამოფენა, რომელიც ულამაზეს სივრცეში იყო მოწყობილი. იყვნენ მარჯიელა, დაიან პერნე და ბევრი ცნობილი სახე. ერთადერთი, ვისურვებდი, რომ პრესის მეტი წარმომადგენელი დასწრებოდა ამ დღეებს. მოკლედ, ყველამ ვისიამოვნეთ ამ გამოფენით და, თან, საინტერესო წინადადებები მივიღეთ.