კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მაია მახათელი ამსტერდამის წამყვანი ბალერინა და რა ოცნება დარჩა მას აუხდენელი უცხო მხარეში

27 წლის ქართველი პრიმა-ბალერინა მაია მახათელი უკვე ექვსი წელიწადია, ამსტერდამში ცხოვრობს და ჰოლანდიურ ნაციონალურ ბალეტში მოღვაწეობს. მიუხედავად ასაკისა, მან უკვე ბევრის გაკეთება შეძლო და თავისი სათქმელი ბალეტში, მსოფლიოს წამყვან სცენებზე თქვა. ის ერთ-ერთ წამყვან ბალერინად არის აღიარებული ამსტერდამში და მისი ჰაეროვანი და საოცრად პლასტიკური ცეკვის სანახავად მსოფლიოში ცნობილი უამრავი ადამიანი დადის. მაიას მშობლები და ძმაც ცნობილი მოცეკვავეები არიან, ამიტომაც, არ არის გასაკვირი, თუ რატომ აირჩია მან ხელოვნების ეს ურთულესი დარგი.

მაია მახათელი: უკვე 12 წელია, რაც უცხოეთში ვმოღვაწეობ. 2000 წელს მთელი ოჯახი წავედით ამერიკაში, აიდაჰოს შტატში. მამა  საბალეტო სკოლაში ასწავლიდა, მე და ჩემმა ძმამ, დათომ, სწორედ იქ ვიცეკვეთ სპექტაკლ „მაკნატუნაში”. შემდეგ გადავედით კოლორადოს შტატში, სადაც „კოლორადო ბალეტში” ამიყვანეს. ყველაზე ახალგაზრდა – 16 წლის ბალერინა ვიყავი. ოთხი წელი ვცეკვავდი იქ.  შემდეგ ინგლისში გადავედი, მანამდე კი მე და ჩემმა ძმამ იაპონიაში, ვარსკვლავთა ინტერნაციონალურ ფესტივალზე ვიცეკვეთ და საუკეთესო მოცეკვავე წყვილად დაგვასახელეს. შემდეგ ამსტერდამიდან კარგი შემოთავაზება მივიღე. ამსტერდამმა აღმაფრთოვანა და ძალიან შემიყვარდა – უნიკალური ქალაქია, ყველასგან განსხვავებული, ზღაპრული. ბავშვობიდან ვოცნებობდი, მსოფლიოში სახელგანთქმული ბალერინა გავმხდარიყავი. მამა მეუბნებოდა, თუ გინდა, წარმატებას მიაღწიო, ძალიან ბევრი უნდა იშრომოო. მეც დაუღალავად ვშრომობდი. ჩემი მშობლები დღესაც ამერიკაში ცხოვრობენ, ჩემი ძმა, დათო კი ლონდონში ცნობილი ბალერონია, უამრავი ჯილდო აქვს აღებული და საკმაოდ წარმატებული ადამიანია. 

– არ გაგიჭირდა ჯერ ინგლისში, შემდეგ კი ჰოლანდიაში საკუთარი ადგილის დამოუკიდებლად დამკვიდრება?

– თავიდან ძალიან გამიჭირდა. ხომ იცით, ქართველებს როგორ გვზრდიან მშობლები? ოჯახზე ვართ დამოკიდებული. თუმცა, დამოუკიდებლად ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, რეპერტუარის მხრივაც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის ჰოლანდია. ვხუმრობ ხოლმე, ბევრი ოცნება მაქვს, თუმცა მთავარი ოცნება ავიხდინე-მეთქი (იცინის).

– თუ საიდუმლო არ არის, რა იყო ის მთავარი ოცნება, რომელიც ჰოლანდიაში აგიხდა?

– მინდოდა გავმხდარიყავი წამყვანი ბალერინა და ეს ოცნება ავიხდინე. აუხდენელი ოცნებებიც მაქვს და, იმედია, იმათაც ავიხდენ, ამის დიდი იმედი მაქვს. საქართველოს ოპერისა და ბალეტის სცენაზე მინდა ვიცეკვო სპექტაკლი და ქართველი მაყურებლისთვისაც დავიხარჯო. სხვათა შორის, ორი წლის წინ ქალბატონმა ნინო ანანიაშვილმა დამპატიჟა და ჩამოვედი.  ნინო ანანიაშვილისა და ჟილბერ ალბერის საერთაშორისო პრემია – „ოქროს ვარსკვლავი” რომ გადმომცა ქალბატონმა ნინომ, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. ეს ჩემთვის შეუფასებელი განძია. 

– ვიცი, ბალერინების ცხოვრების სტილი საკმაოდ რთულია, კერძოდ, შეზღუდვა კვებაზე, ძილზე და ასე შემდეგ. შენთან როგორ არის ამ მხრივ საქმე?

