როგორ გადიოდა მანანა ჯაფარიძე სცენაზე ნამტირალევი და რა ტრაგედია გადაიტანა მან
ბაქოში მოღვაწე ცნობილი და მშვენიერი ქართველი მომღერალი მანანა ჯაფარიძე მცირე ხნით ეწვია მონატრებულ თბილისს. ამბობს, რომ ჩუმად, ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე ესტუმრება ხოლმე მშობლიურ და საყვარელ ქალაქს. მანანას ჰყავს მეუღლე – გიორგი და 4 წლის გოგონა – ელისაბედი.
მანანა ჯაფარიძე: დაახლოებით ერთი კვირაა, რაც თბილისში ვიმყოფები, მაგრამ, სამწუხაროდ, კვირის ბოლოს აზერბაიჯანში ვაპირებ დაბრუნებას, რადგან საქმე ასე მოითხოვს და რაც მთავარია, თბილისში გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. აქამდე ჩუმად ჩამოვდიოდი, მეგობრებისთვის, რუსები რომ იტყვიან, „სკრომნა” (იცინის). იმედი მაქვს, მალე საინტერესო პროექტებით ჩამოვალ. მაგალითად, სიყვარულის დღისთვის დავწერე ძალიან ლამაზი სიმღერა, სახელწოდებით – „გიყვარდეს”, რომლის როგორც მუსიკის, ასევე ტექსტის ავტორი მე თვითონ ვარ.
– თბილისში კონცერტს არ გეგმავ?
– სანამ კონცერტს გავმართავ, ელემენტარული დოზით ხომ უნდა გავაცნო ქართველ მსმენელს ჩემი რეპერტუარი? საკმაოდ კარგად მიცნობენ უცხოეთში, ვმღერი ცნობილ სიმღერებს; ასევე, ინგლისურენოვან სიმღერებს საკუთარი ალბომიდან. სხვა არის მაინც, როცა უყვართ მომღერალი და ელოდებიან მისი სიმღერების „ლაივში“ შესრულებას. ამისთვის კი მუშაობაა საჭირო. თავის ქება არ მიყვარს და არც მჩვევია, მაგრამ, ძალიან უყვართ ჩემი შემოქმედება იქაურ ქართველებსაც და აზერბაიჯანელებსაც. არაფერს ითხოვენ შენგან, ოღონდ ბედნიერი გნახონ და ესეც აბედნიერებთ. რამდენჯერ უთქვამთ ხნიერ ადამიანებს, ჩემს შვილიშვილებს გამსგავსებთ ჩვენი ოჯახის სარკე ხარო. ბავშვობიდან გამჯდარი მაქვს, რომ მომთხოვნი ვიყო საკუთარი თავის მიმართ. პირველ ყოვლისა, ეს გენეტიკურია. არ მიყვარს ზედმეტად ქება, არც მაქებდნენ ზედმეტად მშობლები, თუმცა, ალბათ, ცოტათი მამა უფრო – მოგეხსენება, მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა მაინც სხვა არის. უკვე ექვსი წელია მამა აღარ მყავს, ბაქოში რომ ვარ, სულ მგონია, რომ აქ არის და, თითქოს უფრო მიადვილდება ამ ტკივილის გადატანა. ბედნიერი ვარ, რომ მოესწრო ჩემს წარმატებებს, ბაქოშიც იყო ჩამოსული. 9 წლისაც არ ვიყავი, ცხრა წლით უფროსი ძმა რომ გარდამეცვალა და შემომციცინებდნენ მშობლები. მაგრამ, მაინც სულ მქონდა ისეთი განცდა, რომ ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ზედმეტი ამბიციები და შეფერება არ მახასიათებს. თავი ვარსკვლავად არ მიმაჩნია, არც მიყვარს ეგ სიტყვა. კი, წარმატებული ვარ, ცნობილი სახე, მაგრამ, ვარსკვლავი მარტო ცაშია, ჩემი მფარველი ვარსკვლავი ჩემი ძმის სულის სახით... პატარები რომ ვიყავით, ხშირად ვსეირნობდით ხელიხელჩაკიდებულები ჭავჭავაძის გამზირზე (ვაკეში ვცხოვრობდით). ასტრონომია უყვარდა ძალიან, სულ ცაში იყურებოდა და ვარსკვლავებს აკვირდებოდა ხოლმე... მეც ამახედებდა ცაში და უცნაურად მეტყოდა: მანჩო, ახედე ცას. ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ხედავ? როდესაც მოხდება ისე, რომ მარტო დარჩები, ახედე ცას და ის ყველაზე დიდი ვარსკვლავი მე ვიქნები; და თუ მე შენ გვერდით არ ვიქენი, ჩათვალე, რომ იქიდან გიყურებ და მფარველობას გიწევო. ეტყობა, წინათგრძნობა ჰქონდა რაღაცნაირი. სანამ სცენაზე ავალ, ავიხედავ ზევით და პირჯვარს ვიწერ ხოლმე.
