კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ აპატიებს საკუთარ თავს ლიკა ლაბაძე და როგორ ძერწავდა მთელი ცხოვრება ის სარკეში საკუთარ თავს

„იმედის“ დილის გადაცემის წამყვანი ლიკა ლაბაძე მაყურებლის წინაშე ახალ ქართულ მიუზიკლში „F5-ში“ წარდგა, სადაც ის ბალერინას როლს თამაშობს და რომლის ნახვაც კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ლიკას ოცნება ყოველთვის მსახიობობა იყო, ამიტომაც‚ სიახლეების მოყვარული წამყვანი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ამ საქმით, შესაძლოა, სერიოზულად დაკავდეს. 

ლიკა ლაბაძე: აქამდე ძირითადად სტუდენტურ ფილმებში მქონდა მონაწილეობა მიღებული. ეს პირველი ფილმი იყო ჩემი მონაწილეობით, რომელიც ფართო ეკრანებზე გამოვიდა. მსახიობობა ყოველთვის მინდოდა, ვაპირებდი კიდეც ჩაბარებას, მაგრამ, იმის გამო, რომ 24 საათის განმავლობაში ოპერაში ვიყავი, ვცეკვავდი, ფიზიკურად შეუძლებელი იყო. არ ვიცი‚ როგორ და საიდან დამიკავშირდა რეჟისორი და მითხრა, რომ, სურდა, მის ფილმში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა‚ სიამოვნებით დავთანხმდი. არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ამ საქმეს სერიოზულად მივხედო, მაგრამ‚ თუ ავირჩევ ამ პროფესიას, სრულფასოვნად ვისწავლი. 

– ასე უდგები ნებისმიერ საქმეს?

– თუ ასე არ მივუდგები, ამას მერე ვერ ვაპატიებ საკუთარ თავს, მტანჯავს, რადგან, პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს. ვერაფერს გავაკეთებ ისე, რომ არ მოვძებნო ნიუანსი, რომელმაც არ დამაკმაყოფილა. არასდროს არ ვარ არაფრით ბოლომდე კმაყოფილი. ეს, ერთი მხრივ, კარგია, რადგან გაზრდაში მუდმივად გეხმარება. რაც უნდა ბევრი შეცდომის შესახებ მითხრან, მით უმეტეს, კომპეტენტურმა ადამიანებმა, ყოველთვის მზად ვარ, რომ მივიღო და გავითვალისწინო. როცა რაღაცას ვკიდებ ხელს, მინდა, რომ ყველაფერი ბოლომდე ამოვწურო. საერთოდ, რაც მეტს ვიგებ, მინდა, რომ უფრო მეტი გავიგო  და მერე უსასრულობამდე მივდივარ... მაგრამ‚ ამასობაში მეორე სფერო მინდება და ისევ თავიდან იწყება...

– ამდენი თვითკრიტიკა‚ შენი მხრიდან‚ ერთგვარი თვითგვემაც ხომ არ არის? 

– შეიძლება. როცა რაღაც ისე არ ხდება‚ როგორც საჭიროა, მერე მეორე დღეს ეს სულ მტანჯავს. თუნდაც, ეთერში უმნიშვნელო შეცდომას რომ დავუშვებ, ეს მთელი დღე მაწუხებს. დასაძინებლად რომ მივდივარ, პირიქით‚ ვერ ვიძინებ – ეს რა ვთქვი-მეთქი. არადა‚ იმ წუთებს ვეღარ დაიბრუნებ. ეს საშინელი გრძნობაა და არ მიყვარს. 

– საკმაოდ ემოციური ადამიანი ჩანხარ.

– ძალიან ემოციურად განვიცდი ყველაფერს, გულთან ახლოს მიმაქვს, მაგრამ, წყობიდან ადვილად არ გამოვდივარ, უბრალოდ‚ აჟიტირებული ვხდები და, შეიძლება‚ ემოციების გამო თავი ვერ ვაკონტროლო. ამიტომ, ხშირად მეუბნებიან – დაწყნარდი, დაწყნარდიო.. „ფორიაქაც“ შემარქვეს, რადგან, ძალიან მიჭირს დაწყნარება. ბავშვობიდან სულსწრაფი ვიყავი, ჩქარი – ცეკვაში, საუბარში, ჭამის დროსაც სულ მეჩქარება. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი პრობლემა ტემპის დაგდება იყო. ხანდახან საუბარსაც ვერ ვაკონტროლებ, გავუბერავ ხოლმე და ვხვდები‚ რომ უნდა „დავატორმუზო“. მეგობრებიც მეუბნებიან ხოლმე – მშვიდად, მშვიდადო.  