– ძალიან რთულია ბალერინას ცხოვრება. ხანდახან გვავიწყდება, რომ დრო თვალის დახამხამებაში გადის, არადა, ბალეტის მოცეკვავეებს ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ამიტომ, განსაკუთრებულად ბევრი უნდა ვიშრომოთ, ყველაფერი მოვასწროთ. თავისუფალი დრო ბევრი არ მაქვს. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. თავისუფალი დრო თუ გამოვნახე, პარკში ვსეირნობ მეგობრებთან ერთად. სიმართლე გითხრა, დიეტა არასდროს დამიცავს, ჩვეულებრივად ვიკვებები. დიდი დატვირთვა მაქვს და ენერგიის აღსადგენად ჯანსაღი საკვებისა და ვიტამინების მიღება აუცილებელია, მხოლოდ ტკბილეულს ვერიდები. მაგრამ, საქართველოში რომ ჩამოვდივარ და ხაჭაპურსა და ხინკალს დავინახავ, აი, მერე მიჭირს ხოლმე წონაზე ფიქრი (იცინის), თუმცა, წელიწადში ორჯერ მიწევს მანდ ჩამოსვლა და, შესაბამისად, კვების რეჟიმის დარღვევაც. ასევე, სათანადო ყურადღება თუ არ მიაქცია ბალერინამ ჯანმრთელობას, ისე არაფერი გამოვა. არადა, ადამიანი ხარ, ხან გაცივდები და ხანაც სიცხე აგიწევს. როცა სპექტაკლია დანიშნული, მაყურებელი შენს ცეკვას ელის და ნაკლებად აინტერესებს, სიცხე გაქვს თუ გაციებული ხარ. ბევრჯერ მიცეკვია სიცხიანს. ვიჭყიპები ხოლმე წამლებით და ისე გავდივარ დიდ სცენაზე – სხვა გზა არ არის. 

– ჰოლანდიაში ძალიან აფასებენ კლასიკურ მუსიკას, ბალეტს, ოპერას.  ცნობილი ადამიანები თუ ესწრებიან შენს გამოსვლებს?

– დიახ, ხშირად დადიან ცნობილი ადამიანები და სიამოვნებით ადევნებენ თვალყურს. მაგალითად, პრინცი უილიამსი და პრინცესა მაქსიმა ხშირად დადიან ბალეტის საყურებლად შვილებთან ერთად. უილიამსი და მაქსიმა სპექტაკლის შემდეგ გავიცანი და პირად საუბარში აღნიშნეს, ძალიან მოვიხიბლეთ თქვენი ცეკვითო. ძალიან თბილი ადამიანები არიან. სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს ჩემთან ერთად. არც თაყვანისმცემლების სიმცირეს განვიცდი და ბედნიერი ვარ (იცინის). თუმცა, ზოგი ისეთი გიჟმაჟია, თავს ვარიდებ. უამრავი ცნობილი ადამიანის მიერ ნაჩუქარი სამახსოვრო ნივთებიც მაქვს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და შეუფასებელი ნინო ანანიაშვილის პუანტებია, რომელზეც მისივე ხელმოწერაა. რაც ამსტერდამის ნაციონალურ ბალეტში ვცეკვავ, პასუხისმგებლობა მომემატა სცენაზეც და მუშაობის პროცესშიც. პრიმა-ბალერინა მაგალითის მიმცემი უნდა იყოს დამწყები ბალერინებისთვის, მას შეცდომა არ ეპატიება. არ დამავიწყდება, სანამ წამყვანი ბალერინა გავხდებოდი, „დონ კიხოტში“ ვცეკვავდი. რთული მოძრაობა მქონდა გასაკეთებელი და შუა ტრიალში პუანტები გამძვრა. რაღა მექნა, გადავიხარე და დავიწყე პუანტების ჩაცმა. პარტნიორი მელოდება, ორკესტრი გაჩერდა, მაყურებელი კი გასუსული მიყურებდა – ეს გოგო რაებს სჩადისო (იცინის). დამიჯერეთ, ამ ერთ წამში საუკუნემ ჩაირბინა. 

– მიუხედავად დაძაბული რეჟიმისა, ოჯახის წევრები ერთად შეკრებას თუ ახერხებთ ხოლმე?

– წინასწარ ვთანხმდებით და დათქმულ დროს ყველანი თბილისში ჩავდივართ – ეს ჩვენთვის მართლა ზეიმია. მერე, უკან წამოსვლა გვიჭირს. ძალიან მენატრება საქართველო. ხანდახან განსაკუთრებულად მიმძაფრდება ხოლმე ნოსტალგია. ქართულ სიმღერას თუ მოვუსმინე, მთელი დღე ნოსტალგიურ ტალღაზე ვარ. ქართველები ძალიან ემოციურები, მგრძნობიარეები და ჯიუტები ვართ, ჰოლანდიელები კი სხვანაირები არიან, უფრო თავშეკავებულები. ქართულმა გენმა წარმატებაში შემიწყო ხელი. მე ძლიერი ვარ და ეს სწორედ ქართული გენის დამსახურებაა. თუმცა, ჰოლანდიაში ისეთი წესებია, გადაირევი. მაგალითად, ნაგვის გადასაყრელად, კვირაში ორჯერ, სპეციალური  დღეებია გამოყოფილი. მე ეს არ ვიცოდი. დამიგროვდა ნაგავი, გავიტანე, გადავყარე და ერთ კვირაში ჯარიმის ფურცელი მომივიდა სახლში, რომელშიც ეწერა, 70 ევროთი ჯარიმდებითო. ვიცინოდი – ჩემს ნაგავს ეს რა ფასი ჰქონია-მეთქი (იცინის).

– რა გრძნობაა, ცხოვრობდე უცხო მხარეში, იყო ქართველი, პრიმა-ბალერინა, სცენაზე უამრავი გაბრწყინებული თვალი გიყურებდეს და უამრავი თაყვანისმცემელი გელოდებოდეს სპექტაკლის შემდეგ?

– ამ გრძნობას ვერ გადმოგცემთ, იმდენად ძლიერი და ამაღელვებელია. ამაყი ვარ. სცენაზე რომ ვდგავარ, თითქოს სხვა სამყაროში ვარ. საქართველო ჩემი სახლია, ამერიკა – ადგილი, სადაც ჩამოვყალიბდი, ინგლისი – სადაც ვისწავლე მარტო ცხოვრება და ჰოლანდია – სადაც შევიგრძენი დამოუკიდებლობა.

скачать dle 11.3