– ქუჩაში როგორ გამოხატავენ სიყვარულს შენ მიმართ?
– ქუჩაში საერთოდ არ დავდივარ. შეიძლება, წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ, იმ დონემდე ვარ ჩაკეტილი, რა დონემდეც მე თვითონ მაწყობს. ასეთი ცხოვრების წესი მაქვს – გართობა ღამის კლუბებში, „ტუსოვკები” ჩემი არ არის და არც იყო. მიზნისთვის ბევრს ვმუშაობ, ცოტა მძინავს, ფაქტობრივად, დღე და ღამე არეული მაქვს, მით უმეტეს, გასტროლების დროს. ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. სადარბაზოდან პირდაპირ ვჯდები მანქანაში, მანქანიდან – შენობაში, მერე – პირიქით და ასე. მაღაზიაშიც არ გავდივარ, სულ ერთი-ორჯერ შევყევი დედას მარკეტში გვიან ღამით, როცა ხალხი ცოტა იყო. ზოგჯერ რომ შევდივარ, მგონია, კრუიზში გავდივარ, იმდენად სხვა გარემოა ჩემთვის (იცინის). ხან ვიღაც გამოჩნდება და ქართულ ღვინოს მჩუქნის, მოკლედ, ვართ გაცვლებში და ამბებში (იცინის) და უხერხულში ვვარდები.
– რთული მომენტები ხშირად გქონია?
– საკმაოდ. თბილისი მენატრებოდა ხოლმე, მამა, ნათესავები... მამა აქ იშვიათად იყო ხოლმე, სვანეთშიც სახლი ჰქონდა მისახედი და ხშირად ვერ ჩამოდიოდა ბაქოში. ცოტა უხერხულიც იქნებოდა – მომღერალი ვარ და, აქეთ – დედა, იქით – მამა... მაგრამ, ძალიან მიჭირდა მამის გარეშე. რთული ეტაპები გვქონდა ცხოვრებაში. რამდენიმე ბინა გაყიდეს ჭავჭავაძეზე, ცენტრში, რომ ჩემს შემოქმედებაში ჩაედოთ ინვესტიცია! გარანტირებული მილიონერები იქნებოდნენ დღეს, მაგრამ, ბევრი რამ დათმეს ჩემთვის! ჩემმა ოჯახმა ბევრი ტკივილი და განსაცდელი გამოიარა და ყველაფრისთვის მადლობელი ვარ ღმერთის. წარმატების ფასი ვიცი და წარუმატებლობას არ დავუშვებ!
– ალბათ, იღბალიც გწყალობს.
– ალბათ, და, ღმერთიც, რადგან, ხედავს, რომ გულწრფელი ვარ. არავისგან არაფერს ვითხოვ, არ ვავალებ – ეს გამიკეთეთ, ის გამიკეთეთ-მეთქი. დღემდე საკუთარი თავის პროდიუსერიც, მენეჯერიც და ყველაფერიც თვითონ ვარ.
– ალბათ, მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაგიჭირდა სცენაზე ისევ დადგომა და სიმღერა...