– ბალერინებს საკმაოდ რთული და მკაცრი რეჟიმი გაქვთ. ალბათ, ეს პიროვნების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. 

– ბევრჯერ მინანია, რატომ გავყევი ბალეტს, რადგან, შეიძლებოდა‚ მეტი დრო დამეთმო ჩემი ოცნებისთვის, სამსახიობო კარიერისთვის, ან‚ თუნდაც‚ საფუძვლიანად მესწავლა ჟურნალისტიკა. კი დავამთავრე საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი, მაგრამ, ჟურნალისტიკა მაინც სხვა არის. თუმცა‚ ახლა ვხვდები, რომ ბალეტმა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა და ამაზე ვრცლად შემიძლია საუბარი. ჯერ მარტო დისციპლინა: გაკვეთილი იწყება 09:15 საათზე და მთავრდება 11:35 საათზე. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ 10 წუთით ადრე უნდა იყო მზად ყველაფრისთვის, რადგან, ზუსტად იმ დროს თუ არ დაიწყებ, შეიძლება, მეორე დღეს დასში აღარ იყო. გარდა ამისა, მთელი ცხოვრება სარკეში მუდმივად ძერწავ საკუთარ თავს. ბალეტში იდეალისკენ სწრაფვა მუდმივად არის, ვერასდროს მიაღწევ სრულყოფილებას. ამიტომ, მთელი ცხოვრება ძერწავ და ესთეტიკის შეგრძნება მაღალ დონეზე გაქვს. ზუსტად ვიცი‚ რა, სად, როგორ მიხდება. ამ ყველაფერთან ერთად, გამომუშავებული გაქვს დისციპლინა, პუნქტუალური ხარ, მორიდება გაქვს პედაგოგების მიმართ, თანაც, ხელოვნების საოცარ სამყაროში იზრდები, სწავლობ ყველა სფეროს, რაც ხელოვნებას ეხება და ამას საერთოდ სხვაგან მიჰყავხარ. ბავშვობაში‚ როცა სხვა ბავშვები შატალოზე გარბოდნენ, ჩვენ ყოველთვის კდემა-ბავშვები ვიყავით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რამეს ამაცილა ბალეტმა. თან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეგუებული ხარ ყველანაირ ტკივილს. რა უნდა გამიკეთოს ადამიანმა როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად, რომ მე გამომიყვანოს წყობიდან?! დასისხლიანებული თითებით, მოტეხილი ფეხით მიცეკვია სცენაზე, ცეკვის დროს თითი მომტეხია და ყველანაირი ტკივილისთვის გამიძლია. პედაგოგები სულ გვეუბნებოდნენ: ბალეტი არის ერთადერთი პროფესია, რომელშიც არ არსებობს სიტყვა „არ შემიძლია“. ვიდექი და ვტიროდი, სისხლიანი მქონდა ფეხები, მაგრამ, პედაგოგი მეუბნებოდა – არ მაინტერესებს, შენ ეს ცეკვა ბოლომდე უნდა იცეკვოო. ეს 15 წლის განმავლობაში ყოველდღე რომ ხდება, რაღამ უნდა დაგანგრიოს ცხოვრებაში, რა უნდა დამავალო, რომ ვერ შევძლო?! ბალერინის შრომა მეშახტის შრომასთან არის შედარებული.  

– იმედია‚ მეშახტეობას არ ცდი?

– ჯერ არ მიცდია. მართლა არ არსებობს რამ, რამაც, შეიძლება, შემაშინოს. ისეთი მობილიზება გაქვს, ისეთი სიმტკიცე, რომ, არ შეიძლება რამეს ვერ გაუმკლავდე. თან ბევრ რამეზე უარის თქმას სწავლობ, ყველანაირად უძღვნი საკუთარ თავს ამ პროფესიას. 22 წლამდე ვნანობდი, რადგან, მეგონა, რომ დასრულდა ცხოვრება და სხვას ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ, ახლა კი არ ვნანობ, მადლობელი ვარ ბალეტის, რადგან, უზარმაზარი შემოქმედებითი ჟინი დამიკმაყოფილა ამ პროფესიამ.

– ამიტომ, ერთ დღესაც, დაანებე თავი და ჟურნალისტიკაში მოსინჯე ძალები.

– ამ ყველაფერს ძალიან დიდი შრომა სჭირდება. რადგან ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც მქონდა, ამიტომ, ამან მიბიძგა, რომ პარალელურად მესწავლა სხვა საქმე, მეფიქრა სხვა საქმიანობაზე. გაწონასწორებულად მივიღე გადაწყვეტილება – უნდა დამეთმო ბალეტი, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ეს დაახლობით ერთ კვირაში გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში ხშირად ხდება დამთხვევები, რასაც იღბალს ვერ დავარქმევ, რადგან‚ ჩემი აზრით‚ იღბალს შენ განაპირობებ – თვითონ უნდა მიხვდე‚ როდის არის საჭირო დრო და საჭირო მომენტი. მახსოვს, ზაფხულში, 20-დან 30 აგვისტომდე, ნინო ანანიაშვილმა დასიდან მხოლოდ ათი გოგონა შეგვარჩია და ჩამოიყვანა უცხოელი ქორეოგრაფი, რომელიც გვიდგამდა ახალ სპექტაკლს. ისეთი რეჟიმი იყო, პრაქტიკულად‚ გამოღწევის საშუალება არ იყო. ზუსტად ისე დაემთხვა, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ წამყვანის  ქასთინგი იყო. ნინოსთან მისვლა და თხოვნა – გამიშვიო – წარმოუდგენელი იყო. მაგრამ, ვიფიქრე: მოდი, მივალ და ვცდი-მეთქი. მივედი, თან, გულში ვფიქრობდი: „ვიზამ, ვიზამ, გამიშვებს, გამიშვებს“... ვუთხარი: ხვალ თბილისში მნიშვნელოვანი დღე მაქვს და, იქნებ, გამიშვათ-მეთქი. დამთანხმდა. ღამით წამოვედი თბილისში, დილით ქასთინგზე მივედი და საღამოს უკან დავბრუნდი. ოთხ დღეში დამირეკეს და მითხრეს – აგიყვანეთო. თუ ამიყვანდნენ, გადაწყვეტილი მქონდა ბალეტიდან წამოსვლა, რაც, გარკვეულწილად, რისკი იყო. მაგრამ‚ ყოველთვის ზუსტად ვგრძნობ, რომ ამ დროს არის მისაღები ეს გადაწყვეტილება. ბევრი მეუბნებოდა – იქნებ, არ გინდა, წინ გაქვს ყველაფერიო, მაგრამ, ვიცოდი, რომ დღეს ეს მჭირდებოდა და მორჩა. არასდროს ვფიქრობ‚ ხვალ რა იქნება, დღეს მინდა და მორჩა! პირადში უფრო ვიღებ სპონტანურ გადაწყვეტილებას, თორემ‚ საქმესთან დაკავშირებით ბევრს ვფიქრობ. მანამდე წლები ვფიქრობდი სხვაგან მუშაობაზე: მინდოდა ფიარში, ბანკში, მაგრამ, არ გამოდიოდა ხოლმე – ალბათ‚ არ იყო საჭირო. ამიტომ რაზეც კარგად ვიფიქრებ და გამოვიტან საბოლოო დასკვნას, ის ამართლებს. 

– როდის იღებ ხოლმე პირად ცხოვრებაში სპონტანურ გადაწყვეტილებას?

– ამბობენ, ქალს იმის ეშმაკობა უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცეებზე თვალი დახუჭოს, დათმოს და, თუნდაც, ითამაშოსო. ვერ ვიტყვი, რომ ეს არ გამომდის, მაგრამ, ძირითადად, ემოციებზე ვარ დამოკიდებული. შეიძლება‚ დრო გავიდეს და მერე ვთქვა: იქ რომ მომეთმინა, ასე არ მოვქცეულიყავი, შეიძლება‚ დღეს ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო-მეთქი. ურთიერთობის დაწყება უფრო სპონტანურად ვიცი, ვიდრე დამთავრება. 

– ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ საქმე, ძილი. ისე, ამ ყველაფერს ვერც დაგეგმავ. შეიძლება‚ შენი მეორე ნახევარი იმ დროს გამოჩნდეს, როცა არ ელოდები. 

скачать dle 11.3