– ძალიან. მამა 2005-ში აღარ მყავდა უკვე... ჩერნობილში დასხივდა – იქ იყო გაწვეული და უკურნებელი სენით დაბრუნდა... ჩემთან იყო მამა ბაქოში, რომ უცებ აუტანელი ტკივილები დაეწყო. სასწრაფოდ მივიყვანეთ ექიმთან და გასინჯეს, მაგრამ, დაგვიმალეს დიაგნოზი – ალბათ, შეეშინდათ, ცნობილი ადამიანია და აქ რამე არ ატეხოსო. მარტო რაღაც ნემსები დაუნიშნეს. მამა სვანეთში წავიდა და რამდენიმე კვირაში დაგვიკავშირდნენ – გაგვაგებინეს, რომ ცუდად იყო, ლოგინად ჩავარდა, ფეხებს ვეღარ გრძნობდა. ხუთი თვე იწვა ლოგინში და ამ ხუთი თვის განმავლობაში ჩამოვდიოდი ხოლმე ბაქოდან სანახავად და ვეფერებოდი. მამამ არ იცოდა ამ დაავადების შესახებ, ჩვენ ავარიდეთ მას ქიმია და პროცედურები, რაც თმის ცვენას გამოიწვევდა, ისეთი ხასიათის კაცი იყო, ვერ გადაიტანდა ასეთ რამეს. ტელეფონით ვესაუბრებოდი ხოლმე, აქედან ვაიმედებდი. ყავა არ მიყვარს, მაგრამ, უძილობისგან და ნერვიულობისგან ძალაგამოლეული ბევრს ვსვამდი მაშინ. დილით პირს რომ ვიბანდი, მაკიაჟი წაშლილი და თავიდან გასაკეთებელი მქონდა. სარკეში ვერ ვიხედებოდი! არადა, სხვის მხიარულებაზე, განწყობაზე, ღიმილზე უნდა მეზრუნა. სახლში მოვთქვამდი, დასიებულ თვალებს ვიღებავდი და ისე გავდიოდი სცენაზე, ეჭვსაც ვერავინ შეიტანდა, რომ კარგად არ ვიყავი. მამა გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე რომ ვნახე, გარეგნულად ძალიან იყო შეცვლილი. ვკითხე: მამა, რა ვქნა, როგორ გავაგრძელო ცხოვრება-მეთქი. მითხრა, შენ ჩემი შვილი ხარ და, ვიცი, არაფერი შეგეშლებაო. ძალიან მიჭირს უცრემლოდ მამაზე ლაპარაკი. მეუღლესაც კი ვუმალავ ბევრ სევდიან მომენტს. მაქსიმალურად ვეცდები, ჩემი შვილი დარდს ავარიდო. დედასაც ძალიან ვუფრთხილდები, მასთან „ნიღაბსაც“ კი ვატარებ, რომ რამე არ ვაგრძნობინო. სიმწრით მოვედით დღემდე. ცხრა წელი ბაქოში ქირით ვცხოვრობდით.
– საკუთარ იმიჯზე თვითონ ზრუნავ?
– ასეა. დედამ შემაჩვია მოწესრიგებულობას, გემოვნებით ჩაცმას. მაკიაჟსაც თვითონ ვიკეთებ – ეს საკმაოდ კარგად მეხერხება. რამე ძალიან გიჟური არ მიცდია, არ მიყვარს ექსპერიმენტები, რომ გავჭაღარავდები, ამავე ფერზე შევიღებავ თმას (იცინის). აზერბაიჯანში გრძელთმიან გოგოებზე ამბობენ, ნახე, მანანას სტილის გოგოაო. პარიზში ვიყავი „დიორის“ უზარმაზარ სახლში და აღფრთოვანდნენ ჩემი მაკიაჟით – არ სჯეროდათ, რომ თვითონ ვიკეთებ. მერე რაღაც ცდები ჩაატარეს ჩემზე და, იმ პროდუქციის შესაძენად, რითაც შემღებეს, უშველებელი რიგი დადგა (იცინის). კინაღამ „დიორის“ სახე გავხდი. ერთი დიდი ჩანთით დამაჯილდოვეს. დედაჩემიც მიდის ხოლმე იტალიაში და იქ იძენს ჩემთვის სამოსს. ვარ ასევე „პანტინის” სახე და ახლაც იგეგმება ამ კუთხით გადაღებები.
– პარიზულ ვოიაჟზეც მითხარი.
– კანშიც ვიყავი „მიდემის“ უპრესტიჟულეს მუსიკალურ ფესტივალზე. პარიზში ყველა ერთად ვიყავით, ლიზიც მყავდა ჩაყვანილი. პონტ დე ზაღის ხიდზე ბოქლომი დავამაგრეთ მოაჯირზე და ლიზიმ სენაში ისროლა გასაღები.
– შვილთან მკაცრი ხარ?
– არა. ვცდილობ, მაქსიმალურად კარგი დედა ვიყო. შვილს ვექცევი როგორც ტოლს; ვცდილობ, როგორც დიდს, ისე ავუხსნა და გავაგებინო, არავითარი ენის მოჩლექა. როცა ბავშვს ვეთამაშები ან ვუკითხავ, არ არსებობს, თუნდაც ყურმილი ავიღო.
– ალიევების ოჯახთან დაახლოებული ხარ?
– არ მოგატყუებთ, ეს არ არის ისეთი ოჯახი, რომელთანაც შეიძლება ძალიან ახლოს და თავისუფლად იყო. უბრალოდ, ძალიან მიღებული მომღერალი ვარ მათთან ყველა დღესასწაულსა და სახელმწიფო დონის ღონისძიებაზე. ერთ-ერთი სერიოზული ჩინოვნიკის მიერ დაწერილი სიმღერა მაქვს (ეს ჩინოვნიკი აზერბაიჯანში მეორე კაცად ითვლება) და ტექსტი პრინცესა ლეილა ალიევას ეკუთვნის – მე მას პრინცესას ვეძახი. სიმღერას ჰქვია „წ óèჰó.“ და მის შესრულებას საკმაოდ ხშირად მთხოვენ.